ტესტი SLC (შერწყმა) (TEST SLC (MERGER))

კონკურენციის არსებითი შემცირების ანუ SLC ტესტი არის სტანდარტი, რომელსაც მარეგულირებელი ორგანოები შემოთავაზებული შერწყმისა და შესყიდვების კანონიერების შესაფასებლად იყენებენ. SLC ტესტი ადგენს, შეუძლია თუ არა პერსპექტიულ შერწყმას მოცემულ ბაზარზე კონკურენციის არსებითი შემცირება. მისი მიზანია იმგვარი შერწყმის თავიდან აცილება, რომელიც იწვევს ფასების ზრდას, წარმოების შემცირებას, მომხმარებლის არჩევანის შეზღუდვას ან ინოვაციების შეფერხებას. შერწყმა, რომელიც არსებითად ამცირებს კონკურენციას, აკრძალულია იმ იურისდიქციების კანონმდებლობით, რომლებიც ამ ტესტს იყენებენ (მაგ. აშშ, ევროკავშირი, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ნიგერია და სხვა).

ინსტიტუციური განმარტება

კონკურენციის ორგანოების უმეტესობა ეყრდნობა ორ მთავარ ტესტს იმის შესაფასებლად, იწვევს თუ არა შერწყმა კონკურენციის შემზღუდველ ეფექტებს: (i) დომინირების ტესტს და (ii) კონკურენციის მნიშვნელოვანი შემცირების (SLC) ტესტს. ზოგიერთ ორგანოს, მაგალითად, ევროკავშირს, აქვს ჰიბრიდული ტესტი, რომელიც აერთიანებს დომინანტობისა და SLC სტანდარტებს.

დომინირების ტესტის მიხედვით, შერწყმა კონკურენციის შემზღუდველია და შეიძლება აიკრძალოს, თუ ის აძლიერებს ან ქმნის დომინანტურ მდგომარეობას ბაზარზე. დომინირების ცნება ეკონომიკაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუმცა ის ნამდვილად მოიცავს სიტუაციებს, როდესაც იქმნება ბაზრის ლიდერი, რომელსაც აქვს გარკვეული ხარისხის დამოუკიდებლობა კონკურენციის ზეწოლისგან. დომინირება შეიძლება განიმარტოს ვიწროდ, რაც მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც შერწყმული ფირმა ხდება დომინანტი, ან უფრო ფართოდ, რაც ასევე მოიცავს კოლექტიურ დომინირებას, ანუ სიტუაციებს, როდესაც შერწყმა გავლენას ახდენს ბაზრის კონკურენტულ სტრუქტურაზე იმგვარად, რაც ხელს უწყობს კონკურენტებს შორის კოორდინირებული წონასწორობის შექმნას.

კონკურენციის მნიშვნელოვანი შემცირების (SLC) ტესტის მიხედვით, შერწყმას აქვს კონკურენციის შმზღუდველი ეფექტი, თუ მოსალოდნელია, რომ ის არსებითად შეამცირებს კონკურენციას ბაზარზე. დომინირების ტესტთან შედარებით, SLC ტესტი ფოკუსირებულია შერწყმის შედეგებზე ბაზარზე და ფირმებს შორის კონკურენციის დაკარგვაზე, ნაცვლად ისეთი ზღურბლოვანი სტრუქტურული საკითხებისა, როგორიცაა ბაზრის წილები. SLC ტესტის ფარგლებში, შერწყმის მოკვლევა და შეფასება უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, მოსალოდნელია თუ არა ფასების გაზრდა შერწყმის დასრულების შემდეგ. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

კომენტარი

SLC ტესტი არის ერთ-ერთი იმ ორი ძირითადი ტესტიდან, რომელსაც კონკურენციის ორგანოები შერწყმის კონკურენციის საწინააღმდეგო ბუნების დასადგენად იყენებენ (მეორეა დომინირების ტესტი). ამჟამად შერწყმის კონტროლის რეჟიმების უმეტესობა სწორედ SLC ტესტს ანიჭებს უპირატესობას. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველი - დომინირების ტესტის ფარგლებში კოორდინირებული ეფექტებისა და არაჰორიზონტალური შერწყმის შეფასების სირთულე; მეორე - შედეგზე (ეფექტზე) დაფუძნებული ეკონომიკური ანალიზის მაღალი სიზუსტე, რის შესაძლებლობასაც SLC ტესტი იძლევა (OECD, შერწყმის მიმოხილვის სტანდარტი, გვ. 6).

ტესტი SLC იკვლევს სავარაუდო კოორდინირებულ და არაკოორდინირებულ ეფექტებს სამივე ტიპის შერწყმისას: ჰორიზონტალური, ვერტიკალური და კონგლომერატული. ჰორიზონტალურმა შერწყმამ შესაძლოა არსებითად შეამციროს კონკურენცია ერთ ან რამდენიმე კომპანიაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული ზეწოლის აღმოფხვრის ან კონკურენციის ხასიათის შეცვლის გზით. ვერტიკალური და კონგლომერატული შერწყმა, როგორც წესი, ნაკლებ საფრთხეს უქმნის კონკურენციას (ევროკომისია, სახელმძღვანელო მითითებები არაჰორიზონტალური შერწყმის შესახებ, პუნქტები 11-13). მიუხედავად ამისა, არსებობს გარემოებები, რომლებშიც მათ შეუძლიათ არსებითად შეამცირონ კონკურენცია - მაგალითად, კონკურენტების ბაზრიდან ჩაკეტვით (გამორიცხვით) საჭირო ნედლეულზე, მარაგებსა თუ გასაღების ბაზრებზე წვდომის შეზღუდვის გზით.

ტესტი SLC თავისი ბუნებით პროგნოზულია (წინდახედული). დომინირების ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია სტრუქტურულ საკითხებზე (მაგალითად, ბაზრის წილებზე), SLC ტესტი იყენებს შედეგზე (ეფექტზე) ორიენტირებულ მიდგომას. SLC ტესტის მიხედვით შეფასება ფოკუსირებულია იმაზე, მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა ან შემცირდება თუ არა ინოვაციების ტემპი შერწყმის შემდეგ. მიუხედავად ეფექტებზე ფოკუსირებისა, ბაზრის კონცენტრაციის დონე კვლავ მნიშვნელოვან ინდიკატორად რჩება კონკურენციაზე პოტენციური ზემოქმედების შესაფასებლად. ამგვარად, ბაზრის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლოა მიუთითებდეს კონკურენტული ზიანის რისკზე და სავარაუდო ეფექტების უფრო დეტალური შესწავლის საფუძველი გახდეს.

ტესტის SLC დასაკმაყოფილებლად საჭირო არ არის არც ზიანის დანამდვილებით ჩვენება და არც მისი მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა; აუცილებელია კონკურენციისათვის ზიანის მიყენების გონივრული ალბათობის დასაბუთება (იხ. Brown Shoe, 323). შეერთებულ შტატებში, „კლეიტონის აქტის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, SLC ტესტი მოითხოვს იმის ჩვენებას, რომ აქტივების ან წილების შეძენის შედეგად შესაძლოა მოხდეს კონკურენციის არსებითი შემცირება.

საქმეში Hospital Corporation of America v. Federal Trade Commission (1986), აშშ-ის მეშვიდე ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მე-7 მუხლის საფუძველზე არ არის აუცილებელი იმის დემონსტრირება, რომ შერწყმას ან შესყიდვას დაუყოვნებლივ მოჰყვა ფასების ზრდა შესაბამის ბაზარზე. ნაცვლად ამისა, მთავარია დადგინდეს, წარმოშობს თუ არა შერწყმა მომავალში ფასების მსგავსი ცვლილების რეალურ რისკს. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლო შედეგების შესახებ გადაწყვეტილებები მოითხოვს პროგნოზულ განსჯას, რომელიც ეფუძნება ალბათობებსა და ეკონომიკურ ანალიზს და არა ფაქტობრივ მტკიცებულებებს უკვე მომხდარი ზიანის შესახებ. მე-7 მუხლში გამოყენებული სიტყვა „შეიძლება“ არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ზიანის მიყენების მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა ხდის შერწყმას (განხორციელებულს ან შემოთავაზებულს) უკანონოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოები ნებისმიერ შესყიდვას არაკანონიერად მიიჩნევდნენ (იხ. FTC v. Elders Grain, Inc., 906). ამ საქმის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ უნდა არსებობდეს აშკარა კავშირი შერწყმასა და კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგის დადგომის ალბათობას შორის. როგორც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, მე-7 მუხლი ეყრდნობა „ალბათობებს“ და არა „ეფემერულ შესაძლებლობებს“. აშშ-ის სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ეს სტანდარტი მსგავსია სხვა იურისდიქციების, მათ შორის ევროკავშირის მიდგომისა. მაგალითად, საქმეში European Commission v. CK Telecoms UK Investments Ltd (2023), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დაადგინა, რომ კომისიამ უნდა დაადასტუროს ეფექტიანი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეფერხების (SIEC) არსებობის ალბათობათა ბალანსი. სასამართლოს თანახმად, კონკურენციისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს „უფრო სავარაუდო, ვიდრე არა“ (more likely than not) (პუნქტები 87-88).

ფაქტორები, რომლებიც, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება SLC ტესტით შერწყმის შეფასებისას, მოიცავს: შესაბამისი ბაზრების სტრუქტურას, შერწყმის ძირითად ეკონომიკურ დასაბუთებას, ბაზრის ხელმისაწვდომობას ახალი პოტენციური მოთამაშეებისთვის, მონაწილე საწარმოების საბაზრო წილებს, ბაზრის შეზღუდულობას, არსებული და პოტენციური კონკურენტების არსებობას, მომხმარებელთა ქცევას (მომხმარებლის სურვილსა და უნარს, გადავიდეს ალტერნატიულ პროდუქტზე), სავარაუდო გავლენას მომხმარებლებზე, ბაზარზე შესვლისთვის საჭირო ფინანსურ ინვესტიციებს და იმ მინიმალურ საბაზრო წილს, რომელიც აუცილებელია მყიდველისთვის ან გამყიდველისთვის მომგებიანობისა თუ მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად.

ამ ფაქტორებზე დაფუძნებული შეფასებისას კომპეტენტური ორგანოსთვის არ არის საკმარისი მხოლოდ იმის ჩვენება, რომ შერწყმამ შესაძლოა შეამციროს კონკურენცია. მან უნდა დაასაბუთოს, რომ შერწყმა, დიდი ალბათობით, ამას არსებითად გააკეთებს (იხ. UnitedHealth Group, 132-133).

ვინაიდან ტესტის SLC ელემენტები თავისთავად ცხადი არ არის, კონკურენციის ორგანოები, როგორც წესი, ადგენენ დეტალურ სახელმძღვანელო მითითებებს (გაიდლაინებს), რომლებიც შერწყმის შეფასების ჩარჩოებს განსაზღვრავს. 2023 წლის დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა გამოსცეს შერწყმის ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს SLC ტესტის გამოყენებაზე. ეს გაიდლაინები ასახავს ზოგად სკეპტიციზმს კონცენტრაციების მიმართ და შერწყმის კონტროლისადმი უფრო მკაცრ მიდგომას გვთავაზობს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი გამოხატავს უწყებების ამჟამინდელ ხედვას კანონმდებლობის შესახებ, მას არ გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა და სასამართლო არ არის ვალდებული, იხელმძღვანელოს მისით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ტესტი SLC შერწყმის შეფასების უმთავრესი საყრდენია. მისი როლი თანამედროვე ანტიმონოპოლიურ რეჟიმებში განისაზღვრება სამომავლო შედეგების განჭვრეტით, კონკურენტული ზიანის პროგნოზული ანალიზითა და ეკონომიკური ეფექტიანობის დაბალანსების პრინციპით.