ფასისმიერი ლიდერობა (PRICE LEADERSHIP)

ფასის ლიდერობა ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთი კომპანია (ლიდერი) ადგენს ფასის დონეს ან ცვლის მას, ხოლო ბაზრის სხვა მონაწილეები (მიმდევრები) იღებენ იგივე ან მსგავს ფასებს. სიტონისა და უოტერსონის (2013) მიხედვით, ფასისმიერი ლიდერობის უფრო ვიწრო განმარტება ასეთია: „ფასისმიერი ლიდერობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი კომპანია ცვლის პროდუქტის ფასს (ან ფასთა ერთობლიობას), რასაც წინასწარ განსაზღვრულ მოკლე პერიოდში მოჰყვება მეორე კომპანიის მხრიდან ფასის ცვლილება ზუსტად იმავე ოდენობითა და მიმართულებით იმავე პროდუქტ(ებ)ზე; ამასთან, ეს პროცესი მეორდება ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

ინსტიტუციური განმარტება

ფასები და მათი ცვლილებები, რომლებსაც ადგენს დომინანტი ან სხვა ფირმების მიერ ლიდერად აღიარებული კომპანია, და რომლებსაც დარგის სხვა მონაწილეებიც იზიარებენ და მიჰყვებიან. როდესაც ფასებში ლიდერობა ფარული შეთანხმების ხელშეწყობას ემსახურება, ფასების ლიდერი, როგორც წესი, ადგენს ისეთ მაღალ ფასს, რომ ბაზარზე არსებულმა ყველაზე ნაკლებად ეფექტიანმა ფირმამაც კი შეძლოს კონკურენტულ დონეზე მაღალი მოგების მიღება. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

კომენტარი

ფასისმიერი ლიდერობა არის კომპანიებს შორის სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულების ფორმა ოლიგოპოლიურ ბაზრებზე. სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოლიგოპოლიურ ბაზარზე მოქმედი კომპანიები აცნობიერებენ - მათ მიერ დაწესებული ფასი გავლენას მოახდენს სხვა კომპანიების საფასო პოლიტიკაზე. კონკურენციის კუთხით მთავარი საფიქრალი ის არის, რომ მრავალჯერადი ინტერაქციის შედეგად კომპანიები ხვდებიან - მათ ინტერესებშია კოორდინირებული მოქმედება და უფრო მაღალი ფასების დაწესება, ვიდრე ეს კონკურენტულ ბაზარზე იქნებოდა, რაც მომხმარებელს აზარალებს. ასეთი კოორდინაცია არ საჭიროებს კომპანიებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას ან ფორმალურ შეთანხმებას, რის გამოც ეკონომისტები მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჩუმ ფარულ გარიგებას“ (ან „ჩუმ კოორდინაციას“, ან „ცნობიერ პარალელიზმს“).

კომპანიების კოორდინაციის ერთ-ერთი გზაა, როდესაც ბაზარზე ყველაზე დიდი ან დომინანტური კომპანია ითავსებს ლიდერის როლს, სხვები კი მიმდევრები ხდებიან. ლიდერი ზრდის ფასებს, მიმდევრები კი იმავეს აკეთებენ, რადგან ასკვნიან, რომ ეს მათთვის უფრო მომგებიანია. ფაქტობრივად, ლიდერი ქმნის მზარდ ტალღას, რომელიც ყველა „გემს“ ზემოთ სწევს. შესაბამისად, ფასის ლიდერობა შეიძლება განიხილებოდეს როგორც ჩუმი ფარული გარიგების ხელშემწყობი მექანიზმი ან მისი სიმპტომი.

თუმცა, აშკარა კომუნიკაციის ან შეთანხმების მტკიცებულების გარეშე, რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პოტენციურად საზიანო „ლიდერ-მიმდევრის“ მოდელი და „ნორმალური“ კონკურენტული ქცევა. მაგალითად, თუ ერთი კომპანია ზრდის ფასს და მას სხვა კომპანიებიც მოჰყვებიან, ეს თავისთავად არ წარმოადგენს მავნე ქცევის მტკიცებულებას, რადგან შესაძლოა ყველა მათგანი უბრალოდ რეაგირებდეს ნედლეულის ან სხვა რესურსების ღირებულების საერთო ზრდაზე.

მაშასადამე, ზიანის თანმიმდევრულ თეორიას, რომელიც ეფუძნება „ფასის ლიდერობის“ აშკარა არსებობას, უნდა შეეძლოს პასუხი გასცეს რამდენიმე რთულ კითხვას, მათ შორის:

· რატომ სურს კომპანიას იყოს ლიდერი და არა მიმდევარი?

· როგორ ხვდებიან სხვა კომპანიები, ვინ არის ლიდერი?

· რატომ სურთ სხვა კომპანიებს, მიჰყვნენ ლიდერს?

საბოლოო ჯამში, პოტენციურ ლიდერს ყოველთვის ემუქრება რისკი ნებისმიერი კონკურენტის მხრიდან, რომელიც არ აჰყვება მის ინიციატივას და ფასს არ გაზრდის. ანალოგიურად, თუ ლიდერობა უფრო მომგებიანია, რატომ ამჯობინებს რომელიმე კომპანია მიმდევრის როლს? მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა იმის ახსნა, თუ რატომ და როგორ შეიძლება ჩაანაცვლოს ფასის ლიდერობამ ნორმალური კონკურენცია.

არსებობს მდიდარი ეკონომიკური ლიტერატურა, რომელიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს. თუ „დასჯის“ (საპასუხო რეაქციის) ფასი საკმარისად მაღალია, მიმდევრებს უჩნდებათ სტიმული, აჰყვნენ ლიდერს და არა - კონკურენცია გაუწიონ მას ფასის შემცირებით. ასეთ შემთხვევაში ფასისმიერი ლიდერობა შესაძლოა კონკურენციის შემცვლელად იქცეს. ეკონომიკურ ლიტერატურაში ასევე განხილულია სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულებისა და „ლიდერ-მიმდევრის“ ქცევის სხვა ფორმებიც. მაგალითად, როდესაც ლიდერი „ჭარბ ინვესტიციას“ ახორციელებს საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებში, რათა ხელი შეუშალოს მიმდევრებს ანალოგიური ინვესტიციების ჩადებაში. ამ ტიპის ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელოვნური დეფიციტი და, შესაბამისად, საბაზრო ფასების ზრდა.