სასამართლოს მეგობარი (AMICUS CURIAE)

Amicus Curiae ნიშნავს „სასამართლოს მეგობარს“. ზოგიერთ იურისდიქციაში ეს ინსტიტუტი ცნობილია, როგორც „მესამე პირის ჩარევა“. Amicus Curiae არის პირი, რომელიც არ წარმოადგენს დავის მხარეს, თუმცა მონაწილეობს პროცესში, რათა მოსამართლეს საქმის გარემოებების უკეთ აღქმაში დაეხმაროს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იგი სასამართლოს წარუდგენს სამართლებრივ ან ფაქტობრივ ანალიზს იმ საკითხებზე, რომლებიც საჯარო ინტერესს შეიცავს და გავლენას ახდენს სარჩელის შედეგზე. ამ როლის შესრულება შეუძლია სამთავრობო ორგანოს, საჯარო დაწესებულებას, ინტერესთა ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციას, კომპანიას, იურიდიულ კომპანიას ან დარგის ექსპერტს (მაგ. პროფესორს), რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ინტერესებზე.

ინსტიტუციური განმარტება

რეგულაცია 1/2003-ის მე-15 მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად, კომისიას, საკუთარი ინიციატივით, შეუძლია წარუდგინოს წერილობითი მოსაზრებები („სასამართლოს მეგობრის“/„amicus curiae“ მოსაზრებები) წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს, როდესაც ამას მოითხოვს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე ან 102-ე მუხლების თანმიმდევრული (ერთიანი) გამოყენება. © ევროკავშირი

კომენტარი

Amicus Curiae-ს კონცეფციის პირველი ცნობილი გამოყენება მე-17 საუკუნის გაერთიანებულ სამეფოს უკავშირდება. ისტორიულად, ხელისუფლება და სასამართლოები ამ ინსტიტუტს სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რათა მკაცრად ყოფილიყო განსაზღვრული მისი გამოყენების ფარგლები და პირობები. Amicus არ არის დავის მხარე; იგი წარმოადგენს მესამე პირს, რომლის ინტერესებიც შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის პირობებში.

Amicus Curiae-ს წარდგენის პრაქტიკა მყარად არის დამკვიდრებული საერთო სამართლის იურისდიქციებში. იგი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საინვესტიციო არბიტრაჟებსა და აშშ-ის ანტიტრასტულ დავებში, ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური გამოყენება ევროკავშირშიც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კონტინენტური (სამოქალაქო) სამართლის იურისდიქციებს ამ ინსტრუმენტის გამოყენების ტრადიცია არ გააჩნიათ და მისი დანერგვა მხოლოდ ბოლო ათწლეულებში დაიწყო.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ის ანტიმონოპოლიური აღსრულების პროცესში შეინიშნება უცხო სახელმწიფოების აქტიურობა Amicus Curiae-ს სტატუსით. ამ მხრივ, ევროკომისია აშშ-ის სასამართლოების წინაშე ყველაზე ხშირი მოსაზრებათა წარმდგენია, რომელსაც მოსდევენ კანადა და იაპონია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის კონკურენციის სამართალში ეს ინსტრუმენტი სწორედ ამავე ინსტიტუტის ინიციატივით თანდათანობით დაინერგა.

რატომ გახდა აშშ-ში Amicus Curiae-ს (სასამართლოს მეგობრის) გამოყენება ანტიმონოპოლიურ საქმეებში ასეთი პოპულარული? აშშ-ის ანტიმონოპოლიური სისტემის მთავარი მახასიათებელი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროკავშირის პერსპექტივიდან, არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლებამოსილება მოსამართლეებს ენიჭებათ და არა სამთავრობო უწყებებს. შესაბამისად, მოსამართლეებს, რომლებიც ხშირად არ არიან დარგის ექსპერტები, შერმანის აქტზე დაყრდნობით უწევთ ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რთული ტექნიკური და ეკონომიკური საკითხების გადაჭრა. გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული მეთოდები - პრეცედენტი, ანალოგია, ინტუიცია თუ მორალური და ეფექტიანობის მოსაზრებები - ვეღარ პასუხობდა ანტიმონოპოლიური სამართალწარმოების მზარდ მოთხოვნებს.

სწორედ აქ შეიძინა გადამწყვეტი მნიშვნელობა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს (SCOTUS) 37-ე წესმა, რომელიც 1937 წლიდან ახდენს amicus-ის მონაწილეობის კოდიფიცირებას. ეს წესი მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ტექნიკური დახმარება ეკონომიკური თეორიების გააზრებასა და კონკურენციის შესახებ ემპირიული მონაცემების ინტერპრეტაციაში.

ბუნებრივია, amicus-ის არგუმენტები სასამართლოს დიდ ყურადღებას იქცევს და მის მოსაზრებებზეც ახდენს გავლენას. სასამართლოს გაზრდილი ინტერესი ამ ინსტიტუტის მიმართ დაემთხვა იდეას, რომ მოსამართლეები კანონს ისე „აღმოაჩენენ“, როგორც მეცნიერები - სამყაროს ფიზიკურ კანონზომიერებებს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ გააცნობიერა საკუთარი როლი პოლიტიკის ფორმირებაში, ამ პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა აუცილებელი გახდა, რათა დადგენილი წესები სოციალურ საჭიროებებს შესაბამისებოდა.

ფორმალურად, შეერთებულ შტატებში Amicus Curiae-მ მხარეებისგან ან სასამართლოსგან უნდა მიიღოს ნებართვა, რათა წარადგინოს მოკლე სამართლებრივი დასკვნა. თუმცა, არსებული პრაქტიკით, სასამართლო თითქმის ყველა მსგავს შუამდგომლობას აკმაყოფილებს. შედეგად, 1996-2003 წლებში უზენაეს სასამართლოში განხილული საქმეების 95% მოიცავდა მინიმუმ ერთ amicus-ს. მათი გავლენა გადაწყვეტილებებზე იმდენად დიდია, რომ არგუმენტები ხშირად პირდაპირ არის ციტირებული როგორც საბოლოო ვერდიქტში, ისე განსხვავებულ აზრში.

ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკისგან. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სრული უფლებამოსილება ევროკომისიას აქვს. როგორც სამთავრობო ორგანოს, მას ჰყავს ეკონომისტთა საკუთარი გუნდი და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციის დამკვიდრებული მექანიზმი. კომისიის ადმინისტრაციული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ლუქსემბურგში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.

სწორედ ეს განაპირობებს amicus curiae-ს ინსტიტუტის ნაკლებ პოპულარობას ევროპაში. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სასამართლოების წინაშე კონკურენტებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარადგინონ მოსაზრება „მესამე პირის“ სტატუსით. ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ ევროპული სასამართლოები მკაცრად აკონტროლებენ მსგავსი ჩარევის მიზანშეწონილობას. ამავდროულად, წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ხელშეკრულებების საფუძველზე, აქვთ პროცესში ჩართვის პირდაპირი და უპირობო უფლება.

ამ პოზიტიური თეორიული მოსაზრებების მიუხედავად, ეროვნული მოსამართლეები [ევროკავშირის წევრ ქვეყნებში] აქამდე იშვიათად მიმართავდნენ ევროკომისიას Amicus Curiae-ს დასკვნის მოსაპოვებლად. ეს შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მოსამართლეებს არ სურთ ადმინისტრაციული ორგანოსგან მითითებების მიღება, ან უბრალოდ ნაკლებად იცნობენ ამ პროცედურას.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეროვნული მოსამართლეების გადამწყვეტი როლის მიუხედავად, ევროკავშირის სამართლის (მათ შორის კონკურენციის წესების) ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე საბოლოო სიტყვა მაინც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ეკუთვნის. ეს ხორციელდება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 267-ე მუხლით დადგენილი წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურით. ნებისმიერ ეროვნულ სასამართლოს შეუძლია მიმართოს CJEU-ს ევროკავშირის სამართლის ნორმის განმარტებისთვის, თუ ეს აუცილებელია დავის გადასაწყვეტად.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ მოსამართლეებს ამ პროცედურის გამოყენების ხანგრძლივი და დადებითი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ამისა, Amicus-ის მექანიზმი სულ უფრო ხშირად გამოიყენება წინასწარ მიმართვასთან ერთად. ეს მიუთითებს მათ ურთიერთშევსებადობაზე, რაც მიზნად ისახავს TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების ეფექტიან აღსრულებას მთელი ევროკავშირის მასშტაბით.