სახელმწიფო დახმარება (თავსებადობა) (STATE AID (COMPATIBILITY))

TFEU-ს 107(1) მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო დახმარება, ამ დებულებით განსაზღვრული მნიშვნელობით, შიდა ბაზრისთვის შეუთავსებელია და აკრძალულია. თუმცა, TFEU ითვალისწინებს გამონაკლისებს (დათქმებს) ამ აკრძალვიდან, რომლებიც ვიწროდ განიმარტება. სახელმწიფო დახმარების გარკვეული სახეები შესაძლოა მიჩნეულ იქნეს თავსებადად, თუ ისინი ემსახურება ისეთ საჯარო ინტერესებს, რომლებიც აღემატება შიდა ბაზარზე კონკურენციის დაცვის მნიშვნელობას. თავსებადობის ამ ტესტს, TFEU-ს 108-ე მუხლის შესაბამისად, ატარებს ევროკომისია, რომელიც სახელმწიფო დახმარების შეფასების საკითხში ექსკლუზიური კომპეტენციითაა აღჭურვილი. ძირითადი გამონაკლისები მოცემულია შემდეგ დებულებებში: (i) TFEU-ს 107(2) მუხლი; (ii) TFEU-ს 107(3) მუხლი; (iii) TFEU-ს 108(2) მუხლის მესამე ქვეპუნქტი; (iv) კომისიის No 651/2014 რეგულაცია (ე.წ. ზოგადი ჯგუფური გამონაკლისის რეგულაცია ან GBER).

ინსტიტუციური განმარტება

სახელმწიფო დახმარების ზოგადი აკრძალვის მიუხედავად, გარკვეულ გარემოებებში მთავრობის ინტერვენცია აუცილებელია ეკონომიკის გამართული და სამართლიანი ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, ხელშეკრულება ტოვებს შესაძლებლობას მთელი რიგი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მიღწევისას სახელმწიფო დახმარება შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად. კანონმდებლობა აწესებს ამ გამონაკლისებს. კანონები რეგულარულად გადაიხედება მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად და ევროპული საბჭოს მოწოდებებზე საპასუხოდ, რაც გულისხმობს ნაკლებ, მაგრამ უფრო მიზანმიმართულ სახელმწიფო დახმარებას ევროპული ეკონომიკის სტიმულირებისთვის. კომისია ახალ კანონმდებლობას იღებს წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. როგორ ხდება სახელმწიფო დახმარების შემოწმება? ევროკომისიას გააჩნია ძლიერი საგამოძიებო და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებები. ამ უფლებამოსილებების საფუძველს წარმოადგენს შეტყობინების (ნოტიფიკაციის) პროცედურა, რომლის დაცვაც გარკვეული შემთხვევების გარდა წევრ სახელმწიფოებს უწევთ. (...) სახელმწიფო დახმარების სექტორული მოკვლევა შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო დახმარების ღონისძიებებმა შესაძლოა შეზღუდონ კონკურენცია რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, ან როდესაც არსებული დახმარების ღონისძიებები აღარ არის თავსებადი მარეგულირებელ ჩარჩოსთან. დახმარების ღონისძიებების გატარება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია უკან დააბრუნებინოს (ამოიღოს) შეუსაბამო სახელმწიფო დახმარება. (...) როდესაც კომისიას ეჭვი ეპარება შემოთავაზებული დახმარების ღონისძიების თავსებადობაში და იწყებს ოფიციალური მოკვლევის პროცედურას, იგი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების წარსადგენად ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის (Official Journal of the European Union) მეშვეობით. © ევროკომისია

კომენტარი

(i) TFEU-ს 107(2) მუხლი შეიცავს იმ სახელმწიფო დახმარებების ჩამონათვალს, რომლებიც შიდა ბაზართან ავტომატურად თავსებადად მიიჩნევა. წევრმა სახელმწიფოებმა ასეთი დახმარების შესახებ უნდა აცნობონ კომისიას, თუმცა ამ უკანასკნელის როლი შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური შეფასებით - დადგინდეს, არსებობს თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები.

მაგალითად, 107(2)(ა) მუხლი ადგენს, რომ თავსებადია „ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის გაცემული სოციალური ხასიათის დახმარება, იმ პირობით, რომ იგი გაიცემა პროდუქციის წარმოშობასთან დაკავშირებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“. ამ შემთხვევაში სამივე პირობა უნდა შესრულდეს. ზოგადი სასამართლოს განმარტებით საქმეში P & O European Ferries (Vizcaya) v Commission (2003), მესამე პირობასთან დაკავშირებით „უნდა დადგინდეს, სარგებლობენ თუ არა მომხმარებლები მოცემული დახმარებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ეკონომიკური ოპერატორი აწვდის მათ პროდუქტს ან მომსახურებას“ (პუნქტი 163).

107(2)(ბ) მუხლი კი ადგენს, რომ თავსებადია „ბუნებრივი კატასტროფებით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისკენ მიმართული დახმარება“. აქ სამი კუმულაციური პირობა უნდა დაკმაყოფილდეს; მოვლენა უნდა იყოს: (1) გაუთვალისწინებელი ან რთულად პროგნოზირებადი; (2) მასშტაბური ეკონომიკური გავლენის მქონე; (3) არაჩვეულებრივი/ექსტრაორდინალური ხასიათის. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (C-346/03 და C-529/03, 2004), უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი განსაკუთრებულ მოვლენასა და სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებულ ზარალს შორის (პუნქტი 37).

(ii) TFEU-ს 107(3) მუხლი მოიცავს სახელმწიფო დახმარების იმ სახეებს, რომლებიც კომისიამ წევრი სახელმწიფოების შეტყობინების საფუძველზე შესაძლოა შიდა ბაზართან თავსებადად მიიჩნიოს. 107(3) მუხლის მოქმედების სფეროში მოქცეული დახმარება კომისიის მხრიდან უფრო ფართო დისკრეციულ შეფასებას ექვემდებარება, ვიდრე 107(2) მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

მაგალითად, 107(3)(ბ) მუხლის თანახმად, კომისიას შეუძლია შიდა ბაზართან თავსებადად გამოაცხადოს დახმარება, რომელიც მიმართულია წევრი სახელმწიფოს ეკონომიკაში არსებული სერიოზული შეფერხების (დარღვევის) გამოსასწორებლად. როგორც ზოგადმა სასამართლომ განმარტა საქმეში Freistaat Sachsen and Others v Commission (1999), განსახილველი სერიოზული შეფერხება „უნდა აისახებოდეს შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მთლიან ეკონომიკაზე და არა მხოლოდ მის რომელიმე რეგიონსა თუ ტერიტორიის ნაწილზე“ (პუნქტი 167). გარდა ამისა, 107(3)(ბ) მუხლით გათვალისწინებული დახმარება უნდა იყოს რელევანტური (შესაბამისი), აუცილებელი და პროპორციული.

107(3)(გ) მუხლი კი საშუალებას აძლევს კომისიას, თავსებადად გამოაცხადოს დახმარება გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის ან ეკონომიკური სფეროების განვითარების ხელშესაწყობად, იმ პირობით, რომ იგი უარყოფითად არ იმოქმედებს სავაჭრო პირობებზე საერთო ინტერესების საწინააღმდეგო მასშტაბით. მეორე პირობასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების სასამართლომ საქმეში Austria v Commission (2020) დაადგინა, რომ ეს გულისხმობს „დაგეგმილი დახმარების იმ პოზიტიური ეფექტების დაბალანსებას, რომლებიც მიმართულია კონკრეტული საქმიანობის განვითარებისკენ, იმ ნეგატიურ ეფექტებთან, რაც ამ დახმარებამ შესაძლოა შიდა ბაზარზე მოახდინოს“ (პუნქტი 101). ეს წარმოადგენს სახელმწიფო დახმარების თავსებადობის შეფასების ფუნდამენტს, რომლის მიზანია შიდა ბაზრის მთლიანობის დაბალანსება სხვა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებთან.

(iii) TFEU-ს 108(2) მუხლის მესამე ქვეპუნქტი.

108(2) მუხლის მესამე ქვეპუნქტის თანახმად, გამონაკლის შემთხვევებში, საბჭომ, წევრი სახელმწიფოს განცხადების საფუძველზე, შესაძლოა ერთხმად გადაწყვიტოს, რომ დახმარება, რომელსაც ეს სახელმწიფო გასცემს ან გეგმავს, თავსებადია შიდა ბაზართან, მიუხედავად ხელშეკრულების სხვა დებულებებისა თუ რეგულაციებისა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საბჭო ანაცვლებს კომისიის კომპეტენციას სახელმწიფო დახმარების თავსებადობის შეფასების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების სასამართლომ საქმეში Commission v Council (2013) განმარტა, რომ „საბჭოსა და კომისიის შესაბამისი უფლებამოსილებები იმგვარადაა განაწილებული, რომ: პირველი - გადაწყვეტილების მიღების უპირატესი კომპეტენცია ეკუთვნის კომისიას, ხოლო საბჭოს უფლება აქვს იმოქმედოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში; მეორე - საბჭოს კომპეტენცია, რომელიც მას საშუალებას აძლევს მიიღოს ხელშეკრულების დებულებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება, უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ვადაში, კერძოდ, განაცხადის წარდგენიდან სამი თვის განმავლობაში; მესამე - როგორც კი კომისია ან საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მოცემული დახმარების თავსებადობის შესახებ, მეორე ინსტიტუტს აღარ აქვს უფლება მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება“ (პუნქტი 50). იმ შემთხვევაში, თუ საბჭო აღნიშნულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, საკითხს კვლავ კომისია წყვეტს.

(iv) ზოგადი ჯგუფური გამონაკლისის რეგულაცია (GBER)

კომისიის No 651/2014 რეგულაცია (GBER) TFEU-ს 107-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე თავსებადად აცხადებს დახმარების გარკვეულ კატეგორიებს. შესაბამისად, თუ რეგულაციით განსაზღვრული პირობები დაკმაყოფილებულია, წევრი სახელმწიფოები ასეთი დახმარების გაცემისას თავისუფლდებიან შეტყობინების ვალდებულებისგან. GBER-ით გათვალისწინებული სფეროებია: რეგიონული დახმარება, დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), გარემოს დაცვის დახმარება, დახმარება კვლევის, განვითარებისა და ინოვაციებისთვის, ტრენინგებისა და დასაქმების დახმარება დაუცველი კატეგორიის მუშაკებისთვის, გარკვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სოციალური დახმარება ტრანსპორტისთვის დაშორებულ რეგიონებში, დახმარება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისთვის, დახმარება კულტურის, სპორტისა და მრავალფუნქციური სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისთვის, ასევე დახმარება ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის. რაც შეეხება მინიმალურ დახმარებას, რომელიც რეგულირდება No 2023/2831 რეგულაციით (რომელმაც ჩაანაცვლა No 1407/2013), მიიჩნევა, რომ მას „არ აქვს გავლენა წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე და არ იწვევს ან არ ქმნის კონკურენციის დარღვევის საფრთხეს“. 2024 წლის 1 იანვრიდან მინიმალური დახმარების ზედა ზღვარი გაიზარდა 300,000 ევრომდე ერთი საწარმოსთვის სამი წლის განმავლობაში.