კორუფციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეები იყენებენ საჯარო უფლებამოსილებებს პირადი სარგებლისთვის, მაგალითად, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის აღებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივ ხდება შესყიდვების პროცესში, ასევე ვხვდებით ხელშეკრულების მინიჭების შემდგომი კორუფციის შემთხვევებსაც. კორუფცია წარმოადგენს ვერტიკალურ ურთიერთობას შესაბამის საჯარო მოხელეს, რომელიც მოცემულ გარიგებაში მოქმედებს როგორც მყიდველი, და ერთ ან რამდენიმე პრეტენდენტს შორის, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოდიან გამყიდველის როლში. კორუფცია, როგორც წესი, აკრძალულია სისხლის სამართლის ეროვნული წესებით, საჯარო სამსახურში ეთიკის შესახებ კანონმდებლობით ან საჯარო შესყიდვების სპეციალური რეგულაციებით. © OECD
კორუფცია არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლისთვის. კორუფცია მრავალ ფორმას იღებს, როგორიცაა ქრთამის აღება, ზეგავლენით ვაჭრობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თუმცა ის ასევე შეიძლება იმალებოდეს ნეპოტიზმის, ინტერესთა კონფლიქტის ან საჯარო და კერძო სექტორებს შორის „კარუსელისებური კადრების როტაციის“ (revolving doors) მიღმა. მისი შედეგები სერიოზული და ფართოდ გავრცელებულია. კორუფცია საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, რადგან იგი ხელს უწყობს დანაშაულსა და ტერორიზმს. იგი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის გაურკვევლობის შექმნით, პროცესების შენელებითა და დამატებითი დანახარჯების დაკისრებით. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის ხასიათი და მასშტაბები შეიძლება განსხვავდებოდეს ევროკავშირის ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორემდე, იგი ზიანს აყენებს მთლიანად ევროკავშირს ინვესტიციების დონის შემცირებით, შიდა ბაზრის სამართლიანი ფუნქციონირების დაბრკოლებითა და საჯარო ფინანსების შემცირებით. © European Commission
კორუფცია გვერდს უვლის სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებს და მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით აზიანებს საზოგადოებას, რაც დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სარგებლის სანაცვლოდ დაირღვა. ვინაიდან კორუფცია მონაწილეთათვის უკანონო მოგების წყაროა, იგი სერიოზულად უთხრის ძირს კონკურენციას ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკის ნებისმიერ სეგმენტს, იგი განსაკუთრებით საგანგაშოა ისეთ სექტორებში, რომლებიც ექვემდებარება ყოვლისმომცველ რეგულირებას, პრივატიზაციას ან საკონცესიო ხელშეკრულებებს. ეს ეხება საბაზისო მომსახურების სფეროებს, მათ შორის ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, წყალმომარაგებასა და სანიტარიას, ისევე როგორც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის კრიტიკულ სერვისებს. რისკი განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფო შესყიდვებში, სადაც კონტრაქტები მასშტაბური, კომპლექსური ან კონფიდენციალურია, მაგალითად, სამშენებლო პროექტებსა და თავდაცვის სფეროში.ქრთამის აღება პირდაპირ გავლენას ახდენს კონკურენციაზე, როდესაც იგი მიზნად ისახავს ტენდერების შედეგების მანიპულირებას, კონკურენციის სამართლის აღსრულების შეფერხებას, ბაზარზე შესვლის ბარიერებთან დაკავშირებულ რეგულირებას, კონკრეტული კომპანიების დაბეგვრას, კრედიტებზე ხელმისაწვდომობას ან კანონის მიკერძოებულ გამოყენებას. ამგვარი პირდაპირი ზემოქმედების გარდა, კორუფცია მრავალმხრივ აზიანებს ბაზრებსა და საზოგადოებას, რადგან იგი იწვევს სარგებლის უსამართლო განაწილებასა და გაზრდილ ხარჯებს მოქალაქეების, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებებისთვის. იგი ახდენს ინოვაციებისა და ინვესტიციების დემოტივაციას და ხელს უწყობს დანაშაულის სხვა ფორმებს, მათ შორის კორპორაციულ დანაშაულს. კორუფციის შედეგები მით უფრო მძიმეა, რაც უფრო მაღალია კორუმპირებული პირის დისკრეციული უფლებამოსილება და რაც უფრო მწირია მის მიერ გაცემული სარგებელი. სწორედ ეს ფაქტორები ზრდის ქრთამის ოდენობას, რადგან ისინი უფრო მომგებიან შედეგებთან არის დაკავშირებული. ფართო მასშტაბის პირობებში კორუფცია აქვეითებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ზრდის სოციალურ უთანასწორობას.
რაც უფრო დიდია კორუფციით მიღებული სარგებელი და ქრთამის ოდენობა, მით უფრო რთულდება პრობლემის აღმოფხვრა. შესაბამისად, სახელმწიფოები კორუფციის კონტროლისთვის ზომების ფართო სპექტრს მიმართავენ. მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედებს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები, მკაცრი აუდიტორული მოთხოვნები, ომბუდსმენის ინსტიტუტი, შემოსავლების კონტროლი საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში, კადრების შერჩევის პროცედურული წესები, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმები, ეთიკის კოდექსები და დემოკრატიის გაძლიერებაზე მიმართული სხვადასხვა ინსტრუმენტები.გარდა ზედამხედველობის ფუნქციის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტების სიმრავლისა (და მათ შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობისა), ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, ჟურნალისტები და მკვლევარები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იმის მონიტორინგში, თუ როგორ ხდება კეთილსინდისიერების მექანიზმების აღიარება და პრაქტიკული იმპლემენტაცია.
სერიოზული შედეგებისა და საზოგადოებაში კეთილსინდისიერების მექანიზმების შენარჩუნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კორუფცია რეგულირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. მრავალი იურისდიქცია კორუფციას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრავს. როგორც წესი, იგი აღწერილია, როგორც არასათანადო გავლენა ან გამოძალვა, ხოლო კანონი ასევე ადგენს აღსრულების ფარგლებს. ბევრმა ქვეყანამ კორუფცია, როგორც დამოუკიდებელი კონცეფცია, სისხლის სამართლის სფეროში ათასწლეულის მიწურულს დაამკვიდრა. ეს იყო ანტიკორუფციული სამართლის სწრაფი ევოლუციისა და ჰარმონიზაციის ნაწილი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებმა განაპირობა. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC), ამერიკათაშორის კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ, აფრიკის კავშირის კონვენციას კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ, ევროპის საბჭოს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კონვენციებს კორუფციის შესახებ (GRECO) და OECD-ის კონვენციას უცხოელი საჯარო მოხელეების მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.ამ რეფორმების შედეგად, ბიზნესის ლიდერები, ისევე როგორც საჯარო მოხელეები და არჩეული თანამდებობის პირები, შესაძლოა დაისაჯონ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისთვის. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის OECD-ის ყველა წევრ სახელმწიფოში, კორპორაციებს შესაძლოა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მექრთამეობისთვის, ან მათ მიმართ იმოქმედოს კანონმდებლობამ, რომელიც ფუნქციურად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ეკვივალენტურია. კორპორაციული სანქციები მექრთამეობისთვის, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია.
თუმცა, სამართალდამცავი პრაქტიკის თვალსაზრისით, ქვეყნებს შორის არსებითი განსხვავებაა. ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად შეერთებული შტატები, აქტიურად ახორციელებს უცხოური მექრთამეობის საწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულებას და მძიმე სანქციებს აწესებს როგორც ამერიკულ, ისე აშშ-ის ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებზე. OECD-ის მექრთამეობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ახორციელებს აღსრულების შემთხვევების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მყარ სისტემას კონვენციის ხელმომწერ მხარეებში აღსრულების პრაქტიკის შესაფასებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში სამართალდამცავი ორგანოების წინაშე ჯერ კიდევ ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას, კორუფციასა და მასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებში ჩართული კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ თანამშრომლობის მექანიზმებს სანქციების არსებითად შესამცირებლად; ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით განაცხადებენ საკუთარი დანაშაულის შესახებ და ითანამშრომლებენ აღმასრულებელ ორგანოებთან.