რწმუნებული (შერწყმა) (TRUSTEE (MERGERS))

შერწყმის კონტექსტში, რწმუნებული არის დამოუკიდებელი მესამე მხარე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), რომელიც ინიშნება შერწყმის ნებართვის გაცემისას დაწესებული სტრუქტურული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და უზრუნველყოფის მიზნით. დანიშვნის პროცესი იურისდიქციების მიხედვით განსხვავდება, თუმცა იგი ყოველთვის ექვემდებარება კონკურენციის ორგანოს დამტკიცებას. რწმუნებული უზრუნველყოფს შერწყმის პირობების მიუკერძოებლად შესრულებას, ანგარიშს წარუდგენს მარეგულირებელ ორგანოს და საჭიროების შემთხვევაში იღებს მაკორექტირებელ ზომებს. რწმუნებულის ინსტიტუტი არის მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს კონცენტრაცია გარკვეული ქცევითი ან/და სტრუქტურული პირობების დაცვით.

ინსტიტუციური განმარტება

რწმუნებული (Trustee) არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინიშნება კონცენტრაციის (შერწყმის) საქმეებში ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. რწმუნებულს ნიშნავენ ის მხარეები, რომლებმაც კომისიას შესთავაზეს ვალდებულებები, თავად კომისიის თანხმობის საფუძველზე. მისი უფლებამოსილებები და მოვალეობები გაწერილია რწმუნებულის მანდატში – შეთანხმებაში რწმუნებულსა და მხარეებს შორის, რომელიც ასევე ექვემდებარება კომისიის მიერ დამტკიცებას. როგორც წესი, რწმუნებულს აქვს უფლებამოსილება, მხარეებს შესთავაზოს და, საჭიროების შემთხვევაში, დააკისროს კიდეც გარკვეული ზომები ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ასევე გააჩნია გამოუხმობადი მანდატი, განახორციელოს გასასხვისებელი ბიზნესის ან ბიზნესების გაყიდვა მინიმალური ფასის დადგენის გარეშე, თუ მხარეები ამას მოცემულ ვადებში თავად ვერ შეძლებენ. © ევროკომისია

კომენტარი

ევროკავშირში, როდესაც კომისია გარკვეული პირობით ამტკიცებს კონცენტრაციას (შერწყმას), დაწესებული პირობებიდან გამომდინარე, მხარეებს შესაძლოა მოეთხოვოთ რწმუნებულის კანდიდატურის წარდგენა, მის უფლებამოსილებათა დეტალური აღწერითა და სამუშაო გეგმის მონახაზითურთ. კომისია ამტკიცებს როგორც რწმუნებულის დანიშვნას, ისე მისი მანდატის პირობებს. კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, შეაფასოს კანდიდატის შესაბამისობა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. დანიშნული რწმუნებული უნდა იყოს დამოუკიდებელი შერწყმის მხარეებისგან, ფლობდეს შესაბამის კვალიფიკაციას და გამორიცხავდეს ნებისმიერ ინტერესთა კონფლიქტს. კომისიას შემუშავებული აქვს რწმუნებულის მანდატის სტანდარტული მოდელი გასხვისების ვალდებულებებისთვის, რომელიც განსაზღვრავს რწმუნებულის როლსა და ფუნქციებს.

შერწყმის საქმეებში განასხვავებენ მონიტორინგის რწმუნებულსა და გასხვისების რწმუნებულს. როდესაც კომისია ამტკიცებს შერწყმას გასხვისების პირობით, მხარეებმა უნდა წარადგინონ ორივე ტიპის რწმუნებულის კანდიდატურა. ვალდებულებათა ხასიათიდან გამომდინარე, მონიტორინგის რწმუნებული და გასხვისების რწმუნებული შესაძლოა იყოს ერთი და იგივე პირი (კომისიის თანხმობით), ხოლო მათი მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებენ თავად შერწყმის მხარეები.

მონიტორინგის რწმუნებული განიხილება, როგორც კომისიის „თვალები და ყურები“ (გამასწორებელ ღონისძიებათა შესახებ ცნობა, პუნქტი 118). ეს არის დამოუკიდებელი მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მართვას და შენარჩუნებას გარდამავალ პერიოდსა და გასხვისების პროცესში. თუ შერწყმის მხარეები ვერ პოულობენ შესაფერის მყიდველს პირველი გასხვისების პერიოდში, მაშინ რწმუნებულის გასხვისების ეტაპზე მას ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ბიზნესის გაყიდვაზე შესაბამისი მყიდველისთვის, მინიმალური ფასის დათქმის გარეშე.

მონიტორინგის რწმუნებულის უფლებამოსილება იწყება კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთანავე და გრძელდება ბიზნესის დამტკიცებულ შემსყიდველზე სამართლებრივ და ფაქტობრივ გადაცემამდე. ქცევითი ვალდებულებების შესახებ სახელმძღვანელო ჩამოთვლის მონიტორინგის რწმუნებულის ხუთ ძირითად ამოცანას:

ზედამხედველობა ბიზნესის შენარჩუნების ღონისძიებებზე შუალედური პერიოდის განმავლობაში;

მონიტორინგი გასასხვისებელი ბიზნესის გამოყოფაზე ძირითადი კომპანიისგან;

მხარეთა ძალისხმევის კონტროლი შესაფერისი მყიდველის მოსაძებნად;

მესამე მხარის საკონტაქტო პირად ყოფნა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით და

კომისიისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა პირობების შესრულების შესახებ.

გლობალურად, პირობითად დაშვებული შერწყმების თითქმის 40% ქცევით გამასწორებელ ღონისძიებებს მოიცავს (Allen & Overy). ვადების გახანგრძლივებისა და ქცევითი ვალდებულებების კომპლექსური ბუნების გამო, ისინი მნიშვნელოვან მონიტორინგს საჭიროებენ, რათა კომისიამ ეფექტიანად შეაფასოს მათი განხორციელება. შესაბამისად, კომისია ითხოვს მონიტორინგის რწმუნებულის დანიშვნას პროცესის ზედამხედველობისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში, მონიტორინგის რწმუნებულს აკისრია არატრადიციული პასუხისმგებლობა რთული და გრძელვადიანი პირობების შესრულებაზე. მაგალითად, Google/Fitbit-ის საქმეში კომისიამ განსაზღვრა, რომ რწმუნებულს უნდა ჰქონდეს „ფართო კომპეტენციები, მათ შორის წვდომა Google-ის ჩანაწერებზე, პერსონალზე, ობიექტებსა თუ ტექნიკურ ინფორმაციაზე“, რათა 10 წლის განმავლობაში აკონტროლოს ვალდებულებების შესრულება. რწმუნებულის ანგარიშგების ვალდებულება ასევე მოიცავდა ინფორმაციის წარდგენას ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიისთვის. გარდა ამისა, მონიტორინგის რწმუნებული ასრულებს პროაქტიულ როლს და სხვა კომპანიებს ტექნიკურ საკითხებში დახმარებას უწევს.

დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროკავშირში, რწმუნებულის კანდიდატების გასამრჯელოს ანაზღაურებენ შერწყმის მხარეები, ხოლო მათ კანდიდატურას ამტკიცებს CMA (კონკურენციისა და ბაზრების უწყება). რწმუნებულის აუცილებელ მახასიათებლებად მიიჩნევა მხარეთაგან დამოუკიდებლობა, კომპეტენტურობა, შესაბამისი კვალიფიკაცია და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა. CMA ასევე აღნიშნავს, რომ რწმუნებული შეიძლება იყოს აუდიტორული კომპანიის, მენეჯმენტ-კონსალტინგის ან სხვა პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენელი. გასხვისებისა და მონიტორინგის რწმუნებულის როლები განსხვავებულია, თუმცა ორივე ფუნქცია შესაძლოა ერთმა პირმა შეასრულოს.

გაერთიანებული სამეფოს შერწყმის კონტროლის რეჟიმში, CMA-ს უფლება აქვს გამოიყენოს დროებითი ღონისძიებები მანამ, სანამ დაასრულებს დაგეგმილი შერწყმის მოკვლევას. ამ შემთხვევაში, უწყებამ შესაძლოა მონიტორინგის რწმუნებულს დაავალოს შუალედური ზომების დაცვის ზედამხედველობა და ანგარიშგება, საჭიროების შემთხვევაში კი - დამოუკიდებელი მენეჯერის როლის შესრულება. დროებითი ზომების დარღვევას შერწყმის მხარეებისთვის შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, 2021 წელს CMA-მ Facebook-ი (ამჟამად Meta) 50,5 მილიონი ფუნტით დააჯარიმა Giphy-ს შეძენის პროცესში სააღსრულებო ბრძანების შეუსრულებლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ Facebook-ი სრულად არ თანამშრომლობდა მონიტორინგის რწმუნებულთან დროებითი ზომების დაცვის საკითხებში. დამოუკიდებელ რწმუნებულს შეერთებულ შტატებში აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები ნიშნავენ და არა თავად მხარეები. მონიტორინგის რწმუნებულის დანიშვნა ყოველთვის სავალდებულო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ტექნიკური ექსპერტიზა არასაკმარისია ან შესაბამისობის მონიტორინგი უწყებებისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს, მხარეებს შეიძლება დაევალოთ მონიტორინგის რწმუნებულის დანიშვნა (DOJ Merger Remedies Manual, გვ. 30).

გასხვისების ვალდებულებებთან დაკავშირებით, აშშ-ის სააგენტოებს აქვთ უფლებამოსილება მოითხოვონ რწმუნებულის დანიშვნა აქტივების გასაყიდად, თუ მხარეები დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფენ გაყიდვის დასრულებას (DOJ Merger Remedies Manual, გვ. 29).

ევროკომისიის მსგავსად, FTC-მაც აღნიშნა, რომ რწმუნებული უწყების პერსონალის „თვალებისა და ყურების“ ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, FTC კანდიდატად ეძებს პირს, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტის არქონასთან ერთად, გააჩნია აქტივების გასხვისების გამოცდილება კონკრეტულ ინდუსტრიაში.