ბოლო წლებში რეგულატორები სულ უფრო მეტად შეშფოთდნენ დიდი ციფრული პლატფორმების საბაზრო ძალაუფლებითა და მათი მზარდი გავლენით შესაბამის ბაზრებზე თუ მათ ფარგლებს გარეთ. ექსპერტთა არაერთმა კვლევამ და აღქმამ, რომ კონკურენციის სამართლის აღსრულება არ იყო საკმარისად ეფექტური ციფრული კონკურენციის პრობლემების გადასაჭრელად, ბიძგი მისცა დებატებს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა და, თუ კი, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება. შესაბამისად, ეგზანტე (წინასწარი) რეგულაციებით ჩარევის წინადადებები მნიშვნელოვნად გაიზარდა (იხ. ასევე (OECD, 2021[1])).
ამ კონტექსტში, 2022 წელს, გერმანიის G7-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში, OECD-ის კონკურენციის სამმართველოს დაევალა იმ შემოთავაზებული ან მიღებული საკანონმდებლო რეფორმების ნუსხის (შემდგომში „ნუსხა“1) შედგენა, რომლებიც შემუშავდა G7-ის იურისდიქციებში ციფრული კონკურენციის საკითხების მოსაგვარებლად. დეტალური ნუსხის მიზანია შერჩეულ იურისდიქციებში ციფრულ ბაზრებზე არსებული ეგზანტე რეგულაციების ობიექტური შედარება მათი სტატუსის, მოცულობის, ინსტიტუციური სტრუქტურისა და შინაარსის მიხედვით. გარდა ამისა, ნუსხის თანხმლებად მომზადდა ანალიტიკური შენიშვნა2, რომელიც მკითხველს ეხმარება შინაარსის გაგებაში და რამდენიმე მაღალი დონის დასკვნას გვთავაზობს. ეს სამუშაო გაგრძელდა 2023 წელსაც იაპონიის თავმჯდომარეობის ქვეშ და გავრცელდა არაწევრ (non-G7) იურისდიქციებზეც.
ნაშრომი გამოქვეყნებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის პასუხისმგებლობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და არგუმენტები აუცილებლად არ ასახავს OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალურ თვალსაზრისს.
წყაროს ნახვა