კონცესია (Concession)

ინსტიტუციური განმარტება

„(...) სამუშაოებისა ან მომსახურების კონცესიები, როგორც ეს განსაზღვრულია (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში: (ა) „სამუშაოების კონცესია“ ნიშნავს სასყიდლიან წერილობით ხელშეკრულებას, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე შემსყიდველი უწყება ან შემსყიდველი სუბიექტი სამუშაოების შესრულებას აკისრებს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტს, რომლის სანაცვლო ანაზღაურებაც წარმოადგენს ან ექსკლუზიურად ამ სამუშაოების ექსპლუატაციის უფლებას, ან ამ უფლებას გადახდასთან ერთად; (ბ) „მომსახურების კონცესია“ ნიშნავს სასყიდლიან წერილობით ხელშეკრულებას, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე შემსყიდველი უწყება ან შემსყიდველი სუბიექტი მომსახურების გაწევასა და მართვას (გარდა (ა) ქვეპუნქტში მითითებული სამუშაოების შესრულებისა) აკისრებს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტს, რომლის სანაცვლო ანაზღაურებაც წარმოადგენს ან ექსკლუზიურად ამ მომსახურების ექსპლუატაციის უფლებას, ან ამ უფლებას გადახდასთან ერთად.

სამუშაოების ან მომსახურების კონცესიის მინიჭება გულისხმობს კონცესიონერისთვის საოპერაციო რისკის გადაცემას ამ სამუშაოების ან მომსახურების ექსპლუატაციისას, რაც მოიცავს მოთხოვნის ან მიწოდების რისკს, ან ორივეს ერთად. კონცესიონერი მიიჩნევა საოპერაციო რისკის ამღებად, თუ ნორმალური საოპერაციო პირობების პირობებში, მას არ აქვს გარანტია, რომ ამოიღებს განხორციელებულ ინვესტიციებს ან იმ დანახარჯებს, რომლებიც გაიწია კონცესიის საგანს წარმოადგენელი სამუშაოების ან მომსახურების ოპერირებისას. კონცესიონერისთვის გადაცემული რისკის ნაწილი უნდა გულისხმობდეს რეალურ დამოკიდებულებას ბაზრის მერყეობაზე, იმგვარად, რომ კონცესიონერის მიერ გაწეული ნებისმიერი პოტენციური სავარაუდო ზარალი არ იყოს მხოლოდ ნომინალური ან უმნიშვნელო.“ © დირექტივა 2014/23/EU კონცესიის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ

პარალელური განსჯადობა არსებობს მაშინ, როდესაც კონკრეტულ საქმეზე ერთდროულად ორი ან მეტი სხვადასხვა სასამართლო სისტემის იურისდიქცია მოქმედებს. ეროვნული სასამართლოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებაში. მათ შესაძლოა მოეთხოვოთ TFEU-ს 101-ე და/ან 102-ე მუხლების გამოყენება სხვადასხვა სცენარის ფარგლებში: ზოგიერთ სასამართლოს გააჩნია იურისდიქცია კერძო მხარეებს შორის დავებზე, როგორიცაა ხელშეკრულების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურების სარჩელი; ზოგიერთი მოქმედებს როგორც საჯარო აღსრულების ორგანო (მაგალითად, ფინეთში, ირლანდიასა და შვედეთში); ზოგიერთი კი მოქმედებს როგორც ზემდგომი ინსტანცია და განიხილავს საჩივრებს, რომლებიც შეტანილია კონკურენციის ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.

1/2003 რეგულაციამ ეროვნულ სასამართლოებს უფრო ფართო უფლებამოსილება მიანიჭა TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების სრულად აღსრულებისათვის. უფრო მეტიც, თუ ეროვნული სასამართლოები იყენებენ ეროვნულ კონკურენციის კანონმდებლობას, ისინი ასევე ვალდებულნი არიან გამოიყენონ ევროკავშირის კონკურენციის სამართალი, თუ ქმედება გავლენას ახდენს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკომისიის მუშაობის შესახებ კონკურენციის სამართლის კერძო აღსრულებასთან დაკავშირებით, იხილეთ სექცია: ზიანის ანაზღაურების სარჩელები: ნაბიჯები ევროპული სამართლებრივი ჩარჩოსკენ.

ევროკომისიასთან თანამშრომლობა: კომისია მზად არის დაეხმაროს ეროვნულ სასამართლოებს TFEU-ის 101-ე და 102-ე მუხლების გამოყენებაში, რათა უზრუნველყოს ამ დებულებების თანმიმდევრული იმპლემენტაცია ევროკავშირის მასშტაბით. აღნიშნული ეფუძნება ლოიალური თანამშრომლობის ორმხრივ ვალდებულებას, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) 4(3) მუხლით. ამ თანამშრომლობის დეტალები მოცემულია შეტყობინებაში „ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოებთან თანამშრომლობის შესახებ“ [TFEU-ის 101-ე და 102-ე მუხლები], რომელიც ეყრდნობა 1/2003 რეგულაციის მე-15 მუხლს.

კომისიამ აღნიშნული შეტყობინება 2015 წელს განაახლა, რათა დოკუმენტების გამჟღავნების წესები შესაბამისობაში მოეყვანა „ანტიმონოპოლიური ზიანის ანაზღაურების შესახებ“ დირექტივასთან. თანამშრომლობის ფარგლებში კომისიას შეუძლია:

გადასცეს მის ხელთ არსებული დოკუმენტური ან პროცედურული ინფორმაცია (მუხლი 15(1));

გამოთქვას მოსაზრება (ამიკუს კურია) ევროკავშირის კონკურენციის წესების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მუხლი 15(1));

კომისიას (ისევე როგორც კონკურენციის ეროვნულ ორგანოებს) შეუძლია საკუთარი შენიშვნები წარუდგინოს ეროვნულ სასამართლოებს (მუხლი 15(3)).

გარდა ამისა, 15(2) მუხლის მიხედვით, ეროვნული სასამართლოები ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ ნებისმიერი იმ წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც გამოყენებულია ხელშეკრულების 101-ე ან 102-ე მუხლი. კომისია ასევე ახორციელებს საგრანტო პროგრამას, რომელიც ეძღვნება ეროვნული მოსამართლეების გადამზადებას ევროკავშირის კონკურენციის სამართალში და მათ შორის სასამართლო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ინფორმაციის ან მოსაზრების მოთხოვნა TFEU-ს 267-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმის წინააღმდეგ: ეროვნული სასამართლოს უფლება, მოითხოვოს ევროკომისიის მოსაზრება 1/2003 რეგულაციის 15(1) მუხლის შესაბამისად, არ ზღუდავს ეროვნული სასამართლოს შესაძლებლობას ან ვალდებულებას, მიმართოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად.

მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ ევროკავშირის სამართლის ავტორიტეტული ინტერპრეტაცია სავალდებულოა ეროვნული სასამართლოსთვის, კომისიის მოსაზრებების არასავალდებულო ხასიათისგან განსხვავებით. მართლმსაჯულების სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის სამართლის განმარტებასა და მეორადი კანონმდებლობის აქტების მართებულობას, მაშინ როცა ეროვნულ სასამართლოს შეუძლია ევროკომისიას მოსთხოვოს მოსაზრება ეკონომიკურ, ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე 1/2003 რეგულაციის 15(1) მუხლის საფუძველზე. © ევროკომისია

კომენტარი

კონცესია ხშირად ერევათ ნებართვებსა თუ ავტორიზაციებში (მაგალითად, ლიცენზიებში), რომლებიც გარკვეული სტანდარტების საფუძველზე ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების უფლებას იძლევა. თითოეული იურისდიქცია თავად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, თუ რა არ უნდა ჩაითვალოს კონცესიად.

თუმცა, გადამწყვეტი ასპექტებია საოპერაციო რისკის გადაცემა ეკონომიკურ აგენტ(ებ)ზე და ის გარემოება, რომ კონცესია განიხილება მთავრობის მიერ საქონლისა თუ მომსახურების მიწოდების პრივატიზების ალტერნატივად. კონცესიის საშუალებით სახელმწიფო ცდილობს ისარგებლოს კერძო სექტორის გამოცდილებით, ცოდნითა და ეფექტიანობით, განსაკუთრებით კაპიტალტევად ან მაღალტექნოლოგიურ სფეროებში.

იმისათვის, რომ სრულად იქნეს გამოყენებული კერძო სექტორის მონაწილეობით მიღებული პოტენციური სარგებელი, კონცესიის გამცემმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ კონცესიის მინიჭების პროცესი მოწყვლადია თაღლითობის, კორუფციისა და ფარული გარიგებების მიმართ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა კონცესიის გაცემის სხვადასხვა ეტაპზე, რათა პროცესი დაცული იყოს მსგავსი საფრთხეებისგან. მაგალითად, კონცესიის მინიჭებამდე, მმართველობის ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებული უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, გამჭვირვალე და მკაფიო წესები. ასევე, წინასწარ უნდა განისაზღვროს რიგი ეკონომიკური და არაეკონომიკური ელემენტები, კერძოდ: კონცესიის ღირებულება, მინიჭებული უფლებების გადაცემის პირობები, ტექნიკური და საექსპერტო მოთხოვნები, ხელშეკრულების ხანგრძლივობა, სატენდერო დიზაინი და პროცედურები (საკონკურსო აუქციონის დიზაინი დამოკიდებულია პოტენციურ მონაწილეთა რაოდენობაზე).

კონცესიის ხელშეკრულების მინიჭების მიზნით ჩატარებული ტენდერის ან საჯარო კონკურსის დროს, გამცემი ორგანო უნდა აცნობიერებდეს ფარული გარიგებების რისკებს. სწორედ ამ რისკების პრევენცია წარმოადგენს სფეროს, სადაც კონკურენციის ორგანოებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

Ex-ante (წინასწარი) ეტაპზე - ეს შეიძლება მიღწეული იქნეს კონკურენციის ორგანოების ადვოკატირების უფლებამოსილების გამოყენებით კონცესიის გაცემის სხვადასხვა ეტაპზე. ამის მაგალითია კანადის კონკურენციის ბიუროს „შეთქმულების რისკის შეფასების ინსტრუმენტი“, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ხელისუფლებას შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციაში. Ex-post (შემდგომი) ეტაპზე - ამის მიღწევა შესაძლებელია ნებისმიერი კონკურენციის შემზღუდველი ქცევის მონიტორინგისა და აღსრულების უფლებამოსილების განხორციელების გზით.

ამის მაგალითია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/23/EU დირექტივა საკონცესიო ხელშეკრულებების მინიჭების შესახებ. იგი ითვალისწინებს კონკრეტულ დებულებებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს როგორც ევროკავშირის, ისე წევრი სახელმწიფოების დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლებრივი სიცხადე და ნდობა კომპანიებისთვის. აღნიშნული ხორციელდება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების ისეთი პრინციპების დაცვით, როგორიცაა არადისკრიმინაცია, გამჭვირვალობა, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება და დაფუძნების თავისუფლება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცესიო ხელშეკრულებების მინიჭება შესაძლებელია მმართველობის სხვადასხვა დონეზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. მარეგულირებელი ჩარჩო მრავალფეროვანია კონცესიის ბუნების მიხედვით, ვინაიდან ცალკეულ შტატებს გააჩნიათ საკუთარი კანონმდებლობა.

მექსიკის საკანონმდებლო ჩარჩო არეგულირებს კონცესიებს საჯარო მომსახურების, ინფრასტრუქტურის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ტელეკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში. მომსახურების ან საქონლის ხასიათის მიხედვით, კონცესიის მინიჭების უფლებამოსილება შეიძლება გააჩნდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. აღნიშნული საკითხები განსაზღვრულია მექსიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური კონსტიტუციითა და სხვადასხვა დარგობრივი რეგულაციით. კონცესიის მინიჭების ძირითადი პრინციპებია: ანგარიშვალდებულება, სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი ინტერესი, ეფექტიანობა, ხარისხი და გამჭვირვალობა. ეს პრინციპები უზრუნველყოფს კონცესიების გაცემასა და მართვას სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. დასასრულს, აღსანიშნავია, რომ კონცესიის მოპოვებისა და მისი ექსპლუატაციის ეტაპზე საწარმოები კვლავ რჩებიან მოცემული იურისდიქციის კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების ქვეშ.

მექსიკის კონკურენციის კანონმდებლობის თანახმად, ეკონომიკური კონკურენციის ფედერალური კომისია (COFECE) აანალიზებს გარკვეულ რეგულირებად სექტორებში გამცემი ორგანოების მიერ მომზადებულ საჯარო სატენდერო დოკუმენტაციას. ამ პროცესის მიზანია კონკურენციის შემზღუდველი მოთხოვნების გამორიცხვა, პოტენციური მონაწილეებისთვის სამართლებრივი უსაფრთხოების, სიცხადისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა სატენდერო დიზაინმა ხელი შეუწყოს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას. ცალკეულ შემთხვევებში, დარგობრივი რეგულაციები შესაძლოა ეკონომიკური აგენტებისგან საჯარო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომისიის წინასწარ დადებით დასკვნას მოითხოვდეს. აღნიშნული მოსაზრებები კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით ყალიბდება. კომისიამ არაერთი საქმე განიხილა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში ფარულ გარიგებებს ეხებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი თავისთავად არ წარმოადგენს კონცესიას, იგი გულისხმობს სახელშეკრულებო ურთიერთობას სახელმწიფოსთან.

პარალელური იურისდიქცია (განსჯადობა)(Concurrent Jurisdiction)

განმარტება - არ არის ჩანაწერი