სავალდებულო ლიცენზია (Compulsory License)

სავალდებულო ლიცენზირება ეხება სიტუაციას, როდესაც კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა მესამე მხარეს მიანიჭოს ინტელექტუალური საკუთრების უფლების არაექსკლუზიური ლიცენზია გამოგონების დასამზადებლად, გამოსაყენებლად ან გასაყიდად. ამ დროს უფლების მფლობელს უხდება შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა იგი ინარჩუნებს სამართლებრივ უფლებებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე. ამრიგად, სავალდებულო ლიცენზირება წარმოადგენს გამონაკლისს იმ ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან, რომლითაც ჩვეულებრივ სარგებლობს მესაკუთრე. სავალდებულო ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია TRIPS-ის შეთანხმებაში, პარიზის კონვენციასა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ საკანონმდებლო სისტემებში. ვინაიდან სავალდებულო ლიცენზირება გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებაში ჩარევას, ამ კონცეფციის ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს. გამონაკლის შემთხვევებში, კონკურენციის უწყებამ შესაძლოა დააწესოს ინტელექტუალური საკუთრების (ან ანალოგიური) უფლებების სავალდებულო ლიცენზირება, როდესაც ამ უფლებაზე წვდომის აკრძალვა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

ინსტიტუციური განმარტება

სავალდებულო ლიცენზია არის ეროვნული ორგანოს (მინისტრის, პატენტის ეროვნული ოფისის და ა.შ.) მიერ პირისთვის გაცემული ნებართვა დაპატენტებული პროდუქტის ან პროცესის გამოყენებისა და ექსპლუატაციის თაობაზე, პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე. სავალდებულო ლიცენზირება წარმოადგენს გამონაკლისს საპატენტო სამართლის ძირითადი პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც პატენტის მფლობელს აქვს ექსკლუზიური უფლება, გასცეს თავისი დაპატენტებული გამოგონების გამოყენების ნებართვა. სავალდებულო ლიცენზიების გაჩენა უკავშირდება საპატენტო კანონმდებლობაში არსებულ ისტორიულ ვალდებულებებს დაპატენტებული გამოგონების ადგილობრივად „დამუშავების“ (ანუ წარმოებისა და ბაზარზე რეალიზაციის) შესახებ. დროთა განმავლობაში, სავალდებულო ლიცენზიები სხვა შემთხვევებზეც გავრცელდა. სავალდებულო ლიცენზირების სხვა ტიპური საფუძვლები უკავშირდება გამონაკლისი ხასიათის გარემოებებს, როგორიცაა საპატენტო უფლებების ბოროტად გამოყენება, საგანგებო მდგომარეობა, საზოგადოებრივი ინტერესი (მაგ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა), დამოკიდებული პატენტები ან კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკა. © ევროკომისია

კომენტარი

ტერმინი „სავალდებულო ლიცენზირება“ აღწერს სიტუაციას, როდესაც მარეგულირებელ ორგანოებს ან მთავრობას შეუძლიათ გასცენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე (მაგალითად, კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის პატენტზე) სავალდებულო ლიცენზია უფლების მფლობელის ნებისა და თანხმობის გარეშე.

სავალდებულო ლიცენზირების თანამედროვე საერთაშორისო კოდიფიკაცია სათავეს იღებს „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ (1883 წ.) 5A(2) მუხლიდან, რომლის თანახმადაც: „კავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს საკანონმდებლო ზომები სავალდებულო ლიცენზიების გასაცემად, რათა თავიდან იქნას აცილებული პატენტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებების შესაძლო ბოროტად გამოყენება“.

ჩვეულებრივ პირობებში, ინტელექტუალური საკუთრების უფლების კანონიერი მფლობელი (პატენტების, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის უფლებისა და სხვ.) სარგებლობს თავისუფლებით, თავად გადაწყვიტოს, ვისთან აწარმოოს ბიზნესი ან ვისზე გასცეს ლიცენზია. თუმცა, სავალდებულო ლიცენზირებისას კომპეტენტური ორგანო მესამე მხარეს ანიჭებს დაცული ობიექტის გამოყენების არაექსკლუზიურ უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ უფლების მფლობელის თანხმობა არ არსებობს.

ინტელექტუალური საკუთრების ექსკლუზიური უფლებებიდან და სახელშეკრულებო თავისუფლებიდან ეს გამონაკლისი სხვადასხვა სახელწოდებით არის კოდიფიცირებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. WIPO-ს კვლევის თანახმად, სავალდებულო ლიცენზიის მინიჭების ყველაზე გავრცელებულ საფუძვლებს წარმოადგენს: დაპატენტებული გამოგონების გამოუყენებლობა ან არასაკმარისი გამოყენება, გონივრული პირობებით ლიცენზიის გაცემაზე უარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეროვნული უსაფრთხოება, კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკა ან არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ასევე ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და გადაუდებელი აუცილებლობა (WIPO, 2014).

სხვა იურისდიქციებისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებს ფედერალურ კანონმდებლობაში არ გააჩნია სავალდებულო ლიცენზირების ზოგადი წესი, გარდა 28 U.S.C. § 1498-ით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს დებულება უფლების მფლობელებს, რომელთა ინტელექტუალური საკუთრება ნებართვის გარეშე გამოიყენა ფედერალურმა მთავრობამ ან მისმა კონტრაქტორმა, აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ „გონივრული და სრული კომპენსაცია“ აშშ-ის ფედერალურ საჩივრების სასამართლოში. თავის მხრივ, 1980 წლის ბაიჰ-დოლის აქტი (35 U.S.C. § 203) ფედერალურ მთავრობას ანიჭებს ე.წ. „მარშის უფლებას“ (March-in rights) იმ პატენტებთან მიმართებით, რომელთა გამოგონებაც გარკვეული ფედერალური დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

სავალდებულო ლიცენზირების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო-სამართლებრივი საფუძველი, ასეთი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნები და უფლების მფლობელის სტატუსი მოცემულია 1994 წლის TRIPS-ის შეთანხმებაში (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები). TRIPS-ის მიხედვით, სავალდებულო ლიცენზირების შესახებ უნდა ეცნობოს TRIPS-ის საბჭოს, ხოლო დავის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, მიმართონ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის ორგანოს.

შესაბამისი სამართლებრივი შინაარსი, რომელიც პარიზის კონვენციის 5A(2) მუხლს ეფუძნება, ასახულია TRIPS-ის 31-ე მუხლში. იგი სავალდებულო ლიცენზირებას განმარტავს, როგორც „ობიექტის გამოყენებას უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე“, 31-ე (a-l) მუხლებით დადგენილი კონკრეტული პირობების დაცვით. აღსანიშნავია, რომ TRIPS-ის შეთანხმება ამომწურავად არ ჩამოთვლის იმ მიზეზებს, რომლებიც სავალდებულო ლიცენზირების საფუძველი შეიძლება გახდეს და არც მხოლოდ „ეროვნული საგანგებო მდგომარეობით“ შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში სავალდებულო ლიცენზირების საფუძვლად სულ უფრო ხშირად განიხილება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული კონკურენციის საწინააღმდეგო დარღვევები.

1994 წელს TRIPS-ის შეთანხმების ამოქმედებამ და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გლობალურმა ჰარმონიზაციამ გაამწვავა დებატები სავალდებულო ლიცენზირების შესახებ. ეს პროცესი დაემთხვა აივ/შიდსის კრიზისს, რამაც განვითარებად ქვეყნებში ფარმაცევტული ხარჯების ზრდა და პატენტების დაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას შორის ბალანსის საჭიროება გამოიწვია.

მაგალითად, 2005 წლამდე ინდოეთი არ აღიარებდა პატენტებს მედიკამენტებზე, რამაც ხელი შეუწყო ძლიერი გენერიკული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას. ეს სექტორი აწარმოებდა დაპატენტებული მედიკამენტების ანალოგებს და ქვეყანამ მოიპოვა „მესამე სამყაროს აფთიაქის“ სტატუსი. ვითარება შეიცვალა TRIPS-ის შეთანხმების სრულად ამოქმედების შემდეგ, როდესაც წევრ ქვეყნებს პატენტების დაუცველობის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანქციები დაემუქრა. ამავდროულად, დადასტურდა, რომ თითოეულ წევრს აქვს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის უფლება და თავისუფლება, თავად განსაზღვროს მისი გაცემის საფუძვლები (დოჰას მინისტრთა დეკლარაცია, 2001 წელი, პუნქტი 5b).

მიუხედავად ამისა, TRIPS-ის 31(f) მუხლი ადგენდა, რომ სავალდებულო ლიცენზირება ნებადართული უნდა ყოფილიყო უპირატესად იმ წევრის შიდა ბაზრის მოსამარაგებლად, რომელიც გასცემდა ნებართვას. ვინაიდან ბევრ განვითარებად ქვეყანას არ გააჩნდა წარმოების შესაძლებლობები, დოჰას დეკლარაციამ გზა გაუხსნა ამ ქვეყნებში მედიკამენტების ექსპორტს. მოგვიანებით, 2017 წელს, TRIPS-ის შეთანხმებაში შევიდა ცვლილება (ახალი მუხლი - 31bis), რომელმაც ეს რეჟიმი მუდმივ საფუძველზე დაამკვიდრა.

ვინაიდან ევროკავშირი, წევრი ქვეყნების გარდა, თავადაც არის TRIPS-ის შეთანხმების მხარე, თეორიულად ევროკომისიას უნდა შეეძლოს სავალდებულო ლიცენზირების პროცესის ინიციირება. თუმცა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეროვნული ხასიათის გამო, ევროკომისია აქამდე მიიჩნევდა, რომ ასეთი მიდგომა პრაქტიკულად არ იყო განხორციელებადი. რაც შეეხება კონკურენციის სამართალს, გამონაკლის შემთხვევებში ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიის გაცემაზე უარი შესაძლოა კვალიფიცირდეს როგორც კანონდარღვევა - კერძოდ, TFEU-ს 102-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც კრძალავს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. Magill-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროკომისიამ გამოსცა ბრძანება საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების სავალდებულო ლიცენზირების შესახებ.

გასაჩივრებისას მოსარჩელემ ეჭვქვეშ დააყენა კომისიის სამართლებრივი მანდატი და ამტკიცებდა, რომ სავალდებულო ლიცენზირების ვალდებულების დაკისრება მხოლოდ იმ ეროვნული იურისდიქციების კომპეტენცია იყო, რომლებმაც თავდაპირველად გასცეს საავტორო უფლებები. სასამართლომ ეს არგუმენტი უარყო და განმარტა, რომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დადგენის შემდეგ, კომისიას (მე-17 რეგულაციის მე-3 მუხლის, ამჟამად კი 1/2003 რეგულაციის საფუძველზე) ჰქონდა უფლებამოსილება, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალებინა მხარისთვის საავტორო უფლებებით დაცული მასალების მიწოდება მომთხოვნი პირებისთვის. IMS Health-ის საქმეში კომისიამ კვლავ გასცა დაცულ ობიექტზე წვდომის ბრძანება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ლუქსემბურგის სასამართლომ გააუქმა. ხოლო Microsoft-ის საქმეში, კომისიამ დაავალდებულა კომპანია, პროგრამული უზრუნველყოფის სხვა მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა თავსებადობისთვის საჭირო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო ლიცენზირების საკითხი ძირითადად განვითარებად ქვეყნებთან კონტექსტში განიხილება, ბოლო ათწლეულის გამოცდილება მიუთითებს ამ მექანიზმის მზარდ გამოყენებასა თუ მისი გამოყენების მზაობაზე ისეთი განვითარებული ქვეყნების მიერ, როგორიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუსეთი და აშშ. შესაბამისად, სავალდებულო ლიცენზირება მძაფრი დებატების საგნად იქცა.