საერთაშორისო თანამშრომლობა (INTERNATIONAL CO-OPERATION)

ინსტიტუციური განმარტება

კონკურენციის პოლიტიკისა და მისი აღსრულების სფეროში თანამშრომლობა გულისხმობს ურთიერთქმედებას ორ (ორმხრივი) ან მეტ ქვეყანას (სამმხრივი, მრავალმხრივი) შორის არსებულ კონკურენციის უწყებებს შორის, რაც მეტწილად არაფორმალური გზით, თუმცა ზოგჯერ ოფიციალური თანამშრომლობის შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ინფორმაციის გაცვლას უწყებების ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ კონკრეტულ ანტიტრესტულ ან კონცენტრაციის (შერწყმის) საქმეებზე, შესაბამისი მიდგომების კოორდინაციას არაერთ საკვანძო საკითხთან მიმართებით (როგორიცაა ბაზრის განსაზღვრა, გამასწორებელი ღონისძიებები და ა.შ.) და ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას აღსრულებით საქმიანობაში. ამ ყოველდღიურ საქმეებთან დაკავშირებული თანამშრომლობის მიღმა, კონკურენციის უწყებები თანამშრომლობენ მრავალმხრივ და საერთაშორისო ფორუმებზე – როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომიტეტი, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციის ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სამუშაო ჯგუფი ვაჭრობისა და კონკურენციის საკითხებზე – პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებების გასაზიარებლად, საუკეთესო პრაქტიკაზე კონსენსუსის მისაღწევად და მათი მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის განკუთვნილ პოლიტიკის რეკომენდაციებზე შესათანხმებლად. © ევროკომისია

კომენტარი

მსოფლიოს 130-ზე მეტ იურისდიქციაში მოქმედებს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები ხშირად საერთო მიზნებს ემსახურება, თითოეული იურისდიქციის განსხვავებულმა საკანონმდებლო სტრუქტურამ, ეკონომიკურმა განვითარებამ და ისტორიამ განაპირობა სხვაობა კონკურენციის სამართალს, ინსტრუმენტებსა და აღსრულების პრაქტიკებს შორის. ვინაიდან ბიზნესსაქმიანობა გლობალურ დონეზე ფართოვდება და სხვადასხვა იურისდიქციის კონკურენციის სააგენტოები სულ უფრო ხშირად აფასებენ ერთსა და იმავე ქცევასა თუ შერწყმას, სასურველია კონკურენციისადმი ერთიანი მიდგომების შემუშავება და აღსრულების თანმიმდევრული შედეგების მიღწევა.

საერთაშორისო თანამშრომლობის (როგორც პოლიტიკის, ისე აღსრულების სფეროში) მეშვეობით, კონკურენციის სააგენტოები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ ერთმანეთთან გამოცდილების გაცვლის მიზნით, რათა უკეთ გაიგონ არსებული განსხვავებები, ხელი შეუწყონ მატერიალურ და პროცედურულ კონვერგენციას საუკეთესო პრაქტიკასთან და თავიდან აიცილონ აღსრულების ურთიერთგამომრიცხავი შედეგები. ამ ძალისხმევას ხშირად ხელს უწყობენ კერძო მხარეები და პრაქტიკოსები.

პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით, კონკურენციის სააგენტოები ამყარებენ ნდობასა და ურთიერთგაგებას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და რეგიონულ თუ მრავალმხრივ ფორუმებზე გამოცდილების გაცვლის გზით. ეს თანამშრომლობა შეიძლება მერყეობდეს შესაძლებლობების განვითარებიდან პროცედურული და მატერიალური მიდგომებისა თუ აღსრულების ახალი საკითხების დეტალურ განხილვამდე. ამგვარი ჩართულობით, საერთაშორისო კონკურენციის საზოგადოებამ გამოავლინა კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომები კონკურენციის პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართ; ასევე, შეიმუშავა და მიიღო მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციები მატერიალური ანტიმონოპოლიური სამართლისა და პროცედურული სამართლიანობის შესახებ ისეთ ფორუმებში, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და საერთაშორისო კონკურენციის ქსელი.

ეს ძალისხმევა საფუძვლად ედება საერთაშორისო კონვერგენციას ჯანსაღი კონკურენციის სამართლისა და აღსრულებისკენ. კონკურენციის სამართლის, პოლიტიკისა და პროცედურებისადმი იურისდიქციებს შორის არსებული თანმიმდევრული მიდგომები ხელს უწყობს სააგენტოებს შორის აღსრულების სფეროში თანამშრომლობას. რამდენადაც ორგანოები მსგავს ანალიტიკურ და პროცედურულ მიდგომებს ავითარებენ, აღსრულების ურთიერთგამომრიცხავი შედეგების ალბათობაც მცირდება. გარდა ამისა, პოლიტიკის დაახლოების მცდელობები აუმჯობესებს სააგენტოებს შორის ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ სტიმულს აძლევს აღსრულების პროცესში თანამშრომლობას.

აღსრულების სფეროში თანამშრომლობა საგრძნობლად შეიცვალა მისი დაარსებიდან, თითქმის სამოცი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა იმ კონფლიქტების სამართავად, რომლებიც ერთი უწყების მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ექსტრატერიტორიული გამოყენებისას წარმოიშობოდა. მას შემდეგ, აღსრულების სფეროში თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება და იხვეწება, რადგან კონკურენციის სააგენტოები და კანონები სულ უფრო მეტად ფოკუსირდებიან საერთო მიზნებზე. თანამედროვე თანამშრომლობა საშუალებას აძლევს უწყებებს, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხს იძიებენ, გამოავლინონ საერთო ინტერესის სფეროები, გაამარტივონ მოკვლევა, გააუმჯობესონ ანალიზი და თავიდან აიცილონ ურთიერთგამომრიცხავი შედეგები.

აღსრულების სფეროში თანამშრომლობა ძირითადი საშუალებაა ცალკეული სააგენტოს გამოძიების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, თანმიმდევრული შედეგების მისაღებად და ადმინისტრაციული ტვირთის შესამცირებლად, როგორც ბიზნესსექტორისთვის, ისე აღმასრულებელი უწყებებისთვის. რამდენადაც ბიზნესტრანზაქციები და ქმედებები სულ უფრო მეტად სცილდება ეროვნულ საზღვრებს, ხოლო იმ სააგენტოების რაოდენობა, რომლებიც ერთსა და იმავე ტრანზაქციებს აფასებენ, იზრდება, ძლიერდება აღსრულების სფეროში თანამშრომლობის საჭიროებაც. OECD/ICN-ის ბოლო ერთობლივმა ანგარიშმა გამოავლინა მუდმივი ტენდენცია კონკურენციის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაზრდისკენ აღსრულების ყველა სფეროში - იქნება ეს შერწყმა, კარტელები თუ ცალმხრივი ქცევა.

კონკურენციის სააგენტოები ნებაყოფლობით აფორმებენ შეთანხმებებს აღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ასეთი თანამშრომლობის ბუნება დამოკიდებულია ინდივიდუალური საქმის საჭიროებებზე: მაგალითად, იწვევს თუ არა მოკვლევა ინტერესთა გადაკვეთას, წარმოშობს თუ არა ტრანსსასაზღვრო შეშფოთებას, ან მოახდენს თუ არა ერთი სააგენტოს მიერ შერჩეული გამოსასწორებელი ღონისძიება გავლენას მეორეზე. აღსრულების სფეროში თანამშრომლობა შეიძლება მერყეობდეს პარტნიორი ორგანოების უბრალო ინფორმირებიდან - მოკვლევის ეტაპების, მატერიალური საკითხების რეგულარულ, დეტალურ განხილვამდე, ინფორმაციის გაცვლამდე, ერთობლივი ინტერვიუების ჩატარებამდე, გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება-განხორციელების კოორდინაციასა და საგამოძიებო დახმარებამდე (იხ. აშშ-ის საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებები, მე-5 თავი). ანალოგიურად, თუ საკითხზე რამდენიმე უწყება მუშაობს, თანამშრომლობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს სააგენტოებს შორის, თითოეულ იურისდიქციაში მოკვლევის ინტენსივობისა და კონკურენტული გავლენის მიხედვით.

სააგენტოების მიერ განხორციელებული ნებისმიერი თანამშრომლობა უნდა შეესაბამებოდეს მათ შიდა კანონმდებლობას, განსაკუთრებით კონფიდენციალურობისა და პრივილეგირებული ინფორმაციის დაცვის კუთხით. თანამშრომლობის დაწყებამდე სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ საერთო ხედვა გაზიარებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმების შესახებ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს ოფიციალურ ხელშეკრულებებს ან ნაკლებად ფორმალურ დოკუმენტებს, როგორიცაა ურთიერთგაგების მემორანდუმები, OECD-ის თანამშრომლობის რეკომენდაცია და ICN-ის შერწყმის მიმოხილვის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი.

საყოველთაო პრაქტიკით, სააგენტოები ხშირად ცვლიან საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ისევე როგორც „შიდასაუწყებო კონფიდენციალურ“ ინფორმაციას. ეს არის მონაცემები, რომელთა გამჟღავნება კანონით აკრძალული არ არის, თუმცა ისინი ჩვეულებრივ არასაჯაროდ მიიჩნევა (მაგალითად: მოკვლევის დაწყების ფაქტი, საქმის ანალიზის მეთოდოლოგია, პროდუქტის და გეოგრაფიული ბაზრის განსაზღვრა, კონკურენტული ეფექტების შეფასება და პოტენციური გამოსასწორებელი ღონისძიებები). ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის ინფორმაციის გაცვლა სრულად აკმაყოფილებს სააგენტოებს შორის თანამშრომლობის საჭიროებებს.

უფრო ღრმა თანამშრომლობისას, სააგენტოებმა შეიძლება მოითხოვონ კონფიდენციალური ბიზნესინფორმაციის გაცვლა. ეს არის მხარეებისგან ან მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაცია, რომლის საიდუმლოება კანონმდებლობითაა დაცული. სააგენტოებს ასეთი ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვაზე უარის თქმის საფუძველზე (ეს არის მხარის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტი - Waiver, რომელიც ორ ან მეტ საგამოძიებო ორგანოს აძლევს უფლებას, გააზიარონ მისი კონფიდენციალური მონაცემები) ან სპეციალური საკანონმდებლო დებულების მეშვეობით. ზოგიერთი რეგიონული აღსრულების ქსელი ასევე ითვალისწინებს ამ ტიპის გაზიარებას, მაგალითად, ევროპის კონკურენციის ქსელი ევროკავშირის კონკურენციის წესების გამოყენებისას (საბჭოს რეგულაცია 1/2003, მუხლი 12).

პრაქტიკული თვალსაზრისით, აღსრულების სფეროში თანამშრომლობა ყველაზე ეფექტიანია, როდესაც პერსონალს შესაძლებლობა ეძლევა, მატერიალურ საკითხებზე მსჯელობაში გამოძიების საკვანძო ეტაპებზე ჩაერთოს. ამას ხშირად ხელს უწყობს ადრეული კომუნიკაცია, მათ შორის იმ მხარეებთან, რომლებსაც შეუძლიათ დროულად განსაზღვრონ შეტყობინებების (ნოტიფიკაციების) წარდგენის ვადები კოორდინაციის ოპტიმიზაციის მიზნით. ადრეული კომუნიკაცია და კოორდინაცია გადამწყვეტია თანამშრომლობის საწყის ეტაპზე და მას შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი გამოსასწორებელი ღონისძიებების პაკეტის შემუშავებას, რომელიც ყოვლისმომცველად პასუხობს რამდენიმე უწყების შეშფოთებას (ან პირიქით - შესაძლოა ერთმა ორგანომ უარი თქვას ჩარევაზე მეორის სასარგებლოდ).

სააგენტოებმა თანამშრომლობის ძირითადი მიდგომები ჩამოაყალიბეს პრაქტიკულ ინსტრუმენტებში, სასწავლო მასალებსა და საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოებში, რომლებიც შემუშავებულია როგორც ორმხრივად, ისე ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფორმატში, როგორიცაა ICN, OECD და UNCTAD. (იხ. მაგ.: აშშ-ევროკავშირის შერწყმის სფეროში თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, ICN-ის ლმობიერების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის სახელმძღვანელო და UNCTAD-ის თანამშრომლობის სახელმძღვანელო პრინციპები). სააგენტოები კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას საგამოძიებო დახმარების მოთხოვნისა და კონფიდენციალური მასალების გაცვლის მიზნით. ეს საკითხები განიხილება პოლიტიკის დიალოგისა და აღსრულების კონტექსტში, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის ორივე მხარის ურთიერთდახმარების ხასიათს.