დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების “ექსკლუზიურ” (ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებულ ქმედება) ქმედებებს შორის, საკუთარი თავისთვის უპირატესობის მინიჭება ისეთი სახის ქმედებაა, რომელიც ბოროტად გამოყენების ბერკეტის უფრო ზოგად კატეგორიას მიეკუთვნება. იგი გულისხმობს, რომ ეკონომიკური აგენტი ბოროტად იყენებს თავის დომინანტურ მდგომარეობას მოცემულ ბაზარზე, რათა ეს პოზიცია მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ (ზედა, ქვედა ან მომიჯნავე) ბაზარზე განავრცოს, რაც ამ უკანასკნელ ბაზრებზე არსებულ კონკურენტებს აზიანებს. კერძოდ, დომინირებულ ბაზარზე არსებული საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით, დომინანტი საწარმო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ პროდუქტს არადომინირებულ ბაზარზე. ობიექტური გამართლების ან ეფექტიანობის მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ამან შესაძლოა ბაზრიდან განდევნის (ექსკლუზიური) ეფექტი გამოიწვიოს.
საკუთარი სერვისისთვის უპირატესობის მინიჭება (ფორმალურად) შედარებით ახალი ტიპის სამართალდარღვევაა, რომელიც ხშირად ასოცირდება ციფრული პლატფორმების საბაზრო ძალაუფლებასთან და მათი ვერტიკალური თუ კონგლომერატული ინტეგრაციიდან გამომდინარე რისკებთან.
Google Search (Shopping)-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (2017), ევროკომისიამ დაადგინა, რომ Google-მა ბოროტად გამოიყენა დომინანტური მდგომარეობა ცამეტ ეროვნულ ბაზარზე ზოგადი საძიებო სერვისების სეგმენტში. ეს გამოიხატებოდა საკუთარი ფასების შედარების სერვისის პოზიციონირებასა და მომხმარებლისთვის მის უფრო ხელსაყრელ ჩვენებაში. კერძოდ, კონკურენტი ფასების შედარების სერვისები მხოლოდ ზოგადი ძიების შედეგების სახით ჩნდებოდა, რაც მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახებოდა. ამის საპირისპიროდ, Google-ის საკუთარი ფასების შედარების სერვისი თვალსაჩინო ადგილას, სპეციალურ ფორმატში იყო განთავსებული.
ამგვარმა ქმედებამ შეამცირა ტრაფიკი Google-ის ზოგადი ძიების გვერდებიდან კონკურენტ სერვისებზე, ხოლო თავად Google-ის სერვისისკენ მიმავალი ტრაფიკი გაზარდა. აღნიშნულს შესაძლოა გამოეწვია კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი ფასების შედარების სერვისების ეროვნულ ბაზრებზე. ევროკომისია ამტკიცებდა, რომ TFEU-ს 102-ე მუხლი კრძალავს ამგვარ ბოროტად გამოყენებას (გადაწყვეტილების 334-ე პუნქტი). მიუხედავად ამისა, კომისიას Google-ის ქცევა არ დაუკვალიფიცირებია, როგორც რომელიმე ცნობილი ბერკეტის პრინციპზე დაფუძნებული პრაქტიკა და უარყო კომპანიის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქცევა სამართალდარღვევად მხოლოდ Bronner-ის საქმეში (C-7/97) დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩაითვლებოდა.
ამ დასკვნას დაეთანხმა ევროკავშირის საერთო სასამართლო 2021 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც ძალაში დატოვა კომისიის დადგენილება. 2024 წლის სექტემბერში კი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ საბოლოოდ უარყო Google-ის აპელაცია და ძალაში დატოვა 2.42 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა. სასამართლომ განმარტა, რომ ბერკეტის პრინციპი არის ზოგადი ტერმინი იმ ზემოქმედების აღსაწერად, რომელიც შესაძლოა ერთ ბაზარზე განხორციელებულმა პრაქტიკამ მეორე ბაზარზე მოახდინოს; ეს ტერმინი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ ქმედებას, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდეს როგორც ბოროტად გამოყენება - მაგალითად, პროდუქტების მიბმა ან გარიგებაზე უარის თქმა (პუნქტი 163).
იმის გათვალისწინებით, რომ დომინანტური მდგომარეობის ფლობა, როგორც ასეთი, არ არის აკრძალული TFEU-ს 102-ე მუხლით და დომინანტურ საწარმოზე დაკისრებული სპეციალური პასუხისმგებლობის რეალური ფარგლები თითოეული შემთხვევის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს (პუნქტი 165), პრაქტიკა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ბოროტად გამოყენებად მაშინაც კი, თუ იგი არ მიეკუთვნება ევროკომისიისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში უკვე დამკვიდრებულ კატეგორიებს.
ამის საფუძველზე, სასამართლო არ დაეყრდნო რომელიმე კონკრეტულ ტესტს Google-ის ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაციისთვის, არამედ მიუთითა, რომ საქმის კონკრეტული გარემოებების ანალიზი ფუნდამენტურია იმის შესაფასებლად, გადაუხვევს თუ არა დომინანტი საწარმოს ქცევა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს ყოველგვარი ობიექტური დასაბუთებისა და ეფექტიანობის მტკიცებულების გარეშე.
2021 წლის ნოემბერში, იტალიის კონკურენციის ორგანომ დააჯარიმა Amazon-ი იტალიის ელექტრონული კომერციის შუამავალი მომსახურების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის. კომპანიამ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება გამოიყენა Amazon.it-ზე მოქმედი გამყიდველების მიერ Amazon-ისავე ლოჯისტიკური სერვისის დანერგვის სტიმულირებისთვის, კონკურენტი ოპერატორების საზიანოდ.
უფრო კონკრეტულად, Amazon-მა გამყიდველების წვდომა იმ ექსკლუზიურ უპირატესობებზე, რომლებიც აუცილებელია პლატფორმაზე ხილვადობის მოსაპოვებლად და გაყიდვების გასაზრდელად, დაუკავშირა Amazon-ის ლოჯისტიკური სერვისის შესყიდვას. ამ შეღავათებს შორის იყო ის გარემოება, რომ გამყიდველები, რომლებიც იყენებდნენ Amazon-ის ლოჯისტიკას, არ ექვემდებარებოდნენ შესრულების იმ მკაცრ ინდიკატორებს, რომლებსაც კომპანია სხვა გამყიდველებს უწესებდა.
ეს, FBA-ს მომხმარებელი გამყიდველებისთვის Prime სტატუსის მინიჭებასთან ერთად, მათ აძლევდა ე.წ. Buy Box-ის მოგების დიდ ალბათობას, რაც Amazon-ზე მომხმარებელთა შესყიდვების უდიდეს ნაწილს განაპირობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Amazon-მა უპირატესობა მიანიჭა საკუთარ ლოჯისტიკურ სერვისს, პარალელურად კი პლატფორმას კონკურენტი ლოჯისტიკური სერვისების მუშაობის მონიტორინგისთვის იყენებდა (გადაწყვეტილების 745-749 პუნქტები)“.
საკუთარი სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას ასევე აწესრიგებს ევროკავშირის 2022/1925 რეგულაცია (ციფრული ბაზრების აქტი - DMA), რომელიც „მცველის“ ფუნქციის მქონე პლატფორმებს აკისრებს ვალდებულებებს, რომლებიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკის კვალდაკვალ.
„გეითქიფერები“ ხშირად ვერტიკალურად ინტეგრირებული სუბიექტები არიან (პრეამბულის 51-ე პუნქტი) და მათ ეკრძალებათ „ჩაერთონ ნებისმიერი სახის დიფერენცირებულ ან შეღავათიან მოპყრობაში ძირითადი პლატფორმის სერვისების რეიტინგის განსაზღვრისას და მასთან დაკავშირებულ ინდექსირებაში - იქნება ეს იურიდიული, კომერციული თუ ტექნიკური საშუალებებით - იმ პროდუქტებისა და სერვისების სასარგებლოდ, რომლებსაც თავად სთავაზობენ მომხმარებელს ან ახორციელებენ მათ მიერ კონტროლირებადი ბიზნესმომხმარებლის მეშვეობით“ (პრეამბულის 52-ე პუნქტი).
აშკარაა, რომ ციფრული ბაზრების აქტით (DMA) მოქმედებს საკუთარი სერვისისთვის უპირატესობის მინიჭების აკრძალვის მკაცრი წესი. ამავდროულად, ანტიმონოპოლიური აღსრულების მიდგომა კვლავ ეფუძნება ევროკომისიისა და საერთო სასამართლოს პრინციპებს, როგორც ეს ჩამოყალიბდა Google Search (Shopping)-ის გადაწყვეტილებასა და შემდგომ განაჩენში, რომლის მიხედვითაც, საკუთარი სერვისისთვის უპირატესობის მინიჭება თავისთავად არ არის ბოროტად გამოყენება, თუ მას არ გააჩნია კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი“.
„გეითქიფერები“ (Gatekeepers) ამ შესაძლებლობის არმიცემით, „ციფრული ბაზრების აქტი“ გამორიცხავს საკუთარი სერვისისთვის უპირატესობის მინიჭების პოტენციური პროკონკურენტული მახასიათებლების გათვალისწინებას საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. რეგულაციის მე-6 მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში, მხოლოდ ევროკომისიას შეუძლია დააკონკრეტოს ის ზომები, რომლებიც შესაბამისმა „გეითქიფერმა“ უნდა გაატაროს ვალდებულების ეფექტიანად შესასრულებლად (რეგულაციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი).
შეერთებულ შტატებში ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა გააძლიერეს ზედამხედველობა ციფრულ ბაზრებზე არსებული ანტიმონოპოლიური რისკების მიმართ. მათ სააღსრულებო პრიორიტეტად აქციეს იმ დისკრიმინაციული სტრატეგიების აღკვეთა, რომლებსაც ციფრული პლატფორმები საბაზრო ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ, მათ შორის - საკუთარი სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭება. ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკასთან დასაპირისპირებლად, აშშ-ის კონგრესში წარდგენილ იქნა კანონპროექტი „ამერიკის ინოვაციებისა და ონლაინ არჩევანის შესახებ“ (S. 2992 –117-ე კონგრესი), რომელიც გარკვეულ მსხვილ ონლაინ პლატფორმებს უკრძალავს კონკრეტულ ქმედებებს, მათ შორის - საკუთარი პროდუქტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და სხვა ბიზნესსუბიექტების კონკურენტი პროდუქტების პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის უსამართლო შეზღუდვას.