ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI):
ბაზრის კონცენტრაციის სპეციფიკური საზომი, რომელიც აფასებს, თუ რამდენად არის გამოშვების(პროდუქციის მოცულობის) დიდი წილი მცირე რაოდენობის ეკონომიკურ აგენტებს შორის. HHI გამოიყენება როგორც საბაზრო ძალაუფლების ან ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებული კონკურენციის დონის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი.
ინდექსი იანგარიშება მოცემულ სექტორში მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილების კვადრატების შეჯამებით.
მაგალითი: თუ ბაზარზე მოქმედებს 5 ეკონომიკური აგენტი და თითოეულის საბაზრო წილი 20%-ია, HHI იქნება: 400 + 400 + 400 + 400 + 400 = 2000.
რაც უფრო მაღალია კონკრეტული ბაზრის HHI მაჩვენებელი, მით უფრო მეტად არის გამოშვება კონცენტრირებული მცირე რაოდენობის სუბიექტების ხელში.
კონცენტრაციის დონეები (ზოგადი სტანდარტი):
დაბალი კონცენტრაცია: HHI < 1000
ზომიერი კონცენტრაცია: HHI 1000-დან 1800-მდე
მაღალი კონცენტრაცია: HHI > 1800 © ევროპული კომისია
სამრეწველო ორგანიზაციის ეკონომიკაში ბაზრის სტრუქტურის აღსაწერად და საბაზრო ძალაუფლების პირველადი შეფასებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ინდექსები. ეს საზომები მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული სუბიექტების რაოდენობისა და მათ შორის ზომების (წილების) არათანაბარი გადანაწილების შეფასებას. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტებია:
კონცენტრაციის კოეფიციენტი (Concentration Ratio - CR)
ეს არის სექტორის მთლიანი გამოშვების (ან სხვა ეკონომიკური მაჩვენებლის, მაგალითად: გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, დასაქმებულთა რაოდენობა) ის პროცენტული წილი, რომელიც მოდის მოცემული რაოდენობის მსხვილ ეკონომიკურ აგენტზე.
CR4: ზომავს 4 უმსხვილესი ეკონომიკური აგენტის ჯამურ შეფარდებით წილს სექტორის მთლიან გამოშვებაში (ანალოგიურად იანგარიშება CR3, CR5, CR8 და ა.შ.).
ნაკლოვანება: კონცენტრაციის კოეფიციენტი არ ასახავს ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტების საერთო რაოდენობას და მათ შორის წილების შიდა გადანაწილებას. მაგალითად, ორ სხვადასხვა ბაზარს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირად მაღალი CR4 (75%), თუმცა ერთ შემთხვევაში დარჩენილი 25% განაწილებული იყოს მხოლოდ 1-2 სუბიექტზე, ხოლო მეორეში — ასობით წვრილ კონკურენტზე.
ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ალგებრული ფორმულა
ეს საზომი ეფუძნება ბაზარზე არსებული ყველა სუბიექტის საერთო რაოდენობასა და მათი ზომების განაწილებას. ეს ინდექსი ფართოდ გამოიყენება, მაგალითად, აშშ-ის კონკურენციის უწყების შერწყმის სახელმძღვანელო მითითებებში, როგორც ადმინისტრაციული კრიტერიუმი იმ შერწყმების (კონცენტრაციების) შესარჩევად, რომლებიც საჭიროებენ სიღრმისეულ შესწავლას კონკურენციაზე შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო.
კონცენტრაციის სხვა საზომები:
ლორენცის მრუდი (Lorenz Curve)
ჯინის კოეფიციენტი (Gini Coefficient)
ინვერსიული ინდექსი (Inverse Index)
ენტროპია (Entropy)
მიუხედავად მათი თეორიული მნიშვნელობისა, კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკულ ანალიზში ეს საზომები ბევრად უფრო იშვიათად გამოიყენება, ვიდრე კონცენტრაციის კოეფიციენტი (CR) და HHI. © OECD
ბაზრის წილები და კონცენტრაციის დონეები სასარგებლოა ბაზრის სტრუქტურისა და ბაზრის მოთამაშეთა კონკურენტული მნიშვნელობის გამოსაკვეთად. კონკურენციის უწყებები შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის გასაზომად, როგორც წესი, კონცენტრაციის ინდექსებს იყენებენ. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი („HHI“) ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტია. HHI ცალკეული კომპანიების ბაზრის წილების კვადრატების ჯამის ტოლია. HHI ეფუძნება დაშვებას, რომ ინდუსტრიის სტრუქტურა კორელაციაშია მისი მოთამაშეების ქცევასთან, რაც ამართლებს „სტრუქტურა-ქცევა-შედეგის“ პარადიგმას. სხვა ხშირად გამოყენებადი კონცენტრაციის ინდექსებია კონცენტრაციის კოეფიციენტები („CRN“), რაც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე არსებული N რაოდენობის უმსხვილესი კომპანიის ბაზრის წილების ჯამს.
OECD-ის (2008) თანახმად, კონცენტრაციის ინდექსები არ ითვალისწინებს კომპანიების ფარდობით ზომას შესაბამის ბაზარზე და, ამდენად, შესაძლოა ნაკლებად გამოსადეგი იყოს შერწყმის პოტენციური ეფექტების საწყისი შეფასებისთვის. თუმცა, HHI პროპორციულად მეტ წონას ანიჭებს ბაზრის უფრო დიდ წილებს და, შესაბამისად, შეუძლია უზრუნველყოს შესაბამის ბაზარზე კონკურენციის ხარისხისა და/ან ინტენსივობის ზუსტი საწყისი საზომი.
ბაზრის კონცენტრაცია და კონცენტრაციის ინდექსები უპირატესად ბაზრის წილებზე დაყრდნობით გამოითვლება. თუმცა, როგორც ეს აღიარებულია შერწყმის რამდენიმე სახელმძღვანელო მითითებაში (ევროკავშირის შერწყმის სახელმძღვანელო მითითებების §19 და აშშ-ის ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო მითითებების §5.3 „ბაზრის კონცენტრაცია“), შესაბამის ბაზარზე შერწყმის გავლენა ასევე უნდა შეფასდეს კონკურენციაზე შერწყმის პოტენციური ეფექტების შესახებ არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ასეთია, მაგალითად: ბაზარზე ახალი ან პოტენციური მოთამაშის შესვლის შეფასება ბაზრის მცირე წილით, რაც არ წარმოადგენს მისი მომავალი განვითარების ინდიკატორს; „მავერიკი“ (არაპროგნოზირებადი/აგრესიული) კომპანიების ან მნიშვნელოვანი ინოვატორების არსებობა, რაც შესაძლოა არ აისახებოდეს ბაზრის მიმდინარე წილებში; ბაზრის მონაწილეებს შორის მნიშვნელოვანი ჯვარედინი წილობრივი მონაწილეობის არსებობა (რაც უფრო ზუსტად შეიძლება შეფასდეს ობრაიენისა და სალოპის მიერ 1999 წელს შემუშავებული მოდიფიცირებული HHI-ით) ან ბაზრის მოთამაშეებს შორის წარსულში არსებული ან მიმდინარე კოორდინაციისა და/ან ხელშემწყობი პრაქტიკის არსებობა.
HHI-ის გამოყენება აღიარებულია კონკურენციის იურისდიქციების შერწყმის სახელმძღვანელო მითითებებში (მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში), როგორც პირველადი სკრინინგის ინსტრუმენტი შერწყმიდან გამომდინარე კონკურენციული რისკების გამოსავლენად. ზოგადად, HHI-ის მაღალი დონე, შერწყმის შედეგად HHI-ის დონეების მაღალ საპროგნოზო ცვლილებასთან (დელტასთან) კომბინაციაში, ჩვეულებრივ განიხილება, როგორც კონკურენციული რისკების საწყისი ინდიკატორი, რაც, სავარაუდოდ, იმსახურებს შესაბამის ბაზარზე შერწყმის უფრო დეტალურ შესწავლას.
ევროკომისია (EC) მიიჩნევს, რომ რისკების წარმოშობა ნაკლებად სავარაუდოა იმ ბაზრებზე, სადაც შერწყმის შემდგომი HHI 1000 პუნქტზე დაბალია. საქმეში Sherwin-Williams/Valspar, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ შერწყმის შედეგად გამოწვეული HHI-ის დაბალი საპროგნოზო ცვლილება [100-200 პუნქტი], პროდუქტის ბაზრის შესაძლო დეფინიციის მიუხედავად, მიუთითებდა ტრანზაქციაზე, რომელსაც არ ექნებოდა მნიშვნელოვანი გავლენა ბაზრის სტრუქტურაზე. თუმცა, საწყისი დასკვნა იმის შესახებ, რომ შერწყმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამცირებს კონკურენციას (HHI-ის შერწყმის შემდგომი ცვლილებების საფუძველზე), არ ქმნის ასეთი რისკების არსებობის ან არარსებობის იმპერატიულ, სამართლებრივ პრეზუმფციას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუსტიციის დეპარტამენტი და ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) მიიჩნევენ, რომ 1500 პუნქტზე დაბალი HHI შეესაბამება არაკონცენტრირებულ ბაზრებს; 1500-დან 2500 პუნქტამდე HHI მიუთითებს ზომიერად კონცენტრირებულ ბაზრებზე, ხოლო მაღალკონცენტრირებული ბაზრების HHI 2500 პუნქტზე მეტია (ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო მითითებები, §5.3 „ბაზრის კონცენტრაცია“). აშშ-ის სახელმძღვანელო მითითებები მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მცირე ცვლილებები (ე.ი. შერწყმის შემდგომი HHI-ის 100 პუნქტზე ნაკლები ცვლილება) ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვევს უარყოფით ეფექტებს შესაბამის ბაზარზე და, როგორც წესი, არ საჭიროებს შემდგომ ანალიზს. მეორე მხრივ, პოტენციური ეფექტების საწინააღმდეგოს მტკიცების უფლებით დაშვებული პრეზუმფცია დგება მაშინ, როდესაც მაღალკონცენტრირებულ ბაზრებზე (ე.ი. HHI 2500 პუნქტზე მეტი) განხორციელებული შერწყმა იწვევს შერწყმის შემდგომი HHI-ის 200 პუნქტზე მეტ ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო მითითებები ასეთ შერწყმას განიხილავს საბაზრო ძალაუფლების გაძლიერების ალბათობად, ეს პრეზუმფცია შეიძლება გაბათილდეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დამარწმუნებელი მტკიცებულებებით. საქმეში FTC v. Staples, Inc., სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შერწყმის სახელმძღვანელო მითითებები მათთვის სავალდებულო ძალის მქონე არ იყო, ისინი წარმოადგენენ „HHI-ის გამოყენების სასარგებლო ილუსტრაციას“. აღნიშნული ილუსტრაციის გამოყენებისას ჩაითვალა, რომ შერწყმამდელი და შერწყმის შემდგომი HHI-ის მაღალი დონეები მიუთითებდა შემოთავაზებული შერწყმის კონკურენციის შემზღუდველი ეფექტების „გონივრულ ალბათობაზე“.
გაერთიანებულ სამეფოში, CMA (კონკურენციისა და ბაზრების უწყება) ასევე იყენებს კონცენტრაციის გარკვეულ საზომებს პირველადი სკრინინგისთვის, რათა - უფრო არსებითი შეფასების დაწყებამდე - დაადგინოს, აქვს თუ არა შერწყმას კონკურენციული რისკების წარმოშობის პოტენციალი უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. მაგალითად, საქმეში Masstock Arable (UK) Ltd / Dalgety Arable Ltd, CMA-მ მიიჩნია, რომ შერწყმის შემდგომი HHI-ის დაბალი ნამატი მიუთითებდა იმაზე, რომ შერწყმა არ წარმოშობდა კონკურენციულ რისკებს. კონცენტრაციის ინდექსები მიჩნეულია სასარგებლო ინდიკატორად იმის დასადგენად, არსებობს თუ არა შერწყმის შედეგად კონკურენციის არსებითი შემცირების პერსპექტივა. თუმცა, ბაზრის კონცენტრაციის გაზომვის მიზნით, HHI-ის ნაცვლად, CMA-ს შერწყმის შეფასების სახელმძღვანელო მითითებები მნიშვნელოვნად ეყრდნობა ბაზრის ტრადიციულ წილებსა და შერწყმის შემდგომი ეფექტური კონკურენტების რაოდენობას.
მიუხედავად იმისა, რომ HHI ანტიმონოპოლიური ანალიზის გავრცელებული ინსტრუმენტი გახდა, ის ყველა გარემოებაში არ მუშაობს. HHI-ის მიღმა არსებული ლოგიკა პირდაპირ გამომდინარეობს კურნოს ოლიგოპოლიური მოდელიდან (ანუ, როდესაც კომპანიების რაოდენობა მცირდება, კონკურენტული წონასწორობის ფასი იზრდება და HHI-ც იზრდება), რაც, თავის მხრივ, ეფუძნება რაოდენობრივ კონკურენციას და გამოსადეგია იმ ბაზრებისთვის, სადაც პროდუქტები ერთგვაროვანია (ჰომოგენურია). როდესაც ბაზარი ხასიათდება დიფერენცირებული პროდუქტებით, სხვა ტექნიკური მიდგომები უფრო მართებულია, რადგან კონცენტრაციის ინდექსებზე დაფუძნებულმა სტრუქტურულმა ანალიზმა შესაძლოა მცდარ პროგნოზებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით შერწყმის ცალმხრივი ეფექტების (unilateral effects) შეფასებისას.