ულისხმობს ბიზნესპრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელშიც შესაძლოა ჩაერთოს კომპანია ან კომპანიათა ჯგუფი ფირმებს შორის კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, რათა შეინარჩუნოს ან გაზარდოს საკუთარი ფარდობითი საბაზრო პოზიცია და მოგება, ისე, რომ აუცილებლად არ უზრუნველყოფდეს საქონლისა და მომსახურების უფრო დაბალ თვითღირებულებას ან უფრო მაღალ ხარისხს. კონკურენციის არსი გულისხმობს კომპანი(ებ)ის მცდელობას, მოიპოვოს უპირატესობა კონკურენტებზე. თუმცა, მისაღები ბიზნესპრაქტიკის საზღვრები შეიძლება დაირღვეს, თუ კომპანიები ხელოვნურად ზღუდავენ კონკურენციას არა საკუთარ უპირატესობებზე დაყრდნობით, არამედ თავიანთი საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებით კონკურენტების, მომხმარებლებისა და მომწოდებლების საზიანოდ, რამაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა, წარმოების შემცირება, მომხმარებლის არჩევანის შეზღუდვა, ეკონომიკური ეფექტიანობის დაკარგვა და რესურსების არასწორი გადანაწილება (ან ამ შედეგების კომბინაცია).
თუ რომელი ტიპის ბიზნესპრაქტიკა შეიძლება ჩაითვალოს კონკურენციის საწინააღმდეგოად და, შესაბამისად, კონკურენციის სამართლის დამრღვევად, განსხვავდება იურისდიქციებისა და ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. გარკვეული პრაქტიკა შეიძლება განიხილებოდეს როგორც თავისთავად უკანონო, ხოლო სხვები შეიძლება დაექვემდებაროს გონივრულობის წესს. მაგალითად, გადაყიდვის ფასის შენარჩუნება იურისდიქციების უმეტესობაში მიჩნეულია თავისთავად უკანონოდ, მაშინ როდესაც ექსკლუზიური დისტრიბუცია/ვაჭრობა შეიძლება დაექვემდებაროს გონივრულობის წესს. სტანდარტები იმის დასადგენად, არის თუ არა ბიზნესპრაქტიკა უკანონო, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასების ფიქსაციის შესახებ შეთანხმებები თავისთავად უკანონოა, მაშინ როდესაც კანადაში შეთანხმება ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა მოიცავდეს. ამ დათქმების გათვალისწინებით, მრავალი ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობა სწავლობს და ზოგადად ცდილობს აღკვეთოს ბიზნესპრაქტიკის ფართო სპექტრი, რომელიც ზღუდავს კონკურენციას.
ეს პრაქტიკა ფართოდ კლასიფიცირდება ორ ჯგუფად: კონკურენციის ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეზღუდვები. პირველი ჯგუფი მოიცავს ისეთ სპეციფიკურ პრაქტიკას, როგორიცაა კარტელები, ფარული გარიგებები (კოლუზია), შეთქმულება, შერწყმა, მტაცებლური საფასო პოლიტიკა, საფასო დისკრიმინაცია და ფასების ფიქსაციის შესახებ შეთანხმებები. მეორე ჯგუფი მოიცავს ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა ექსკლუზიური ვაჭრობა, გეოგრაფიული ბაზრის შეზღუდვები, ვაჭრობაზე/გაყიდვაზე უარის თქმა, გადაყიდვის ფასის შენარჩუნება და პროდუქტების იძულებითი კომპლექტაცია (დაკავშირებული გაყიდვები). ზოგადად რომ ვთქვათ, კონკურენციის ჰორიზონტალური შეზღუდვები ძირითადად მოიცავს ბაზარზე არსებულ სხვა კონკურენტებს, ხოლო ვერტიკალური შეზღუდვები ეხება მიმწოდებელ-დისტრიბუტორის ურთიერთობებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზღვარი კონკურენციის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შეზღუდვებს შორის ყოველთვის არ არის მკაფიო და ერთი ტიპის პრაქტიკამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორეზე. მაგალითად, კომპანიებმა შეიძლება მიმართონ სტრატეგიულ ქცევას კონკურენციის დასაბლოკად. მათ შეიძლება სცადონ ამის გაკეთება ობიექტების წინასწარ დაკავებით (ხელში ჩაგდებით) ნედლეულის მიწოდების მნიშვნელოვანი წყაროების ან სადისტრიბუციო არხების შესყიდვის გზით, გააფორმონ გრძელვადიანი ხელშეკრულებები ხელმისაწვდომი რესურსების ან საწარმოო სიმძლავრეების შესაძენად, ჩაერთონ ექსკლუზიურ ვაჭრობაში და სხვა პრაქტიკაში. ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება გაზარდოს ბაზარზე შესვლის ბარიერები, განამტკიცოს არსებული კომპანიების საბაზრო პოზიცია და/ან ხელი შეუწყოს კონკურენციის საწინააღმდეგო გარიგებებს. © OECD
საუკუნეების განმავლობაში ცნობილია, რომ კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას მავნე ეკონომიკური ეფექტი აქვს. როგორც ადამ სმიტმა აღნიშნა: „ერთი და იმავე პროფესიის ადამიანები იშვიათად იკრიბებიან ერთად, თუნდაც მხიარულებისა და განტვირთვის მიზნით, ისე, რომ მათი საუბარი საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულებით ან ფასების გაზრდის მცდელობით არ დასრულდეს“. კარტელები მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მავნე კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომხმარებლებსა და მთლიანად ეკონომიკას. კარტელი, არსებითად, არის კომპანიების ჯგუფი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს როგორც მონოპოლისტი - ზღუდავს წარმოებას და ზრდის ფასებს.
სმიტიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ალფრედ მარშალმა დაამკვიდრა სამომხმარებლო დანაზოგის, მწარმოებლის დანაზოგისა და საზოგადოებრივი დანაკარგის ცნებები. სამომხმარებლო დანაზოგი ზომავს სხვაობას იმ ფასს შორის, რომელსაც მომხმარებელი რეალურად იხდის საქონელში და იმ მაქსიმალურ ფასს შორის, რომლის გადახდისთვისაც იგი მზად იყო. მწარმოებლის დანაზოგი არის სხვაობა საბაზრო ფასსა და იმ ყველაზე დაბალ ფასს შორის, რომლის მიღებაზეც კომპანია თანახმა იქნებოდა საქონლის წარმოებისთვის. საზოგადოებრივი დანაკარგი კი არის საბაზრო არაეფექტურობით გამოწვეული დანაკარგი, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა წონასწორობაში არ არის. ეკონომიკური თვალსაზრისით, მონოპოლიური ძალაუფლების განხორციელება იწვევს რესურსების არაეფექტურ განაწილებას მიწოდების შეზღუდვის გზით. შედეგად, ვიღებთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის დანაკარგებს. გარდა ამისა, მონოპოლია ახდენს სიმდიდრის გადაანაწილებას მომხმარებლებიდან მწარმოებლებზე, რითაც სამომხმარებლო დანაზოგი მწარმოებლის მოგებად იქცევა. 1970 წელს მსოფლიოში მხოლოდ თორმეტ იურისდიქციას გააჩნდა კონკურენციის სამართლის რეჟიმი. 1970-იან და 1980-იან წლებში ჩატარდა მრავალი ეკონომიკური კვლევა, რათა ეჩვენებინათ კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის მავნე ზემოქმედება როგორც მომხმარებლებზე, ისე მწარმოებლებზე. ამ კვლევებმა განაპირობა მზარდი ცნობიერება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში იმის შესახებ, რომ რეგულირება აუცილებელია ეკონომიკის დასაცავად; ასევე იმისა, რომ კონკურენციის სამართალი არ არის გამიზნული კომპანიების დასასჯელად, არამედ ეს წესები ჯანსაღი ბიზნესგარემოს დასაცავად არსებობს. ამჟამად 130-მდე იურისდიქციაში მოქმედებს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა და აბსოლუტურ უმრავლესობას ჰყავს აღმასრულებელი ორგანო, რომელიც აქტიურად ებრძვის კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას. განსაკუთრებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს გააჩნიათ კარგად შემუშავებული კონკურენციის კანონები და პოლიტიკა, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის პრევენციასა და სანქცირებას.
კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკა შეიძლება გამოიხატოს კონკურენტ ბიზნესებს შორის ფარული გარიგების სახით - მაგალითად, ფასების დაწესებით ან წარმოების შეზღუდვით - ან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ცალმხრივი ქმედებით, რომელიც მიმართულია მომხმარებელთა ექსპლუატაციისაკენ ან კონკურენციის გამორიცხვისაკენ. ევროკავშირში ფარული გარიგებები რეგულირდება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისკენ მიმართული ცალმხრივი ქმედებები 102-ე მუხლით. შეერთებულ შტატებში შერმანის აქტის პირველი მუხლი კრძალავს ორ ან მეტ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის დადებულ შეთანხმებებს, რომლებიც დაუსაბუთებლად ზღუდავს ვაჭრობას, ხოლო მე-2 მუხლი კრძალავს მონოპოლიური ძალაუფლების არასათანადო საშუალებებით მოპოვებას ან უკანონოდ შენარჩუნებას.
კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის მაგალითებია: ფასების ჰორიზონტალური ფიქსაცია; ბაზრის გადანაწილება; მიწოდების შეზღუდვა. ბაზრიდან კონკურენტების განდევნისკენ მიმართული პრაქტიკის მაგალითებია: დომინანტური კომპანიის მიერ თვითღირებულებაზე დაბალი ფასის და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ექსკლუზიურობის ხელშეკრულებების დადება ობიექტური დასაბუთების გარეშე. ზოგიერთი იურისდიქცია ერთმანეთისგან მიჯნავს კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკებს, რომლებიც აშშ-ის სამართლებრივი გაგებით „თავისთავად უკანონოა“ და მათ, რომლებიც ექვემდებარება „გონივრულობის წესით“ ანალიზს. თავისთავად უკანონო პრაქტიკების შემთხვევაში, კონკრეტული ქმედება ავტომატურად მიიჩნევა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე მისი ფაქტობრივი ეფექტის ან მონაწილე მხარეთა განზრახვების დამატებითი გამოკვლევა საჭირო არ არის. „გონივრულობის წესის“ გამოყენებისას კი ფასდება კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის რეალური გავლენა კონკურენციაზე.
ანალოგიურად, ევროკავშირის სამართლის მიხედვით, შეთანხმებებმა შესაძლოა შეზღუდოს კონკურენცია „მიზნით“ ან „შედეგით“. კონკურენტებს შორის ფასების ფიქსაცია ან ბაზრის გადანაწილება კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკის ისეთი თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებიც იმდენად აშკარად საზიანოა, რომ მათი უკანონოდ მიჩნევისთვის ეკონომიკური ეფექტის შემდგომი ანალიზი საჭირო არ არის (თუ ისინი არ აკმაყოფილებენ 101(3) მუხლის კრიტერიუმებს). თუმცა, საქმეში Budapest Bank, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ კონკურენციის „მიზნობრივი შეზღუდვის“ კონცეფცია ვიწროდ უნდა განიმარტოს და გამოიყენოს მხოლოდ იმ პრაქტიკის მიმართ, რომელიც კონკურენციისთვის აშკარა და საკმარის ზიანს შეიცავს. Intel-ის საქმე კი ადასტურებს, რომ ევროპული სასამართლოები მზად არიან გააუქმონ კომისიის გადაწყვეტილებები, თუ ისინი არ ჩაატარებენ შედეგებზე დაფუძნებულ საფუძვლიან ანალიზს ან თუ მათ ეკონომიკურ ანალიზში ხარვეზები გამოვლინდება.