AKZO-ს პროცედურა (AKZO PROCEDURE)

AKZO-ს პროცედურა დაკავშირებულია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) გადაწყვეტილებასთან საქმეზე AKZO Chemie BV and AKZO Chemie UK Ltd v Commission (1986). აღნიშნული პროცედურა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარე ითხოვს წვდომას მესამე პირის მიერ ევროკომისიაში წარდგენილ ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს კონფიდენციალურ მონაცემებს.

ინსტიტუციური განმარტება

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დადგენილი პროცედურული წესი, რომელიც ასევე შეტანილია მოსმენის ოფიცრის მანდატში და ეხება კომისიის მიერ კონფიდენციალური დოკუმენტების ან კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას. ეს წესი ადგენს, რომ როდესაც კომისია აპირებს გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ან კონფიდენციალურად მიჩნევასაც ითხოვს მისი მიმწოდებელი კომპანია, კომისიამ წერილობით უნდა აცნობოს ამ კომპანიას თავისი განზრახვა და შესაბამისი მიზეზები. თუ შესაბამისი კომპანია ეწინააღმდეგება ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არ არის დაცული და, შესაბამისად, შეიძლება მისი გამჟღავნება, ეს დასკვნა უნდა ჩამოყალიბდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს შესაბამის კომპანიას, რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეიტანოს სარჩელი ევროპის პირველი ინსტანციის სასამართლოში კომისიის შეფასებების გადახედვის მიზნით. ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნდეს გადაწყვეტილების შეტყობინებიდან ერთი კვირის გასვლამდე.

იხილეთ: ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 1986 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე 53/85, „AKZO Chemie BV და AKZO Chemie UK Ltd კომისიის წინააღმდეგ“, (1986) E.C.R., გვ. 1965, პარაგრაფი 29; გარკვეულ კონკურენციის სამართალწარმოებაში მოსმენის ოფიცრების უფლებამოსილების შესახებ კომისიის 2001 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მე-9 მუხლი (OJ L 162, 19.6.2001, გვ. 21). © ევროკომისია

კომენტარი

ECJ-ს მიერ დადგენილი აღნიშნული პროცედურული წესი, რომელიც ასევე ასახულია მოსმენის ოფიცრის (hearing officer) მანდატში, არეგულირებს ევროკომისიის მიერ კონფიდენციალური დოკუმენტაციისა თუ ბიზნეს-ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებს. აღნიშნული წესის თანახმად, თუ ინფორმაციის წარმდგენი მხარე მოითხოვს მონაცემთა კლასიფიცირებას კომერციულ საიდუმლოებად ან სხვა სახის კონფიდენციალურ ინფორმაციად, ევროკომისია ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებით აცნობოს მას ინფორმაციის გამჟღავნების განზრახვისა და შესაბამისი დასაბუთების შესახებ. აღნიშნული პროცედურა წარმდგენ მხარეს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინოს საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არ ექვემდებარება დაცვას და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხარის ნების საწინააღმდეგოდ, იგი ვალდებულია გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული აქტი ეცნობება შესაბამის კომპანიას, რომელსაც უფლება აქვს, კომისიის შეფასება გაასაჩივროს ევროპის საერთო სასამართლოში (General Court) სამართლებრივი წარმოების დაწყების გზით.

მომჩივნები (AKZO Chemie BV და AKZO Chemie UK Ltd, AKZO Group-ის წევრები) ამტკიცებდნენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე უნდა არსებობდეს გასაჩივრების უფლება ამგვარი ზომების გაუქმების მოთხოვნით. მათი არგუმენტაციით, პროცესი შესაძლოა დროში გახანგრძლივდეს ან დასრულდეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე (Her, 1987, გვ. 273). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა კონფიდენციალურობის უფლება განზრახ დაირღვა, მათ უნდა ჰქონოდათ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობა (AKZO-ს დასკვნა, პუნქტი 1).-

მომჩივნები მიუთითებდნენ „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების სადამფუძნებლო ხელშეკრულების“ (EEC Treaty) 214-ე მუხლით [ამჟამად „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ (TFEU) 339-ე მუხლი] გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულების დარღვევაზე. ასევე, №17 რეგულაციის 20(2) მუხლისა [ამჟამად №1/2003 რეგულაციის 28-ე მუხლი] და 20(1) მუხლის [ამჟამად №1/2003 რეგულაციის 27-ე მუხლი] დარღვევაზე, რომლებიც ეხება კონკურენციის წესების აღსრულებას TFEU-ის 101-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად (Whish & Bailey, 2018, გვ. 85).

ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენდა ბალანსის დაცვა საქმის მასალებზე წვდომასა და ბიზნეს-საიდუმლოების კონფიდენციალურობას შორის. ამ კონტექსტში, №1/2003 რეგულაციის 27-ე მუხლი მიზნად ისახავს კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელი მხარის უფლებების დაცვას და ამავდროულად ადგენს, რომ „წინამდებარე რეგულაციის არცერთი დებულება არ უშლის ხელს კომისიას, გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დარღვევის დასამტკიცებლად“.

საკუთარ დასკვნაში გენერალურმა ადვოკატმა ლენცმა აღნიშნა, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობა გამოიწვევდა გაუგებრობას ადმინისტრაციულ და სასამართლო წარმოებებს შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა არგუმენტები მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ საკითხთან, ვრცელდებოდა თუ არა დოკუმენტებზე პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება (Lenaerts, 2006, გვ. 1475-1477; Coutrelis & Giacob, 2006). გენერალური ადვოკატის პოზიციით, ამ ეტაპზე სასამართლო კონტროლის განხორციელება ნაადრევი იქნებოდა, ვინაიდან მიმდინარე ადმინისტრაციული პროცედურის პირობებში ეს გამოიწვევდა კომპეტენციათა აღრევას ევროკომისიასა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) შორის. იურიდიული თვალსაზრისით, მან განმარტა, რომ ევროკომისიამ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების სამართლიანი ბალანსი დაადგინა: ერთის მხრივ, მომჩივანთა ინტერესი - დაეცვათ საკუთარი ბიზნეს-საიდუმლოება, ხოლო, მეორეს მხრივ, მესამე პირის უფლება - ჰქონოდა წვდომა ინფორმაციაზე მოსმენის მიზნებისა და ეფექტური ზედამხედველობისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) ხელშეკრულებით დადგენილი კონკურენციის წესების დაცვა (AKZO-ს დასკვნა, პუნქტი 2).

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა „წმინდა ფაქტობრივ ნაბიჯს“ და არა სპეციალურ პროცედურას, ლენცმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ გამიჯნა მომჩივანთა უფლებები და მესამე პირის ინტერესები. მან ხაზგასმით მიუთითა, რომ „შესაბამისი დოკუმენტების გადაცემამ ECS-ისთვის და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილმა შენიშვნებმა ხელი შეუწყო საქმის გამოძიების დაჩქარებას“. გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ მრავალეტაპიანი პროცედურების ფარგლებში მიღებული აქტები ან გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი შიდა საპროცესო მოქმედებები, საქმის არსებითი გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია მიუთითებდა ანტიდემპინგურ რეგულაციებზე, რომლებიც მისი მტკიცებით Timex Corporation and Others v Council  საქმის ანალოგიური იყო, AKZO-ს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ ევროკომისიას კომპანიისთვის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცა. აღნიშნული ზომა უზრუნველყოფდა სადავო დოკუმენტების გამჟღავნების შეჩერებას, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენტისთვის დოკუმენტაციის არამართლზომიერ გადაცემას შესაძლოა გამოუსწორებელი და მძიმე ზიანი მოჰყოლოდა (იხ. ასევე Hercules Chemicals NV v Commission of the European Communities).