საავტორო უფლება არის ინტელექტუალური საკუთრების ფორმა, რომელიც შემქმნელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებებს მისი ორიგინალური ნაწარმოების გამოხატვაზე. დაცვა ვრცელდება მრავალფეროვან შემოქმედებით ნამუშევრებზე. საავტორო უფლება კრძალავს არა მხოლოდ პირდაპირ კოპირებას, არამედ იმ არაიდენტური ნამუშევრების შემუშავებასა და გავრცელებას, რომლებიც შეიცავს დაცულ შინაარსს. როგორც წესი, ინდივიდუალური საავტორო უფლებები არ გულისხმობს საბაზრო ძალაუფლების ფლობას. უფრო მეტიც, საავტორო უფლებების გამომრიცხავი ძალა შეზღუდულია შესაბამის კანონმდებლობაში არსებული სხვადასხვა დოქტრინით. კონკურენციის საწინააღმდეგო ფარული გარიგების ან ბაზრიდან განდევნის შესახებ შეშფოთება შეიძლება წარმოიშვას საავტორო უფლებებით დაცული მრავალი ნაწარმოების ერთობლივი ლიცენზირების შედეგად. დისტრიბუციის სფეროში არსებულმა ინოვაციებმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა გააძლიეროს ან შეამსუბუქოს ეს რისკები.
საავტორო უფლება არის სამართლებრივი ტერმინი, რომელიც გამოიყენება შემოქმედთა მიერ მათ ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე არსებული უფლებების აღსაწერად. საავტორო უფლებით დაცული ნამუშევრები მოიცავს მრავალფეროვან სფეროს: წიგნებს, მუსიკას, ფერწერას, ქანდაკებასა და ფილმებს, ასევე კომპიუტერულ პროგრამებს, მონაცემთა ბაზებს, რეკლამებს, რუკებსა და ტექნიკურ ნახაზებს. © ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO)
საავტორო უფლება არის ინტელექტუალური საკუთრების ფორმა, რომელიც შემქმნელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ნაწარმოების ორიგინალურ გამოხატვაზე. თუმცა, ნაწარმოებში ასახული ძირითადი იდეები დაცვას არ ექვემდებარება. დაცვა ვრცელდება შემოქმედებით ნამუშევრებზე - დაწყებული წიგნებითა და მუსიკით, დამთავრებული ფილმებითა და კომპიუტერული პროგრამებით. საავტორო უფლება კრძალავს არა მხოლოდ პირდაპირ კოპირებას, არამედ იმ არაიდენტური ნაწარმოებების შემუშავებასა და გავრცელებას, რომლებიც შეიცავს დაცულ შინაარსს.
საავტორო სამართალი გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია კონკურენციის (აშშ-ში ცნობილ ანტიმონოპოლიურ) სამართალთან. იგი უშვებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, შესაძლოა ანტიმონოპოლიური შეშფოთების საფუძველი გახდეს. მაგალითად, დარღვეული საავტორო უფლებების სასამართლო წესით დაცვა კონკურენტის წინააღმდეგ ლეგალურია მაშინაც კი, თუ ამას ფასების ზრდა და პროდუქციის მიწოდების შემცირება მოჰყვება. თუმცა, ინდივიდუალური საავტორო უფლებების უმეტესობა მფლობელს საბაზრო ძალაუფლებას არ ანიჭებს. ისევე, როგორც უძრავი ქონების შემთხვევაში, ობიექტზე სხვისი დაშვების აკრძალვის კანონიერი უფლება სულაც არ გულისხმობს კონკურენტების ბაზრიდან განდევნის შესაძლებლობას ეკონომიკური თვალსაზრისით.
უფრო მეტიც, საავტორო უფლების გამომრიცხავი ძალა შეზღუდულია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა დოქტრინით. ნებისმიერ შემთხვევაში, საავტორო უფლება არ ანიჭებს პრივილეგიას კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის; ისევე, როგორც ჩაქუჩის საკუთრებაში ქონა არ იძლევა მაღაზიის ვიტრინების ჩამტვრევის უფლებას.
როდესაც საავტორო უფლებებით დაცული რამდენიმე ნამუშევრის ლიცენზირება ერთობლივად ხდება, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე კონკურენციის საწინააღმდეგო ფარული გარიგების ან ბაზრიდან განდევნის შესახებ. ეს შეშფოთება თვალსაჩინოა მუსიკისა და კინოინდუსტრიის ანტიმონოპოლიური აღსრულების მაგალითზე. შეერთებულ შტატებში, ორივე ინდუსტრიაში ლიცენზირების პროცესი ისტორიულად იზღუდებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრირებული თანხმობის განკარგულებებით.
ფარული გარიგება: ანტიმონოპოლიური შეშფოთება ფარული გარიგების შესახებ ჩნდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა მფლობელის საავტორო უფლებები ერთიანდება და ლიცენზირდება როგორც ერთიანი პაკეტი. მაგალითად, სიმღერების ავტორებს აქვთ ექსკლუზიური უფლება, ნება დართონ რადიოსადგურებსა და სხვა მომხმარებლებს მათი ნამუშევრების საჯარო შესრულებაზე. როგორც წესი, ავტორები ამ უფლებას გადასცემენ საშემსრულებლო უფლებების მქონე ორგანიზაციებს, როგორიცაა „კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა ამერიკული საზოგადოება“. მსგავსი შეთანხმება ამცირებს საფასო კონკურენციას ავტორებს შორის, თუმცა მას მნიშვნელოვანი სარგებელიც მოაქვს: ადმინისტრირებადი მექანიზმით უზრუნველყოფს ავტორთა კომპენსაციას და მომხმარებლებისთვის ფართო რეპერტუარის ხელმისაწვდომობას.
ანტიმონოპოლიური პასუხისმგებლობის შეფასებისას ერთ-ერთი რელევანტური საკითხია, შესაძლებელია თუ არა PRO (საშემსრულებლო უფლებების ორგანიზაციის) ლიცენზირება განხორციელდეს ისე, რომ შენარჩუნდეს ცენტრალიზებული ადმინისტრირების სარგებელი და, ამავდროულად, თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის ჩახშობა. ეს კვლევა ხშირად განიხილება, როგორც ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივების შეფასება. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა გააადვილა მსგავსი ლიცენზიების ადმინისტრირება, რის გამოც დისტრიბუციის სფეროში არსებულმა ინოვაციებმა, დროთა განმავლობაში, გააძლიერა ანტიმონოპოლიური კონტროლი ამ მიმართულებით.
ბაზრიდან განდევნა: ბაზრიდან განდევნის შესახებ შეშფოთება ჩნდება მაშინ, როდესაც ლიცენზიარი ერთ საავტორო უფლებზე წვდომის პირობად დამატებითი ნამუშევრების ლიცენზირებას აწესებს. მაგალითად, ისტორიულად კინოსტუდიები კინოთეატრებზე ფილმებს პაკეტებად გასცემდნენ. მსგავსი „ბლოკური დაჯავშნა“ გააკრიტიკეს იმ მოტივით, რომ კინოთეატრები იძულებულნი ხდებოდნენ, სასურველ ფილმებთან ერთად არასასურველი პროდუქციაც მიეღოთ, რაც ზღუდავდა დამოუკიდებელი ფილმების დისტრიბუციას. ამ პრაქტიკის დამცველები კი ამტკიცებენ, რომ იგი ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს და განაპირობებს მასშტაბის მნიშვნელოვან ეკონომიას.
კინოინდუსტრიის მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ ამცირებს დისტრიბუციის სფეროში არსებული ინოვაციები ანტიმონოპოლიურ შეშფოთებას. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აშშ-ში „ბლოკური დაჯავშნა“ აკრძალული იყო თანხმობის განკარგულებით. თუმცა, ინტერნეტზე დაფუძნებული სტრიმინგის ზრდამ და მულტიპლექსების გავრცელებამ, რომლებიც სხვადასხვა დისტრიბუტორის ფილმებს აჩვენებენ, შეამსუბუქა ბაზრიდან განდევნის საფრთხე. ინდუსტრიის ევოლუციის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა 2022 წელს ოფიციალურად გაუქმდა.
შერწყმა: როდესაც ერთი კინოსტუდია ან მუსიკალური ლეიბლი საავტორო უფლებების დიდ პორტფელს აკონტროლებს, ის შესაძლოა კონტენტის „აუცილებელ“ მიმწოდებლად იქცეს დისტრიბუტორებისთვის. მაგალითად, თუ მომხმარებელი მოელის, რომ სტრიმინგ სერვისი შესთავაზებს ყოვლისმომცველ კატალოგს, ასეთ ლეიბლს ეძლევა შესაძლებლობა, ვაჭრობისას უფრო მაღალი ფასები მოითხოვოს. თუ ორი ლეიბლის შერწყმა მათ ამგვარ „სავალდებულო“ სტატუსს ანიჭებს და ზრდის გაერთიანებული კომპანიის საბაზრო ძალაუფლებას, ანტიმონოპოლიურმა ორგანომ შესაძლოა მსგავსი გარიგება გაასაჩივროს.
საკითხი შესაძლოა სხვაგვარად დადგეს, თუ ორივე ლეიბლი უკვე ფლობს „სავალდებულო“ სტატუსს. ასეთ შემთხვევაში, ერთი ლეიბლის მუსიკაზე წვდომა მეორეზე წვდომას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბლები კონკურენტები არიან, დისტრიბუტორის თვალსაზრისით, ისინი ურთიერთშევსებად (კომპლემენტარულ) პროდუქტებს სთავაზობენ. როდესაც კომპლემენტები სხვადასხვა მფლობელობაშია, თითოეული კომპანია აწესებს მაღალ ფასს ისე, რომ სრულად ვერ ითვალისწინებს პარტნიორი კომპანიის საფასო პოლიტიკას. შედეგი კი მაღალი ფასები და არაეფექტიანობაა. ამრიგად, „სავალდებულო“ ლეიბლების შერწყმა შესაძლოა მომგებიანიც აღმოჩნდეს. ეს არგუმენტი წარმოადგენს ორმაგი მარგინალიზაციის აღმოფხვრის ვარიაციას, რაც პროკონკურენტულ დასაბუთებად მიიჩნევა.
საავტორო უფლებების დოქტრინის როლი: აქამდე განვიხილეთ, თუ როგორ იცავს ანტიმონოპოლიური სამართალი კონკურენციას საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების ლიცენზირებისას. გარდა ამისა, თავად საავტორო უფლებების დოქტრინა აყალიბებს კონკურენტულ გარემოს ექსკლუზიური უფლებამოსილების შეზღუდვის გზით. ერთ-ერთი ასეთი ლიმიტია სამართლიანი გამოყენება, რომელიც ინოვატორებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ არსებული ნამუშევრები, როგორც „სამშენებლო ბლოკები“ ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ავტორის ნებართვისა თუ ანაზღაურების გარეშე. სამართლიანი გამოყენებისას გამოიყენება მულტიფაქტორული ანალიზი, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მართებულად არის აღწერილი, როგორც „გონივრული სამართლიანობის წესი“. ეს მიდგომა აწონ-დაწონის (სხვა ფაქტორებთან ერთად) ახალი ნამუშევრის ინოვაციურ და კონკურენტულ მახასიათებლებს.
ამ ყოველივეს საილუსტრაციოდ განიხილეთ საქმე Google v. Oracle. სმარტფონებისთვის Android-ის ოპერაციული სისტემის შემუშავებისას, Google-მა Java-ს პროგრამირების პლატფორმიდან ათასობით ხაზი ე.წ. დეკლარირების კოდი გამოიყენა. ამ კოდის კოპირებამ პროგრამისტებს საშუალება მისცა, Android-ისთვის აპლიკაციების შექმნისას Java-ს ბრძანებების შესახებ უკვე არსებული ცოდნა გამოეყენებინათ. უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Google-ის მიერ კოდის კოპირება წარმოადგენდა სამართლიან გამოყენებას, რადგან ახალი პროგრამული პლატფორმის შექმნას ჰქონდა ტრანსფორმაციული მიზანი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ანტიმონოპოლიური მიდგომა ხშირად ეხმიანება ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივების ძიებას - Google-მა გამოიყენა მხოლოდ ის მოცულობა, რაც აუცილებელი იყო პროგრამისტების მიერ Java-ს შესწავლაში ჩადებული ინვესტიციების პორტაბელურობის (გადატანადობის) უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება წინა ნამუშევრებთან კონკურენციას, სასამართლომ დაასკვნა, რომ Java არ იყო სმარტფონებისთვის სიცოცხლისუნარიანი პლატფორმა. სასამართლომ არ განიხილა საავტორო უფლებების ხელმისაწვდომობის სხვა შეზღუდვების გამოყენებადობა - მაგალითად, სამართლიანი გამოყენების პარალელურად, მომხმარებლის ინტერფეისების დაცვის გამომრიცხავი ე.წ. „ოპერაციული მეთოდის“ დოქტრინა. ეს მიდგომა იცავს მესამე მხარის ინვესტიციების პორტაბელურობას სისტემის ათვისების პროცესში და პოტენციურად ხელს უწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას მაშინაც კი, როდესაც ნოვატორი მოქმედი კომპანიის პირდაპირი კონკურენტია.