მცირე წილების ფლობა არსებობს მაშინ, როდესაც აქციონერი ფლობს სამიზნე კომპანიის ხმის უფლების ან კაპიტალის (აქციების) 50%-ზე ნაკლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე წილის მფლობელს შეუძლია გარკვეული კონტროლი განახორციელოს სამიზნე საწარმოზე, დამოუკიდებლად ან სხვა აქციონერებთან ერთად. სხვა შემთხვევებში, მცირე წილების ფლობა წარმოადგენს წმინდა წყლის პასიურ ინვესტიციას. მცირე წილების ფლობამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება გამოიწვიოს წარმოების შემცირება და ფასების ზრდა. მაგალითად, თუ კომპანია ფლობს წილს კონკურენტ საწარმოში, კონკურენტის მიერ განცდილი ფინანსური ზარალი გავლენას მოახდენს თავად ამ კომპანიის ინვესტიციის ღირებულებაზე. ასეთ სცენარში, კომპანიას შეიძლება შეუმცირდეს იმ საწარმოსთან კონკურენციის სტიმული, რომელშიც ინვესტიცია განახორციელა. მას ასევე შეიძლება გაუჩნდეს სტიმული, ცალმხრივად შეამციროს წარმოება და გაზარდოს ფასები, თუკი მას აქვს შესაძლებლობა, სრულად ან ნაწილობრივ აინაზღაუროს დაკარგული გაყიდვები სამიზნე კომპანიაში თავისი ფინანსური მონაწილეობის (წილის) მეშვეობით. კონკურენტებს შორის არსებულმა სტრუქტურულმა კავშირებმა, პირდაპირი ან ორმხრივი (ნაცვლგებული) მცირე წილების ფლობის ფორმით, გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ხელი შეუწყოს აშკარა ან ფარულ კოლუზიას (შეთანხმებულ მოქმედებას); მცირე წილის მფლობელს ეძლევა წვდომა სამიზნე კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე, რაც აადვილებს კოლუზიას ან იმის კონტროლს, თუ რამდენად იცავს სამიზნე კომპანია საერთო შეთანხმებულ ქცევას. ცალმხრივი ეფექტების მსგავსად, მცირე წილების ფლობამ შეიძლება შეცვალოს მონაწილე კომპანიების ფინანსური სარგებელი, ან მათი სტიმული — გადაუხვიონ კოლუზიურ შეთანხმებას ან ჩაერთონ საფასო ომში კოლუზიური შეთანხმებიდან გადახვევის დასასჯელად. კონკურენტ კომპანიებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ბაზრის დანარჩენ მონაწილეებს შეიძლება ასევე მისცეს სიგნალი იმის შესახებ, რომ არსებობს ნაკლებად აგრესიული კონკურენციის განზრახვა. ამან შეიძლება მთელ დარგს უბიძგოს კონკურენციის შემცირებისკენ და ხელი შეუწყოს კოლუზიური წონასწორობის ჩამოყალიბებას მომხმარებელთა საზიანოდ. © OECD
ევროკავშირის კონკურენციის სამართალი კრძალავს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებს დამოუკიდებელ კონკურენტ საწარმოებს შორის (TFEU-ს 101-ე მუხლი) და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ერთი კომპანიის ან საწარმოთა ჯგუფის მიერ, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან იურიდიული, ეკონომიკური ან სტრუქტურული კავშირებით (TFEU-ს 102-ე მუხლი). შერწყმის მარეგულირებელი ნორმები მიმართულია იმ ტრანზაქციებისკენ, რომელთა შედეგად ორი კონკურენტი გადადის საერთო საკუთრებისა და კონტროლის ქვეშ — ისინი ყალიბდებიან ერთიან ეკონომიკურ ერთეულად და, შესაბამისად, წყვეტენ ბაზარზე ერთმანეთთან კონკურენციას.
ევროკავშირის შერწყმის რეგულაციის (EUMR) თანახმად, წილების ნაწილობრივი შეძენა ექვემდებარება წინასწარ განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იწვევს საწარმოზე კონტროლის ხანგრძლივ ცვლილებას. მცირე წილების ფლობა, რომელიც წარმოშობს „კონტროლს“, EUMR-ის მე-3 მუხლის შესაბამისად განიმარტება, როგორც „გადამწყვეტი გავლენა“.
აშშ-ის შერწყმის კონტროლის რეჟიმი (კლეიტონის აქტის მე-7 მუხლი) უფრო ფართოა. მისი ფუნდამენტური აკრძალვა ეყრდნობა „შედეგზე ორიენტირებულ“ ტესტს: ნებისმიერი შერწყმა ან წილის შეძენა, რომელიც წარმოშობს სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტს (ანუ „შეიძლება არსებითად შეამციროს კონკურენცია“), მიიჩნევა არამართლზომიერად. აშშ-ს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონტროლი“ არ არის გადამწყვეტი ფაქტორი კლეიტონის აქტის მე-7 ნაწილის დარღვევის დასადგენად. ნებისმიერი პოტენციურად საზიანო მცირე აქციათა ფლობა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს შერწყმის წესებს.
ჰორიზონტალური შერწყმის გაიდლაინების (§13) მიხედვით, კონკურენციის უწყებები განიხილავენ ნაწილობრივ შესყიდვებს კონტროლის გარეშეც, თუ ისინი გავლენას ახდენენ კონკურენციაზე. ყურადღება გამახვილებულია:
(i) შემძენის შესაძლებლობაზე, გავლენა მოახდინოს სამიზნე კომპანიის ქცევაზე;
(ii) კონკურენციის სტიმულის შემცირებაზე;
(iii) კონკურენტულად მგრძნობიარე ინფორმაციაზე წვდომაზე.
არსებობს „მხოლოდ ინვესტიციისთვის“ გამონაკლისი, რომელიც მკაცრ მოთხოვნებს ეფუძნება. პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თუ სააგენტოები დაამტკიცებენ „ფაქტობრივ“ და არა „სავარაუდო“ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტებს. აშშ-ის კანონმდებლობით, „პასიური“ მცირე აქციათა მფლობელები პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დროს - როგორც შეძენისას, ისე მოგვიანებით, ადმინისტრაციული შემოწმების პროცესში.
ევროპული იურისდიქციები ნაწილობრივი საკუთრების გასაკონტროლებლად ფართო ტესტებს იყენებენ:
გაერთიანებული სამეფო: „მატერიალური გავლენის“ ზღურბლი;
გერმანია: „კონკურენტულად მნიშვნელოვანი გავლენის“ ზღურბლი.
ეს მექანიზმები იმ მცირე წილების შემოწმების საშუალებას იძლევა, რომლებიც ევროკავშირის კონტროლს მიღმა რჩება. თუმცა, მცირე აქციათა ფლობა, რომელიც არ იწვევს კონტროლის შეცვლას, მაინც შეიძლება მოექცეს ანტიმონოპოლიური წესების ქვეშ. Philip Morris-ის პრეცედენტის თანახმად, TFEU-ს 101-ე მუხლი ვრცელდება იმ შეთანხმებებზე, რომლებითაც ხდება მცირე წილების შეძენა, თუ დადგინდება, რომ მათ აქვთ კონკურენტულ ქცევაზე „გავლენის მიზანი ან შედეგი“.ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონკურენტ კომპანიაში წილის ფლობა თავისთავად არ არის შემზღუდველი, თუმცა ის შეიძლება იქცეს კომერციულ ქცევაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტად. შესაბამისად, აქციების შესყიდვა ფასდება არა „მიზნის“, არამედ მისი რეალური ეფექტის მიხედვით.
მცირე აქციათა ფლობა კონკურენციას ზღუდავს, თუ იგი იწვევს: კომერციულად მგრძნობიარე ინფორმაციის გაცვლას; ეფექტურ კონტროლს (აწმყოში ან მომავალში); გავლენას კონკურენტის ქცევაზე.
TFEU-ს 101-ე მუხლის გამოყენება ასეთ შემთხვევებში მოითხოვს „შეთანხმების“ ან „შეთანხმებული პრაქტიკის“ არსებობას. ამავდროულად, 102-ე მუხლი ვრცელდება დომინანტი საწარმოების მიერ წილების ცალმხრივ შეძენაზეც. Philip Morris-ის პრეცედენტით, 102-ე მუხლის დარღვევა სახეზეა, როდესაც წილის ფლობა იწვევს სხვა კომპანიაზე ეფექტურ კონტროლს ან თუნდაც გარკვეულ გავლენას მის კომერციულ პოლიტიკაზე.
Gillette-ის საქმეში კომისიის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ კონკურენტის მიმართ არაპირდაპირი, ხმის მიცემის უფლების არმქონე ინტერესიც კი, სხვა ფაქტორებთან (მაგ. ფინანსური სესხის ხელშეკრულებები) ერთობლიობაში, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს TFEU-ს 102-ე მუხლს.
ამ პრეცედენტით გამოიკვეთა, რომ 102-ე მუხლის „გავლენის“ სტანდარტი უფრო დაბალი და ელასტიურია, ვიდრე 101-ე მუხლის შემთხვევაში. ეს იძლევა იმგვარი მცირე აქციათა ფლობის რეგულირების შესაძლებლობას, რომლებიც სხვაგვარად ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მიღმა დარჩებოდა. კერძოდ, დადგინდა, რომ შემძენსა და მის მთავარ კონკურენტს შორის კავშირის შექმნამ შეცვალა ბაზრის სტრუქტურა და უარყოფითი გავლენა მოახდინა საბაზრო პირობებზე.
Gillette წარმოადგენს გამორჩეულ შემთხვევას, რადგან კომისიამ მოითხოვა როგორც კაპიტალის წილის, ისე კრედიტორის ინტერესის გასხვისება. თუმცა, 102-ე მუხლის მთავარ შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ ბოროტად გამოყენების ფაქტთან ერთად, აუცილებელია საწარმოს დომინანტური მდგომარეობის დამტკიცება.
1990 წელს EUMR-ის (ევროკავშირის შერწყმის რეგულაცია) ძალაში შესვლისა და 2003 წლის დეცენტრალიზაციის შემდეგ, ანტიმონოპოლიური წესების გამოყენება მცირე წილებთან მიმართებით ზომიერი იყო. თუმცა, ევროკავშირის უახლესი იურისპრუდენცია (Aer Lingus-ის საქმე) ადასტურებს, რომ TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ და აღმოფხვრან ის კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევა, რომელიც „არასაკონტროლო“ უმცირესობის აქციების ფლობიდან გამომდინარეობს და გაურბის წინასწარ (ex ante) შერწყმის კონტროლს.
აღნიშნულ მუხლებს გააჩნიათ ეროვნული ეკვივალენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მსგავსი დებულებები მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-შიც. ამ კონტექსტში, აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამართალი (შერმანის აქტის 1-ლი და მე-2 სექციები) უფრო ყოვლისმომცველია: მისი მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ „საწარმოებით“ და ვრცელდება ნებისმიერი „პიროვნების“, მათ შორის ფიზიკური პირების კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკაზე.