სახელმწიფო საწარმო (Public Undertaking)

TFEU-ს 106(1) მუხლი წევრ სახელმწიფოებს უკრძალავს ისეთი ზომების მიღებას ან ძალაში დატოვებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებების დებულებებს საჯარო ეკონომიკური აგენტებისა და იმ სუბიექტების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოები ანიჭებენ სპეციალურ ან ექსკლუზიურ უფლებებს. 106-ე მუხლის მიზანია, აღკვეთოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ შეღავათიანი მოპყრობა. საჯარო ეკონომიკური აგენტის ცნება განსაზღვრულია ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ დირექტივაში, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური აგენტი, რომელზეც საჯარო ხელისუფლებას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი ან ირიბი დომინანტური გავლენა საკუთრების, ფინანსური მონაწილეობის ან მისი მარეგულირებელი წესების საფუძველზე.

ინსტიტუციური განმარტება

სახელმწიფო საწარმო არის საწარმო, რომელზეც საჯარო ხელისუფლება (სახელმწიფო ორგანოები) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს დომინანტურ გავლენას საკუთრების უფლების, ფინანსური მონაწილეობის ან საწარმოს მარეგულირებელი წესების საფუძველზე. საჯარო ხელისუფლების მხრიდან დომინანტური გავლენის არსებობა ივარაუდება, კერძოდ, მაშინ, როდესაც ისინი: ა) ფლობენ საწარმოს ხელმოწერილი (საწესდებო) კაპიტალის უდიდეს ნაწილს, ბ) აკონტროლებენ საწარმოს მიერ გამოშვებულ აქციებზე მიბმული ხმების უმრავლესობას ან გ) აქვთ შესაძლებლობა, დანიშნონ საწარმოს ადმინისტრაციული, მმართველი ან ზედამხედველობითი ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტი. © ევროკომისია

კომენტარი

TFEU-ს 106(1) მუხლი აკონკრეტებს ნეიტრალიტეტის პრინციპს, რომელიც ასახულია TFEU-ს 345-ე მუხლში. ამ უკანასკნელის მიხედვით, ევროკავშირის ხელშეკრულებები არანაირად არ უნდა აფერხებდეს წევრ სახელმწიფოებში არსებულ საკუთრების სისტემის მარეგულირებელ წესებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება, თავად აირჩიონ საკუთრების ფორმა, არ უნდა არსებობდეს გაუმართლებელი დისკრიმინაცია საჯარო და კერძო ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის წესების გამოყენებისას (დირექტივა 2006/111/EC, პუნქტი 4).

კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა თავი უნდა აარიდონ საჯარო ეკონომიკური აგენტების პრივილეგირებას სახელმწიფო დახმარების მინიჭებით, სახელმწიფო შესყიდვებისას პრიორიტეტის მინიჭებით ან მათთვის სპეციალური და ექსკლუზიური უფლებების მინიჭების გზით კონკურენციის საწინააღმდეგო პირობების შექმნით. საქმეში GB-INNO-B.M. v. ATAB (1977), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ერთგული (გულწრფელი) თანამშრომლობის პრინციპიდან და TFEU-ს 106-ე მუხლიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება TFEU-ს 101-დან 109-ე მუხლებით გათვალისწინებულ წესებს.

ეკონომიკურ აგენტთა კატეგორიები, რომლებიც ჩამოთვლილია TFEU-ს 106(1) მუხლში, ცალკე უნდა განიხილებოდეს. საქმეში Commission v. DEI (2014), სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ეკონომიკური აგენტები არ არის აუცილებელი იყვნენ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების ბენეფიციარები იმისათვის, რომ მოექცნენ ამ დებულების მოქმედების სფეროში.

საჯარო ეკონომიკური აგენტის განსაზღვრის გადამწყვეტი კრიტერიუმია საჯარო ხელისუფლების მიერ საწარმოზე პირდაპირი ან ირიბი დომინანტური გავლენის განხორციელების შესაძლებლობა. გამჭვირვალობის დირექტივა ფართოდ განმარტავს „საჯარო ხელისუფლებას“ და მასში მოაზრებს სახელმწიფო, რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა სხვა ტერიტორიულ ორგანოს. დომინანტური გავლენა პრეზუმირებულია (სავარაუდოა), როდესაც სახელმწიფო ორგანოები, პირდაპირ ან ირიბად:

(i) ფლობენ ეკონომიკური აგენტის საწესდებო კაპიტალის უმეტეს ნაწილს; ან

(ii) აკონტროლებენ ეკონომიკური აგენტის მიერ გამოშვებულ აქციებზე მიკუთვნებული ხმების უმრავლესობას; ან

(iii) უფლებამოსილნი არიან, დანიშნონ ეკონომიკური აგენტის ადმინისტრაციული, მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტი.

TFEU-ს 106-ე მუხლს არ გააჩნია დამოუკიდებელი სამართლებრივი ეფექტი და იგი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა შესაბამის ნორმებთან ერთობლიობაში (Asemfo v. Trags et al. (2007), პუნქტი 40). აღნიშნული მუხლი გამოიყენებოდა: TFEU-ს 45-ე მუხლთან ერთად - მუშაკთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით (Merci convenzionali porto di Genova (1991), პუნქტი 24); TFEU-ს 49-ე და 56-ე მუხლებთან ერთად - დაფუძნებისა და მომსახურების გაწევის თავისუფლების შესახებ (ASM Brescia SpA v. Comune di Rodengo Saiano (2008), პუნქტი 61) და TFEU-ს 34-ე მუხლთან ერთად - საქონლის თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში (Inter-Huiles (1983), პუნქტი 15).

თუმცა, ყველაზე ხშირად - ამ მუხლისთვის მინიჭებული ძირითადი როლის შესაბამისად - TFEU-ს 106(1) მუხლი კონკურენციის წესებთან ერთობლიობაში გამოიყენება. საქმეში GB-INNO-B.M. v. ATAB, სასამართლომ განმარტა, რომ 106-ე მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, არ მიიღონ ან ძალაში არ დატოვონ ისეთი ზომები, რომლებმაც შესაძლოა TFEU-ს 102-ე მუხლს ქმედითუნარიანობა დაუკარგოს.

მხოლოდ ექსკლუზიური ან სპეციალური უფლებების მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს TFEU-ს 106(1) მუხლის დარღვევას (La Crespelle (1994), პუნქტები 18–20; Ambulanz Glöckner (2001), პუნქტი 39; Servizi (2006), პუნქტები 21–23). საქმეში Höfner and Elser v. Macrotron, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა: „წევრი სახელმწიფო არღვევს ამ ორ დებულებაში მოცემულ აკრძალვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების გამოყენებისას, არ შეუძლია თავიდან აიცილოს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მსგავსი ბოროტად გამოყენება შესაძლოა გამოიხატოს მომსახურების მიწოდების შეზღუდვაში, რაც ზიანს აყენებს მათ, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობას ცდილობს“ (იხ. აგრეთვე Sacchi (1974), პუნქტი 14; RTT v. GB-Inno-BM (1991), პუნქტები 20–21; ERT v. DEP, პუნქტი 38).

მეორე მხრივ, საქმეში Commission v. DEI (2014), სასამართლომ განმარტა, რომ: „TFEU-ს 106-ე და 102-ე მუხლების ერთობლივი დარღვევა შეიძლება დადგინდეს იმის მიუხედავად, განხორციელდა თუ არა ბოროტად გამოყენება რეალურად. საკმარისია, კომისიამ დაადასტუროს პოტენციური ან ფაქტობრივი კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგი, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს მოცემულ სახელმწიფო ღონისძიებას“ (იხ. აგრეთვე Bodson v. Pompes funèbres და RTT v. GB-Inno-BM).

TFEU-ს 106(1) მუხლის გამოყენება 102-ე მუხლთან ერთობლიობაში: ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რაც იწვევს პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნის ეფექტიანად დაკმაყოფილების შეუძლებლობას (AG2R Prévoyance (2011); Job Center coop. arl. (1997); Slovenská Pošta v. Commission (2015)); ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც განაპირობებს ფასების დისკრიმინაციას ან უსამართლოდ მაღალ ფასებს (GT-Link v. De Danske Statsbaner (1997), პუნქტი 46); საჯარო ხელისუფლების მიერ ზედმეტად მაღალი ტარიფების დამტკიცება (Corsica Ferries (1994), პუნქტი 43); აგრეთვე ეროვნული ზომების მიღება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი, დისკრიმინაცია ან არათანაბარი კონკურენტული პირობები (MOTOE v. Elliniko Dimosio (2008), პუნქტი 53; Silvano Raso (1998), პუნქტები 28–30).

საქმეში Corbeau (1993), სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბელგიის ფოსტისთვის საკურიერო მომსახურებაზე მონოპოლიის შენარჩუნება, როგორც ასეთი, წარმოადგენდა კონკრეტულ სახელმწიფო ღონისძიებას, რომელიც არღვევდა TFEU-ს 106(1) მუხლს.

TFEU-ს 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელშეკრულების წესებიდან გადახვევის შესაძლებლობას იმ ეკონომიკური აგენტებისთვის, რომლებსაც დავალებული აქვთ საერთო ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურების გაწევა, ან რომლებსაც აქვთ შემოსავლის მომტანი მონოპოლიის ხასიათი. ამასთან, ვაჭრობის განვითარება არ უნდა დაზარალდეს იმ მასშტაბით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ TFEU-ს 106(2) მუხლი უშუალოდ ეკონომიკურ აგენტებს მიემართება, მასში დადგენილი გამონაკლისი ასევე ვრცელდება წევრი სახელმწიფოების მიერ მათ მიმართ მიღებულ ზომებზე.

TFEU-ს 106(3) მუხლი ევროკომისიას აკისრებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს 106-ე მუხლის დებულებების აღსრულება. აღნიშნული პუნქტი კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოსცეს სათანადო დირექტივები ან გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მიზნით წევრ სახელმწიფოებს მიემართება.