შეთანხმება (არსი) (AGREEMENT (NOTION))

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება არის კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევის სამი კლასიკური სახეობიდან ერთ-ერთი (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის საწინააღმდეგო შერწყმასთან ერთად), რომელიც აკრძალულია კონკურენციის კანონმდებლობით. ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონის მე-16 მუხლი კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს განმარტავს, როგორც „შეთანხმებებს, გადაწყვეტილებებს ან სხვაგვარ შეთანხმებულ ქმედებებს, რომლებიც გამორიცხავს ან ზღუდავს კონკურენციას“. აღნიშნული დეფინიცია ევროკავშირისა და აშშ-ის მიდგომების ანალოგიურია. კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების უკანონობა მათ სპეციფიკურ სტრუქტურაში, კერძოდ, შეთქმულებაში მდგომარეობს. შეთანხმება, რომელიც ორ ან მეტ დამოუკიდებელ კომპანიას შორის კოორდინაციას გულისხმობს, განსხვავდება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისგან (რომელიც ცალმხრივი ხასიათისაა) და კონკურენციის საწინააღმდეგო შერწყმისგან (რომლის საბოლოო მიზანიც ერთიანი სუბიექტის შექმნაა).

ინსტიტუციური განმარტება

შეთანხმება გულისხმობს ღია (აშკარა) ან ფარულ (ნაგულისხმევ) გარიგებას ჩვეულებრივ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ ფირმებს შორის, მათი ორმხრივი სარგებლისთვის. კონკურენციის შეზღუდვის შესახებ შეთანხმებები შეიძლება ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფასები, წარმოება, ბაზრები და მომხმარებლები. ამ ტიპის შეთანხმებები ხშირად გათანაბრებულია კარტელების შექმნასთან ან ფარულ გარიგებებთან და იურისდიქციების უმეტესობაში განიხილება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად, ვინაიდან ისინი იწვევენ ფასების გაზრდას, გამოშვების შეზღუდვასა და სხვა უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს.

შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნეს ვრცელი, ოფიციალური ფორმით, სადაც მისი პირობები მონაწილე მხარეების მიერ წერილობით არის გაფორმებული; ან ის შეიძლება იყოს ნაგულისხმევი, თუმცა მისი ფარგლები მაინც გააზრებული და დაცულია სხვადასხვა წევრებს შორის არსებული ჩვეულებით. ღია (აშკარა) შეთანხმება აუცილებლად არ ნიშნავს „საჯარო“ შეთანხმებას, ანუ ისეთს, რომელიც ღიად შესამჩნევია მათთვის, ვინც შეთანხმების მხარეს არ წარმოადგენს. რეალურად, შეთანხმებების უმეტესობა, რომლებიც კონკურენციის შემზღუდველ პრაქტიკას აძლევს დასაბამს, როგორც წესი, არის საიდუმლო ხასიათის გარიგება, რომელთა გამოვლენაც კონკურენციის ორგანოებისთვის მარტივი არ არის.

ფირმებს შორის არსებული ყველა შეთანხმება აუცილებლად არ აზიანებს კონკურენციას და არ არის აკრძალული კონკურენციის კანონმდებლობით. რამდენიმე ქვეყანაში კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს ფირმებს შორის გარკვეული კოოპერაციული შეთანხმებებისთვის, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ეფექტიანობის გაზრდასა და ბაზარზე დინამიკურ ცვლილებებს. მაგალითად, ფირმებს შორის შეთანხმებები შეიძლება დაშვებულ იქნეს პროდუქტის ერთიანი სტანდარტების შესამუშავებლად, რათა ხელი შეუწყოს მასშტაბის ეკონომიას, პროდუქტის გაზრდილ გამოყენებასა და ტექნოლოგიების გავრცელებას. მსგავსად ამისა, კომპანიებს შეიძლება მიეცეთ უფლება განახორციელონ ერთობლივი კვლევა და განვითარება (R&D), გაცვალონ სტატისტიკა ან შექმნან ერთობლივი საწარმოები რისკების გასაზიარებლად და კაპიტალის გასაერთიანებლად მსხვილ ინდუსტრიულ პროექტებში. თუმცა, ეს გამონაკლისები, როგორც წესი, დაშვებულია იმ პირობით, რომ აღნიშნული შეთანხმება ან გარიგება არ გახდება ფასების ფიქსაციის ან კონკურენციის შემზღუდველი სხვა პრაქტიკის საფუძველი.

სიტუაცია, როდესაც ბაზარზე მოცემული პროდუქტის მხოლოდ ერთი (ან რამდენიმე) მყიდველი და გამყიდველი არსებობს. პროდუქტის გაყიდვაში ან შესყიდვაში კონცენტრაციის დონე იწვევს ორმხრივ დამოკიდებულებას გამყიდველ(ებ)სა და მყიდველ(ებ)ს შორის. გარკვეულ გარემოებებში მყიდველ(ებ)ს შეუძლია გამოიყენოს საპირწონე ძალა ბაზარზე ერთი ან რამდენიმე მსხვილი გამყიდველის საბაზრო ძალაუფლების შესაზღუდად, რაც იწვევს უფრო დიდ გამოშვებასა და უფრო დაბალ ფასებს, ვიდრე ეს მონოპოლიის ან ოლიგოპოლიის პირობებში იარსებებდა.

ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც: პროდუქტის ზედა რგოლის მიწოდება არის ელასტიკური, ანუ საკმაოდ რეაგირებს ფასების ცვლილებებზე და არ ახასიათებს წარმოების შეფერხებები; მყიდველებს თავიანთი შესყიდვების მოცულობის გამო შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ დომინანტი გამყიდველების ფასების შემცირებაზე; და თავად მყიდველები დგანან საფასო კონკურენციის წინაშე ქვედა რგოლის ბაზრებზე (ტერმინების „ზედა რგოლი - ქვედა რგოლი“ განხილვისთვის იხილეთ ვერტიკალური ინტეგრაცია). ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით მოსალოდნელია შუალედური პროდუქტის შესყიდვის შემთხვევაში. თუმცა, თუ პროდუქტის მიწოდება ზედა რგოლში შეზღუდულია და ქვედა რგოლში არ არსებობს ეფექტიანი კონკურენცია, ორმხრივმა მონოპოლიამ/ოლიგოპოლიამ შეიძლება გამოიწვიოს გამყიდველებსა და მყიდველებს შორის ერთობლივი მოგების მაქსიმიზაცია, მომხმარებელთა საზიანოდ. © OECD

კომენტარი

კონკურენციის შემზღუდველმა შეთანხმებებმა ისტორიის მანძილზე მრავალი ფორმა მიიღო, რომელთა შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები კარტელები და სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო გარიგებებია. მსგავსი შეთანხმებების მიზანია ხელშეკრულების მონაწილეებს შორის კონკურენციის შეზღუდვა. გავრცელებული მეთოდები მოიცავს ფასების ფიქსირებას, წარმოების კონტროლს, ბაზრის წილების განაწილებასა და ბოიკოტს. კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები მუდმივად იმყოფება კონკურენციის ორგანოების ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ჩინეთმა „ანტიმონოპოლიური კანონის“ აღსრულება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო. 2021 წლის ბოლომდე ჩინეთის კონკურენციის ორგანოებმა სულ 407 გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის: 263 - კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებზე, 93 - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, ხოლო 51 - შერწყმის შეტყობინებების დაბლოკვაზე ან პირობით დამტკიცებაზე. აქედან კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები საერთო რაოდენობის 64.6%-ს შეადგენს. საქმეების რაოდენობის თვალსაზრისით, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები აშკარად უფრო მასშტაბური კატეგორიაა, ვიდრე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან შერწყმის კონტროლი.

კონკურენციის შემზღუდველმა შეთანხმებებმა საზოგადოებრივი ყურადღება პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს მიიპყრო. თუმცა, თავდაპირველი მიზანი იყო არა იმდენად კონკურენციის შეზღუდვა, არამედ კომპანიების ჯგუფისთვის თვითგადარჩენის მექანიზმის შექმნა, რათა მათ ერთობლივი ძალებით დაეძლიათ ეკონომიკური კრიზისი. ამრიგად, კონკურენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებები თავდაპირველად საზოგადოებისთვის სასარგებლოდაც კი მიიჩნეოდა, რადგან მათ ფასებისა და დასაქმების სტაბილიზაცია შეეძლოთ. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს საბაზრო მექანიზმის მნიშვნელოვანი შეფერხება შეუძლია, რაც საბოლოოდ მეტ ზიანს აყენებს ეკონომიკას, ვიდრე სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო მცდელობები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად ერთდროულად დაიწყო, აშშ-ში 1890 წელს მიღებული შერმანის ანტიმონოპოლიური აქტი გახდა პირველი თანამედროვე კონკურენციის კანონი, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს არეგულირებდა. კონკურენციის სამართლის განვითარებასთან ერთად, მსგავსი შეთანხმებები უკანონოდ გამოცხადდა ყველა თანამედროვე იურიდიულ სისტემაში.

კონკურენციის კანონმდებლობა განასხვავებს შემზღუდველი შეთანხმებების ორ ძირითად ტიპს: ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს. ჰორიზონტალური შეთანხმებები იდება შესაბამის ბაზარზე მოქმედ უშუალო კონკურენტებს შორის. ვერტიკალური შეთანხმებები კი ფორმდება წარმოებისა და დისტრიბუციის ჯაჭვის სხვადასხვა (მეზობელ) საფეხურზე მყოფ კომპანიებს შორის, მაგალითად, ზედა და ქვედა დონის ბაზრის მოთამაშეებს შორის. ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი ცალკეულ მუხლებს უთმობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეთანხმებების რეგულირებას. ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონის მე-17 მუხლი არეგულირებს ჰორიზონტალურ შეთანხმებებს და მოჰყავს მათი ხუთი ძირითადი (თუმცა არაამომწურავი) მაგალითი: ფასების ფიქსირება, წარმოების რაოდენობრივი შეზღუდვა, ბაზრის განაწილება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ერთობლივად თავის შეკავება და კოლექტიური ბოიკოტი. AML-ის მე-18 მუხლი კი ეხება ვერტიკალურ შეთანხმებებს და ასახელებს ორ მაგალითს: საცალო ფასების დადგენასა და მინიმალური საცალო ფასების დაწესებას. ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შეთანხმებებად დაყოფა მიღებულია ევროკავშირსა და აშშ-შიც. მაგალითად, ევროკომისიამ გამოსცა სახელმძღვანელო მითითებები ჰორიზონტალური თანამშრომლობის შეთანხმებების შესახებ (რომელიც განახლდა 2023 წელს) და სახელმძღვანელო პრინციპები ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ (განახლებული 2022 წელს).

ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შეთანხმებებს შორის გამიჯვნა გადამწყვეტია კონკურენციაზე მათი გავლენის შეფასებისთვის. აშშ-ის სასამართლოებმა, შერმანის აქტისა და Standard Oil-ის (1911) საქმის შემდეგ, შეიმუშავეს კონკურენციის შეფასების ორი განსხვავებული მიდგომა: „თავისთავად უკანონობა“ და „გონივრულობის წესი“. შეთანხმებები, რომლებიც „თავისთავად უკანონოა“, წინასწარი ეკონომიკური ანალიზის გარეშე მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოად. „გონივრულობის წესის“ შემთხვევაში კი ხდება პროკონკურენტული და კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტების დაბალანსება კონკრეტული ფაქტების საფუძველზე. ანალოგიური მიდგომა არსებობს ევროკავშირშიც (საქმე Société Technique Minière, 1966), სადაც განასხვავებენ შეზღუდვას მიზნის ან შედეგის მიხედვით.

განსხვავება „თავისთავად უკანონობასა“ და „გონივრულობის წესს“ შორის პირდაპირ არ არის ასახული ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონის დებულებებში. ადრეულ ეტაპზე ჩინეთის სასამართლო პრაქტიკა შეცდომით მოითხოვდა ყველა შეთანხმების გაანალიზებას „გონივრულობის წესით“. მაგალითად, გუანდონგის პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა შენჟენის მავნებლებთან ბრძოლის ასოციაციის გადაწყვეტილება წევრებისთვის ფასების ფიქსირების შესახებ. სასამართლო მიიჩნევდა, რომ ეს არ იყო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება, რადგან მონაწილეთა ჯამური საბაზრო წილი მხოლოდ 22.32%-ს შეადგენდა, რაც, სასამართლოს აზრით, კონკურენციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.

აღნიშნული მიდგომა ჩინეთის უზენაესმა სახალხო სასამართლომ შეასწორა სპეციალურ დებულებაში (სასამართლო ინტერპრეტაცია 2020 №19), რომელიც მონოპოლისტური ქცევით გამოწვეული სამოქალაქო დავების განხილვას ეხება. დებულების მე-7 მუხლის თანახმად, AML-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ჰორიზონტალური შეთანხმებების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი გადადის ბრალდებულზე, რათა მან უარყოს კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის არსებობა.

დღეისათვის ჩინეთში ჰორიზონტალური შეთანხმებების უმეტესობა პრაქტიკულად „თავისთავად უკანონოდ“ მიიჩნევა, ხოლო სპეციფიკური შემთხვევები „გონივრულობის წესით“ განიხილება. ეს პრაქტიკა ჰგავს აშშ-ისა და ევროკავშირის მიდგომებს. თუმცა, რჩება არსებითი განსხვავება ვერტიკალურ შეზღუდვებთან მიმართებით: ჩინეთი და ევროკავშირი გაყიდვის ფასის შენარჩუნებას კვლავ „ხისტ“ დარღვევად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც აშშ-ში, საქმის - Leegin (2007) შემდეგ, იგი „გონივრულობის წესის“ კატეგორიაში გადავიდა.

შეთანხმებებმა შესაძლოა ამა თუ იმ ფორმით შეზღუდოს კონკურენცია. თუმცა, კონკურენციის სამართლის მიზანი არ არის ყველა შეთანხმების აკრძალვა კონკურენციის შეზღუდვის მასშტაბის გათვალისწინების გარეშე. კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ იმ შეთანხმებებს, რომლებიც არსებითად ან მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას. შესაბამისად, ბევრი იურისდიქცია გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებსა და „ჯგუფურ გამონაკლისებს“, რათა რეგულირების სფეროდან გამორიცხოს ისეთი შეთანხმებები, რომლებსაც კონკურენციაზე მცირე გავლენა აქვთ. ეს, როგორც წესი, ხდება მონაწილეთა საბაზრო წილების ზღვრების მითითებით. მაგალითად, ჩინეთმა 2022 წლის რეფორმის ფარგლებში, AML-ის მე-18 მუხლში პირდაპირ შეიტანა მსგავსი გამონაკლისი (ე.წ. „უსაფრთხო ნავსაყუდელი“).

ჯგუფური გამონაკლისების გარდა, შეთანხმებები შესაძლოა დასაშვებად იქნას მიჩნეული ინდივიდუალურ შემთხვევებშიც. AML-ის მე-20 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ შეთანხმება, მართალია, ზღუდავს კონკურენციას, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს ან ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას, აუმჯობესებს ხარისხს, ამცირებს წარმოების ხარჯებს, ზრდის ეფექტიანობას და ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს (მაგ. ენერგიის დაზოგვა, გარემოს დაცვა ან კატასტროფების დროს ეკონომიკური გადარჩენა).