ტესტი SIEC (შერწყმა) (TEST SIEC (MERGER))

ტესტი SIEC კონცენტრაციის კონტროლის ქვაკუთხედია, ვინაიდან კონკურენციის ორგანოს გადაწყვეტილება გარიგების დაშვების შესახებ ეფუძნება არსებით ტესტზე სტრუქტურირებულ ეკონომიკურ შეფასებას. შერწყმა, რომელიც გამოიწვევს ეფექტიანი კონკურენციის მნიშვნელოვან შეფერხებას შესაბამის ბაზარზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე, აკრძალულია ევროკავშირის „შერწყმის რეგულაციით“, ისევე როგორც ევროკავშირის მიღმა არსებული სხვა იურისდიქციების კანონმდებლობით (მაგ. აშშ, კანადა, თურქეთი, უკრაინა). SIEC ტესტი კონცენტრაციების შეფასებისას შედეგზე (ეფექტზე) ორიენტირებული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ინსტიტუციური განმარტება

2004 წლის 20 იანვრის შერწყმის შესახებ რეგულაციის (EC) № 139/2004 მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად: „კონცენტრაცია, რომელიც მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ეფექტიან კონკურენციას საერთო ბაზარზე ან მის არსებით ნაწილში, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის შექმნის ან გაძლიერების შედეგად, გამოცხადდება საერთო ბაზართან თავსებადად.“ © ევროკომისია

კომენტარი

SIEC ტესტი წარმოადგენს არსებით ინსტრუმენტს, რომელსაც კონკურენციის ორგანოები შერწყმის საკითხების განხილვისას იყენებენ. სხვადასხვა იურისდიქციაში შერწყმის კონტროლის მექანიზმები განსხვავდება შემოთავაზებული კონცენტრაციის თავსებადობის შეფასების კრიტერიუმებით. კონკურენციის სამართალში ყველაზე ხშირად SIEC და დომინანტობის ტესტები გამოიყენება.

ევროკავშირის „შერწყმის რეგულაციის“ მე-2 მუხლი SIEC ტესტს განსაზღვრავს ძირითად წესად ევროკავშირის მასშტაბის (განზომილების) კონცენტრაციების შესაფასებლად, რათა დადგინდეს მათი თავსებადობა შიდა ბაზართან. ამ მიზნით, ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, შეაფერხებს თუ არა კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციას - კერძოდ, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შექმნის ან გაძლიერების გზით. კონცენტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იწვევს კონკურენციის მნიშვნელოვან შეფერხებას ბაზარზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილში.

SIEC ტესტი სცილდება მხოლოდ დომინირების კონცეფციას. იგი მოიცავს ისეთ ტრანზაქციებსაც, რომლებიც აუცილებლად არ ქმნიან ან აძლიერებენ დომინანტურ მდგომარეობას, თუმცა მაინც აფერხებენ კონკურენციას. კერძოდ, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც შერწყმულ კომპანიებს შეუძლიათ გაზარდონ ფასები და განახორციელონ საბაზრო ძალაუფლება კოორდინაციის გარეშე (არაკოორდინირებული ეფექტები) და ბაზრის უდიდესი წილის დაკავების გარეშეც კი.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ დომინანტობა განიხილება როგორც ძირითადი (თუმცა არა ერთადერთი) ფაქტორი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს SIEC. დომინანტური მდგომარეობის შექმნა ან გაძლიერება აღარ არის ტრანზაქციის აკრძალვის აუცილებელი წინაპირობა, თუკი შერწყმის შემდეგ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო ნარჩუნდება. იმისათვის, რომ შეფასდეს, შენარჩუნდება თუ არა ჯანსაღი კონკურენცია კონცენტრაციის შემდეგ, პირველ ეტაპზე დგინდება, შეძლებს თუ არა შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული სუბიექტი ეფექტიანი კონკურენციის შეფერხებას. ამგვარი ეფექტის გამომწვევ მთავარ ფაქტორად კვლავ დომინანტური მდგომარეობის შექმნა ან გაძლიერება მიიჩნევა.

იმის დასადგენად, აფერხებს თუ არა კონცენტრაცია კონკურენციას, მარეგულირებელი ორგანოები აფასებენ: ყველა დაკავშირებული ბაზრის სტრუქტურას; ფაქტობრივ და პოტენციურ კონკურენტებს; კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების საბაზრო წილებს; ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს; პროდუქტებისა და მომსახურების, აგრეთვე მათი ალტერნატივების ხელმისაწვდომობას; მიწოდებისა და მოთხოვნის ტენდენციებს; ბაზარზე შესვლის სამართლებრივ (ლეგალურ) ან სხვაგვარ ბარიერებს.

უმეტეს შემთხვევაში, შერწყმამდე არსებული კონკურენტული გარემო საუკეთესო საორიენტაციო ნიშანია შერწყმის ეფექტის შესაფასებლად. ზოგჯერ მხედველობაში მიიღება ბაზრის ის მომავალი ცვლილებებიც, რომელთა გონივრული პროგნოზირება შესაძლებელია. კერძოდ, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კომპანიების სავარაუდო შესვლა ბაზარზე ან გასვლა ბაზრიდან, რაც შერწყმის გარეშეც მოხდებოდა. მაგალითად, საქმეში Essilor/Luxottica, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ Luxottica-ს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა ოფთალმოლოგიური ლინზების ბაზარზე არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მას Essilor-ზე, როგორც არსებულ ან პოტენციურ კონკურენტზე, მნიშვნელოვანი კონკურენტული ზეწოლა მოეხდინა.

SIEC ტესტის გამოყენებისას დომინანტობა ეკონომიკური ანალიზის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, საქმეში EssilorLuxottica/Grandvision, თურქეთის კონკურენციის ორგანომ შეაფასა კომპანიის დომინანტური მდგომარეობა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა საბაზრო წილები, ბაზარზე შესვლის პირობები და მყიდველის ძალაუფლება. ორგანომ აღნიშნა, რომ კონცენტრაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს კონკურენცია ორი გზით: (i) გარიგების შედეგად დომინანტური მდგომარეობის შექმნით ან გაძლიერებით და (ii) იმ საწარმოებს შორის კოორდინაციის ჩამოყალიბებით, რომლებსაც ტრანზაქციამდე მსგავსი კავშირი არ ჰქონიათ. SIEC ტესტის ჭრილში ეს გადაწყვეტილება საგულისხმოა იმით, რომ მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ვერტიკალურად ინტეგრირებულ ბაზრებზე, მიუხედავად იმისა, რომ დომინანტური მდგომარეობა პირდაპირ არ დადასტურებულა.

Migros/Carrefour-ის საქმე SIEC ტესტის პრაქტიკაში გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. თურქეთის კონკურენციის ორგანომ შეაფასა ტრანზაქცია, რომელიც Migros-ის მიერ Carrefour-ის 34 მაღაზიის იჯარის უფლების შეძენას ეხებოდა. ამ შემთხვევაში TCA-ს შეფასება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საბაზრო წილებისა და დომინანტური მდგომარეობის ანალიზით. მან შეისწავლა ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლის შესაძლებლობა, კონკურენტებისთვის სიმძლავრეების გაზრდის დაბრკოლებები, ბაზრის ჩაკეტვის რისკები და სხვა ფაქტორები. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, TCA-მ დაასკვნა, რომ ეფექტიანი კონკურენცია მნიშვნელოვნად არ შეფერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა, რომ გარიგების შედეგად დომინანტური მდგომარეობა არ შეიქმნებოდა, ექსპერტიზა ამით არ დასრულებულა.

ძირითადი განსხვავება SIEC ტესტსა და დომინანტობის ტესტს შორის ვლინდება არა იმ ტრანზაქციებში, რომლებიც ქმნიან ან აძლიერებენ დომინანტურ მდგომარეობას, არამედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საწარმოებს გარიგების შემდეგ შეუძლიათ ფასების ცალმხრივად გაზრდა. მთლიანობაში, SIEC ტესტი ნაკლებად არის დამოკიდებული საბაზრო წილის ინდიკატორებზე და უფრო დიდ აქცენტს აკეთებს შესაბამისი ბაზრის კონკურენტული მახასიათებლების შეფასებაზე, კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს შორის კონკურენციის დინამიკასა და შეტყობინებული ტრანზაქციის ეფექტებზე.