ერთგულების ფასდათმობები შეიძლება ასახავდეს ეფექტიანობის ზრდას ან იმგვარ კონკურენტულ ქცევას, რომლის წახალისებასაც ისახავს მიზნად კონკურენციის პოლიტიკა. თუმცა, აღნიშნულმა მექანიზმებმა შესაძლოა წარმოშვას კონკურენციის შეზღუდვის რისკები, როდესაც ისინი იწვევს მომხმარებლის იმგვარ მიჯაჭვულობას, რაც შინაარსობრივად დე-ფაქტო ექსკლუზიურ შეთანხმებას უთანაბრდება. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც დომინანტური კომპანიის მიერ დადებული ექსკლუზიური გარიგება ყოველთვის არ აზიანებს მომხმარებელს, დე-ფაქტო ექსკლუზიურობაც არ ნიშნავს ავტომატურად ზიანს. პირიქით, თუ კონკურენტებს შესწევთ ძალა, იბრძოლონ ექსკლუზიურობის მოსაპოვებლად, მაშინ კომპანიებს შორის კონკურენცია წარიმართება მომხმარებლის მთლიანი ბიზნესის მოსაპოვებლად და არა ცალკეული ერთეულების რეალიზაციისთვის. მხოლოდ იმის დადგენა, რომ ფასდათმობას გააჩნია ერთგულების გამომწვევი ეფექტი, თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დასამტკიცებლად.
ზიანის გამომწვევი ზემოქმედების იდენტიფიცირებისთვის საჭიროა გარკვეული ასიმეტრიის არსებობა დომინანტურ კომპანიასა და მის კონკურენტებს შორის. აღნიშნული ასიმეტრია შეიძლება გამოვლინდეს მტაცებლური ფასწარმოქმნის სახით, რაც დგინდება ფასისა და თვითღირებულების შედარების ტესტით. გარდა ამისა, ეს შეიძლება გულისხმობდეს კონკურენტების ხარჯების ზრდას მათთვის მასშტაბის ეკონომიის შეზღუდვის ან კრიტიკული რესურსების (მაგალითად, სადისტრიბუციო ქსელის) ხელმისაწვდომობის აღკვეთის გზით. კონკურენციის შემზღუდველი სტრატეგია ასევე შეიძლება მოიცავდეს „დაყოფისა და დაპყრობის“ ტაქტიკას ან ქვედა რგოლის (საცალო) კომპანიებთან კოორდინაციას კონკურენტების ბაზრიდან გამოდევნის მიზნით; ამ დროს ხდება საკუთარ პროდუქტზე საცალო ფასის ზრდა, ხოლო მიღებული ზემოგების ნაწილის სუბსიდირება ქვედა რგოლის პარტნიორებზე, რათა მათთვის ეკონომიკურად არახელსაყრელი გახდეს კონკურენტის პროდუქციის რეალიზაციაზე გადასვლა. ვინაიდან ვერც „ფასისა და თვითღირებულების შედარების ტესტი“ და ვერც „თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ ტესტი მსგავს შემთხვევებს ვერ ავლენს, მათი, როგორც სკრინინგის ერთადერთი მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანოებმა არა მხოლოდ ექსკლუზიური ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა დაამტკიცონ, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა განმარტონ, თუ რატომ არ შეუძლიათ კონკურენტებს ამ ექსკლუზიურობის მოსაპოვებლად ეფექტიანი კონკურენციის გაწევა.
ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში მკაფიოდ გაიმიჯნა არაპრობლემური რაოდენობრივი ფასდათმობები და „ერთგულების“ ფასდათმობები. ამ უკანასკნელს დომინანტური კომპანიების მიერ გამოყენების შემთხვევაში, ობიექტური დასაბუთების არარსებობისას, სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევდა უკანონოდ (Hoffmann-La Roche, პუნქტი 89), იმ დაშვებით, რომ მათი შედეგი ყოველთვის საზიანოა. თუმცა, საქმეში Post Danmark II სასამართლომ გამოყო ფასდათმობის მესამე ტიპი, რომელიც საჭიროებს მომხმარებლებზე შესაძლო გავლენის ინდივიდუალურ ანალიზს. ეს იყო სტანდარტიზებული რეტროაქტიული ფასდათმობა, რომელიც არ ითვალისწინებდა „მყიდველის ვალდებულებას ან დაპირებას, რომ მიეღო პროდუქციის მთლიანი ან გარკვეული ნაწილი Post Danmark-ისგან“. ამასთან, აღნიშნული არ განიხილებოდა ჩვეულებრივ რაოდენობრივ ფასდაკლებად, რადგან ეს უკანასკნელი ექსკლუზიურად შესყიდვის მოცულობასთანაა დაკავშირებული და გაიცემა თითოეულ ინდივიდუალურ შეკვეთაზე. მსგავსი შეღავათების შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ „თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ ტესტი მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დასადგენად და მისი გამოყენება არ წარმოადგენს სავალდებულო პირობას დარღვევის დასადასტურებლად“. საქმეზე Intel, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ კომისიას დაავალდებულა ეფექტების ანალიზის ჩატარება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი საწარმო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარადგენს მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ მის ქცევას არ შეეძლო კონკურენციის შეზღუდვა და, კერძოდ, ბაზრიდან გამოდევნის სავარაუდო ეფექტის გამოწვევა. შესაბამისად, პრაქტიკაში კომისია ვალდებულია განიხილოს აღნიშნული არგუმენტები.
ეს მიდგომა წარმოადგენს გადახვევას იმ დაშვებისგან, რომლის მიხედვითაც „ერთგულების“ ფასდათმობა მხოლოდ ობიექტური დასაბუთების არსებობისას იყო დასაშვები. ნაცვლად ამისა, დამკვიდრდა შედეგზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც იძლევა პრეზუმფციის გაბათილების შესაძლებლობას იმ მოტივით, რომ ფასდათმობას არ შეეძლო კონკურენციის შეზღუდვა. ამით დასრულდა გადასვლა ფორმალისტური მიდგომიდან, რომელიც, თუმცა არ წარმოადგენდა per se (თავისთავად) აკრძალვას (რადგან ყოველთვის უშვებდა ობიექტური დასაბუთების შესაძლებლობას), მაინც ეყრდნობოდა კონკურენციის შეზღუდვის პოტენციალის წინასწარ პრეზუმფციას. აღნიშნული ცვლილება აგვარებს პრობლემას, რომლის დროსაც მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაებათილებინა ფასდათმობის სავარაუდო შემზღუდველი ეფექტი, რომელსაც ეკონომიკური ანალიზის მიხედვით ორაზროვანი კონკურენტული ბუნება გააჩნია. ამავდროულად, მტკიცების ტვირთის დაკისრება კომპანიაზე, რათა მან წარადგინოს სავარაუდო ეფექტის გამომრიცხავი მტკიცებულებები, საშუალებას აძლევს კომისიას, თავიდან აიცილოს არასათანადო აღსრულების რისკი. ისევე როგორც Post Danmark II-ში, Intel-ის გადაწყვეტილება არ მიუთითებს იმაზე, რომ კომისიამ ყოველთვის უნდა ჩაატაროს „თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ ტესტი ან დაამტკიცოს უარყოფითი ფასწარმოქმნის არსებობა, რადგან თითოეული მათგანი თავისთავად შეიცავს არასათანადო აღსრულების რისკს“ .„მართლაც, ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტების პროკონკურენტული გავლენა პირდაპირ იქნა აღიარებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ: „...ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტის არსებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტული ზეწოლის გაძლიერებას და, შესაბამისად, შეზღუდოს დომინანტური საწარმოს ქცევა“.
აშშ-ში სადავო არ არის, რომ ლოიალობის ფასდათმობები საჭიროებს ეფექტზე დაფუძნებულ ანალიზს. დებატების ძირითადი სფეროა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ერთგულების ფასდათმობა ფასობრივ გამოდევნას თუ ექსკლუზიურობაზე დაფუძნებულ გამოდევნას და, შესაბამისად, რომელი ანალიტიკური ტესტების გამოყენებაა რელევანტური. მაგალითად, 2012 წელს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია Eaton-ის ქმედებები მძიმე ტვირთამწეობის ტრანსმისიების ბაზარზე არღვევდა „შერმანისა“ და „კლეიტონის“ აქტებს.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Eaton-ის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასები თვითღირებულებაზე მაღალი იყო. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ფასი არ წარმოადგენდა ბაზრიდან გამოდევნის ერთადერთ ან გადამწყვეტ მექანიზმს. ბაზრიდან გამოდევნის ეფექტი, ფასების გარდა, ასახავდა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კონტრაქტის ხანგრძლივობა და ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები.
სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული პრაქტიკა, ერთობლიობაში, ქმნიდა დე-ფაქტო ნაწილობრივ ექსკლუზიურ გარიგებას. გადაწყვეტილება გაკრიტიკებულ იქნა განსხვავებულ აზრში, სადაც აღინიშნა, რომ მოსარჩელეს არ დაუმტკიცებია ფასის თვითღირებულებაზე დაბალი ნიშნული, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო სარჩელის უარსაყოფად. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე. (იხ. ZF Meritor, LLC v. Eaton Corp.).
მართლაც, სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასის მტკიცება არ იყო აუცილებელი, როდესაც მან რაიონული სასამართლოს დასკვნები შეასწორა საქმეზე Eisai Inc. v. Sanofi Aventis U.S., LLC. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ბაზრიდან გამოდევნის უპირატეს მექანიზმს წარმოადგენდა არა ფასი, არამედ ექსკლუზიურობის პირობა, რის გამოც „ფასისა და დანახარჯების შედარების ტესტის“ გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება საქმისთვის პრინციპული იყო, რადგან აშკარა იყო, რომ ფასდათმობების გათვალისწინებითაც კი, Sanofi თავის პროდუქტს (Lovenox) საავადმყოფოებზე მისივე დამატებით ღირებულებაზე დაბალ ფასად არ ასხვისებდა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა დასკვნას, რომ Eisai-მ ვერ შეძლო ვერც ბაზრის არსებითი ბლოკირების და ვერც რაიმე კონკურენციის შემზღუდველი ეფექტის (მაგალითად, ფასების ზრდის) დემონსტრირება.