რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად (RESALE BELOW COST)

ინსტიტუციური განმარტება

კანონმდებლობა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გადაყიდვის აკრძალვის შესახებ (RBC) წარმოადგენს გადაყიდვის ფასებზე არსებული მარეგულირებელი შეზღუდვების სამი ძირითადი სახეობიდან ერთ-ერთს. დანარჩენი ორი სახეობაა კანონმდებლობა მტაცებლური ბაზრიდან განდევნის შესახებ და კანონმდებლობა გადაყიდვის სავალდებულო მინიმალური ფასის შენარჩუნების თაობაზე. RBC კანონები, როგორც წესი, კრძალავს წამგებიანი სატყუარის სახით გაყიდვებს – ანუ გადაყიდვის ისეთ ფასებს, რომლებიც უფრო დაბალია იმ ფასზე, რაც გადამყიდველმა გადაიხადა პროდუქტში. RBC ფასების სტანდარტები, ძირითადად, განისაზღვრება და აღსრულდება სამთავრობო უწყებების მიერ. RBC ფასის ქვედა ზღვარი სპეციფიკურია თითოეული ინდივიდუალური გადამყიდველის მიერ გაყიდული თითოეული პროდუქტისთვის, გადაყიდვის მიზნით კონკრეტული პროდუქტის შესყიდვის ხარჯებზე დაყრდნობით. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

კომენტარი

კონკურენციის სამართალი ხშირად უკრძალავს მიმწოდებლებს იმ საცალო ფასების შეზღუდვას, რომლითაც მყიდველებმა (გადამყიდველებმა) უნდა მოახდინონ პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაცია (იხ. სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება - RPM). თუმცა, გადამყიდველების მიერ ფასის განსაზღვრის გარკვეული ფორმები შესაძლოა დარეგულირდეს კანონით - მაგალითად, აქციების შეზღუდვის, ფასდაკლებების რეგულირების ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვის გზით.

„დანახარჯი“, როგორც წესი, განიმარტება, როგორც მყიდველის მიერ პროდუქტის შესყიდვისას გაწეული ხარჯი, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა (მაგალითად, იტალია) ასევე უკრძალავს მყიდველებს პროდუქციის რეალიზაციას თავად მიმწოდებლის (მწარმოებლის) მიერ გაწეულ წარმოების დანახარჯზე დაბალ ფასად.

პრაქტიკაში, გადამყიდველმა სტრატეგიული მიზნით შესაძლოა გადაწყვიტოს პროდუქციის დროებით გაყიდვა ზარალით (თვითღირებულებაზე დაბალ ფასად) - მაგალითად, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად ან ახალი პროდუქტის ბაზარზე გასატანად. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კონკურენციას და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასები უზრუნველყოს.

მიუხედავად ამისა, რიგი იურისდიქციები თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციაში ხედავენ კონკურენციის საწინააღმდეგო სტრატეგიას, რომელსაც მსხვილი კომპანიები მცირე კონკურენტების ბაზრიდან განსადევნად იყენებენ.

ზარალით გაყიდვის აკრძალვა შესაძლოა სხვა პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდეს: ბოლო წლებში ზოგიერთმა ქვეყანამ (მაგ. საფრანგეთმა) შემოიღო წესები თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის წინააღმდეგ, რათა გააძლიეროს პირველადი მწარმოებლების პოზიცია მოლაპარაკებებისას და უზრუნველყოს ფერმერებისთვის სამართლიანი ანაზღაურება. მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასაც უკავშირდებოდეს: მაგალითად, გაერთიანებულმა სამეფომ აკრძალა ალკოჰოლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რათა შეზღუდოს მისი ხელმისაწვდომობა ზედმეტად დაბალ ფასებში და თავიდან აიცილოს ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება.

OECD მიიჩნევს, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვა, როგორც წესი, აზარალებს მომხმარებელს, იცავს არაეფექტიან კონკურენტებს და აფერხებს ეკონომიკურ დინამიზმსა და ზრდას.

რაც შეეხება არასაკონკურენციო პოლიტიკის მიზნებს (მაგ. მიმწოდებელთა სამართლიანი ანაზღაურება ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა), OECD აღნიშნავს, რომ ამავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია სხვაგვარი საშუალებებითაც, მომხმარებლისთვის იმ პოტენციური ზიანის მიყენების გარეშე, რასაც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვის აკრძალვა იწვევს.

OECD-ის მსგავსი პოზიცია აქვთ სხვა ანტიმონოპოლიურ ორგანოებსაც. მაგალითად, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია განმარტავს, რომ „კომპანიის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, შეამციროს ფასი თვითღირებულებაზე დაბლა, თავისთავად არ აზიანებს კონკურენციას და, პირიქით, შესაძლოა სწორედ მძაფრი კონკურენციის მაჩვენებელი იყოს“. მომხმარებელი ზარალდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „თვითღირებულებაზე დაბალი ფასი საშუალებას აძლევს დომინანტ სუბიექტს, ბაზრიდან განდევნოს კონკურენტები, რათა შემდგომში ხანგრძლივი ვადით გაზარდოს ფასები საბაზრო დონეზე მაღლა“.

ანალოგიურად, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 102-ე მუხლის თანახმად, მტაცებლური ფასწარმოქმნა უკანონოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საწარმო, რომელსაც ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია.

ევროკომისიის აღსრულების პრიორიტეტების სახელმძღვანელო განმარტავს, რომ კომისია უნდა ჩაერიოს მაშინ, როდესაც „დომინანტი საწარმო ეწევა მტაცებლურ ქცევას იმ მიზნით, რომ ბაზრიდან განდევნოს ერთი ან მეტი ფაქტობრივი თუ პოტენციური კონკურენტი, რათა გააძლიეროს ან შეინარჩუნოს საკუთარი საბაზრო ძალაუფლება, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესებს აზიანებს“.

მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია კომერციული ან კონკურენციის სამართლით რეგულირდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, იაპონიასა და აშშ-ის ცალკეული შტატების დონეზე.

ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოები (მათ შორის ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, იტალია და ესპანეთი) კრძალავენ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას. თუმცა, ამ კანონმდებლობის ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება და ზოგადი თუ კონკრეტული აკრძალვები ხშირად ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს.

გერმანიაში კანონმდებლობა ერთმანეთისგან მიჯნავს საკვებ პროდუქტებსა (რომელთა რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყოველთვის აკრძალულია) და „სხვა პროდუქტებსა თუ კომერციულ სერვისებს“, რომელთა გაყიდვა ზარალით დასაშვებია მხოლოდ „დროებით“ (წელიწადში შეზღუდული ვადით).

როგორც აღინიშნა, ზოგიერთი იურისდიქცია (მაგ. იტალია, ესპანეთი) მყიდველებს უკრძალავს პროდუქციის შესყიდვას ან გადაყიდვას თავად მიმწოდებლის წარმოების დანახარჯზე დაბალ ფასად, რათა უზრუნველყოს ფერმერებისა და მწარმოებლების სამართლიანი ანაზღაურება მიწოდების ჯაჭვში. თუმცა, პრაქტიკაში მყიდველებს შესაძლოა გაუჭირდეთ ამ ნორმის დაცვა, რადგან მათ არ აქვთ საშუალება, გადაამოწმონ მწარმოებლის ხარჯების დეკლარაცია; ხშირ შემთხვევაში კი, მცირე მწარმოებლებმა თავადაც არ იციან საკუთარი წარმოების რეალური თვითღირებულება.

იაპონიის ანტიმონოპოლიური კანონი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას სათანადო გამართლების გარეშე კრძალავს და მას არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკად მიიჩნევს.

აშშ-ში ფედერალურ დონეზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვის საერთო აკრძალვა არ არსებობს, თუმცა მსგავსი ნორმები მოქმედებს ცალკეული შტატების კანონმდებლობაში (მაგ. კალიფორნია, მინესოტა, არკანზასი, ვისკონსინი, ტენესი). მაგალითად, კალიფორნიის კანონი კრძალავს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას, თუ ეს ხდება „კონკურენტების დაზიანების ან კონკურენციის განადგურების მიზნით“.

ევროკავშირის სამართლებრივი რეჟიმი არ კრძალავს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას მთელი გაერთიანების მასშტაბით, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ გამორიცხავს ამ ტიპის რეგულირებას ეროვნულ დონეზე (იმ პირობით, რომ ეროვნული ნორმები არ არის დისკრიმინაციული თავისი შინაარსითა და ფაქტობრივი შედეგებით) [საქმეები C-267/91 და C-268/91, Keck and Mithouard].

მიუხედავად ამისა, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ზოგიერთი ზოგადი ეროვნული აკრძალვა კონკრეტულ შემთხვევებში შეუთავსებელი აღმოჩნდა ევროკავშირის სამართალთან [საქმეები C-343/12, Euronics Belgium; C-295/16, Europamur].

ევროკავშირის დონეზე ამგვარი აკრძალვის დაწესების საკითხი აქტიურად განიხილებოდა (EU) 2019/633 დირექტივის („არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“ - UTP) შემუშავებისას, რომელიც არეგულირებს B2B ურთიერთობებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მიწოდების ჯაჭვში [ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტი (SWD/2018/092) სურსათის მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესების შესახებ].