ხელშეკრულების 81-ე და 82-ე მუხლებით დადგენილი კონკურენციის წესების იმპლემენტაციის შესახებ 2002 წლის 16 დეკემბრის No 1/2003 რეგულაციით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, კომისია უფლებამოსილია, მაგალითად:
გაუგზავნოს კომპანიებს ინფორმაციის მოთხოვნები;
შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში: (i) შევიდეს კომპანიების შენობა-ნაგებობებში; (ii) შეამოწმოს ბიზნესთან დაკავშირებული ჩანაწერები/დოკუმენტაცია; (iii) გადაიღოს ამ ჩანაწერების ასლები; (iv) დალუქოს ბიზნესსათავსები და ჩანაწერები შემოწმების მსვლელობისას; (v) დაუსვას პერსონალის წევრებს ან კომპანიის წარმომადგენლებს კითხვები, რომლებიც ეხება შემოწმების საგანსა და მიზანს, და ჩაწეროს მათი პასუხები.
პირველადი საგამოძიებო ფაზის დასრულებისას, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის პრიორიტეტული წესით გაგრძელებისა და სიღრმისეული გამოძიების ჩატარების შესახებ, ან დახუროს იგი. კარტელურ საქმეებში, თუ საქმის წარმოება გრძელდება, კომისია წყვეტს, არის თუ არა ეს საქმე შესაფერისი მორიგების პროცედურისთვის. © ევროკომისია
მოკვლევა არის მტკიცებულებათა შეგროვებისა და შეფასების ინსტრუმენტი, რომელსაც კონკურენციის ორგანოები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევათა გამოსავლენად იყენებენ. მტკიცებულებათა მოპოვების, ინტერპრეტაციისა და შეფასების გზით, კონკურენციის უწყებებმა უნდა დაამტკიცონ დარღვევის ფაქტი, მისი მასშტაბები, მასში ჩართული ეკონომიკური აგენტების ვინაობა, აგრეთვე უკანონო ქმედების ხასიათი და ხანგრძლივობა.
საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებათა შეგროვების მეთოდები პირდაპირ არის დამოკიდებული კონკურენციის ორგანოებისთვის მინიჭებულ სამართლებრივ უფლებამოსილებაზე.
ევროკავშირში კონკურენციის დაცვის უწყება ევროკომისიაა. მისი საგამოძიებო უფლებამოსილებები განსაზღვრულია №1/2003 რეგულაციით, რომელიც TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების აღსრულებას ემსახურება. ევროკომისია თავად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და უფლებამოსილია განსაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხი.
აშშ-ში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელნი არიან ფედერალური სავაჭრო კომისია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილება. ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტის საფუძველზე, FTC უპირველესად პასუხისმგებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სამოქალაქოსამართლებრივ დარღვევებზე; მას შეუძლია დაიწყოს სამართალწარმოება სასამართლოში ან განიხილოს საქმე ადმინისტრაციული წესით. შერმანის აქტის აღსრულებისას, იუსტიციის დეპარტამენტი ასევე უფლებამოსილია აღძრას სამოქალაქო სარჩელები, თუმცა მას გააჩნია ექსკლუზიური კომპეტენცია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სისხლისსამართლებრივ დარღვევებზე. ამასთან, DOJ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმებს მხოლოდ ფედერალური სასამართლოების მეშვეობით ახორციელებს.
გაერთიანებულ სამეფოში კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს გააჩნია კონკურენციის სამართლის აღსრულების უფლებამოსილება, რომელიც ეკონომიკის ყველა სფეროზე ვრცელდება. ამასთან, სექტორულ მარეგულირებლებს შეუძლიათ CMA-სთან პარალელურად გამოიყენონ ეს უფლებამოსილებები იმ სექტორებში, რომლებზეც მათ ზედამხედველობა აბარიათ. CMA იკვლევს კონკურენციის სამართლის სავარაუდო დარღვევებს და აწესებს სანქციებს 1998 წლის კონკურენციის აქტისა (I და II თავები) და 2002 წლის საწარმოთა აქტის საფუძველზე.
როგორც წესი, ზოგიერთ იურისდიქციაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში, კონკურენციის ორგანოებს ასევე აქვთ უფლება, აწარმოონ გამოძიება ფიზიკური პირების წინააღმდეგ კონკურენციის სამართლის მძიმე ფორმის დარღვევების (მაგ. კარტელი) შემთხვევაში.
მოკვლევა შესაძლოა სხვადასხვა გზით დაიწყოს. მაგალითად, კონკურენციის ორგანოებმა შესაძლოა მოახდინონ რეაგირება მესამე მხარის საჩივარზე, ცალკეული პირების („მამხილებლების“) მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, კარტელის ერთ-ერთი მონაწილის მიერ წარდგენილ თანამშრომლობის განაცხადზე ან სხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ შეტყობინებაზე. ალტერნატიულად, უწყებებს შეუძლიათ გადადგან პროაქტიული ნაბიჯები და საკუთარი ინიციატივით დაიწყონ ინფორმაციის შეგროვება პოტენციური დარღვევების გამოსავლენად.
ციფრული ეკონომიკის განვითარება და თანამშრომლობის პროგრამაზე განაცხადების კლება გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ კონკურენციის ბევრმა ორგანომ შექმნა სპეციალური დაზვერვისა და მონაცემთა ანალიზის განყოფილებები. ისეთი IT ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა მონაცემთა ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება, ეხმარება უწყებებს ციფრული ბაზრებისა და დიდი მონაცემების უფრო ეფექტიან ანალიზში, რაც ზრდის საკუთარი ინიციატივით დაწყებული მოკვლევების რაოდენობას.
კონკურენციის სამართლის დარღვევის დასადასტურებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რამდენიმე სახის მტკიცებულება. აშშ-ის კანონმდებლობა გვთავაზობს ფართო განმარტებას, რომლის მიხედვითაც ანტიმონოპოლიური მტკიცებულება გულისხმობს „ინფორმაციას, ჩვენებას, განცხადებას, დოკუმენტაციას ან სხვა მასალებს, რომლებიც მოპოვებულია მოკვლევის პროცესში“ (15 USC 6211(1)). კონკურენციის ორგანოები ეყრდნობიან როგორც პირდაპირ მტკიცებულებებს (დოკუმენტები, წერილობითი ან ზეპირი განცხადებები, რომლებიც უშუალოდ აღწერს დარღვევას), ისე ირიბ მტკიცებულებებს, მათ შორის — საკომუნიკაციო ჩანაწერებს (სატელეფონო საუბრები, ოქმები) და ეკონომიკურ მტკიცებულებებს (OECD, 2006).
ევროკავშირში ევროკომისია (EC) უფლებამოსილია, მოსთხოვოს საწარმოებსა და მათ გაერთიანებებს გამოძიებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება სამეწარმეო თუ კერძო ფართებში ჩანაწერების შესამოწმებლად და რელევანტური მტკიცებულებების ამოსაღებად, აგრეთვე გამოკითხოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელიც თანახმაა გასაუბრებაზე. ინფორმაციის აუცილებლობის კრიტერიუმთან დაკავშირებით ევროკავშირის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ევროკომისია სარგებლობს შეფასების ფართო დისკრეციით (Qualcomm, პუნქტი 69).
გარდა ამისა, კომისია არ არის ვალდებული, დაიცვას საგამოძიებო ინსტრუმენტების გამოყენების რაიმე კონკრეტული თანმიმდევრობა. მაგალითად, უკვე ჩატარებული ინსპექტირება არ ზღუდავს ინფორმაციის დამატებით გამოთხოვის უფლებამოსილებას და პირიქით (Orkem, პუნქტი 14). ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კონკურენციის უწყებათა გაძლიერებისა და აღსრულების წესების ჰარმონიზაციის მიზნით, 2019 წელს მიღებულ იქნა ECN+ დირექტივა (ევროპული კონკურენციის ქსელის შესახებ), რომელმაც ეროვნული კონკურენციის ორგანოების (NCA) საგამოძიებო უფლებამოსილებები ევროკომისიის სტანდარტებთან დააახლოვა.
შეერთებულ შტატებში ფედერალურ სავაჭრო კომისიას და იუსტიციის დეპარტამენტს შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება უწყების ან სამოქალაქო საგამოძიებო მოთხოვნის საფუძველზე, რაც მოიცავს ჩვენებების, დოკუმენტაციისა და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიუროს მხარდაჭერით, ასევე იყენებს საცხოვრებელი და სამეწარმეო ფართების ჩხრეკის მექანიზმს. იმ იურისდიქციებში, სადაც კონკურენციის სამართლის გარკვეული დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა (მაგ.: აშშ, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ბრაზილია და ისრაელი), სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ დამატებითი საგამოძიებო უფლებამოსილებები კარტელების გამოსავლენად.
ნებისმიერი საგამოძიებო უფლებამოსილება წარმოადგენს ჩარევას კომპანიებისა და ფიზიკური პირების კერძო სფეროში. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ევროკომისია ვალდებულია პატივი სცეს დაცვის უფლებებს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება (Aalborg Portland, პუნქტი 64).
საგამოძიებო და გადაწყვეტილების მიმღები ფუნქციების გამიჯვნის აუცილებლობა ფართოდ იქნა განხილული სასამართლო პრაქტიკაში როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. საქმეში Wong Yang Sung v. McGrath (პუნქტი 41), აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა „შეიზღუდოს და შეიცვალოს პროკურორისა და მოსამართლის მოვალეობების ერთ ადამიანში ან უწყებაში გაერთიანების პრაქტიკა“. ანალოგიურად, ევროკავშირის სასამართლომ აღიარა „სახელმწიფო ხელისუფლების თვითნებური ან არაპროპორციული ჩარევისგან დაცვის აუცილებლობა“ (Roquette Frères, პუნქტი 27).
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ჩაატარა რამდენიმე მრგვალი მაგიდა პროცედურული სამართლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ, ხოლო კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა დაამტკიცა საგამოძიებო პროცესის რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურული ჩარჩო, რომლებიც კონკურენციის სამართლის აღსრულების პროცესში სამართლიანობის გაძლიერებას ემსახურება.
თუ კონკურენციის ორგანოებმა მოიპოვეს საკმარისი მტკიცებულებები დარღვევის დასადასტურებლად, გამოძიება შესაძლოა დასრულდეს გადაწყვეტილებით, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს (ჯარიმებს ან/და გამოსასწორებელ ღონისძიებებს - Remedies) დამრღვევი კომპანიებისა და, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირების მიმართ. ზოგიერთი მოკვლევა შესაძლოა შეწყდეს მორიგების ან ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.