პატენტები (PATENTS)

პატენტი არის ექსკლუზიური უფლება, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს, აკრძალოს სხვების მიერ გამოგონების გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გამოგონების საჯაროდ გამჟღავნების სანაცვლოდ. აშშ-ის საპატენტო კოდექსის მიხედვით, პატენტუნარიანობის პირობებია: (1) დაპატენტებადი ობიექტი: მანქანა-დანადგარი, ნაკეთობა, ნივთიერებათა კომპოზიცია ან ტექნოლოგიური პროცესი; (2) სარგებლიანობა: გამოგონებას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სარგებელი საზოგადოებისთვის, იყოს განხორციელებადი და „პრაქტიკაში დანერგილი“; (3) სიახლე და არააშკარაობა. საპატენტო კანონმდებლობა ტერიტორიულია, თუმცა პატენტუნარიანობის მოთხოვნები მსგავსია და დაცვის ვადა ქვეყნების უმეტესობაში შეადგენს 20 წელს განაცხადის შეტანის დღიდან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ საკუთარი საპატენტო კანონები, თუმცა განაცხადების მიღებისა და ადმინისტრირების პროცესის კოორდინაციას ევროპის საპატენტო უწყება ახორციელებს.

ინსტიტუციური განმარტება

პატენტები გამომგონებლებს ანიჭებს საკუთრების უფლებას თავიანთი გამოგონების ექსკლუზიურ გამოყენებაზე განსაზღვრული ვადით. პატენტიდან მიღებული მოგება სოციალურად სასარგებლოა, რადგან იგი ხელს უწყობს საგამომგონებლო საქმიანობას. პატენტების არარსებობის შემთხვევაში, კონკურენტულმა ინდუსტრიებმა შესაძლოა ზედმეტად ცოტა გამოგონება შექმნან. საგამომგონებლო საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციები ჩაძირული ხარჯებია და პატენტებით გათვალისწინებული დაცვის გარეშე, რაც გამომგონებლებს ამ ინვესტიციების ამოღების (ანაზღაურების) საშუალებას აძლევს, საგამომგონებლო საქმიანობა, სავარაუდოდ, შემცირდებოდა.

კომენტარი

ქვეყნების უმეტესობაში სამეცნიერო თეორიები, ბუნების კანონები, მათემატიკური მეთოდები, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები, ბუნებრივი ნივთიერებები, კომერციული (ბიზნეს) მეთოდები, სამედიცინო მკურნალობის მეთოდები (სამედიცინო პროდუქტებისგან განსხვავებით) ან კომპიუტერული პროგრამები, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაპატენტებას და ხშირად ინტელექტუალური საკუთრების სხვა კანონებით რეგულირდება. დაპატენტებადი ობიექტების წრე ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იცვლება. მაგალითად, ფარმაცევტული პროდუქტები (ახალი ქიმიური ერთეულები) დაპატენტებადი გახდა იაპონიაში 1976 წელს, ხოლო ინდოეთში - 1995 წელს. აშშ-ში ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფა და „ბიზნეს მეთოდი“ დაპატენტებად იქნა აღიარებული (State Street, 1998 წ.), ხოლო 1999 წელს USPTO-მ Amazon.com-ს მიანიჭა პატენტი ონლაინ ტრანზაქციის მეთოდზე - „ერთი დაწკაპუნებით“ (1-Click).

საპატენტო სისტემის მიზანი ინოვაციების წახალისებაა. პატენტი წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც ორგვარ ბალანსს ამყარებს: 1) გამოგონების ექსკლუზიურ გამოყენებასა და მის საჯარო ხელმისაწვდომობას შორის; და 2) მოკლევადიან სტატიკურ არაეფექტიანობასა (მონოპოლია) და გრძელვადიან დინამიურ ეფექტიანობას (ინოვაცია) შორის. საპატენტო კანონმდებლობა ხშირად მიუთითებს ამ მიზნებზე, რაც საფუძვლად უდევს კანონის ინტერპრეტაციას ანტიტრასტულ ჩარჩოში. პატენტი არ არის მონოპოლიის ან საბაზრო ძალაუფლების ავტომატური ეკვივალენტი, რადგან ის მხოლოდ სხვების მიერ ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვის უფლებაა. პატენტის მფლობელმა შესაძლოა საერთოდ არ გამოიყენოს იგი, ხოლო მისი გამოყენების შემთხვევაშიც, საბაზრო ძალაუფლების ხარისხი დამოკიდებულია ჩამნაცვლებელი ტექნოლოგიების ან პროდუქტების არსებობაზე (Illinois, 2006). პატენტის გამოყენება სხვების ბაზრიდან გამოსარიცხად იმ მიზნით, რაც ხელს არ უწყობს ინოვაციას, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ასეთი ქმედება კონკურენციის საწინააღმდეგოა, რადგან ინოვაციისთვის აუცილებელია კონკურენტული გარემო (მაგალითად, ბაზარზე თავისუფალი შესვლა), ხოლო თავად ინოვაციის პროცესი თავისი არსით კონკურენტულია. პატენტის გამოყენება კონკურენტების გასაკონტროლებლად, რასაც მოჰყვება ბაზრის ჩაკეტვა და სხვა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, წარმოადგენს შერმანის აქტის 1-ლი და მე-2 სექციების, კლეიტონის აქტის მე-3 ნაწილისა და ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტის მე-5 ნაწილის დარღვევას. ევროკავშირში, პატენტის უფლებების განხორციელებაზე ვრცელდება TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლები, ისევე როგორც შერწყმის კონტროლის რეგულაციები. ინოვაციებისა და მომავალი პროდუქტების ბაზარზე კონკურენციისდ არღვევის პრობლემების გადასაჭრელად, შერწყმისას გამასწორებელ ღონისძიებებად ხშირად გამოიყენება პატენტის გადაცემა ან ლიცენზირება (Bayer, 2019).

როდესაც რამდენიმე პატენტის მფლობელი ერთობლივად გასცემს ლიცენზიებს (მაგალითად, საპატენტო პულების მეშვეობით), ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფასებისა და წარმოების მოცულობის კონტროლი საბოლოო პროდუქტის ბაზარზე, რაც კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს და ექვემდებარება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას.

იაპონიის ანტიმონოპოლიური კანონის 21-ე მუხლის თანახმად: „ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება იმ ქმედებებზე, რომლებიც განიხილება უფლებათა განხორციელებად საავტორო უფლებების, პატენტების, სასარგებლო მოდელების, დიზაინისა და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად“. თუმცა, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ძირითადი აქტის მე-10 მუხლი მიუთითებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ექსპლუატაციისას დაცული უნდა იყოს ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესებსა და თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას შორის. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ფორმალურად უფლების განხორციელებას ჰგავს, შესაძლოა არ იქნეს მიჩნეული AMA-ს 21-ე მუხლით გათვალისწინებულ „უფლებათა განხორციელებად“, თუ იგი ეწინააღმდეგება კონკურენციის პრინციპებს.

ტოკიოს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Ricoh Co. Ltd-ის სარჩელი DS Japan Inc.-ისა და სხვების (გადამამუშავებელი კომპანიების) წინააღმდეგ პრინტერის კარტრიჯის პატენტის დარღვევის თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ პატენტის გამოყენება ალტერნატიული (არაორიგინალი) კარტრიჯების ბაზრიდან განსადევნად წარმოადგენდა ჩარევას გადამამუშავებელ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში და აფერხებდა სამართლიან კონკურენციას (Ricoh, 2021). სასამართლოს დასკვნით, Ricoh-ის მიერ საპატენტო უფლებების ამგვარი გამოყენება ეწინააღმდეგებოდა საპატენტო სამართლის არსს და არღვევდა AMA-ს მე-19 მუხლს, ასევე მე-2 მუხლის მე-9 პუნქტს (არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ). სასამართლომ მიუთითა JFTC-ის (იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისია) 2006 წლის 21 ოქტომბრის განცხადებაზე Canon Inc-ის გამოძიებასთან დაკავშირებით. Canon-მა უარი თქვა IC ტეგის (ინტეგრირებული სქემის) შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე გადამამუშავებელი კომპანიისთვის, რაც ხელს უშლიდა ამ უკანასკნელს, აღედგინა ლაზერული პრინტერის ტონერის კარტრიჯის მომხმარებლის ინტერფეისი. აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეფასებულიყო, როგორც AMA-ს მე-19 მუხლის დარღვევა. JFTC-მა გამოძიება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც Canon-მა საჭირო ინფორმაცია გადასცა მხარეს და კომისიამ დაადასტურა, რომ კომპანია უკვე აწარმოებდა და ყიდდა ტონერის კარტრიჯებს Canon-ის პრინტერებისთვის.

პატენტსა და საბაზრო ძალაუფლებას შორის კავშირი, ისევე როგორც საპატენტო პულების (პატენტის ფონდების) გავლენა კონკურენციაზე, განსაკუთრებით მკაფიოა სტანდარტისთვის აუცილებელი პატენტების (SEP) შემთხვევაში. ერთი სტანდარტის ფარგლებში არსებული ყველა SEP ერთმანეთის შემავსებელია, რაც მათ ერთობლივ ლიცენზირებას (პაკეტირებას) პროკონკურენტულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ SEP-ების საპატენტო პულების კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტზე ნაკლები შეშფოთება არსებობს, ვიდრე სხვა ტიპის პატენტებზე, მათ მიერ მინიჭებული საბაზრო ძალაუფლება მაინც საჭიროებს ანტიმონოპოლიურ ზედამხედველობას.

ფარმაცევტული პროდუქტი, როგორც წესი, განისაზღვრება ერთი პატენტით კონკრეტულ ქიმიურ სტრუქტურაზე, რომელსაც ხშირად ჩამნაცვლებელი არ გააჩნია, რაც მფლობელს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ანიჭებს. ფარმაცევტულ სექტორში კრიტიკულია კონკურენცია ინოვაციის ეტაპზე, ამიტომ პატენტის ფუნქცია - წაახალისოს ასეთი კონკურენცია - დაცული უნდა იყოს. მეორე მხრივ, პროდუქტის ბაზრის ეტაპზე ორიგინალურ პრეპარატსა და ჯენერიკებს შორის კონკურენცია ძირითადად ფასზე მოდის. იმისთვის, რომ ჯენერიკების მწარმოებელმა ისარგებლოს პატენტის ვადის გასვლით, აუცილებელია მოსამზადებელი პროცესების დაწყება პატენტის დაცვის ვადის ამოწურვამდე. თუმცა, ჯენერიკების დანერგვის მოსამზადებელ ეტაპზე ლიცენზირების შეთანხმება საჭირო არ არის, რადგან აშშ-ის საპატენტო კოდექსის 271(e)(1) მუხლი ითვალისწინებს „ბოლარის გამონაკლისს“. ეს გამონაკლისი ჯენერიკების მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები FDA-სგან ნებართვის მისაღებად პატენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე (Merck, 2005). ორიგინალური მედიკამენტის მწარმოებელსა და ჯენერიკების მწარმოებლებს შორის დადებულ შეთანხმებებს ხშირად სხვა მოტივი აქვს, მაგალითად, „ანაზღაურება დაგვიანებისთვის“ (Actavis, 2013).

ზოგადად, დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარებული არაკომერციული კვლევა დარღვევად არ მიიჩნევა. აკადემიური კვლევა დაცულია „კვლევითი გამონაკლისით“, თუმცა მისი ინტერპრეტაცია საკმაოდ ვიწროა. მაგალითად, საქმეში Madey v. Duke University დადგინდა, რომ დიუკის უნივერსიტეტმა დაარღვია ყოფილი თანამშრომლის, ჯონ მედის პატენტი, რადგან უნივერსიტეტის კვლევა ემსახურებოდა „დამრღვევის ლეგიტიმური ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას“. კვლევითი გამონაკლისები, ისევე როგორც სამსახურებრივი გამოგონებები, მნიშვნელოვანია მკვლევართა მობილურობისთვის.

პატენტთან დაკავშირებული ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა პროდუქტების დაკავშირება, უფლებების უკუგადაცემა და დავის არწამოწყების შეთანხმებები, წარსულში მკაცრ ანტიმონოპოლიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. თუმცა, ვინაიდან მათ შესაძლოა ჰქონდეთ პროკონკურენტული ან ინოვაციის ხელშემწყობი ეფექტი, დღეს ისინი საჭიროებენ ინდივიდუალურ შეფასებას. მაგალითად, ორი დაპატენტებული პროდუქტის პაკეტირება შესაძლოა ზრდიდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, თუ ისინი ერთმანეთს ავსებენ. ერთი პატენტის მიბმა მეორე ბაზრის ჩაკეტვასთან შესაძლოა პრობლემური იყოს, თუმცა ამის სტიმული და ეფექტიანობა ხშირად საეჭვოა. ამის ყველაზე ძლიერი არგუმენტი ჩნდება მაშინ, როდესაც პატენტები წარმოადგენს SEP-ებს (Qualcomm, 2019, 2020). უფლებების უკუგადაცემამ და დავის არწამოწყების შეთანხმებებმა შესაძლოა მოახდინოს ინვესტიციების გარე ეფექტების ინტერნალიზება.

საერთაშორისო კოორდინაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს, დაწყებული სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით (1883). 2022 წლის მდგომარეობით, კონვენციის წევრი 179 ქვეყანაა. პრიორიტეტის წესები გარანტიას იძლევა, რომ პატენტზე განაცხადის შეტანა ერთ ქვეყანაში არ დააზიანებს გამოგონების სიახლესა და არააშკარაობას მეორეში. საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულება 1970 წელს გაფორმდა, რამაც შესაძლებელი გახადა განაცხადის ერთდროულად წარდგენა მრავალ ქვეყანაში. ხელშეკრულება, რომელსაც 157 წევრი ჰყავს, ასევე ითვალისწინებს ტექნოლოგიებისა და პატენტების საერთო კლასიფიკაციას. შეტანისა და ექსპერტიზის პროცედურების შემდგომი გამარტივება და ჰარმონიზაცია მიღწეულ იქნა 2000 წელს საპატენტო სამართლის შესახებ ხელშეკრულებით, რომელსაც 43 ქვეყანა და ევროპის საპატენტო უწყება შეუერთდა.