Fintech (ფინანსური ტექნოლოგიები) წარმოადგენს სწრაფად განვითარებად გზაჯვარედინს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სექტორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას. Fintech-ის მაგალითებია მობილური ბანკინგი, ბლოკჩეინი, პერსონალური ფინანსების მართვის სისტემები და „რობო-ედვაიზერები“ (Robo-advisors - ფინანსური კონსულტაციებისა და მართვის ავტომატიზებული სერვისები). ამ დინამიკურ გარემოში კონკურენციის სამართალი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამართლიანი და ღია ბაზრების დაცვაში, მონოპოლიების წარმოქმნის პრევენციასა და ინოვაციების ხელშეწყობაში. მიზანია თანაბარი პირობების შექმნა, რათა მომხმარებლებმა ისარგებლონ Fintech-ის ძლიერი ეკოსისტემით ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ბაზრის არასათანადო კონცენტრაცია ან კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკა. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.
Fintech-ის სწრაფმა გაფართოებამ გამოიწვია კონკურენციის სამართლისა და ფინანსური რეგულირების კონვერგენცია (შერწყმა), რაც სრულიად ახალ გარემოს ქმნის. მზარდი Fintech კომპანიები ეჭვქვეშ აყენებენ ტრადიციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების დამკვიდრებულ დომინანტობას ინოვაციური და ხშირად უფრო გამარტივებული სერვისების შემოღებით. ფინანსური სექტორის ეს ახალი ასპექტები გამოწვევებს უქმნის მარეგულირებელ ორგანოებს, რაც ურთიერთსაპირისპირო ინტერესების დაბალანსებას მოითხოვს: ერთის მხრივ, არსებობს საკანონმდებლო ფრაგმენტაციისა და ზედმეტი სირთულის შიში, ხოლო მეორეს მხრივ, აუცილებლობა, რომ კანონმდებლობამ ფეხი აუწყოს ინოვაციების ტემპს.
ჭარბი და მუდმივად ცვლადი საკანონმდებლო გარემოს პირობებში, რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხი ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ბარიერია, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების მქონე სტარტაპებისთვის. როგორც ფ. ბოსტუნი (F. Bostoen) აღნიშნავს თავის ნაშრომში „პლატფორმის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“, რეგულირების მზარდი სირთულის გამო, შესაბამისობის ხარჯები დიდ კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, სანამ ტექნოლოგიურად ნეიტრალურ რეგულირებას მივაღწევთ (რაც თავისთავად რთული პროცესია), აშკარაა ისეთი ჩარჩოს საჭიროება, რომელიც შეფერხების გარეშე მოერგება ტექნოლოგიურ პროგრესს. სანამ Fintech-ის სფეროში არსებულ და მომავალ ძირითად საკითხებს განვიხილავდეთ, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა.
ევროკავშირში, TFEU-სთან ერთად, მოქმედებს 2023 წლის ციფრული ბაზრების აქტი - ინსტრუმენტი, რომელიც ავსებს ევროპულ და ეროვნულ კანონმდებლობას და დღემდე ყველაზე ყოვლისმომცველ მარეგულირებელ ჩარჩოდაა მიჩნეული. დიდ ბრიტანეთში შეიქმნა ციფრული ბაზრების განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას უწევს და აღასრულებს 2020 წლის სავალდებულო ციფრულ კოდექსს, რაც ტექნოლოგიური გიგანტების ქცევას არეგულირებს.
შეერთებულ შტატებში, სადაც Fintech კომპანიების უმრავლესობაა ბაზირებული, სპეციფიკური საკანონმდებლო ბაზის შედარებითი ნაკლებობაა. ეკოსისტემა დიდწილად ფორმირდება არსებული ანტიმონოპოლიური კანონებით, მომხმარებელთა დაცვის რეგულაციებითა და სექტორული ზედამხედველობის ორგანოების მიერ. პოლიტიკის შემქმნელები ამჟამად მსჯელობენ უფრო მორგებული კანონების აუცილებლობაზე, რათა უპასუხონ Fintech-ის სწრაფი ევოლუციით გამოწვეულ უნიკალურ გამოწვევებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იურისდიქცია Fintech-ის გავრცელების თვალსაზრისით სინგაპურია. პროაქტიული მარეგულირებელი მიდგომით, სინგაპურის სავალუტო ორგანომ შემოიღო ისეთი ჩარჩოები, როგორიცაა 2019 წლის „საგადახდო მომსახურებების აქტი“. იგი ახალისებს ინოვაციებს და ამავდროულად უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, მომხმარებელთა დაცვასა და კონკურენციის სამართლის პრინციპების დაცვას. ამ მიდგომამ სინგაპურს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში წამყვანი „ფინტექ-ჰაბის“ პოზიცია დაუმკვიდრა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტმა 2018 წელს გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში Fintech სექტორში კონკურენციის საკითხებზე. მასში განხილულია სექტორში მოსალოდნელი სხვადასხვა გამოწვევა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.
Fintech სექტორში კონკურენციასა და ფინანსურ სტაბილურობას შორის ურთიერთქმედება სულ უფრო აშკარა ხდება. გადამწყვეტია ოპტიმალური ბალანსის პოვნა ინოვაციების ხელშეწყობას, ბაზრის მთლიანობის უზრუნველყოფას, ინვესტორთა ინტერესების დაცვასა და არსებული ფინანსური სისტემების სტაბილურობის განმტკიცებას შორის.
Meta-ს (ყოფილი Facebook) კრიპტოვალუტის პროექტის, Libra-ს (მოგვიანებით Diem) ანონსმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია. მარეგულირებლები მთელ მსოფლიოში გამოხატავდნენ შიშს და ხაზს უსვამდნენ წინააღმდეგობას Fintech ინოვაციების ხელშეწყობასა და დამკვიდრებული ფინანსური სისტემის მდგრადობას შორის. ანალოგიურად, როდესაც Meta ბრაზილიაში WhatsApp Pay-ის გაშვებას ცდილობდა, მას წინააღმდეგობა კონკურენციის ორგანომ გაუწია. მარეგულირებელმა გამოთქვა შეშფოთება ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით, WhatsApp-ის მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ბაზისა და ქვეყნის საგადახდო სისტემაზე მოსალოდნელი სერიოზული ზემოქმედების გათვალისწინებით. საბოლოოდ, პროექტზე თანხმობა გაიცა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა საკუთარი მყისიერი გადახდების სისტემა (Pix), რომელიც ქვეყანაში ნებისმიერი მომავალი საგადახდო პლატფორმის ფუნქციონირების სავალდებულო საფუძველი გახდა.
შერწყმა და შესყიდვები (M&A)
Fintech სექტორში კონცენტრაციის კონტროლის ანალიზი, როგორიცაა Visa-სა და Plaid-ის ჩაშლილი 5.3 მილიარდი დოლარის გარიგება, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იცავს კონკურენციის სამართალი ბაზრის სამართლიანობას და როგორ უშლის ხელს მონოპოლიების ჩამოყალიბებას. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დაუპირისპირდა ამ შერწყმას იმ არგუმენტით, რომ Plaid-ს, როგორც ინოვაციურ ფინანსურ ტექნოლოგიას, შეეძლო ეფექტიანად გამოეწვია Visa-ს დომინანტური პოზიცია. შესაბამისად, გარიგება მიჩნეულ იქნა Visa-ს მცდელობად, შეენარჩუნებინა საკუთარი საბაზრო ძალაუფლება. საინტერესოა, რომ გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანომ გარიგება არ დაბლოკა, რაც ხაზს უსვამს პერიოდულ განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ მიდგომებს შორის.
ევროკავშირში კომისიის მიერ განხორციელებული მკაცრი ზედამხედველობის მაგალითია Vipps-ისა და MobilePay-ის შემთხვევა. თავდაპირველი შეთანხმება დანიური, ნორვეგიული და ფინური ბანკების თანამშრომლობას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც MobilePay, Vipps და Pivo უნდა გაერთიანებულიყო ერთიან საგადახდო აპლიკაციად. თუმცა, გარიგების დამტკიცება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინური მხარე (Pivo) გამოეთიშა პროცესს, რათა თავიდან აეცილებინათ მონოპოლისტური ტენდენციები და დაეცვათ მომხმარებლის ინტერესები.
შერწყმის კონტროლის პროცედურების დაცვის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს Illumina/Grail-ის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, Illumina-მ მაინც დაასრულა შესყიდვის პროცესი, რის გამოც კომპანია 432 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. ევროკომისიის განმარტებით: „ეს არის ევროპული შერწყმის კონტროლის სისტემის ქვაკუთხედი, რომელიც საშუალებას აძლევს კომისიას შეასრულოს თავისი როლი მანამ, სანამ სტრუქტურული ცვლილებები გარდაქმნის კონკურენტულ გარემოს“. Fintech კომპანიები, ისევე როგორც ევროკავშირში მოქმედი ნებისმიერი სხვა სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს შერწყმასა და შესყიდვაში და აკმაყოფილებს ბრუნვის დადგენილ ზღვრებს, ექვემდებარებიან შერწყმის კონტროლის იმავე რეგულაციას, რომელსაც ევროკომისია ახორციელებს.
მონაცემთა ხელმისაწვდომობა და ღია ბანკინგი
ვინაიდან Fintech აგრძელებს ფინანსური სექტორის ტრანსფორმაციას, მისი სინერგია კონკურენციის სამართალთან სცილდება ტრადიციულ სტრუქტურებს, რაც მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულაციების სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს. ღია ბანკინგი გულისხმობს მესამე მხარის პროვაიდერებისთვის წვდომის მინიჭებას მომხმარებლის იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებიც ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებშია დაცული (ანგარიშის მფლობელის მკაფიო თანხმობის საფუძველზე). მომხმარებელთა დიდი მოცულობის მონაცემების კონცენტრაცია აჩენს შეშფოთებას კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევასთან დაკავშირებით, როგორიცაა მონაცემთა ექსკლუზიურობის შეთანხმებები, საფასო დისკრიმინაცია, საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ალგორითმული ფარული გარიგება ან მონაცემთა მონოპოლია.
ვინაიდან უშუალოდ Fintech-თან დაკავშირებული მასშტაბური პრეცედენტები ჯერჯერობით მცირეა, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ამ სფეროს სხვა მნიშვნელოვანი სასამართლო საქმეები. ერთ-ერთი ასეთია Google Spain v. Agencia Española de Protección de Datos (2014), რომელიც ცნობილია როგორც „დავიწყების უფლების“ საქმე. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის გლობალურ გავლენას და მოდელს წარმოადგენს იმ Fintech კომპანიებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემებს საზღვრებს გარეთ გადასცემენ. მონაცემთა გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია Microsoft v. US (2018), სადაც სასამართლომ შეისწავლა აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წვდომა უცხოურ სერვერებზე შენახულ ინფორმაციაზე. აღნიშნულმა ქეისმა აჩვენა, რომ Fintech კომპანიებმა არა მხოლოდ უნდა დაიცვან მონაცემთა დაცვის მკაცრი კანონები, არამედ უნდა შეძლონ ორიენტირება საერთაშორისო რეგულაციების რთულ ქსელში, რომელიც გავლენას ახდენს მონაცემთა სუვერენიტეტზე.
კონკურენციის სამართალი იქცა ცენტრალურ ძალად, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტრაექტორიას განსაზღვრავს. ვინაიდან Fintech სექტორი აგრძელებს სწრაფ ინოვაციებსა და გაფართოებას, სამართლიანი კონკურენციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ხდება მონოპოლისტური ტენდენციების პრევენციისა და ბაზრის მრავალფეროვნების წახალისებისთვის. მომავალში კონკურენციის პოლიტიკა კვლავაც მოახდენს ინდუსტრიის ფორმირებას - იგი განსაზღვრავს ბიზნესის შესყიდვის პირობებს, მომხმარებელთან ურთიერთქმედების ფორმებს, კონკურენტულ შეთანხმებებსა და მონაცემებზე წვდომის წესებს.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ Fintech-ს უამრავი სარგებელი მოაქვს, როგორიცაა ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაფართოება, ფინანსური ინკლუზიის (საყოველთაობის) გაძლიერება და ტრანზაქციების ეფექტიანობის გაზრდა. მისი ინოვაციური გადაწყვეტილებები ფინანსური პროცესების გამარტივებას ისახავს მიზნად, რაც მათ უფრო მოსახერხებელსა და ხელმისაწვდომს ხდის ფართო აუდიტორიისთვის. ამასთან, Fintech გადამწყვეტ როლს ასრულებს კონკურენციის სამართლის ფარგლებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობაშიც. ანგარიშგების, მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებული მექანიზმების, ასევე მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, კონკურენტუნარიანი Fintech ბაზარი შეძლებს მხარი დაუჭიროს რეალურ მდგრად დაფინანსებას და ხელი შეუწყოს „მდგრადი ფინანსების“ დემოკრატიზაციას.