მომხმარებელთა დაცვა (Consumer Protection)

ინსტიტუციური განმარტება

კონკურენციის პოლიტიკა გულისხმობს წესების იმგვარ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ბიზნესებისა და კომპანიების სამართლიან კონკურენციას ერთმანეთთან. ეს ასტიმულირებს მეწარმეობასა და ეფექტიანობას, ქმნის უფრო ფართო არჩევანს მომხმარებლებისთვის, ხელს უწყობს ფასების შემცირებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.

დაბალი ფასები ყველასთვის: კომპანიისთვის ბაზრის დიდი წილის მოპოვების უმარტივესი გზა საუკეთესო ფასის შეთავაზებაა. კონკურენტულ ბაზარზე ფასები იკლებს. ეს არა მხოლოდ მომხმარებლისთვისაა კარგი, როდესაც პროდუქციის შეძენა მეტ ადამიანს შეუძლია, ეს ბიზნესს წარმოებისკენ უბიძგებს და, ზოგადად, აძლიერებს ეკონომიკას.

უკეთესი ხარისხი: კონკურენცია ასევე ახალისებს ბიზნესს, გააუმჯობესოს გასაყიდი საქონლისა და მომსახურების ხარისხი, რათა მიიზიდოს მეტი მომხმარებელი და გააფართოოს საბაზრო წილი. ხარისხი შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს: პროდუქტებს, რომლებიც უფრო დიდხანს თძლებს ან უკეთ მუშაობს, გაუმჯობესებულ საგარანტიო (გაყიდვის შემდგომ) ან ტექნიკურ მხარდაჭერას, ან უფრო მეგობრულ და კარგ მომსახურებას.

მეტი არჩევანი: კონკურენტულ ბაზარზე ბიზნესები ცდილობენ, თავიანთი პროდუქცია სხვებისგან გამოარჩიონ. ეს იწვევს უფრო დიდ არჩევანს, რათა მომხმარებელმა შეძლოს იმ პროდუქტის შერჩევა, რომელიც სთავაზობს სწორ ბალანსს ფასსა და ხარისხს შორის.

ინოვაცია: ამ არჩევანის უზრუნველსაყოფად და უკეთესი პროდუქტების შესაქმნელად, ბიზნესებს სჭირდებათ ინოვაციურობა პროდუქტის კონცეფციაში, დიზაინში, წარმოების ტექნოლოგიებში, მომსახურებაში და ა.შ.

უკეთესი კონკურენტები გლობალურ ბაზრებზე: ევროკავშირის შიგნით არსებული კონკურენცია ეხმარება ევროპულ კომპანიებს, გახდნენ უფრო ძლიერები ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც და შეძლონ საკუთარი პოზიციების დაცვა გლობალური კონკურენტების წინაშე. © ევროკომისია

კომენტარი

მომხმარებელთა დაცვის სამართალი თავისი ინსტრუმენტებითა და არსით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე კონკურენციის სამართალი. სამომხმარებლო პოლიტიკა მოიცავს აღსრულების მექანიზმებს, რაც ყველაზე მკაფიოდ შეცდომაში შემყვანი და მაცდუნებელი ქცევის აღკვეთისას ვლინდება. ასეთი ქმედება აზიანებს არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ კეთილსინდისიერ კონკურენტებსაც. ამის მაგალითია საქმე ACCC v. Reckitt Benckiser (RB). კომპანია RB-მ სტანდარტული ტკივილგამაყუჩებელი აბების პარალელურად დაიწყო „სპეციალიზებული“ აბების გაყიდვა (მაგ. ზურგის ტკივილისთვის, შაკიკისთვის), რომლებიც ორჯერ ძვირი ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემადგენლობა იდენტური იყო. ამით კომპანიამ ზიანი მიაყენა როგორც მომხმარებელს, ისე პატიოსან კონკურენტებს, რომელთაგანაც გაყიდვების არამართლზომიერი გადამისამართება მოახდინა.

მომხმარებელთა პოლიტიკა ასევე მოიცავს წონებსა და ზომებს, პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, დარგობრივ ქცევის კოდექსებს, ცალკეული პროფესიების რეგულირებას, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტსა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინსტრუმენტი არსებობს, მათ პარალელურად, როგორც წესი, გამოიყენება სექტორული ან ბაზრის სპეციფიკური ინსტრუმენტების ფართო ასორტიმენტი. ეს უკანასკნელი ეყრდნობა აღსრულების მექანიზმების მრავალფეროვნებას, ზოგ შემთხვევაში კი - მაგალითად, ინფორმირებისა და მომხმარებელთა განათლების კუთხით - რეგულირების ე.წ. „რბილი სამართლის“ ფორმებს წარმოადგენს.

მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა და კონკურენციის სამართალი იზიარებენ საერთო მიზანს და ამ თვალსაზრისით აძლიერებენ ერთმანეთს. ზოგადად, კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის დაცვასა და გაფართოებას. მაგალითად, კონკურენტულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს აქვთ სტიმული, განავითარონ და შეინარჩუნონ მაღალი ხარისხის მიმწოდებლის რეპუტაცია, რადგან ეს განმეორებითი ტრანზაქციების უზ

რუნველყოფისა და მარკეტინგული ხარჯების შემცირების საუკეთესო საშუალებაა. ამგვარად, ბაზრის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა პირდაპირ ეხმარება მომხმარებელთა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გადაჭრას.

იგივე ეხება მომხმარებელთა პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ მრავალ ინტერვენციას. მაგალითად, პოლიტიკა უზრუნველყოფს რეკლამისა და პროდუქტის აღწერილობის კეთილსინდისიერებასა და ინფორმაციულობას, სახელშეკრულებო პირობებისა და ვალდებულებების სიმარტივესა და პროპორციულობას. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, რომ პროდუქტი იქნება უსაფრთხო და მიზნობრივად ვარგისი. ყოველივე ეს მომხმარებლის არჩევანს უფრო ეფექტურ დისციპლინურ ინსტრუმენტად აქცევს, რაც პირდაპირ აძლიერებს კონკურენციას და აიძულებს კომპანიებს, კონკურენცია გაწიონ არსებითი მაჩვენებლებით (და არა თაღლითური, შეცდომაში შემყვანი განცხადებების ან უსამართლო სახელშეკრულებო პირობების ხარჯზე).

თუმცა, თითოეულ ამ ინსტრუმენტს შეუძლია წარმოშვას გამოწვევები მეორისთვის. მაგალითად, ადრე მკაცრად რეგულირებული ბაზრების გახსნა მომხმარებელთა დაცვის კუთხით ახალ საკითხებს წამოჭრის:

ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაცია: ბევრ ქვეყანაში ამ პროცესმა მომხმარებელთა დაცვის ახალი პრობლემები წარმოშვა. მიუხედავად ეკონომიკური სარგებლისა, ლიბერალიზაციამ მომხმარებლებისთვის ახალი რისკები და კომპლექსური ფინანსური პროდუქტები შექმნა.

კომუნალური სექტორი (ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაციები): კონკურენციის შემოღებამ ამ ბაზრებზე დღის წესრიგში დააყენა მომსახურების ხარისხის რეგულირება, შეფერხებების მართვა, საჩივრების განხილვა და გადაუხდელობის გამო მიწოდების შეწყვეტის საკითხები. ასევე გაჩნდა კითხვები მომხმარებელთა უნარზე - გაიგონ რთული სატარიფო სქემები და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი მათ შორის.

პროფესიული მომსახურების ლიბერალიზაცია: ეს პროცესი წარმოშობს კომპლექსურ კითხვებს კონკურენტული წნეხის (მაგ. ფასწარმოქმნა, მარკეტინგი და რეკლამა) დაბალანსებასთან დაკავშირებით იმ სექტორებში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ინფორმაციული ასიმეტრიით და სადაც შეცდომის დაშვების ხარჯი მომხმარებლისთვის საკმაოდ მაღალია.

უფრო მეტიც, როდესაც ბაზარი უფრო კონკურენტული ხდება (მაგალითად, სავაჭრო ბარიერების მოხსნის შედეგად), ბაზრის მონაწილეთა სტიმული შესაძლოა შეიცვალოს ისე, რომ წარმოიშვას მომხმარებელთა დაცვის ახალი გამოწვევები:

მომხმარებელთა „ჩაკეტვა“: მოქმედმა კომპანიებმა, რომელთა მომხმარებლები უფრო მობილურები გახდნენ, შესაძლოა სცადონ მათი ხელოვნურად შენარჩუნება, მათ შორის, კონტრაქტებში ხელშეკრულების შეწყვეტის ჯარიმების ჩამატებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ასეთი პირობები გონივრულია, მათ ხშირად შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც კონკურენციის შეზღუდვის, ისე მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკები.

„ერთდღიანი ოპერატორები“: ლიბერალიზებულმა ბაზარმა შესაძლოა მიიზიდოს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომელთა პრაქტიკა ძირს უთხრის მომხმარებლის ნდობას მთლიანი ბაზრის მიმართ. ეს ამცირებს მომხმარებლის სურვილს, დაეყრდნოს კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც, თავის მხრივ, უკარგავს სტიმულს სხვა კომპანიებს, მოიქცნენ პატიოსნად. უფრო მეტიც, კეთილსინდისიერი კომპანიები იძულებულნი ხდებიან გაიღონ დამატებითი ხარჯები ინფორმაციის მაღალი ხარისხის დასადასტურებლად, რაც ზრდის ფასებს და ამცირებს როგორც მომხმარებლის, ისე მწარმოებლის ნამეტს.

ციფრული ეკონომიკის გამოწვევები: ციფრული სამყაროს განვითარებამ წარმოშვა მომხმარებელთა დაცვისა და კონკურენციის რეგულირების ახალი საკითხები. მათ შორისაა: კონფიდენციალურობა, მონაცემთა არამართლზომიერი გამოყენება (ან გამოყენების დაუმალვა), რთულად გასაუქმებელი სააბონენტო სერვისები და შეკვეთების თვითნებური გაუქმება.

ანალოგიურად, მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკას, მიუხედავად მისი კეთილსაიმედო მიზნებისა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს კონკურენციაზე. ზოგიერთი ინტერვენციის შედეგი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც ორივე პოლიტიკა ისახავს. კლასიკურ მაგალითებს მიეკუთვნება: შედარებითი რეკლამის აკრძალვა, პროდუქციის სავალდებულო სტანდარტების დაწესება (რაც ბაზრიდან განდევნის დაბალფასიან საქონელს) და ფასების გამჭვირვალობისა და გამოქვეყნების მოთხოვნა, რაც ზოგჯერ ხელს უწყობს ფარულ გარიგებებს.

შესაბამისად, ქვეყნების უმეტესობა ამ ორი პოლიტიკის ფუნქციებს ერთ ორგანიზაციაში აერთიანებს, თუმცა ბევრი სახელმწიფო კვლავ ინარჩუნებს მათ გამიჯვნას. იქაც კი, სადაც ფუნქციები გაერთიანებულია, ეს ხშირად არ გულისხმობს სრულ ინტეგრაციას. ყველაზე გავრცელებულია ისეთი ნორმების ერთობლივი აღსრულება, რომლებიც კრძალავს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ქცევას („ცრუ რეკლამას“). მრავალდონიანი მმართველობის მქონე ქვეყნებში (მაგ. ფედერაციები), მომხმარებელთა დაცვის დიდი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში რჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს ეხება.

ჯამში, კონკურენციის პოლიტიკასა და მომხმარებელთა დაცვაზე პასუხისმგებლობის ერთ უწყებაში გაერთიანებას მთელი რიგი უპირატესობები ახლავს. აღნიშნული სარგებელი მოიცავს: პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესებას: კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტიანი სამართლებრივი ინსტრუმენტების შერჩევის შესაძლებლობას; ურთიერთგაგების გაღრმავებას: თითოეულ სფეროში პოლიტიკის შემმუშავებელთა და აღმსრულებელთა მიერ ერთმანეთის როლისა და მარეგულირებელი შეზღუდვების უკეთ გააზრებას; რესურსების ოპტიმიზაციას: მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და რესურსების რაციონალურ განაწილებას.

მიუხედავად ამისა, ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს გარკვეული ობიექტური შეზღუდვებიც: ამოცანათა სპეციფიკა, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული ამოცანების ბუნება არსებითად განსხვავდება კონკურენციის პოლიტიკის ადმინისტრირებისგან, რაც ამცირებს სინერგიის ეფექტს; ინსტიტუციური დეცენტრალიზაცია: მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა, თავისი არსით, გულისხმობს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და ადმინისტრირების სხვადასხვა ტერიტორიულ დონეს.