კონსოლიდირებული შესყიდვების განმახორიცელებელი ორგანიზაცია (GROUP PURCHASING ORGANIZATION)

ინსტიტუციური განმარტება

კონსოლიდირებული შესყიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციები (GPO) არიან კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურისა და სხვა სამედიცინო პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასებზე ჯანდაცვის პროვაიდერების სახელით, მათ შორის საავადმყოფოების, ამბულატორიული დაწესებულებების, საექიმო პრაქტიკების, მოხუცებულთა თავშესაფრებისა და შინმოვლის სააგენტოებისთვის. ხშირად, კონსოლიდირებული შესყიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციები თავად წევრი პროვაიდერების საკუთრებაშია. ისინი არ იძენენ საკუთრების უფლებას სამედიცინო პროდუქტებზე და არც ფიზიკურად განკარგავენ მათ. ნაცვლად ამისა, მათი მთავარი მიზანია გაწიონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და შეამცირონ თავიანთი წევრების საოპერაციო ხარჯები ტრანზაქციის ხარჯების შემცირების გზით, ასევე პროდუქციაზე იმაზე დაბალი ფასების შეთანხმებით, ვიდრე ამას პროვაიდერები დამოუკიდებლად მუშაობისას მიაღწევდნენ. მიწოდების ჯაჭვში ეფექტიანობის გაზრდის ფარგლებში, ეს ორგანიზაციები ჯანდაცვის პროვაიდერებს ასევე სთავაზობენ მთელ რიგ დამატებით მომსახურებებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს ხარჯები ან გააუმჯობესოს საოპერაციო საქმიანობა. © ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC)

კომენტარი

ერთობლივი შესყიდვების შეთანხმებები პოტენციურად პრობლემურია ორი მიზეზის გამო: პირველი - მათ შეუძლიათ შექმნან ან გააძლიერონ მონოფსონიური ძალა ზედა დონის შესყიდვების ბაზარზე; მეორე - მათ შესაძლოა გამოიწვიონ კონკურენციის საწინააღმდეგო ფარული შეთანხმება ქვედა დონის გაყიდვების ბაზარზე დანახარჯების სტრუქტურების ჰომოგენიზაციის გზით.

სხვა სახის თანამშრომლობის შეთანხმებების მსგავსად, GPO-ებმა შესაძლოა წარმოშვან მნიშვნელოვანი ეფექტიანობა, როგორიცაა ხარჯების შემცირება, მასშტაბის ეკონომია ან ინოვაცია. მყიდველთა მხრიდან საბაზრო ძალის კონცენტრაციამ ასევე შესაძლოა გააბათილოს მიმწოდებელთა საბაზრო ძალა ზედა დონის ბაზარზე.

აშშ

ერთობლივი შესყიდვები პოტენციურად საეჭვოა შერმანის აქტის 1-ელი მუხლის საფუძველზე, როგორც შეთანხმებული მონოფსონიის მაგალითი. მყიდველთა წმინდა კარტელები ექვემდებარება შერმანის აქტის თავისთავად აკრძალვას, საქმის Mandeville Island Farms v. American Crystal Sugar (1948) მიხედვით, იმ საფუძვლით, რომ შესყიდვების ბაზრების კარტელიზაცია თითქმის არასდროს არის პროკონკურენტული. ამის საპირისპიროდ, ერთობლივი შესყიდვის შეთანხმებები, მათ შორის GPO-ები, ფასდება გონივრული წესის სტანდარტით, რადგან ისინი, როგორც წესი, ქმნიან ლეგიტიმურ ეფექტიანობას (Northwest Wholesale Stationers v. Pacific Stationery, 1985).

კონკურენტებს შორის თანამშრომლობის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად, DOJ და FTC, როგორც წესი, არ ეწინააღმდეგებიან ერთობლივი შესყიდვის შეთანხმებას, თუ მისი წილი შესაბამისი ბაზრის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს. უწყებების პრაქტიკა ავლენს ოთხ გადამწყვეტ ფაქტორს (იხ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბიზნესმიმოხილვის წერილი AOA-სა და AOAExcel GPO-სადმი, 2020 წ.): პირველი - თუ წევრებს შეუძლიათ უარი თქვან GPO-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე, ფარული შეთანხმების რისკი მცირდება; მეორე - წევრობის რაოდენობრივმა ლიმიტებმა შესაძლოა შეზღუდოს მონოფსონიური ძალა; მესამე - არაწევრებისთვის გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობის დაშვება ამცირებს საბაზრო ძალაუფლებას სხვა მყიდველებთან მიმართებაში; მეოთხე - GPO-ის იმგვარი სტრუქტურირება, რომელიც გამორიცხავს კონკურენტებს შორის სენსიტიური ინფორმაციის გაცვლას (მაგ. დამოუკიდებელი მომლაპარაკებლების დაქირავება და კონფიდენციალურობის დაცვა), ამცირებს ფარული გარიგების რისკს.

აშშ-ში GPO-ები განსაკუთრებით გავრცელებულია ჯანდაცვის სექტორში. ისტორიულად, ჯანდაცვის სფეროს შესახებ სპეციალურ განცხადებებში მითითებული იყო უფრო ლბილი მიდგომა, რაც ქმნიდა „უსაფრთხო ნავსადგურს“ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც: (ა) ერთობლივი შესყიდვები შეადგენდა გამყიდველის მიერ რეალიზებული საქონლის ან მომსახურების მთლიანი მოცულობის 35%-ზე ნაკლებს და (ბ) შესყიდული პროდუქციის დანახარჯი თითოეული მონაწილის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იყო. თუმცა, 2023 წელს DOJ-მ და FTC-მ გააუქმეს ჯანდაცვის სექტორის ეს სახელმძღვანელო პრინციპები. მათ გაუქმებამდე, DOJ ამ „35-20“ სტანდარტს სხვა სფეროებშიც იყენებდა. ამ მიდგომის დასაბუთება იყო ის, რომ პირველი პირობა ხელს უშლიდა მონოფსონიური ძალაუფლების დაგროვებას, ხოლო მეორე - ამცირებდა ფარული გარიგების ალბათობას საერთო დანახარჯების სტრუქტურის გამო.

ჯანდაცვის სფეროს სახელმძღვანელო პრინციპების გაუქმების გათვალისწინებით, „35-20“ სტანდარტის, როგორც „უსაფრთხო ნავსადგურის“ შემდგომი გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. DOJ-ის განცხადებაში, რომელიც თან ახლდა ამ პრინციპების გაუქმებას, აღნიშნულია, რომ ძველი მიდგომა იყო „ზედმეტად ლბილი გარკვეულ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის გაზიარება“. სახელმძღვანელო პრინციპები ასევე მოიცავდა სამ დამატებით ფაქტორს, რომლებიც ამცირებდა ანტიმონოპოლიური შემოწმების რისკს: არაექსკლუზიურობა, დამოუკიდებელი ადმინისტრატორების არსებობა და კონფიდენციალურობა GPO-სა და ცალკეულ წევრებს შორის. ვინაიდან ეს ფაქტორები თანხვედრაშია DOJ-ის გადაწყვეტილების მიღების საერთო პრაქტიკასთან, ისინი კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტომატურად გაათავისუფლონ პასუხისმგებლობისგან ის შეთანხმებები, რომლებიც აჭარბებენ დადგენილ ზღვრებს.

ევროკავშირი

„ერთობლივი შესყიდვა“ პოტენციურად პრობლემურია TFEU-ს 101(1) მუხლის მიხედვით. როგორც ხაზგასმულია საქმეებში Cartes Bancaires (C-67/13 P) და Super Bock (C-211/22), შეზღუდვების კლასიფიკაცია „მიზნის მიხედვით“ (By object) ან „შედეგის მიხედვით“ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ კონტექსტზე. მიუხედავად ამისა, ერთობლივი შესყიდვები ზოგადად „შედეგის მიხედვით“ ფასდება. თუმცა, როდესაც ერთობლივი შესყიდვის ხელშეკრულება ხელს უწყობს კარტელიზაციას და მოიცავს „მძიმე“ შეზღუდვებს, იგი „მიზნის მიხედვით“ დარღვევად შეფასდება. მყიდველთა წმინდა კარტელები განიხილება „მიზნის მიხედვით“ შეზღუდვად, რადგან ისინი გულისხმობენ პირდაპირ ჩარევას შესაბამის ბაზარზე. არ არსებობს სპეციალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაცია, რომელიც უშუალოდ ერთობლივ შესყიდვებს ეხება. მიუხედავად ამისა, ევროკომისიის „სახელმძღვანელო მითითებები ჰორიზონტალური თანამშრომლობის შეთანხმებების შესახებ“ ადგენს „უსაფრთხო ნავსადგურს“: თუ მონაწილე საწარმოების საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს როგორც ზედა დონის შესყიდვების ბაზარზე, ისე ქვედა დონის გაყიდვების ბაზარზე, ანტიმონოპოლიური დავის წარმოშობა ნაკლებად სავარაუდოა.

თუ დადგინდა, რომ ერთობლივი შესყიდვის ღონისძიებები ეწინააღმდეგება TFEU-ს 101(1) მუხლს, ისინი შესაძლოა გამართლდეს 101(3) მუხლის საფუძველზე. ზოგადად, ერთობლივი შესყიდვის ხელშეკრულებები ქმნის ეფექტიანობას, თუმცა 101(3) მუხლით აღიარებისთვის ეს ეფექტიანობა უნდა იყოს აუცილებელი და მისი სარგებელი უნდა გადაეცეს მომხმარებლებს. კერძოდ, სახელმძღვანელო მითითებები მოითხოვს, რომ შესყიდვის ხარჯების შემცირება აისახოს მომხმარებლისთვის დაწესებულ დაბალ ფასებში; ამის ალბათობა კი დამოკიდებულია საწარმოების საბაზრო ძალაზე ქვედა დონის ბაზარზე და იმაზე, არის თუ არა შესყიდვის შეთანხმება ექსკლუზიური ხასიათის. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „ბაზარზე, სადაც ფასები იცვლება შეკვეთების მოცულობის მიხედვით, კოოპერატიული შემსყიდველი ასოციაციების საქმიანობამ შესაძლოა შექმნას მნიშვნელოვანი საპირწონე ძალა მსხვილი მწარმოებლების სახელშეკრულებო ძალის მიმართ“ (Gøttrup-Klim, C-250/92, პუნქტი 32).

აშშ-ის კონკურენციის სამართალთან შედარებით, ევროკავშირში ნაკლებად მკაფიოა, რამდენად განსაზღვრავს ერთობლივი შესყიდვების ორგანიზაციული სტრუქტურა მის კანონიერებას. მიუხედავად ამისა, ერთობლივი შესყიდვის შეთანხმების ორგანიზების ფორმა, სავარაუდოდ, მხედველობაში მიიღება შეთანხმების კატეგორიზაციის, მისი შედეგებისა და პროკონკურენტული სარგებლის შეფასებისას TFEU-ს 101(3) მუხლის მიხედვით; რაც უფრო დამოუკიდებელია ერთობლივი შესყიდვის მექანიზმი, მით ნაკლებია ფარული შეთანხმების (Collusion) რისკი.

ევროკავშირში ერთობლივი შესყიდვების აღსრულება ფოკუსირებულია კვების პროდუქტების, საცალო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ნედლეულის სექტორებზე. მნიშვნელოვანი სააღსრულებო ღონისძიებები მყიდველთა კარტელების წინააღმდეგ განხორციელდა თამბაქოსა და ნედლეულის ბაზრებზე. იმავდროულად, ერთობლივი შესყიდვის შეთანხმებებთან დაკავშირებული სააღსრულებო ქმედებები ძირითადად საცალო ვაჭრობის სექტორში განხორციელდა. როგორც წესი, მყიდველთა კარტელები ექვემდებარებიან ჯარიმებს, ხოლო GPO-ები - ქცევით ან სტრუქტურულ ვალდებულებებს.