ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლი კრძალავს შეთანხმებებს ფასის, რაოდენობის, ხარისხისა და გაყიდვის სხვა პირობების შესახებ კომპანიებს შორის ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ დონეზე. ვერტიკალურ შეთანხმებას დისტრიბუციის პირობების შესახებ ხშირად სადისტრიბუციო შეთანხმება ეწოდება. სადისტრიბუციო შეთანხმებები შეიძლება იყოს ორი სახის: ექსკლუზიური დისტრიბუცია და სელექციური დისტრიბუცია. ექსკლუზიური დისტრიბუცია ექსკლუზიური დისტრიბუციის სისტემის ფარგლებში, მომწოდებელი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ დისტრიბუტორს აძლევს მისი პროდუქტის გადაყიდვის უფლებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ან მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფისთვის. აღნიშნულმა შესაძლოა დაარღვიოს TFEU-ს 101(1) მუხლი, თუ იგი მომწოდებელს ანიჭებს აბსოლუტურ ტერიტორიულ დაცვას. სელექციური დისტრიბუცია სელექციური დისტრიბუციის სისტემის ფარგლებში, მომწოდებელი ადგენს გარკვეულ კრიტერიუმებს „ავტორიზებული დისტრიბუტორების“ შესარჩევად. მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორები დააკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, მომწოდებელი აღარ აწვდის პროდუქციას არაავტორიზებულ დისტრიბუტორებს. გარდა ამისა, მომწოდებელი უკრძალავს ავტორიზებულ დისტრიბუტორებს პროდუქტის გადაყიდვას არაავტორიზებული დისტრიბუტორებისთვის. აღნიშნული აკრძალულია TFEU-ს 101(1) მუხლით, თუ იგი არ აკმაყოფილებს Metro I-ის საქმით დადგენილ კრიტერიუმებს. ექსკლუზიური დისტრიბუცია ექსკლუზიური სადისტრიბუციო სისტემის პირობებში, მიმწოდებელი უფლებას აძლევს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ დისტრიბუტორს, მოახდინოს მისი პროდუქციის რეალიზაცია განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში ან მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფში. მსგავსი ხელშეკრულება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს TFEU-ს 101(1) მუხლს, თუ იგი დისტრიბუტორს ანიჭებს სრულ ტერიტორიულ დაცვა. შერჩევითი (სელექციური) დისტრიბუცია შერჩევითი დისტრიბუციის სისტემის პირობებში, მიმწოდებელი ადგენს ობიექტურ კრიტერიუმებს „ავტორიზებული დისტრიბუტორების“ შესარჩევად. მიმწოდებელი პროდუქციას არ აწვდის იმ პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, იგი უკრძალავს ავტორიზებულ დისტრიბუტორებს პროდუქციის გადაყიდვას არაავტორიზებულ პირებზე. მსგავსი სისტემა იკრძალება TFEU-ს 101(1) მუხლით, თუ იგი არ აკმაყოფილებს Metro I-ის საქმით დადგენილ კრიტერიუმებს.
ვერტიკალური შეთანხმებები გულისხმობს შეთანხმებებს, რომლებიც ეხება მომწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის, გაყიდვის ან გადაყიდვის პირობებს და/ან ეხება მყიდველის მიერ იმ საქონლის ან მომსახურების გაყიდვის პირობებს, რომელიც მოიცავს (აერთიანებს) ამ საქონელსა თუ მომსახურებას.
ექსკლუზიური დისტრიბუცია: ექსკლუზიური დისტრიბუციის შესახებ შეთანხმებაში მომწოდებელი თანხმდება, რომ თავისი პროდუქცია გადაყიდვის მიზნით მიჰყიდოს მხოლოდ ერთ დისტრიბუტორს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ამავდროულად, დისტრიბუტორი, როგორც წესი, შეზღუდულია სხვა (ექსკლუზიურად განაწილებულ) ტერიტორიებზე აქტიური გაყიდვების განხორციელებაში. შესაძლო კონკუერნციის დარღვევის რისკები ძირითადად მოიცავს ბრენდშიდა კონკურენციის შემცირებასა და ბაზრის დანაწილებას, რაც, კერძოდ, ხელს უწყობს საფასო დისკრიმინაციას. როდესაც მომწოდებლების უმეტესობა ან ყველა მათგანი იყენებს ექსკლუზიურ დისტრიბუციას, ამან შესაძლოა შეასუსტოს კონკურენცია და ხელი შეუწყოს ფარულ გარიგებებს, როგორც მომწოდებლების, ისე დისტრიბუტორების დონეზე. საბოლოოდ, ექსკლუზიურმა დისტრიბუციამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა დისტრიბუტორების ბაზრიდან განდევნა და ამით შეამციროს კონკურენცია ამავე დონეზე.
სელექციური (შერჩევითი) დისტრიბუცია: სელექციური დისტრიბუციის შესახებ შეთანხმებები, ექსკლუზიური დისტრიბუციის შეთანხმებების მსგავსად, ერთი მხრივ, ზღუდავს ავტორიზებული დისტრიბუტორების რაოდენობას, ხოლო, მეორე მხრივ – გადაყიდვის შესაძლებლობებს. ექსკლუზიური დისტრიბუციისგან განსხვავება ისაა, რომ დილერების რაოდენობის შეზღუდვა დამოკიდებულია არა ტერიტორიების რაოდენობაზე, არამედ შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლებიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია პროდუქტის ბუნებასთან. კიდევ ერთი განსხვავება ექსკლუზიური დისტრიბუციისგან არის ის, რომ გადაყიდვის შეზღუდვა გულისხმობს არა კონკრეტულ ტერიტორიაზე აქტიური გაყიდვების შეზღუდვას, არამედ ნებისმიერი სახის გაყიდვის აკრძალვას არაავტორიზებული დისტრიბუტორებისთვის, რის შედეგადაც შესაძლო მყიდველებად მხოლოდ დანიშნული (ავტორიზებული) დილერები და საბოლოო მომხმარებლები რჩებიან. სელექციური დისტრიბუცია თითქმის ყოველთვის გამოიყენება საფირმო (ბრენდირებული) საბოლოო პროდუქციის დისტრიბუციისთვის. © ევროკომისია
ვინაიდან არსებობს როგორც ექსკლუზიური, ისე შერჩევითი დისტრიბუცია, ქვემოთ განხილული იქნება ზოგადად სადისტრიბუციო ხელშეკრულებები.
მიმწოდებლების პერსპექტივიდან, სადისტრიბუციო ხელშეკრულებებს გარკვეული სარგებელი მოაქვს - კერძოდ, ისინი აზღვევენ მიმწოდებლისა და ზოგიერთი დისტრიბუტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს სხვა ეკონომიკური აგენტების მხრიდან „უფასო სარგებლობის“ რისკისგან. მსგავსი პოზიტიური ეფექტები, როგორც წესი, განპირობებულია ვერტიკალური შეზღუდვებით, რომლებიც დილერებს ტერიტორიულ დაცვას ანიჭებენ.
მეორე მხრივ, სადისტრიბუციო ხელშეკრულებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სადისტრიბუციო ქსელის ჩაკეტვა, რაც ბაზარზე შიდაბრენდული კონკურენციის შემცირებით ვლინდება. მსგავსი ნეგატიური ეფექტები განსაკუთრებით ხშირია მაღალკონცენტრირებულ ოლიგოპოლიურ ბაზრებზე, რომლებიც უაღრესად დიფერენცირებულ პროდუქტებს შეიცავს. ზოგადად, ეს კონკურენციის საწინააღმდეგო გავლენა ფასდება როგორც შიდაბრენდული, ისე ბრენდთაშორისი კონკურენციის ჭრილში. მაგალითად, თუ პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე ბრენდთაშორისი კონკურენცია ისედაც სუსტია, სადისტრიბუციო ხელშეკრულებას შესაძლოა ჰქონდეს უფრო მეტი ტენდენცია, შეამციროს კონკურენცია მთლიანობაში.
ევროკავშირში, TFEU-ს 101(1) მუხლი კრძალავს ვერტიკალურად დაკავშირებულ კომპანიებს შორის ისეთ სადისტრიბუციო შეთანხმებებს, რომლებსაც აქვთ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი სათანადო პროკონკურენტული სარგებლის გარეშე. თუმცა, თუ სისტემის პროკონკურენტული ეფექტი აჭარბებს მიყენებულ ზიანს, მაშინ 101(3) მუხლი ათავისუფლებს ასეთ შეთანხმებას აკრძალვისგან.
ევროკომისიის სახელმძღვანელოში ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ (2022/C 248/01) ასევე აღნიშნულია, რომ „იმ ტერიტორიის ან მომხმარებელთა წრის შეზღუდვა, რომლებზეც მყიდველმა შეიძლება გაყიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ან მომსახურება, შეიცავს გარკვეულ გამონაკლისებს, რომლებიც მიმწოდებელს ექსკლუზიური ან შერჩევითი (სელექციური) სადისტრიბუციო სისტემების ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს“.
სადისტრიბუციო ხელშეკრულებების ტიპები თავდაპირველად განსაზღვრული იყო ევროკავშირის №330/2010 რეგულაციით, ხოლო ამჟამად ისინი რეგულირდება ევროკავშირის №2022/720 რეგულაციის 1-ლი მუხლით (ვერტიკალური ჯგუფური გამონაკლისის ახალი რეგულაცია - VBER), შემდეგნაირად:
„შერჩევითი (სელექციური) სადისტრიბუციო სისტემა“ - სადისტრიბუციო სისტემა, სადაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საკონტრაქტო საქონელი ან მომსახურება, პირდაპირ ან ირიბად, მიჰყიდოს მხოლოდ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ დისტრიბუტორებს; თავის მხრივ, ეს დისტრიბუტორები იღებენ ვალდებულებას, არ მიჰყიდონ აღნიშნული საქონელი ან მომსახურება არაავტორიზებულ დისტრიბუტორებს იმ ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც მიმწოდებელმა ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის გამოყო.
„ექსკლუზიური სადისტრიბუციო სისტემა“ - სადისტრიბუციო სისტემა, სადაც მიმწოდებელი ტერიტორიას ან მომხმარებელთა ჯგუფს ექსკლუზიურად უთმობს საკუთარ თავს ან მაქსიმუმ ხუთ მყიდველს და ზღუდავს ყველა სხვა მყიდველს ამ ექსკლუზიურ ტერიტორიაზე ან მომხმარებელთა ჯგუფზე აქტიური გაყიდვებისგან.
იმის შესაფასებლად, ვრცელდება თუ არა ხელშეკრულებაზე VBER-ით გათვალისწინებული ჯგუფური გამონაკლისი, პირველ რიგში მოწმდება, აღემატება თუ არა მიმწოდებლის ან დისტრიბუტორის ბაზრის წილი 30%-ს. გარდა ამისა, VBER განსაზღვრავს „შეზღუდვებს, რომლებიც გამორიცხავს ჯგუფური გამონაკლისით სარგებლობის შესაძლებლობას“ - ესენია კონკურენციის მძიმე ფორმით შეზღუდვები.
იმის დასადგენად, არის თუ არა სადისტრიბუციო ხელშეკრულება გათავისუფლებული აკრძალვისგან TFEU-ს 101(3) მუხლის საფუძველზე, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ექცევა თუ არა იგი VBER-ით გათვალისწინებული ჯგუფური გამონაკლისის ფარგლებში.
საქმეში Metro I (Metro v Commission, 1977) სასამართლომ განმარტა, რომ წმინდა ხარისხობრივი სადისტრიბუციო სისტემა კონკურენციის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და თავსებადია 101(1) მუხლთან, თუ: „გადამყიდველები შეირჩევიან ობიექტური, ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე; გადამყიდველისა და მისი პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაცია, ისევე როგორც სავაჭრო ობიექტის ვარგისიანობა, ერთნაირად არის დადგენილი ყველა პოტენციური გადამყიდველისთვის და არ გამოიყენება დისკრიმინაციულად“ (პუნქტი 20). აღნიშნული Metro I-ის კრიტერიუმები დღესაც აქტუალურია (მაგალითად, Coty Germany v Parfümerie Akzente, 2017).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეთანხმება არ არის ვალდებული, აუცილებლად აკმაყოფილებდეს Metro I-ის კრიტერიუმებს, რათა მასზე გავრცელდეს VBER-ით გათვალისწინებული ჯგუფური გამონაკლისი. ასევე, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება ვერ ხვდება ჯგუფურ გამონაკლისში, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი არღვევს 101(1) მუხლს.
შეერთებულ შტატებში არც სასამართლოები და არც კონკურენციის ორგანოები არ ეყრდნობიან სადისტრიბუციო ხელშეკრულებების ზემოხსენებულ [ევროპულ] კატეგორიზაციას. სადისტრიბუციო შეთანხმებები შესაძლოა აიკრძალოს შერმანის აქტის (Sherman Act) 1-ლი მუხლით, როგორც ვერტიკალური შეზღუდვა, თუ იგი ზიანს აყენებს კონკურენციას მთლიანობაში (Continental TV v. GTE Sylvania; Leegin Creative Leather Products Inc. v. PSKS Inc.). ზოგადად, სადისტრიბუციო ხელშეკრულებები მიიჩნევა პროკონკურენტულად და ფასდება „გონივრული წესის“ საფუძველზე. ეს დიდწილად განპირობებულია ჩიკაგოს სკოლის გავლენით, რომლის მიხედვითაც, არასაფასო ვერტიკალურ შეზღუდვებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ ისეთი კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც მათ ეფექტიანობას გადაწონიდა.
სინამდვილეში, Sylvania-ს საქმის შემდეგ, აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილებების უმეტესობა „გონივრულ წესს“ იყენებს იმ ვერტიკალურ შეთანხმებებზე, რომლებიც დილერებს ტერიტორიულ ან მომხმარებელთა წრის შეზღუდვებს უწესებს. სასამართლოები, როგორც წესი, აანალიზებენ: (i) შეთანხმების მიზანს; (ii) მის კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტს შესაბამის ბაზარზე და (iii) აწონ-დაწონენ პროკონკურენტულ სარგებელს (ii) პუნქტში აღნიშნულ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტთან მიმართებით (იხ. ABA, Antitrust Law Developments 8th, გვ. 152-157).
იაპონიაში „ვაჭრობა შეზღუდვითი პირობებით“ აკრძალულია იაპონიის ანტიმონოპოლიური აქტის (JAMA) მე-19 მუხლით.
იაპონიის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არასაფასო ვერტიკალური შეზღუდვა მიიჩნევა პროკონკურენტულად, თუ იგი არის „აშკარად გონივრული“ და სხვა დისტრიბუტორების მიმართ არადისკრიმინაციულად გამოიყენება (უზენაესი სასამართლო, 18 დეკემბერი 1998, 52-IX. მინშუ 1866 (შისეიდოს საქმე); 1998 წლის 18 დეკემბერი, 1664 ჰანრეი ჯიჰო 14 (კაოს საქმე)).
იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის სახელმძღვანელო - „სადისტრიბუციო სისტემებისა და ბიზნესპრაქტიკის შესახებ ანტიმონოპოლიური აქტის მიხედვით“ - ასევე ნათლად მიუთითებს, რომ შერჩევითი დისტრიბუციის სისტემის დანერგვა კანონიერია, როდესაც შერჩევის კრიტერიუმები მომხმარებლის პერსპექტივიდან გონივრულია და გამოყენებული კრიტერიუმები ყველა სავაჭრო პარტნიორის მიმართ არადისკრიმინაციულია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან JFTC თავის გაიდლაინებში სადისტრიბუციო ხელშეკრულებების ხსენებისას იყენებს ტერმინს „შერჩევითი (სელექციური) სადისტრიბუციო სისტემა“.