„ზოგადად მიიჩნევა, რომ ეკონომიკურ აგენტებზე კონტროლი ხორციელდება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების 50 პროცენტზე მეტს. თუმცა, „ეფექტური კონტროლი“ შეიძლება განხორციელდეს მაშინაც, როდესაც ინვესტორი (ინვესტორები) ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების მსხვილ პაკეტს, თუნდაც ეს იყოს 50 პროცენტზე ნაკლები, თუკი დარჩენილი აქციები ფართოდ არის გადანაწილებული ბევრ მცირე ინვესტორს შორის. ეკონომიკურ აგენტებზე კონტროლი ასევე შეიძლება განხორციელდეს ურთიერთგადამკვეთი დირექტორატებისა და ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებული კორპორაციული საკუთრების კავშირების მეშვეობით, როგორც ეს კონგლომერატების შემთხვევაში ხდება. © OECD
კონტროლის ცნება და მისი ინტერპრეტაცია ნებისმიერი კონცენტრაციის კონტროლის ანალიზის საწყისი წერტილია, რადგან კონცენტრაცია არსებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კონტროლის ცვლილება. საწარმოზე კონტროლის მოპოვების ფაქტი ინდივიდუალურად, თითოეული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით დგინდება. განმარტების არსი მდგომარეობს საწარმოზე „გადამწყვეტი გავლენის“ მოპოვებაში (ევროკავშირის კონცენტრაციის რეგულაციის (EUMR) მუხლი 3(2)), რაც გულისხმობს გავლენას ისეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა ბიზნესგეგმები, ბიუჯეტი, ინვესტიციები, მენეჯმენტის დანიშვნა და სხვა.
საწარმოზე კონტროლი შეიძლება მოიპოვოს ერთმა სუბიექტმა (ერთპიროვნული კონტროლი) ან ერთობლივად ორმა ან მეტმა საწარმომ (ერთობლივი კონტროლი). თავისთავად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, შეადგენს თუ არა შეძენილი წილი საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ან 100%-ს. წილის შესყიდვა, რომელიც არ ითვალისწინებს ხმის უფლების უმრავლესობას, როგორც წესი, არ ანიჭებს კონტროლს მაშინაც კი, თუ იგი მოიცავს სააქციო კაპიტალის უმრავლესობას. ერთპიროვნული კონტროლი ასევე შეიძლება წარმოიშვას სააქციო კაპიტალის „კვალიფიციური უმცირესობის“ ფლობისას, თუ მას თან ახლავს სტრატეგიულ კომერციულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების შესაძლებლობა.
ერთობლივი კონტროლი არსებობს მაშინ, როდესაც ორ ან მეტ საწარმოს აქვს უფლება, დაბლოკოს საწარმოს სტრატეგიული კომერციული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთობლივი კონტროლი ხასიათდება ე.წ. „ჩიხური სიტუაციის“ შექმნის შესაძლებლობით, რაც განპირობებულია ორი ან მეტი დამფუძნებელი (მშობელი) კომპანიის უფლებამოსილებით, უარყონ შემოთავაზებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ამ აქციონერებმა უნდა მიაღწიონ საერთო კონსენსუსს ერთობლივი საწარმოს (JV) კომერციული პოლიტიკის განსაზღვრისას.
კონტროლი, როგორც ერთპიროვნული, ისე ერთობლივი, შეიძლება განხორციელდეს de jure (იურიდიული) ან de facto (ფაქტობრივი) საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ de jure კონტროლი აქციების წილობრივი მონაწილეობის (როგორც წესი, 50%-ზე მეტი) ანალიზს მოითხოვს, de facto კონტროლი ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა; იგი განიხილავს საწარმოზე ნებისმიერ სხვა შესაძლო გავლენას, რომელიც კონტროლის დამყარებას იწვევს. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტია იმის დასადგენად, არსებობს თუ არა დე ფაქტო კონტროლი. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დირექტორთა საბჭოს უმრავლესობის დანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.
დე ფაქტო კონტროლი ასევე ვლინდება მყარი ეკონომიკური დამოკიდებულების პირობებში, ორ საწარმოს შორის არსებული ეკონომიკური და სხვა სახის კავშირების მეშვეობით, შესაბამისი წილის სიდიდის მიუხედავად. საქმეში J&J/Actelion, გამოიკვეთა ძლიერი და გრძელვადიანი ეკონომიკური კავშირები J&J-სა და Idorsia-ს შორის: J&J-ს უნდა უზრუნველყო Idorsia 10-წლიანი სესხითა და 15-წლიანი საკრედიტო ხაზით, ასევე ჯვარედინი ლიცენზირების გზით მიეცა წვდომა ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებებზე. J&J ფლობდა Idorsia-ს სააქციო კაპიტალის 16%-დან 32%-მდე, მაშინ როცა ყველა სხვა აქციონერი 5%-ზე ნაკლებ წილს ფლობდა. თურქეთის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა ევროკავშირის მიდგომის ანალოგიურია: კონტროლი შეიძლება მოპოვებულ იქნეს უფლებების, კონტრაქტების ან სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთობლივად იძლევა საწარმოზე გადამწყვეტი გავლენის de facto ან de jure განხორციელების შესაძლებლობას. კერძოდ, ეს ინსტრუმენტები მოიცავს საკუთრების ან საოპერაციო უფლებებს საწარმოს აქტივებზე (მთლიანად ან ნაწილობრივ) და იმ უფლებებსა თუ კონტრაქტებს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ საწარმოს სტრუქტურასა თუ მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებებზე.
თურქეთის კონკურენციის სამართალი, ევროკავშირის მსგავსად, აღიარებს, რომ დე ფაქტო კონტროლი სხვადასხვა გზით შეიძლება დამყარდეს. მიწოდების გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა, რომლებიც საწარმოს საქმიანობის ძირითად კომპონენტებს ეხება, შესაძლოა წარმოშვას გადამწყვეტი გავლენა მენეჯმენტის ქმედებებზე, რაც დე ფაქტო კონტროლის საფუძველი ხდება. კიდევ ერთი მაგალითია ვითარება, როდესაც უმცირესობის აქციონერს, აქციების პროპორციის, წინა კრებებზე ხმის მიცემის ისტორიისა და სხვა აქციონერების პასიურობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ ექნება ხმათა უმრავლესობა აქციონერთა საერთო კრებაზე. ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების გადაცემამ შესაძლოა წარმოშვას კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლებები ბიზნესის საბაზრო ბრუნვის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით რელევანტურია იმ სცენარებში, როდესაც ბრენდების გადაცემა გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის მიერ საბაზრო წილის მოპოვებასა და შემოსავლების გენერირებაში.
და ბოლოს, კონტროლი შესაძლოა წარმოიშვას მმართველი რგოლის პროფესიონალების დანიშვნის გზით. საქმეში Medya Holding Sabah, კომპანიის საბჭოს შემადგენლობის ცვლილება საკმარისად იქნა მიჩნეული კონტროლის ცვლილების დასადგენად. კერძოდ, ოთხი კომპანიის საბჭოში „Sabah Group“-ის წარმომადგენელი დირექტორების გასვლამ და მათ ნაცვლად „MTM Group“-თან დაკავშირებული პირების დანიშვნამ დაადასტურა კონტროლის გადასვლა.