პირდაპირი ეფექტი არის კონცეფცია, რომელიც, ძირითადად, გამოიყენება ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემის პარალელურად არსებობისას: ეროვნული და საერთაშორისო/ზეეროვნული, ან სახელმწიფოებრივი და ფედერალური. მისი არსი მდგომარეობს იურიდიულად სავალდებულო და უშუალოდ აღსასრულებელი უფლებებისა და ვალდებულებების დადგენაში სახელმწიფოს მიმართ (ვერტიკალური პირდაპირი ეფექტი) და კერძო პირებს შორის ურთიერთობაში (ჰორიზონტალური პირდაპირი ეფექტი). როგორც წესი, ეს პრინციპი ასოცირდება თანაარსებულ სამართლებრივ სისტემებს შორის კომპეტენციების განაწილების საკითხთან, რაც გულისხმობს ზემდგომი სამართლებრივი სისტემის დებულებების უფრო ღრმა და სისტემურ გამოყენებას. ტერმინი ასევე აქტუალურია წმინდა შიდასახელმწიფოებრივი შემთხვევებისთვის; მაგალითად, ფართო კონსტიტუციური დებულებების აღსრულებისას, რომლებიც განსხვავებული (და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო) ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
პირდაპირი მოქმედების პრინციპი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ინდივიდებს) საშუალებას აძლევს, ევროპული სამართლის ნორმა დაუყოვნებლივ მოიშველიონ ეროვნული ან ევროპული სასამართლოს წინაშე. ეს პრინციპი მხოლოდ გარკვეულ ევროპულ აქტებს ეხება. გარდა ამისა, იგი რამდენიმე პირობას ექვემდებარება. ევროპული სამართლის პირდაპირი მოქმედება, უზენაესობის პრინციპთან ერთად, ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. იგი დამკვიდრდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ. ეს პრინციპი ინდივიდებს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სამართალი სასამართლოებში დაუყოვნებლივ მოიშველიონ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა შესაბამისი ეროვნული სამართლებრივი ნორმა.
შესაბამისად, პირდაპირი მოქმედების პრინციპი უზრუნველყოფს ევროპული სამართლის გამოყენებასა და ეფექტიანობას ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განსაზღვრა რამდენიმე პირობა იმისთვის, რომ ევროპული სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ გამოსაყენებელი გახდეს. გარდა ამისა, პირდაპირი მოქმედება შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ინდივიდსა და ევროკავშირის ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ან გავრცელდეს თავად ინდივიდებს შორის ურთიერთობებზეც.
დეფინიცია: ევროპული სამართლის პირდაპირი მოქმედება მართლმსაჯულების სასამართლომ განამტკიცა 1963 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „Van Gend en Loos“. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო აცხადებს, რომ ევროპული სამართალი არა მხოლოდ ვალდებულებებს აკისრებს ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ უფლებებსაც ანიჭებს ინდივიდებს. შესაბამისად, ინდივიდებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებებით და ევროპული აქტები პირდაპირ მოიშველიონ ეროვნული და ევროპული სასამართლოების წინაშე. ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ შესაბამისი ევროპული აქტი თავის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სისტემაში ასახოს (ტრანსპოზიცია მოახდინოს).
ჰორიზონტალური და ვერტიკალური პირდაპირი მოქმედება: პირდაპირ მოქმედებას ორი ასპექტი აქვს – ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ვერტიკალურ პირდაპირ მოქმედებას მნიშვნელობა აქვს ინდივიდებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდებს შეუძლიათ ევროპული ნორმა მოიშველიონ სახელმწიფოსთან მიმართებით. ჰორიზონტალურ პირდაპირ მოქმედებას კი მნიშვნელობა აქვს თავად ინდივიდებს შორის ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდს შეუძლია ევროპული ნორმა მოიშველიოს სხვა ინდივიდის წინააღმდეგ. შესაბამისი აქტის სახეობის მიხედვით, მართლმსაჯულების სასამართლომ აღიარა ან სრული პირდაპირი მოქმედება (ანუ ჰორიზონტალურიც და ვერტიკალურიც), ან ნაწილობრივი პირდაპირი მოქმედება (რომელიც მხოლოდ ვერტიკალური პირდაპირი მოქმედებით შემოიფარგლება).
პირდაპირი მოქმედება და პირველადი კანონმდებლობა: რაც შეეხება პირველად კანონმდებლობას – ანუ ევროპული სამართლებრივი იერარქიის სათავეში მდგომ ტექსტებს – მართლმსაჯულების სასამართლომ პირდაპირი მოქმედების პრინციპი დაამკვიდრა „Van Gend & Loos“-ის გადაწყვეტილებაში. თუმცა, მან დაადგინა პირობა, რომ ვალდებულებები უნდა იყოს ზუსტი, ნათელი და უპირობო და ისინი არ უნდა მოითხოვდნენ დამატებითი – ეროვნული თუ ევროპული – ზომების მიღებას. „Becker“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (1982 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება) მართლმსაჯულების სასამართლომ უარყო პირდაპირი მოქმედება იქ, სადაც ქვეყნებს აქვთ თუნდაც მინიმალური დისკრეციული უფლებამოსილება მოცემული ნორმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით (1990 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, „Kaefer & Procacci“).
პირდაპირი მოქმედება და მეორეული კანონმდებლობა: პირდაპირი მოქმედების პრინციპი ასევე ეხება მეორეული კანონმდებლობის აქტებს, ანუ მათ, რომლებიც მიღებულია ინსტიტუტების მიერ დამფუძნებელი ხელშეკრულებების საფუძველზე. თუმცა, პირდაპირი მოქმედების გამოყენება დამოკიდებულია აქტის სახეობაზე:
რეგულაცია: რეგულაციებს ყოველთვის აქვთ პირდაპირი მოქმედება. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 288-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ რეგულაციები უშუალოდ გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. მართლმსაჯულების სასამართლო 1971 წლის 14 დეკემბრის „Politi“-ს საქმის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ეს არის სრული პირდაპირი მოქმედება;
დირექტივა: დირექტივა არის აქტი, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ქვეყნებისკენ და მათ მიერ უნდა იქნეს ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მართლმსაჯულების სასამართლო აღიარებს დირექტივების პირდაპირ მოქმედებას ინდივიდების უფლებების დასაცავად. შესაბამისად, სასამართლომ თავის პრეცედენტულ სამართალში დაადგინა, რომ დირექტივას აქვს პირდაპირი მოქმედება, როდესაც მისი დებულებები არის უპირობო, საკმარისად ნათელი და ზუსტი, და როდესაც ევროკავშირის ქვეყანამ არ მოახდინა დირექტივის ტრანსპოზიცია დადგენილ ვადაში (1974 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, „Van Duyn“). თუმცა, მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ვერტიკალური პირდაპირი მოქმედება; ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან შეასრულონ დირექტივები, მაგრამ ევროკავშირის ქვეყანას არ შეუძლია დირექტივა მოიშველიოს ინდივიდის წინააღმდეგ (1979 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, „Ratti“);
გადაწყვეტილება: გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი მოქმედება, როდესაც მათში ადრესატად მითითებულია ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სასამართლო აღიარებს მხოლოდ ვერტიკალურ პირდაპირ მოქმედებას (1992 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, „Hansa Fleisch“);
საერთაშორისო შეთანხმებები: 1987 წლის 30 სექტემბრის „Demirel“-ის საქმის გადაწყვეტილებაში მართლმსაჯულების სასამართლომ აღიარა გარკვეული შეთანხმებების პირდაპირი მოქმედება იმავე კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრული იყო „Van Gend en Loos“-ის გადაწყვეტილებაში;
მოსაზრებები და რეკომენდაციები: მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს არ გააჩნიათ იურიდიულად სავალდებულო ძალა. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ პირდაპირი მოქმედება. © ევროკომისია
წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ნორმას შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი მოქმედება მხოლოდ მაშინ, თუ ის არის მკაფიო, სრული, ზუსტი და არ საჭიროებს დამატებით დამაზუსტებელ ზომებს (საგნობრივი ელემენტი - ratione materiae) და თუ ის მიემართება პირთა განსაზღვრულ წრეს (სუბიექტური ელემენტი - ratione personae). რაც უფრო ვიწრო და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ნორმა, მით უფრო ადვილია მისთვის პირდაპირი ეფექტის მინიჭება. რეალურად, სიზუსტის ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს. ტერმინი „პირდაპირი ეფექტი“ ზოგჯერ არაერთგვაროვნად გამოიყენება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ბუნების განსაზღვრისას, როდესაც განასხვავებენ აქტებს, რომლებიც საჭიროებენ შიდასახელმწიფოებრივ იმპლემენტაციას (მაგ. დირექტივები) და მათ, რომლებიც არ საჭიროებენ ასეთ ზომებს (მაგ. რეგულაციები). პირდაპირი ეფექტის ცნება ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული - თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ - ერთი სამართლებრივი სისტემის უზენაესობის (პრიორიტეტის) პრინციპთან მეორეს მიმართ. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ან ევროკავშირის სამართლის დებულებებს შესაძლოა ჰქონდეთ პრიორიტეტი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან შედარებით, ავტომატურად არ ნიშნავს ამ დებულებების პირდაპირ მოქმედებას; და პირიქით - ევროკავშირის სამართლის ყველა პირდაპირ მოქმედ დებულებას არ გააჩნია აუცილებელი უზენაესობა შიდასახელმწიფოებრივ სამართალზე.
პირდაპირი ეფექტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირის სამართლის კონტექსტში. ისტორიულად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) პირდაპირი ეფექტი ევროკავშირის პირველადი და მეორადი სამართლის მრავალ დებულებას მიანიჭა (საქმე: Van Gend en Loos, 1963 წ.).
ჰორიზონტალური პირდაპირი ეფექტის კონცეფციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო აღსრულების სფეროში, რადგან ის იძლევა TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების დამრღვევთა წინააღმდეგ დამოუკიდებელი (Stand-alone) და შემდგომი (Follow-on) სარჩელების აღძვრის შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება შემდგომ სარჩელებს, რომლებიც მოსარჩელეებს ათავისუფლებს დარღვევის ფაქტობრივი მტკიცების ტვირთისგან და საშუალებას აძლევს მათ, ყურადღება ძირითადად ზიანის დადასტურებისა და მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოვლენის საკითხებზე გაამახვილონ. თუმცა, არც დამოუკიდებელი სარჩელებია იშვიათი.
ზიანის ანაზღაურების უფლება პირველად ჩამოყალიბდა 2001 წლის გადაწყვეტილებაში - Courage v. Crehan, სადაც ცალსახად იქნა აღიარებული ინდივიდის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კონკურენციის სამართლის დარღვევისთვის. მოგვიანებით, Manfredi-ს საქმეში (2006), ეს უფლება კიდევ უფრო განივრცო და მოიცვა მიუღებელი შემოსავლის (მიყენებული ზიანისა და დანაკლისის) ანაზღაურებაც.
ევროკავშირის კონკურენციის სამართლის პირდაპირი მოქმედება თავისთავად არ პასუხობს კითხვას, თუ რომელ იურისდიქციას - ეროვნულს თუ ევროკავშირისას - აქვს პრიორიტეტი კანონის გამოყენებისას; ის მხოლოდ ადგენს პირობებს, რომელთა საფუძველზეც კერძო პირებს შეუძლიათ დაეყრდნონ ევროკავშირის კონკურენციის სამართალს დარღვევის შემთხვევაში. TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების პარალელური გამოყენების წესები ინსტიტუციონალიზებული და დარეგულირებულია 2003 წლის 1/2003 „მოდერნიზაციის რეგულაციით“.
იდეალურ შემთხვევაში, ევროკავშირის პირდაპირი მოქმედების ნორმები ყველა წევრ ქვეყანაში ერთგვაროვნად უნდა განიმარტოს. კონკურენციის სამართლის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის უნიფიცირებისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა შემდგომი დახვეწა კვლავ აუცილებელია, რადგან ზიანის ანაზღაურების პროცესი მაინც ეროვნულ საპროცესო და მატერიალურ სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ეროვნული კონკურენციის ორგანოების იმ გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა, რომლებითაც TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების დარღვევა დგინდება. პირდაპირი ეფექტის დოქტრინა უმთავრეს როლს ასრულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლებრივი სისტემების ინტეგრაციისა და დაახლოების პროცესში, რაც ხელს უწყობს ევროპული სამართლის როლის გაძლიერებას ევროკავშირის მასშტაბით.