სამართლებრივი დაცვის საშუალებები არის ვალდებულებები ან შეზღუდვები, რომლებსაც მხარეები იღებენ საკუთარ თავზე, ან აწესებს ანტიმონოპოლიური უწყება კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად ან წარმოშობილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ზომები ყველაზე ხშირად შერწყმის (კონცენტრაციის) კონტროლის კონტექსტში გამოიყენება. სააგენტოებმა შესაძლოა მხარეებს შესთავაზონ ისეთი ქცევითი ვალდებულებები, რომლებიც აღმოფხვრის კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს და ამით თავიდან აიცილებენ შერწყმაზე სრულ უარს. სამართლებრივი დაცვის საშუალებები ასევე რელევანტურია კონკურენციის სამართლის დარღვევის შემთხვევებშიც, თუ ისინი ეფექტურად ასწორებენ მიყენებულ ზიანს ან აქარწყლებენ კონკურენციის საწინააღმდეგო ეჭვებს. დარღვევათა უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულებების აღება ხშირად ჩაანაცვლებს შემდგომ სააღსრულებო მოქმედებებს.
როდესაც კომისია გადაწყვეტს საქმის წარმოებას, იგი, დიდი ალბათობით, მიიღებს შემდეგი ორი ტიპის გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთს. პირველი არის დარღვევის ოფიციალურად დადგენა „ხელშეკრულების 101-ე და 102-ე მუხლების იმპლემენტაციის შესახებ“ რეგულაციის (EC) № 1/2003 („რეგულაცია 1/2003“) მე-7 მუხლის შესაბამისად. კომისიამ შეიძლება მოსთხოვოს შესაბამის კომპანიას დარღვევის შეწყვეტა, დააკისროს ქცევითი ვალდებულებები და/ან დააწესოს ჯარიმა („აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება“ ან „მე-7 მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“). უახლესი მაგალითები მოიცავს გადაწყვეტილებას Telefónica-სა და Portugal Telecom-ის დაჯარიმების შესახებ, ასევე გადაწყვეტილებას ტელევიზორებისა და კომპიუტერის მონიტორების კინესკოპების კარტელის თაობაზე.
ალტერნატიული გზით, კომისიამ შეიძლება მიიღოს „ვალდებულებების შესახებ გადაწყვეტილება“ (ან „მე-9 მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“), რომელიც ეფუძნება რეგულაციის № 1/2003 მე-9 მუხლს. აღნიშნული დებულება კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზონ ისეთი ვალდებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევის პრობლემების აღმოფხვრას. თუ კომისია მიიღებს ამ ვალდებულებებს, იგი გამოსცემს ვალდებულებების შესახებ გადაწყვეტილებას, რითაც მათ მხარეებისთვის სავალდებულო ძალას ანიჭებს, თუმცა ამით დარღვევის ფაქტს არ ადგენს. კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს იმის შეფასება, მიზანშეწონილია თუ არა გამოძიების პროცესში მყოფი მხარეების მიერ შემოთავაზებული ვალდებულებების მიღება. კომისიის გადაწყვეტილება ვალდებულებების მიღების თაობაზე ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს და განსაკუთრებით დამოკიდებულია სავარაუდო დარღვევის ხასიათზე, თავად ვალდებულებების არსზე, მათ უნარზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრან პრობლემები, და პრევენციული ეფექტის (შეკავების) უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
კომისია არ მიიღებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც არ აგვარებს კონკურენციის დარღვევის პრობლემებს. ვალდებულებები უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი და პირდაპირი აღსრულების მქონე (თვითაღსრულებადი). საჭიროების შემთხვევაში, კომისიის დასახმარებლად შეიძლება დაინიშნოს რწმუნებული (მონიტორინგის და/ან აქტივების გასხვისების ზედამხედველი რწმუნებული). არსებობს ორი სახის ვალდებულება: ქცევითი ვალდებულებები მოიცავს კომპანიის ვალდებულებას, მიაწოდოს გარკვეული მომსახურება ან საქონელი კონკრეტული პირობებით (მაგ. საქმე AT.39692 – IBM-ის ტექნიკური მომსახურება). სტრუქტურული ვალდებულება მოიცავს აქტივების გასხვისებას, მაგალითად, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (იხ. საქმეები AT.39388 და AT.39389 გერმანიის ელექტროენერგიის ბაზარი). პრინციპში, კომისიას შეუძლია მიიღოს ორივე ტიპის ვალდებულება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ, როგორც წესი, სტრუქტურული ვალდებულებები უფრო ეფექტურია, ვიდრე ქცევითი. თითოეულ შემთხვევაში კომისია შეაფასებს, რამდენად ეფექტურად ჭრის კომპანიის მიერ შემოთავაზებული ვალდებულებები გამოვლენილ კონკურენციის სამართლის დარღვევის პრობლემას. ვალდებულებები ყოველთვის მორგებული იქნება კონკურენციის დარღვევის პრობლემის ხასიათზე. © ევროკომისია
სამართლებრივი დაცვის საშუალებები, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებსა და კონკურენციის უწყებას შორის მოლაპარაკების შედეგს. მათი მიზანია შერწყმის აკრძალვის (ბლოკირების) თავიდან აცილება ან კონკურენციის სამართლის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორება. ბევრმა უწყებამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც აკონკრეტებს ამ ზომების გამოყენების წესებს. სამართლებრივი დაცვის საშუალებების განხილვისას მრავალი სააგენტოსთვის საერთოა შემდეგი ძირითადი პრინციპები: ვალდებულებები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც უწყებას შეუძლია დასაბუთებულად დაადგინოს კონკურენციასთან დაკავშირებული საფრთხე; ვალდებულებებმა სრულად უნდა შეინარჩუნონ ან აღადგინონ კონკურენცია ბაზარზე; შერჩეული ვალდებულება უნდა იყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალება პრობლემის ეფექტიანად აღმოსაფხვრელად; დაცვის საშუალებები უნდა პასუხობდეს მხოლოდ კონკურენციის პრობლემებს და არ უნდა იქნას გამოყენებული ინდუსტრიული დაგეგმარების ან სხვა არაკონკურენტული მიზნებისთვის; ვალდებულებები უნდა შესრულდეს გონივრულად მოკლე დროში და უნდა იყოს აღსრულებადი.
მხარეთა მიერ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომლებიც მათზე ადმინისტრაციული წესით იქნა დაწესებული ან ნებაყოფლობით იქნა აღებული, ჩვეულებრივ განიხილება კონკურენციის სამართლის დარღვევად.
არსებობს არსებითი განსხვავება სტრუქტურულ და ქცევით სამართლებრივი დაცვის საშუალებებს (ვალდებულებებს) შორის. სტრუქტურული ვალდებულებები, როგორც წესი, მოიცავს აქტივების გასხვისებას (დივესტირებას), ხოლო ქცევითი ვალდებულებები შეიძლება გულისხმობდეს: გარკვეული სერვისების ან საქონლის მიწოდებას წინასწარ განსაზღვრული პირობებით, არადისკრიმინაციულ მიდგომას, პროდუქციის კომპლექტური გაყიდვის თავიდან აცილებას ან ფასების გარკვეული დონის შენარჩუნებას. ქცევითი ვალდებულებები ხასიათდება ბაზარზე მუდმივი ჩარევით და, შესაბამისად, კონკურენციის უწყებების მიერ ნაკლებად სასურველ მექანიზმად მიიჩნევა. ასევე, ბევრად რთულია მათი შესრულების მონიტორინგი და აღსრულება.
მიუხედავად ამისა, კონკურენციის სააგენტოები გარკვეულ შემთხვევებში მაინც აგრძელებენ ქცევითი ვალდებულებების დაწესებას. მაგალითად, 2020 წელს ევროკომისიამ მიიღო Google-ის მიერ შემოთავაზებული პირობები Fitbit-ის შეძენასთან დაკავშირებით და შერწყმის დამტკიცების საფუძვლად მთელი რიგი ქცევითი ვალდებულებები დააწესა. 2010 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიაღწია შეთანხმებას კომპანიებთან - Ticketmaster და Live Nation, რაც ასევე მოიცავდა ქცევით ვალდებულებებს და გზა გაუხსნა მათი შერწყმის დამტკიცებას.
სტრუქტურული ვალდებულებები, როგორც წესი, უფრო ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად და ბაზარზე გრძელვადიანი კონკურენციის შესანარჩუნებლად. ისინი ასევე უფრო ადვილად აღსასრულებლად მიიჩნევა, ძირითადად მათი ბუნებიდან გამომდინარე, რაც ბაზარზე ერთჯერად ჩარევას გულისხმობს. გარდა ამისა, სტრუქტურული ზომები ნაკლებად ექვემდებარება მხარეთა მხრიდან „შემოქმედებით ინტერპრეტაციასა“ თუ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლის მცდელობებს. მიუხედავად ამისა, მრავალი უწყების გამოცდილება აჩვენებს, რომ სტრუქტურული ვალდებულებების იმგვარად შემუშავება, რაც კონკურენციის სრულ აღდგენას უზრუნველყოფს, საკმაოდ რთული პროცესია. სტრუქტურული ვალდებულებების აღსრულების კუთხით სააგენტოების გამოცდილება მხოლოდ ნაწილობრივაა წარმატებული.
არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც კონკურენციის უწყებებს შეუძლიათ გააუმჯობესონ აქტივების გასხვისების (დივესტიციის) ეფექტიანობა. ერთ-ერთი ინსტრუმენტია „Fix-it-first“ მიდგომა — რაც გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, სრულად დაასრულონ გასხვისების პროცესი შერწყმის ტრანზაქციის დასრულებამდე. კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმია სააგენტოს მიერ აქტივების შემძენის ვინაობის წინასწარი დასტური. მიზანია, ერთი მხრივ, მოხდეს კონკურენციის აღსადგენად საჭირო მინიმალური აქტივების გასხვისება, ხოლო მეორე მხრივ, სააგენტოები უნდა დარწმუნდნენ, რომ გასასხვისებელი აქტივები საშუალებას მისცემს მყიდველს, ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ბიზნესი და გააფორმოს შესაბამისი კომერციული შეთანხმებები, რაც მას ეფექტიანი კონკურენციის საშუალებას მისცემს.
ისრაელის გამოცდილება ქცევით ვალდებულებებთან დაკავშირებით თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა გაკვეთილები შეიძლება იქნას გამოტანილი ამ მექანიზმების გამოყენებისას. 21-ე საუკუნის დასაწყისში დამტკიცებული კონცენტრაციების (შერწყმების) დაახლოებით 20%-ში მხარეებს დაეკისრათ სხვადასხვა სახის ვალდებულება, რომელთაგან 40%-დან 65%-მდე სწორედ ქცევითი ხასიათის იყო. ზოგ შემთხვევაში ისრაელის კონკურენციის ორგანომ დააწესა ისეთი ქცევითი ვალდებულებები ბაზრის რეგულირებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, აუმჯობესებდა კონკურენციას, თუმცა ისინი ყოველთვის არ იყო პირდაპირ კავშირში კონკრეტულ შერწყმასთან.
მოგვიანებით, ისრაელის კონკურენციის სააგენტომ აღიარა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც არსებობს კონკურენციის შეზღუდვის კონკრეტული საფრთხე. იმ ფაქტის გათვალისწინებამ, რომ ქცევითი ვალდებულებები ნაკლებად სასურველია, გამოიწვია მათი გამოყენების წილის არსებითი შემცირება. ისრაელის კონკურენციის ორგანოს ხშირად ექმნებოდა სირთულეები მხარეებზე დაკისრებული გასხვისების (დივესტიციის) ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისას, რაც ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე სამართლებრივ დავებში ან საჭიროებდა დამატებით სააღსრულებო ზომებს.
2017 წელს კონკურენციის ორგანომ შეცვალა პოლიტიკა და დაიწყო „Fix-it-first“ (ჯერ გამოსწორება, შემდეგ შერწყმა) პრინციპის დაჟინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს აქტივების დივესტირებას შერწყმის ტრანზაქციის დასრულებამდე. ამ მიდგომამ მკვეთრად გააუმჯობესა მხარეთა მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი და მათი საერთო ეფექტიანობა.