თანამეგობრობის იურისდიქცია შერწყმის კონტროლის სფეროში განისაზღვრება შერწყმის რეგულაციის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ბრუნვასთან დაკავშირებული კრიტერიუმების გამოყენებით. კონცენტრაციების (შერწყმების) განხილვისას კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს არ გააჩნიათ პარალელური (თანხვედრი) იურისდიქცია. პირიქით, შერწყმის რეგულაცია ადგენს კომპეტენციების მკაფიო განაწილებას. „თანამეგობრობის მასშტაბის“ მქონე კონცენტრაციები, ანუ ისეთები, რომლებიც აჭარბებენ შერწყმის რეგულაციის პირველ მუხლში დადგენილ ბრუნვის ზღვრებს, ექცევა კომისიის ექსკლუზიურ იურისდიქციაში; შერწყმის რეგულაციის 21-ე მუხლის ძალით, წევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ ამგვარ კონცენტრაციებზე ეროვნული კონკურენციის სამართლის გამოყენება. ის კონცენტრაციები, რომლებიც დადგენილ ზღვრებზე დაბალია, რჩება წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში; კომისიას არ გააჩნია იურისდიქცია განიხილოს ისინი შერწყმის რეგულაციის ფარგლებში. იურისდიქციის განსაზღვრა ექსკლუზიურად ფიქსირებულ, ბრუნვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სამართლებრივ განსაზღვრულობას შერწყმაში მონაწილე კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიტერიუმები ზოგადად წარმოადგენს ეფექტურ ინდიკატორს (ინსტრუმენტს) იმ ტრანზაქციების კატეგორიზაციისთვის, რომელთა განხილვისთვისაც კომისია უფრო შესაფერისი ორგანოა, საბჭოს რეგულაცია (EC) No 139/2004 ავსებს იურისდიქციის ამ „მკაფიო ხაზის“ მქონე სქემას საქმეთა ხელახალი გადანაწილების შესაძლებლობით - კომისიიდან წევრ სახელმწიფოებზე და პირიქით, მოთხოვნის საფუძველზე და გარკვეული კრიტერიუმების შესრულების პირობით.
საქმეთა გადამისამართების (რეფერირების) ეს სისტემა გათვალისწინებულია საწარმოთა შორის კონცენტრაციის კონტროლის შესახებ საბჭოს 2004 წლის 20 იანვრის No 139/2004 რეგულაციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, მე-9 მუხლითა და 22-ე მუხლით. შერწყმის რეგულაციით დადგენილი შერწყმის კონტროლის სისტემა, მათ შორის მასში არსებული კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს შორის საქმეთა ხელახალი გადანაწილების მექანიზმი, შეესაბამება ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში განმტკიცებულ სუბსიდიარობის პრინციპს. შესაბამისად, საქმეთა გადამისამართებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ამ კონტექსტში სუბსიდიარობის პრინციპის გამოყენების ყველა ასპექტი, კერძოდ: რომელი ორგანოა უფრო შესაფერისი გამოძიების ჩასატარებლად, „ერთი ფანჯრის“ სისტემისთვის დამახასიათებელი უპირატესობები და იურისდიქციასთან დაკავშირებული სამართლებრივი განსაზღვრულობის მნიშვნელობა. ეს ფაქტორები ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანისთვის მინიჭებული წონა (მნიშვნელობა) დამოკიდებული იქნება კონკრეტული საქმის სპეციფიკაზე. უპირველეს ყოვლისა, იმის განხილვისას, გამოიყენონ თუ არა თავიანთი დისკრეციული უფლებამოსილება საქმის გადამისამართების ინიციირების ან მასზე დათანხმების მიზნით, კომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ტრანზაქციის შედეგად დაზარალებულ ყველა ბაზარზე კონკურენციის ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობა. © ევროკომისია
ევროკავშირის შერწყმის რეგულაცია (EUMR) ითვალისწინებს საქმის გადაცემის ორ ეტაპს: შეტყობინებისწინა და შეტყობინების შემდგომ გადაცემას. შერწყმის საქმეთა გადაცემის მექანიზმი რეგულირდება EUMR-ის მე-4, მე-9 და 22-ე მუხლებით, ხოლო დეტალური განმარტებები მოცემულია კომისიის სახელმძღვანელო მითითებაში საქმეთა გადაცემის შესახებ (OJ [2005] C 56/2).
წევრ სახელმწიფოს (საკუთარი ინიციატივით ან ევროკომისიის მოწვევით) შეუძლია მოითხოვოს ევროკომისიისგან მისთვის უკვე შეტყობინებული კონცენტრაციის გადმოგზავნა, თუ დაკმაყოფილებულია EUMR-ის მე-9 მუხლის კრიტერიუმები. კერძოდ:
ა) კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის ეფექტიან კონკურენციას ამ სახელმწიფოს ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს განცალკევებულ ბაზარს;
ბ) კონცენტრაცია გავლენას ახდენს კონკურენციაზე ბაზარზე, რომელიც არ წარმოადგენს შიდა ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს (EUMR, მუხლი 9(2), პუნქტები „ა“ და „ბ“).
ამ უკანასკნელ შემთხვევაში (ბ), ევროკომისია ვალდებულია საქმე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს წევრ სახელმწიფოს, ხოლო პირველ შემთხვევაში (ა) მას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება. მაგალითად, საქმეში SEB/Moulinex, საფრანგეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკომისიამ ფრანგულ მხარეს გადასცა საქმის ის ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენდა უშუალოდ საფრანგეთის ბაზარზე.საქმეში SEB/Moulinex, საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ შერწყმა უპირობოდ დაამტკიცა, მაშინ როდესაც ევროკომისიამ სხვა წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით კონცენტრაცია მხოლოდ გარკვეული პირობების საფუძველზე დაუშვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ევროკავშირის საერთო სასამართლომ. სასამართლომ განმარტა, რომ მე-9 მუხლით გათვალისწინებული რეფერალური მექანიზმი მართლაც შეიცავს კონცენტრაციის ფრაგმენტული შეფასების რისკს, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს „ერთი ფანჯრის“ პრინციპს. თუმცა, გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეფასდეს მისი მიღების მომენტში არსებული გარემოებებით და მასზე გავლენა არ უნდა იქონიოს საბოლოო გადაწყვეტილებების შინაარსობრივმა თავსებადობამ.
ევროკომისიიდან წევრ სახელმწიფოებში საქმის გადაცემა ასევე რეგულირდება EUMR-ის მე-4(4) მუხლით. მთავარი მოთხოვნაა, რომ „კონცენტრაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს კონკურენციაზე წევრი სახელმწიფოს ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს განცალკევებულ ბაზარს“. შესაბამისად, კონკურენციაზე მოსალოდნელი ეფექტი უნდა ვლინდებოდეს ეროვნულ ან უფრო ვიწრო გეოგრაფიულ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ყველა მოთხოვნა არ კმაყოფილდება - მაგალითად, თუ სახეზეა ტრანზაქციის მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ეფექტი ან თუ საქმე ერთდროულად რამდენიმე ეროვნულ ბაზარს ეხება. ამასთან, საქმის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს თანხმობა.
შეტყობინების შემდგომი გადაცემის მექანიზმი, რომელიც მე-9 მუხლის საპირისპირო პროცედურას წარმოადგენს, გათვალისწინებულია შერწყმის რეგულაციის 22-ე მუხლით. ამ მუხლის საფუძველზე, ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს - საკუთარი ინიციატივით ან ევროკომისიის მოწვევით - შეუძლია მოითხოვოს, რომ ევროკომისიამ განიხილოს კონცენტრაცია (როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 მუხლით), რომელიც მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა იგი: ა) გავლენას ახდენს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე და ბ) მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონკურენციას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო(ებ)ის ტერიტორიაზე (EUMR, მუხლი 22(1)).
მას შემდეგ, რაც ევროკომისია ყველა წევრ სახელმწიფოს აცნობებს გადაცემის მოთხოვნის შესახებ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია შეუერთდეს თავდაპირველ მოთხოვნას. ევროპის კონკურენციის უწყებათა ქსელის პრინციპების თანახმად (მე-4(5) და 22-ე მუხლებთან მიმართებით), კონკურენციის ეროვნულმა ორგანოებმა საქმის გადაცემისას უნდა გაითვალისწინონ პოტენციური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გეოგრაფიული ბაზრის მასშტაბები და შესაძლო სირთულეები.
თავდაპირველად (№4064/89 რეგულაციის პერიოდში), 22-ე მუხლი განკუთვნილი იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნდათ შერწყმის კონტროლის ეროვნული სისტემები (ე.წ. „ჰოლანდიური დათქმა“ - Dutch Clause). თუმცა, თანამედროვე ინდუსტრიულმა კონტექსტმა ამ მექანიზმს სრულიად ახალი დატვირთვა შესძინა. ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, 22-ე მუხლის საფუძველზე საქმის გადაცემა განსაკუთრებით რელევანტურია ციფრული ეკონომიკისა და ფარმაცევტული სექტორებისთვის. ამ სფეროებში, სტარტაპების ან კვლევისა და განვითარების ფაზაში მყოფი კომპანიების ბრუნვა ხშირად ვერ აღწევს იმ ზღვარს, რომელიც სავალდებულო შეტყობინებას მოითხოვს, თუმცა ტრანზაქციამ შესაძლოა მაინც დააკმაყოფილოს 22-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი კრიტერიუმები.
ამის თვალსაჩინო მაგალითია Illumina/Grail-ის საქმე. სიღრმისეული მოკვლევის შედეგად, ევროკომისიამ აკრძალა აღნიშნული კონცენტრაცია, რადგან მიიჩნია, რომ ტრანზაქცია გამოიწვევდა Grail-ის კონკურენტების ბაზრიდან განდევნას Illumina-ს ტექნოლოგიაზე წვდომის შეზღუდვით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბოს ადრეული გამოვლენის სისხლის ტესტების შესამუშავებლად.
ევროკომისიის გადაწყვეტილება საქმის განხილვაზე მიღების შესახებ თავდაპირველად ძალაში დატოვა ევროკავშირის საერთო სასამართლომ. სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი კონცენტრაცია, რომელიც არ ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას ბრუნვის დაბალი მაჩვენებლის გამო ან იმის გამო, რომ წევრ სახელმწიფოს საერთოდ არ გააჩნია შერწყმის კონტროლის წესები, მაინც შეიძლება გადაეცეს ევროკომისიას, თუ იგი 22-ე მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზის შესავსებად ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ეროვნული კანონმდებლობა შეცვალა. 2017 წელს გერმანიამ და ავსტრიამ, იმ კონცენტრაციების გასაკონტროლებლად, რომლებიც ბრუნვის ზღვრებს ვერ აკმაყოფილებდნენ, შემოიღეს დამატებითი იურისდიქციული კრიტერიუმი - გარიგების ღირებულების ზღვარი.
გარდა ამისა, ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტი (რეგულაცია 2022/1925) აწესებს სპეციალურ ვალდებულებას მსხვილი კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა კონცენტრაცია სავალდებულო შეტყობინებას ბრუნვის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ ევროკომისიას ნებისმიერი დაგეგმილი შერწყმის შესახებ, თუ მხარეები უზრუნველყოფენ ძირითად პლატფორმულ სერვისებს ან სხვა მომსახურებას ციფრულ სექტორში (DMA, მუხლი 14(1)). ევროკომისია ამ ინფორმაციას უზიარებს ეროვნულ ორგანოებს, რომლებმაც შესაძლოა იგი გამოიყენონ საქმის 22-ე მუხლის საფუძველზე გადასაცემად.
დაბოლოს, EUMR-ის მე-4(5) მუხლის შესაბამისად, საწარმოებს შეუძლიათ თავად მოითხოვონ კონცენტრაციის ევროკომისიის მიერ შემოწმება, თუ ტრანზაქცია განსახილველია სულ მცირე სამი წევრი სახელმწიფოს კონკურენციის კანონმდებლობით. თუ არცერთი კომპეტენტური ეროვნული ორგანო არ გამოთქვამს პრეტენზიას საქმის გადაცემაზე, კონცენტრაცია მიიჩნევა ევროკავშირის მასშტაბის მქონედ და განიხილება ექსკლუზიურად ევროკომისიის მიერ. აღნიშნული მექანიზმი წარმატებით იქნა გამოყენებული ისეთ მასშტაბურ საქმეებში, როგორიცაა Google/DoubleClick და Facebook/WhatsApp.