ნებადართული მუხლები (თეთრი მუხლები) (WHITE CLAUSES)

კომენტარი

ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციები (BER) ევროკავშირის კონკურენციის სამართალში 1960-იან წლებში შემოიღეს, რათა შემცირებულიყო კომისიის ადმინისტრაციული ტვირთი, რომელიც 17/62 რეგულაციით დადგენილი შეტყობინებების ძველ რეჟიმს ახლდა თან. BER-ებმა კომისიას მისცა შესაძლებლობა, ავტომატურად გაეთავისუფლებინა გარკვეული კატეგორიის შეთანხმებები TFEU-ს 101-ე მუხლის აკრძალვისგან, თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზის გარეშე.

ძველი თაობის BER-ებში „ნებადართული მუხლების“ (იგივე „ნებადართული პრაქტიკის“) სიის ჩართვა კომისიას ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარა. ეს სიები დეტალურად აღწერდა იმ დებულებებს, რომლებიც შეიძლებოდა შეთანხმებაში ასახულიყო TFEU-ს 101-ე მუხლის დარღვევის გარეშე. ისინი მოიცავდნენ არა მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აკმაყოფილებდა 101(3) მუხლის პირობებს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც, როგორც წესი, საერთოდ არ ზღუდავს კონკურენციას 101(1) მუხლის მნიშვნელობით (საქმე: იტალია კომისიის წინააღმდეგ, 405-406).

ამ სტრუქტურამ ხელი შეუწყო კონკურენციის სამართლის ფორმალისტურ ანალიზს. კერძოდ, ნებადართული მუხლების „უსაფრთხო ნავსაყუდელი“ საწარმოებზე მათი საბაზრო ძალაუფლების მიუხედავად ვრცელდებოდა. როდესაც დგინდებოდა, რომ შეთანხმება მხოლოდ ნებადართულ მუხლებს შეიცავდა, კომისიას აღარ მოეთხოვებოდა შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა ან საწარმოების საბაზრო წილის გამოთვლა. ასეთმა ფორმალისტურმა მიდგომამ შეამსუბუქა შეტყობინების ტვირთი და კომპანიებს მათი შეთანხმებების ნამდვილობასთან დაკავშირებით მაღალი სამართლებრივი გარანტია მისცა.

ადმინისტრაციული ეფექტიანობის გათვალისწინებამ ასევე განაპირობა ნებადართული მუხლების სიის მკაცრი ინტერპრეტაცია. კომპანიებს ხელშეკრულებების შემუშავებისას მანევრირების ძალიან მცირე სივრცე ჰქონდათ. მაშინაც კი, თუ ერთი პუნქტი ნებადართული მუხლების სიის მიღმა აღმოჩნდებოდა უმნიშვნელო ან ტექნიკური დეტალის გამო, შეთანხმება ვეღარ ისარგებლებდა BER-ის „უსაფრთხო ნავსაყუდელით“ (საქმე: Delimitis, პუნქტები 34-42). ანალოგიურად, როდესაც ეჭვქვეშ დგებოდა დაცული პრაქტიკის ფარგლები, კომისია მოუწოდებდა მხარეებს, დაყრდნობოდნენ BER-ით დადგენილ „სისტემასა და მიზნებს“. კომისიის აზრით, პირობების მოქნილი ინტერპრეტაცია არ იქნებოდა გამართლებული მხოლოდ მოსალოდნელი პრაქტიკული სირთულეების თავიდან არიდების მცდელობის გამო.

ამ ადმინისტრაციულ შეღავათებთან ერთად, ნებადართული მუხლების ჩამონათვალმა გავლენა მოახდინა საქმიან ურთიერთობებსა და ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ავტომატური ჯგუფური გამონაკლისით სარგებლობის შესაძლებლობა უბიძგებდა კომპანიებს, თავიანთი შეთანხმებები ნებადართული მუხლების სიისთვის მოერგოთ. მართლაც, საბჭოს მარეგულირებელი რეგულაციები, რომლებიც კომისიას BER-ების მიღებას ავალებს, ცალსახად აცხადებს: „სასურველია“, რომ კომისიამ გამოიყენოს BER-ები შეთანხმებების გასათავისუფლებლად, „თუ ისინი შეიცვლება ისე, რომ მიეკუთვნოს გამონაკლისით განსაზღვრულ კატეგორიას“ (იხ. პრეამბულა: საბჭოს 19/65 რეგულაცია ვერტიკალური შეთანხმებების შესახებ; საბჭოს 2821/71 რეგულაცია სტანდარტიზაციის, R&D-სა და სპეციალიზაციის შეთანხმებების შესახებ; საბჭოს 1534/91 რეგულაცია დაზღვევის სექტორის შესახებ).

კომერციული ტრანზაქციების სტრუქტურაზე (დიზაინზე) გავლენის მოხდენის უფლებამოსილებამ ხელი შეუწყო ერთიანი ბაზრის შემდგომ ინტეგრაციას. BER-ი ფუნქციონირებდა როგორც ინსტრუმენტი საერთო ბაზარზე ხელშეკრულებების დიზაინის ჰარმონიზაციისთვის, რაც მათ თავდაპირველ ადმინისტრაციულ მიზნებს სცილდებოდა (Sufrin, 931). ამ არგუმენტს კომისია 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე BER-ების ფორმალისტური მიდგომის მხარდასაჭერად იყენებდა (იხ. მაგალითად, კომისიის წლიური ანგარიშები კონკურენციის პოლიტიკის შესახებ: 1987 წ. გვ. 33; 1990 წ. გვ. 44-49; 1991 წ. გვ. 93; 1992 წ. გვ. 163).

პარალელურად, ნებადართული მუხლების რაოდენობა თითოეულ BER-ში არსებითად გაიზარდა და პიკს მიაღწია 1996 წლის „ტექნოლოგიების გადაცემის შეთანხმებების შესახებ“ 240/96 რეგულაციაში (Goyder, 142). ამ ტენდენციამ კომპანიებს მეტი თავისუფლება დაუტოვა საკუთარი შეთანხმებების შემუშავების პროცესში.

ათასწლეულის მიჯნაზე გაჩნდა მზარდი უკმაყოფილება ნებადართული მუხლების ეფექტიანობის მიმართ. BER-ების ე.წ. „ბორკილის ეფექტზე“ მინიშნებით, ექსპერტები აფრთხილებდნენ, რომ ნებადართული მუხლების სია და მათ მიერ წახალისებული ფორმალისტური ანალიზი კომპანიებს აიძულებდა, ხელოვნურად შეეცვალათ თავიანთი შეთანხმებები. ეს, თავის მხრივ, შეიცავდა ევროკავშირის მასშტაბით ინოვაციების არასათანადო შეფერხების რისკს და ხელს უშლიდა კომპანიებს პროკონკურენტული შეთანხმებების დადებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულად არ იყო ნახსენები ნებადართული მუხლების სიაში (Korah, Hawk).

კრიტიკის ამ ხაზის გათვალისწინებით, 1999 წელს მიღებულმა 2790/1999 რეგულაციამ ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ - და შემდგომში მიღებულმა BER-ებმა - გააუქმა ნებადართული მუხლების კატეგორია. ახალი თაობის BER-ების მიხედვით, ყველა პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ არ არის აკრძალული „მძიმე ფორმის შეზღუდვების“ სიით, ავტომატურად თავისუფლდება, სანამ საწარმოების საბაზრო წილი დადგენილ ზღვარს არ აღემატება. „შედეგზე ორიენტირებულ“ მიდგომაზე გადასვლით საწარმოებს მეტი მოქნილობა მიეცათ, რათა თავიანთი შეთანხმებები კომერციულ საჭიროებებს მოარგონ.

ნებადართული მუხლების ძველი სიების ჩანაცვლებას საბაზრო წილის ზღვრებით გარკვეული ფასი ჰქონდა სამართლებრივი გარკვეულობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის BER-ები უფრო მეტად შეესაბამება კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის „შედეგზე ორიენტირებულ“ მიდგომას, ისინი კომპანიებს ავალდებულებენ, თავად განსაზღვრონ შესაბამისი ბაზარი და შეაფასონ საკუთარი საბაზრო წილები. გარკვეულწილად პარადოქსულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კონკურენციის სამართალი 1/2003 რეგულაციის „თვითშეფასების“ რეჟიმზე გადავიდა, BER-ების გამოყენება ბიზნესისთვის უფრო რთულად პროგნოზირებადი გახდა.