ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს (GVH) ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონულმა ცენტრმა თავისი ოფიციალური პერიოდული ჟურნალის - „Competition Policy in Eastern Europe and Central Asia“ -2026 წლის იანვრის ნომერში (Review No. 27) გამოსცა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წამყვანი თანამშრომლების: სალომე ქავთარაძისა და გვანცა ჩადუნელის ერთობლივი სამეცნიერო-ანალიტიკური ნაშრომი.
აღნიშნული გამოცემა ეძღვნება კონკურენციის სამართლის აღსრულებას ტრადიციულ ბაზრებზე. სტატია, „კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ურთიერთქმედება: არაკეთილსინდისიერი კონკურენციის უახლესი ტენდენციები კონკურენციის სააგენტოში“ (Competition and IP Law Convergence: The GCCA’s Recent Unfair Competition Trend) - მიმოიხილავს საქართველოს უნიკალურ ინსტიტუციურ მოდელს.
ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ როგორ აერთიანებს ქართული კანონმდებლობა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსრულებას კონკურენციის საერთო პოლიტიკასთან, რაც მას ევროპული იურისდიქციების უმრავლესობისგან გამოარჩევს. ავტორები აფასებენ სააგენტოს ბოლო დროინდელ პრაქტიკას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და კონკურენციის სამართლის გადაკვეთას, გარე იერსახის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და არაკეთილსინდისიერი რეკლამის ქეისებს, ასევე სააგენტოს მიერ გამოყენებულ სანქციებსა და პრევენციულ მექანიზმებს.
საერთაშორისო პლატფორმაზე ქართველი სპეციალისტების ნაშრომების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აქტიურ ჩართულობას გლობალურ პროფესიულ დიალოგში და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილების მაღალ რეიტინგს რეგიონულ დონეზე.
სალომე ქავთარაძე, გვანცა ჩადუნელი.