პოტენციური კონკურენციის აღმოფხვრა ან არსებითი შემცირება შესაძლოა ისეთივე საზიანო იყოს, როგორც ბაზარზე არსებული, ფაქტობრივი კონკურენციის გაუქმება. კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები არა მხოლოდ ფაქტობრივ, არამედ პოტენციურ კონკურენტებს შორისაც აკრძალულია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ცალმხრივი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური კონკურენტების ბაზრიდან გამორიცხვას, ასევე შეიძლება ჩაითვალოს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებად - ისევე, როგორც არსებული კონკურენტების ბაზრიდან განდევნა ან მათთვის ხარჯების ხელოვნური გაზრდა. გარდა ამისა, შერწყმას პოტენციურ კონკურენტთან, ან გარიგებას, რომელიც აფერხებს პოტენციური კონკურენტების გაფართოებას, შესაძლოა ჰქონდეს ისეთივე კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი, როგორიც იმ პირდაპირ კონკურენტებს შორის შერწყმას, რომლებიც უკვე ოპერირებენ იმავე ბაზარზე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) არის საერთაშორისო ინვესტიციის კატეგორია, რომელიც ასახავს ერთი ეკონომიკის ინვესტორის მიზანს მოიპოვოს გრძელვადიანი ინტერესი სხვა ეკონომიკის რეზიდენტ საწარმოში. გრძელვადიანი ინტერესი გულისხმობს ინვესტორსა და საწარმოს შორის გრძელვადიანი ურთიერთობის არსებობას და იმას, რომ ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწარმოს მართვაზე. ფორმალურად ითვლება, რომ ასეთი ინტერესი არსებობს მაშინ, როდესაც პირდაპირი ინვესტორი ფლობს დირექტორთა საბჭოში ხმის უფლების მქონე აქციების 10%-ს ან მეტს (კორპორაციული საწარმოს შემთხვევაში), ან მის ეკვივალენტს (არაკორპორაციული საწარმოს შემთხვევაში). პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ალტერნატიული ეკონომიკური სტრატეგია, რომელსაც იყენებენ ის საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს ახალი ქარხნის/ოფისის დასარსებებლად, ან ალტერნატიულად, ყიდულობენ უცხოური საწარმოს არსებულ აქტივებს. ეს საწარმოები ცდილობენ შეავსონ ან ჩაანაცვლონ საერთაშორისო ვაჭრობა იმ ქვეყნებში საქონლისა და მომსახურების წარმოებით (და ხშირად გაყიდვით), სადაც ეს საწარმო თავდაპირველად არ დაარსებულა. არსებობს ორი სახის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია: უცხოელების მიერ საწარმოო აქტივების შექმნა, ან უცხოელების მიერ არსებული აქტივების შეძენა (მაგალითად, აქტივების შეძენის, შერწყმისა და შთანთქმის გზით). პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განსხვავდება პორტფელური ინვესტიციისგან, რადგან იგი ხორციელდება შესაბამისი საწარმოს მართვაში კონტროლის ან ქმედითი ხმის უფლების მოპოვებისა და საწარმოში გრძელვადიანი ინტერესის ქონის მიზნით. პირდაპირი ინვესტიცია მოიცავს არა მხოლოდ საწესდებო კაპიტალის თავდაპირველ შეძენას, არამედ შემდგომ კაპიტალურ ტრანზაქციებს უცხოელ ინვესტორსა და ადგილობრივ თუ აფილირებულ საწარმოებს შორის. © ევროკომისია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულირება ეროვნული კომპეტენციის საკითხია, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებშიც, რის გამოც FDI-ის ერთიანი, უნივერსალური განმარტება არ არსებობს. თუმცა, როგორც წესი, საინვესტიციო სკრინინგის (შემოწმების) მექანიზმები ფოკუსირებულია იმ ინვესტიციებზე, რომლებიც უცხოელ ინვესტორსა და მასპინძელი ქვეყნის აქტივს ან ეკონომიკურ საქმიანობას შორის მყარ (გრძელვადიან) ინტერესს წარმოშობს. ამ ინტერესის მეშვეობით ინვესტორი პირდაპირ ან ირიბად მოიპოვებს აქტივის მართვაში მონაწილეობის ან მასზე კონტროლის უფლებას.
საზედამხედველო ინტერესი შესაძლოა წარმოიშვას საკმაოდ დაბალ ზღვარზეც, მაგალითად, აქციების ან ხმის უფლების 10%-იანი წილის შეძენისას, ზოგჯერ კი ეს მაჩვენებელი 3%-მდე ან 5%-მდე ჩამოდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ წილის ფლობას თან ახლავს მართვის სპეციალური ან დამატებითი ეკონომიკური უფლებები. FDI-ის ზოგიერთი რეჟიმი იყენებს სხვა კრიტერიუმებსაც - მაგალითად, ზღვრულ მაჩვენებლებს ბრუნვის ან საინვესტიციო ღირებულების მიხედვით - რათა მინიმალური მოცულობის ინვესტიციები მარეგულირებელი კონტროლიდან გამორიცხონ. მიუხედავად ამისა, რეჟიმების უმეტესობა ინარჩუნებს ზედამხედველობის ფართო სფეროს იმ დაშვებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების რისკები შესაძლოა ნებისმიერი ტიპის აქტივიდან თუ საქმიანობიდან მომდინარეობდეს, მათი ღირებულებისა და მასშტაბის მიუხედავად.
ბევრ იურისდიქციაში ინვესტორის „უცხო პირად“ კლასიფიცირება შესაძლოა საკამათო საკითხი გახდეს. ზოგადად, ამის დასადგენად სხვადასხვა ტესტი გამოიყენება, რომლებიც განსხვავდება მოცულობისა და გამოყენების წესის მიხედვით. ზოგიერთი იურისდიქცია ასევე ითვალისწინებს შუალედური რგოლების რეგისტრაციის ადგილს კონტროლის ჯაჭვში.
კონკრეტული ქვეყნების ინვესტორებისთვის ხშირად მოქმედებს სრული ან ნაწილობრივი გამონაკლისები. მაგალითად, პოლონეთი (FDI კანონმდებლობის გარკვეული ასპექტებისთვის) ათავისუფლებს OECD-ის წევრი ქვეყნების ინვესტორებს; კანადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინვესტორებისთვის ზრდის ფინანსურ ზედა ზღვარს, ხოლო აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კომიტეტი პერიოდულად ადგენს საგამონაკლისო სიებს კონკრეტული ქვეყნებისთვის.
ევროკავშირის FDI რეგულაცია ეხება „მესამე ქვეყნებს“ და უცხოურ ინვესტორებად განიხილავს პირებს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის არაწევრი ქვეყნებიდან. თუმცა, ყველაზე სენსიტიურ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა, საინვესტიციო კონტროლი ხშირად ვრცელდება ყველა არარეზიდენტ (და ზოგჯერ რეზიდენტ) ინვესტორზეც კი. გარდა ამისა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, თავიანთი FDI რეჟიმები გაავრცელეს ყველა არარეზიდენტ ინვესტორზე, რომლებიც გარკვეულ სექტორებში აქტივებზე კონტროლს მოიპოვებენ.
შედარებით იშვიათია, როდესაც FDI რეგულაციები მხოლოდ ინვესტორთა კონკრეტულ ჯგუფებზე ვრცელდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ინდოეთის მიერ 2020 წელს მიღებული „Press Note 3“, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ინვესტიცია ინდოეთის მოსაზღვრე ქვეყნებიდან ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას, ინვესტიციის სექტორის მიუხედავად. სხვა იურისდიქციებში FDI მოთხოვნები უფრო მკაცრია სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე ინვესტორების მიმართ, როგორებიცაა სახელმწიფო საწარმოები, სუვერენული სიმდიდრის ფონდები და სახელმწიფო საპენსიო ფონდები. ევროკავშირის FDI რეგულაციის მე-4(2) მუხლის შესაბამისად, წევრი ქვეყნების უმეტესობა არსებითი შეფასებისას იკვლევს, კონტროლდება თუ არა ინვესტორი უცხოური მთავრობის მიერ ან იყო თუ არა იგი ჩართული ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო საქმიანობაში.
სამიზნე კომპანიის სენსიტიურობა და მისი საქმიანობის სპეციფიკა გადამწყვეტი ფაქტორებია ინვესტიციის არსებითი შეფასებისას. FDI რეჟიმების უმეტესობა განსაზღვრავს იმ სექტორებს, რომლებიც უცხოური ინვესტიციების რისკის მიმართ ყველაზე მოწყვლადად მიიჩნევა. მაგალითად, ევროკავშირის FDI რეგულაციის მე-4(1) მუხლი შეიცავს იმ სფეროების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც სავალდებულო განხილვას ექვემდებარება. წევრი ქვეყნების უმეტესობა ამ სექტორებს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში ასახავს, თუმცა მათი განმარტებები ხშირად განსხვავდება. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ შეავსონ ეს სია შიდა რისკებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. გლობალურად, FDI რეჟიმების უმეტესობაში შემოწმებას დაქვემდებარებული ტიპიური საქმიანობები მოიცავს: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას (ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა, ტრანსპორტი), კრიტიკულ ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, მოწინავე მასალები, კიბერუსაფრთხოება, ბიოტექნოლოგია), კრიტიკულ რესურსებსა და ნედლეულს (მაგ. სურსათის უვნებლობა), მონაცემთა დამუშავებას (განსაკუთრებით პერსონალური ან სენსიტიური მონაცემები) და მედიის თავისუფლებასა თუ მედია პლურალიზმს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, მარეგულირებლებს აქვთ უფლებამოსილება, შეამოწმონ ტრანზაქციები ნებისმიერ სექტორში.
FDI რეგულირების მიზნები იურისდიქციების მიხედვით განსხვავდება. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში რეჟიმები თავდაპირველად ეკონომიკურ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ისინი იყენებენ „წმინდა სარგებლის“ ტესტს და სხვა მექანიზმებს შიდა ინდუსტრიების (მაგ. სოფლის მეურნეობის) დასაცავად, თუმცა ახლახან მათაც შემოიღეს სკრინინგი ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით. აშშ-ის CFIUS-ს თავიდანვე ეროვნული უსაფრთხოების მანდატი ჰქონდა. გაერთიანებული სამეფოს 2021 წლის „ეროვნული უსაფრთხოებისა და ინვესტიციების აქტი“ ასევე მკაცრად ეროვნულ უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული და არა სხვა ეკონომიკურ რისკებზე.
ევროკავშირის შიგნით, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობისა და დაფუძნების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული ევროკავშირის სამართლით. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ამ კუთხით მკაცრ სტანდარტს იყენებს, რაც მოითხოვს საზოგადოების ფუნდამენტური ინტერესებისთვის რეალური და საკმარისად სერიოზული საფრთხის არსებობას.
იმის გათვალისწინებით, რომ FDI რეგულირება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, განხილვის პროცესები, როგორც წესი, კონფიდენციალურია. საჯაროდ ცნობილია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა და კიდევ უფრო ნაკლებია სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც FDI კანონმდებლობის გამოყენების ფარგლებს განსაზღვრავს.
თუმცა, 2021 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ დაიწყო მოკვლევა, რათა დაედგინა, დაარღვია თუ არა უნგრეთმა ევროკავშირის შერწყმის რეგულაცია, როდესაც დაბლოკა Vienna Insurance Group-ის მიერ ჰოლანდიური მზღვეველის, Aegon-ის აქტივებზე ექსკლუზიური კონტროლის მოპოვება. ტრანზაქცია უნგრეთმა დაბლოკა თავის FDI სკრინინგის რეგულაციაში შეტანილი გადაუდებელი ცვლილებების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გარიგებაზე ნებართვა გასცა ევროკავშირის შერწყმის კონტროლის წესების შესაბამისად. გამოძიების შემდეგ ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის მოსაზრებები მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული და თავსებადი დარჩეს ევროკავშირის შერწყმის რეგულაციასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა საფრთხის ქვეშაა.
სხვა შემთხვევაში, იტალიაში, ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს FDI ორგანოს მიერ გამოცემული აკრძალვის პროპორციულობა ეროვნული უსაფრთხოების რისკთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მხარეებმა რისკების შესამცირებლად მრავალმხრივი ვალდებულებები შესთავაზეს სახელმწიფოს.
პროცესუალური თვალსაზრისით, სულ უფრო ხშირად ხდება საინვესტიციო განაცხადების წარდგენა სპეციალიზებულ FDI მარეგულირებელ ორგანოში (რომელიც ხშირად სამინისტროს ბაზაზეა შექმნილი). მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინების ვალდებულება ფართო წრეს მოიცავს, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის რეალური ინტერესი გაცილებით ვიწროა; შესაბამისად, FDI რეგულაციების ფარგლებში წარდგენილი ტრანზაქციების აბსოლუტური უმრავლესობა ნებართვას ყოველგვარი ჩარევის გარეშე იღებს.
იმ შემთხვევებში, როდესაც რისკების შერბილებაა საჭირო, მარეგულირებლები ხშირად უპირატესობას ქცევითი ხასიათის გამასწორებელ ღონისძიებებს ანიჭებენ. ეს მოიცავს: ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების ან გარკვეული ობიექტების შენარჩუნების ვალდებულებას, ინფორმაციულ ბარიერებს ან შეზღუდვებს ინტელექტუალური საკუთრებისა და ნოუ-ჰაუს სხვა იურისდიქციებში გადაცემაზე. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით ტრანზაქციების დაბლოკვა იშვიათია, თუმცა FDI რეგულაციების შემაკავებელი ეფექტის ზუსტი შეფასება კვლავ რთულია.