უნივერსალური მომსახურება (UNIVERSAL SERVICE)

უნივერსალური მომსახურება არის წინასწარი საჯარო ჩარევა, რომელიც ადგენს ზოგადი ინტერესის მოთხოვნებს. ეს გულისხმობს ყველა მომხმარებლის უფლებას - ჰქონდეს წვდომა გარკვეულ საბაზისო სერვისებზე, და შესაბამის ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრებათ მომსახურების მომწოდებლებს, რათა მათ მომხმარებელს სერვისი კონკრეტული პირობებით შესთავაზონ. უნივერსალური მომსახურების ძირითადი პრინციპები მოიცავს ხარისხს, ფასის ხელმისაწვდომობას, გეოგრაფიულ დაფარვასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას. ძირითადი პრაქტიკა მოიცავს მართვის გამჭვირვალობას, ფასწარმოქმნას, დაფინანსებასა და ზედამხედველობას იმ ორგანოების მიერ, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან მომსახურების მომწოდებლებისგან. უნივერსალური მომსახურების კონცეფცია, როგორც წესი, გამოიყენება ქსელური ინდუსტრიების ლიბერალიზაციის (ეკონომიკურ) კონტექსტში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, საფოსტო მომსახურება და ელექტროენერგია. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.

კომენტარი

ევროკავშირი

ხშირად აღნიშნავენ, რომ უნივერსალური მომსახურების ვალდებულების ცნება წარმოიშვა გაერთიანებულ სამეფოში და 1980-იან წლებში დამკვიდრდა ევროკავშირის პოლიტიკურ-სამართლებრივ წესრიგში. ევროკავშირის კანონმდებლობით, უნივერსალური მომსახურება არის საერთო ეკონომიკური ინტერესის მომსახურება. მეორად სამართლებრივ აქტებში მითითებულია მისი წარმოშობა ევროპის თანამეგობრობის კანონმდებლობიდან. ლისაბონის ხელშეკრულებაზე დართული ოქმი №26-ისა (საერთო ინტერესის მომსახურების შესახებ) და ძირითად უფლებათა ქარტიის 36-ე მუხლის მიხედვით, საბაზისო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მიჩნეულია ევროკავშირის ღირებულებად და საჯარო სამსახურის საერთო ვალდებულებად. საერთო ინტერესის მომსახურების შესახებ 2007 წლის კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ უნივერსალური მომსახურების მოთხოვნები აუცილებელია სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების კეთილდღეობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. როგორც „უფლებებისა და მოვალეობების მინიმალური ნაკრები“, ისინი წარმოადგენენ გადახრას ჩვეულებრივი საბაზრო მექანიზმებიდან. მკაცრად რეგულირებადი ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესში, USO უზრუნველყოფს სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეღავათიან ფასად და ხარისხის შენარჩუნებას (საჭიროების შემთხვევაში კი - გაუმჯობესებას) ყველა ადამიანისთვის.

უნივერსალური მომსახურება თავსებადია სუბსიდიარობის პრინციპთან, რაც გულისხმობს, რომ სანამ ძირითადი პრინციპები თანამეგობრობის დონეზე განისაზღვრება, მათი განხორციელება წევრ სახელმწიფოებს ევალებათ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მეშვეობით, რომლებსაც მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და მოვალეობები გააჩნიათ. ევროკომისიამ ხაზი გაუსვა სანქცირების მექანიზმების მნიშვნელობას უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში. უნივერსალური მომსახურების კონცეფცია უზრუნველყოფს ისეთი საერთო ინტერესების გათვალისწინებას, როგორიცაა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება. თავდაპირველად ეს მიდგომა ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგიისა და ფოსტის სექტორებში ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი სხვა სფეროებზეც გავრცელდა. მან გზა გაუხსნა საზოგადოებრივი ინტერესის ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა ეკონომიკური ეფექტიანობა, ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოს დაცვა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მომხმარებელთა უფლებები და სპეციალური ზომები შშმ პირთა, ხანდაზმულთა თუ განათლების საჭიროების მქონე პირთათვის. კომისიამ ოფიციალურად აღიარა USO-ს როლი წევრ ქვეყნებში საცხოვრებელი პირობებისა და შესაძლებლობების უთანასწორობის შემცირებაში. მიუხედავად ამისა, USO-ს კონცეფცია შედარებით ბუნდოვანია, რის გამოც მოქალაქეებს შესაძლოა გაუჭირდეთ მომსახურების ხელმისაწვდომობის უფლების მოთხოვნა იმ მიმწოდებლისგან, რომელიც ვერ ასრულებს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებს.

„ზოგადი ინტერესის მომსახურებების შესახებ მწვანე წიგნის“ (2003) მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ საერთო ინტერესის მომსახურების, მათ შორის უნივერსალური მომსახურების, მიწოდების წმინდა ხარჯები ბენეფიციარმა საწარმოებმა გადასახადების მეშვეობით დაფარონ. დაფინანსების მექანიზმი (მაგალითად, უნივერსალური მომსახურების ვალდებულების ფონდი) უნდა უზრუნველყოფდეს ბაზრის მონაწილეთა მიერ მხოლოდ უნივერსალური მომსახურების დაფინანსებას და არა სხვა აქტივობების მხარდაჭერას. გარკვეული სერვისებისთვის, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურებისთვის, წევრი სახელმწიფოები მოითხოვენ სერვისის მიწოდებას ერთიანი ტარიფით მთელ ტერიტორიაზე.

შეერთებულ შტატებში ტერმინი „უნივერსალური მომსახურების პოლიტიკა“ ყველაზე ხშირად ტელეკომუნიკაციების სექტორში გამოიყენება. იგი გულისხმობს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს სატელეფონო სერვისების ფასის ხელმისაწვდომობისა და ქსელთან საყოველთაო წვდომის ხელშეწყობას.

ტერმინი პირველად გაჩნდა „ორმაგი სერვისის“ სატელეფონო ქსელის კონტექსტში, რაც გულისხმობდა ერთსა და იმავე დასახლებაში არსებულ დამოუკიდებელ, არაერთმანეთზე დაკავშირებულ სატელეფონო სადგურებს. ამ სისტემის ალტერნატივა, „უნივერსალური მომსახურების პოლიტიკა“, ითვალისწინებდა კონკურენტი სატელეფონო სადგურების ადგილობრივ მონოპოლიად გაერთიანებას, რითაც უზრუნველყოფდა ურთიერთდაკავშირებას ყველა მომხმარებელს შორის. იმ პერიოდში უნივერსალური მომსახურება არ გულისხმობდა სატელეფონო შეღწევადობის ან ფასის ხელმისაწვდომობის სუბსიდირებას სამთავრობო პოლიტიკის მეშვეობით.

თუმცა, დღეს კომუნიკაციების ფედერალური კომისია უნივერსალურ მომსახურებას აღწერს, როგორც პრინციპს, რომლის მიხედვითაც ამერიკის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს წვდომა საკომუნიკაციო სერვისებზე. უნივერსალური მომსახურება ასევე არის ფონდის დასახელება და FCC-ის პროგრამებისა და პოლიტიკის კატეგორია, რომელიც ამ პრინციპის განსახორციელებლად შეიქმნა. უფრო მეტიც, იგი მიჩნეულია 1934 წლის „კომუნიკაციების აქტის“ ქვაკუთხედად, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა FCC.

1996 წლის „სატელეკომუნიკაციო აქტმა“ გააფართოვა ტერმინ „უნივერსალური მომსახურების“ არეალი და მოიცვა წვდომა როგორც ტელეკომუნიკაციებზე, ისე მოწინავე სერვისებზე, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, გონივრული და სამართლიანი ტარიფებით. აღნიშნული აქტი ორიენტირებული იყო სოფლად მცხოვრები და დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის პროგრამა „აუცილებელი საჰაერო მომსახურება“ (Essential Air Service - EAS) იძლევა გარანტიას, რომ მცირე დასახლებები, რომლებსაც ავიაკომპანიების დერეგულაციამდე სერტიფიცირებული ავიაგადამზიდები ემსახურებოდნენ, შეინარჩუნებენ გეგმიური საჰაერო მიმოსვლის მინიმალურ დონეს.

ამასთანავე, აშშ-ის საფოსტო სამსახური ახორციელებს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებას ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიმართ.

იაპონიაში უნივერსალური მომსახურების კონცეფცია ყველაზე ხშირად სატელეკომუნიკაციო და საფოსტო სერვისების კონტექსტში გამოიყენება. სხვა ქვეყნების მსგავსად, სოციალური ინფრასტრუქტურის კატეგორიაში შემავალი სხვადასხვა ბაზრების დერეგულაცია 1980-იანი წლების განმავლობაში და მის შემდგომ პერიოდში განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა კონკურენციისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, მსგავსი სერვისები გადამწყვეტია ჯანსაღი და კულტურული ცხოვრების მინიმალური სტანდარტების უზრუნველსაყოფად. სექტორული მარეგულირებელი რეჟიმები, როგორიცაა „სატელეკომუნიკაციო ბიზნესის შესახებ კანონი“ და საფოსტო სერვისებთან დაკავშირებული ნორმები, ადგენს, რომ ამ მომსახურებებზე წვდომა გარანტირებული უნდა იყოს გონივრულ ფასებში იაპონიის მთელ ტერიტორიაზე.

უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების კონცეფცია რეგულაციებში პირველად მაშინ დაინერგა, როდესაც კანონით მონოპოლიზებული სექტორების დერეგულაცია მოხდა.

ზოგჯერ ყოფილი მონოპოლისტი კომპანიები ამტკიცებენ, რომ დერეგულაციის შემდგომ პერიოდში მათზე დაკისრებული მარეგულირებელი ვალდებულებები უფრო მძიმეა, ვიდრე თავად უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ვალდებულებები ხელს უშლის მათ კონკურენტებთან თავისუფალ და სამართლიან კონკურენციაში. მსგავსი დავები განსაკუთრებით ხშირია სატელეკომუნიკაციო სექტორში. დღეისათვის, უნივერსალური მომსახურების კონტექსტში ზოგჯერ საბაზისო ფინანსური სერვისებიც მოიხსენიება. კერძოდ, ცალკეულ პრეფექტურებში ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებამ ყურადღება გაამახვილა იზოლირებულ კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უნივერსალური მომსახურების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

ამასთან დაკავშირებით, უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები ხშირად წარმოშობს რთულ პოლიტიკურ კითხვებს, ისევე როგორც საკითხებს კონკურენციის პოლიტიკის პერსპექტივიდან. თითოეული ამ სექტორისთვის არსებობს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესაბამისი ფონდები. ინდოეთში, შეერთებული შტატების მსგავსად, ტერმინი „უნივერსალური მომსახურება“ ძირითადად სატელეკომუნიკაციო სექტორში გამოიყენება. ეს ტერმინი საფოსტო სექტორში დაახლოებით 200 წლის წინ, როულანდ ჰილის (Rowland Hill) 1837 წლის რეფორმების შედეგად დამკვიდრდა.

ინდოეთის ტელეკომის მარეგულირებელი ორგანოს (TRAI) 1997 წლის აქტის თანახმად, TRAI ვალდებულია უზრუნველყოს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს მსოფლიო დონის სერვისების ხელმისაწვდომობას შეღავათიან ფასად. კიდევ ერთი სექტორი, სადაც მსგავსი ვალდებულებები მოქმედებს, ავიაციის სფეროა. ისინი მიზნად ისახავს წვდომის გაზრდას არაეკონომიურ მარშრუტებზე და იმ რეგიონებში, სადაც საჰაერო მიმოსვლა ნაკლებად ინტენსიურია.

საფოსტო სექტორში „ინდოეთის ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო სისტემას, ეკისრება უნივერსალური მომსახურების ვალდებულება, რათა უზრუნველყოს საბაზისო საფოსტო და ფინანსური მომსახურება ქალაქებში, სოფლებში, ასევე შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებთათვის. თითოეული ამ სექტორისთვის არსებობს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებების განხორციელებისთვის გამოყოფილი სპეციალური ფონდები.