მრჩეველთა კომიტეტი (Advisory Committee)

კომენტარი

ევროკავშირის შერწყმის რეგულაცია ავალდებულებს ევროკომისიას (კომისია) „იმოქმედოს მჭიდრო და მუდმივ კავშირში წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან“. ეს წარმოადგენს საფუძველს კონცენტრაციების მრჩეველთა კომიტეტისთვის, რომლის წევრებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული კონკურენციის უწყებები (NCAs) არიან.

შერწყმის რეგულაცია განსაზღვრავს კომისიასა და ეროვნულ კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს და, ამ ჩარჩოს ფარგლებში, სპეციფიკურ როლს მრჩეველთა კომიტეტისთვის. რეგულაცია ადგენს, რომ „კომისიამ და წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთობლივად უნდა ჩამოაყალიბონ საჯარო ხელისუფლებათა ქსელი, რომლებიც გამოიყენებენ თავიანთ შესაბამის კომპეტენციებს მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციის ეფექტური მექანიზმების მეშვეობით, იმ მიზნით, რომ საქმე განიხილოს ყველაზე შესაფერისმა ორგანომ, სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით და კონკრეტული კონცენტრაციის მრავალჯერადი შეტყობინების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით“. კომისიის უფლებამოსილება - გამოითხოვოს ინფორმაცია და ჩაატაროს ინსპექტირება შერწყმის რეგულაციის საფუძველზე - ასევე შეიძლება განხორციელდეს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივად.

კონკრეტულად შერწყმის მოკვლევის პროცესთან დაკავშირებით, კომისია ვალდებულია „სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეტყობინებების ასლები და, რაც შეიძლება მალე, ამ რეგულაციის შესაბამისად კომისიაში წარდგენილი ან კომისიის მიერ გამოცემული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების ასლები“. ეს მოიცავს იმ ვალდებულებებსაც, რომლებსაც შერწყმის მონაწილე მხარეები სთავაზობენ მათი შერწყმის ნებისმიერი კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის აღმოსაფხვრელად. კომისიას აქვს საერთო ვალდებულება, აწარმოოს მოკვლევა ეროვნულ კონკურენციის უწყებებთან „მჭიდრო და მუდმივ კავშირში“, ხოლო ამ უკანასკნელთ „შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით“.

კომისიამ კონცენტრაციების მრჩეველთა კომიტეტთან კონსულტაცია უნდა გაიაროს მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას შერწყმის მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ეხება კომისიის გადაწყვეტილებებს შერწყმის დამტკიცების, პირობითი დამტკიცების (ვალდებულებების სანაცვლოდ) ან აკრძალვის შესახებ. მრჩეველთა კომიტეტი შედგება თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული კონკურენციის უწყების წარმომადგენლებისგან. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დანიშნონ ორამდე წარმომადგენელი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს კომპეტენტური კონკურენციის სამართლის სფეროში. ეროვნულმა კონკურენციის უწყებებმა „ყველანაირად უნდა იცადონ, რომ დაესწრონ მრჩეველთა კომიტეტის სხდომებს“.

მეორე ფაზის სიღრმისეული მოკვლევის დაწყებიდან მალევე და იმის დადასტურების შემდეგ, რომ არცერთი წევრი სახელმწიფო არ არის ამის წინააღმდეგი, კომისია ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოდან ნიშნავს მომხსენებელს, რათა ხელი შეუწყოს მრჩეველთა კომიტეტის მომზადებასა და დისკუსიებს თითოეულ მოკვლევასთან დაკავშირებულ მრჩეველთა კომიტეტის სხდომებზე. მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან ზეპირ მოსმენებს, მოგვიანებით კი - კომისიის მიერ მოწვეულ და თავმჯდომარეობით გამართულ სხდომას, რათა განიხილონ საქმის რეზიუმე მოკვლევასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებთან ერთად. ეს უკანასკნელი მოიცავს მოკვლევის პროცესში მიღებულ კომისიის გადაწყვეტილებებს, პრეტენზიების განცხადებას და მასზე წარდგენილ სამართლებრივ და ეკონომიკურ პასუხებს, მოსმენის ოფიცრის ანგარიშს, შემტყობინებელი მხარეების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ვალდებულებას და კომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილების წინასწარ პროექტს. ეროვნულ კონკურენციის უწყებებს ასევე შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ კომისიის საქმის მასალებთან, თუკი ამის სურვილი ექნებათ. მომხსენებლის ფუნქციაა „ხელი შეუწყოს კომისიის გადაწყვეტილების პროექტის სიღრმისეულ განხილვას მრჩეველთა კომიტეტის სხდომაზე“.

ეროვნულ კონკურენციის უწყებებს ეძლევათ უფლება დაესწრონ მრჩეველთა კომიტეტის სხდომებს პირადად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, ან ტელეფონით - თუკი განსახილველი საკითხები „როგორც წესი, არ მიიჩნევა არსებითად ან პროცედურულად სადავოდ“. კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ეროვნულ უწყებებს შეუძლიათ ზეპირ მოსმენებს დაესწრონ როგორც დისტანციურად, ისე პირადად. EFTA-ს (თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია) წევრი სახელმწიფოები ასევე შეიძლება იყვნენ მოწვეულნი ზეპირ მოსმენებსა და მრჩეველთა კომიტეტის სხდომებზე დასასწრებად.

მრჩეველთა კომიტეტი ვალდებულია წარადგინოს ერთიანი დასკვნა კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, მრჩეველთა კომიტეტმა შესაძლოა კენჭისყრაც გამართოს. კენჭისყრის შედეგი განისაზღვრება მრჩეველთა კომიტეტის დამსწრე და ხმის მიმცემი წევრების (თავშეკავებულების გამოკლებით) ხმების უბრალო უმრავლესობით. როგორც წესი, ეროვნული კონკურენციის უწყებები მხარს უჭერენ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს; იშვიათად ფიქსირდება რამდენიმე უარყოფითი ხმა ან თავშეკავება. მრჩეველთა კომიტეტს შეუძლია დასკვნის წარდგენა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხდომას ზოგიერთი ეროვნული უწყება არ ესწრება. რეალურად, იშვიათია შემთხვევა, როდესაც მრჩეველთა კომიტეტის სხდომას ყველა წევრი ქვეყნის უწყება ესწრება. დასკვნა კომისიისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის: კომისიამ „მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნა“ და „უნდა აცნობოს კომიტეტს იმის შესახებ, თუ როგორ იქნა მისი დასკვნა გათვალისწინებული“. დასკვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით და დაერთოს კომისიის გადაწყვეტილების პროექტს.

კომისია ვალდებულია მრჩეველთა კომიტეტის დასკვნა, თავის გადაწყვეტილებასთან ერთად, გაუგზავნოს გადაწყვეტილების ადრესატებს. კომისია ასევე ვალდებულია საჯარო გახადოს როგორც მრჩეველთა კომიტეტის დასკვნა, ისე საკუთარი გადაწყვეტილება - მას შემდეგ, რაც ორივე დოკუმენტიდან სათანადოდ ამოიშლება კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

კომისიის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, მრჩეველთა კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე გვერდს მოიცავს. მათში ძირითადად აღნიშნულია, თუ რომელი წევრი სახელმწიფო იყო მომხსენებელი კონკრეტულ მოკვლევაში, რამდენი წევრი სახელმწიფო მონაწილეობდა დასკვნის მომზადებაში (მათი ვინაობის გამჟღავნების გარეშე) და რამდენი წევრი სახელმწიფო დაეთანხმა კომისიის მიგნებებს იურისდიქციასთან, გეოგრაფიული და პროდუქტის ბაზრის დეფინიციებთან, კონკურენტულ შეფასებასთან, გამოსასწორებელ ღონისძიებებსა და საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით (ასევე წევრი სახელმწიფოების იდენტიფიცირების გარეშე). თუ წევრი სახელმწიფო თავს იკავებს ან ხმას აძლევს კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ეს ასევე ფიქსირდება (სახელმწიფოს დასახელების გარეშე).

მრჩეველთა კომიტეტი შეზღუდვითი პრაქტიკისა და დომინანტური მდგომარეობის საკითხებში ასრულებს მსგავს როლს, დაკომპლექტებულია მსგავსი პრინციპით და ანალოგიურად ფუნქციონირებს 1/2003 რეგულაციის ფარგლებში წარმოებულ ანტიმონოპოლიურ მოკვლევებთან მიმართებით.

დამატებით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპისგან განსხვავებით, რომელიც შერწყმის რეგულაციაში მოქმედებს, 1/2003 რეგულაციით ჩამოყალიბებული ევროკავშირის კონკურენციის სამართლის დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში, მრჩეველთა კომიტეტს ასევე შეუძლია „იმოქმედოს როგორც ფორუმმა იმ საქმეების განსახილველად, რომლებსაც წევრი სახელმწიფოების კონკურენციის უწყებები აწარმოებენ, რათა ხელი შეუწყოს თანამეგობრობის კონკურენციის წესების თანმიმდევრულ გამოყენებას“. შესაბამისად, თუ რომელიმე ეროვნული კონკურენციის უწყება მოითხოვს, კომისია ვალდებულია მრჩეველთა კომიტეტის დღის წესრიგში შეიტანოს ის საქმეები, რომლებსაც NCA იკვლევს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 101-ე ან 102-ე მუხლების საფუძველზე. კომისიას ასევე შეუძლია ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთოს. ორივე შემთხვევაში, კომისიამ უნდა აცნობოს შესაბამის ეროვნულ უწყებას. თუმცა, მრჩეველთა კომიტეტმა არ უნდა გამოსცეს დასკვნები იმ საქმეებზე, რომლებსაც ეროვნული უწყებები იკვლევენ. მრჩეველთა კომიტეტს ასევე შეუძლია იმსჯელოს ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ზოგად საკითხებზე. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფორუმი საქმეების განაწილების განსახილველად და მასთან კონსულტაციები გაიარონ კომისიის ჯგუფური გამონაკლისების, განმარტებითი შეტყობინებებისა და სახელმძღვანელო მითითებების პროექტებზე.