შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე (STATEMENT OF OBJECTIONS - SO)

შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე არის არსებითი ეტაპი ნებისმიერი იმ წარმოებისას, რომელიც სრულდება კონკურენციის ორგანოს მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ უარყოფითი სამართლებრივი შედეგის მქონე აქტის ან გადაწყვეტილების მიღებით. იგი წარმოადგენს მხარის დაცვის უფლების განუყოფელ ნაწილს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მოსმენის შესაძლებლობა ეფექტიანი დაცვის განხორციელების მიზნით. პრეტენზიების შესახებ განცხადებისას მოპასუხეებს ეცნობებათ მათ მიმართ წაყენებული ყველა პრეტენზიის შესახებ. დოკუმენტი მოიცავს შესაბამის ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა სავარაუდო ბრალდება, იმ საკანონმდებლო დებულებებს, რომლებსაც იყენებს ორგანო, მათ სამართლებრივ შეფასებასა და მოსალოდნელ შედეგებს.

ინსტიტუციური განმარტება

შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე არის წერილობითი კომუნიკაცია, რომელიც კომისიამ უნდა გაუგზავნოს ფიზიკურ, იურიდიულ პირებს ან საწარმოებს, სანამ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მათ უფლებებზე. კომისიის ეს ვალდებულება გამომდინარეობს ადრესატის დაცვის უფლებიდან, რაც მოითხოვს, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი თვალსაზრისი ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის ასახვაც კომისიას სურს თავის გადაწყვეტილებაში. (SO) უნდა შეიცავდეს ყველა იმ პრეტენზიას, რომელსაც კომისია აპირებს დაეყრდნოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. SO წარმოადგენს მნიშვნელოვან საპროცესო ეტაპს, რომელიც გათვალისწინებულია კონკურენციის ყველა იმ წარმოებაში, სადაც კომისიას აქვს უფლება მიიღოს უარყოფითი (არახელსაყრელი) გადაწყვეტილებები. © ევროკომისია

კომენტარი

ტერმინი „შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე“ ძირითადად ევროკავშირის სამართლის აღსრულების კონტექსტში გამოიყენება, თუმცა მისი არსი უნივერსალურია. იგი ეფუძნება დაცვის უფლებას, რომელიც ნებისმიერი იურისდიქციის ფუნდამენტური პრინციპია, იცავს კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს სუბიექტების საპროცესო უფლებებს. ამ კონტექსტში, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე არის არსებითი პროცედურული გარანტია იმისა, რომ სამართალდარღვევაში ბრალდებულ პირს ან საწარმოს შეეძლება გამოიყენოს მოსმენის უფლება, როგორც ეფექტიანი დაცვის ნაწილი. ეს ასევე გულისხმობს უფლებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გარკვეულ ეტაპზე წარადგინონ არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასაცავად.

ევროკავშირში მოსმენის უფლება და პრეტენზიების შესახებ განცხადების გაცემის ვალდებულება განმტკიცებულია ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 41-ე მუხლში (კარგი ადმინისტრირების უფლება). შეერთებულ შტატებში მსგავსი უფლება ეფუძნება აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებას. როგორც საქმეში Mullane v. Central Hanover Bank & Trust Co. აღინიშნა: „ნებისმიერ სამართალწარმოებაში, რომელიც საბოლოო შედეგით სრულდება, სათანადო სამართლებრივი პროცესის ელემენტარული და ფუნდამენტური მოთხოვნაა შეტყობინება, რომელიც გონივრულად არის გათვლილი, რათა დაინტერესებულ მხარეებს ეცნობოთ საქმის არსებობის შესახებ და მიეცეთ საშუალება, წარადგინონ თავიანთი პრეტენზიები“. იურისდიქციების უმეტესობის კანონმდებლობა ასახავს ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპს - audi alteram partem („მოუსმინე მეორე მხარეს“), რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მხარეს აქვს სამართლიანი მოსმენის უფლება და მათ წინააღმდეგ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

შეპასუხების გადაწყვეტილების პროექტის შეუცვლელი ბუნება, როგორც ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნის სათანადო პროცესის შემადგენელი ნაწილი, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ორი ბოლო დროინდელი გლობალური ინიციატივით: OECD-ის 2021 წლის რეკომენდაციით „კონკურენციის სამართალდამცავ ორგანოებში გამჭვირვალობისა და პროცედურული სამართლიანობის შესახებ“ და 2020 წლის ICN-ის ჩარჩო დოკუმენტით „კონკურენციის სააგენტოების პროცედურების შესახებ“.

ევროკავშირის მიდგომა და პრინციპები შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზესთან დაკავშირებით კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება მისი პრაქტიკული ინტეგრაცია კონკურენციის აღსრულების პროცედურაში. ევროკავშირის 1/2003 რეგულაცია ადგენს „მხარეთა, მომჩივანთა და სხვათა მოსმენის“ წესს და მოითხოვს, რომ „კომისიამ თავისი გადაწყვეტილებები დაამყაროს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე (წინააღმდეგობებზე), რომლებზეც დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდათ“. პრაქტიკაში, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზემ დაინტერესებულ კომპანიებს უნდა აცნობოს ყველა ის ფაქტი და დოკუმენტი, რომლებსაც კომისია საბოლოო გადაწყვეტილებაში დაეყრდნობა. გარდა ამისა, მან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლებრივი შეფასება, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, გააპროტესტონ სამართლებრივი დასკვნები სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით და გაეცნონ ყველა დოკუმენტს, რომელიც მტკიცებულებად გამოიყენება. ბოლოს, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზეში უნდა მიეთითოს აღსრულების ღონისძიებების ყველა სავარაუდო შედეგი, მათ შორის: დაგეგმილი ჯარიმები, პერიოდული საურავები ან გამოსასწორებელი ღონისძიებები. ჯარიმებთან დაკავშირებით, დოკუმენტმა უნდა ასახოს ის არსებითი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ფინანსური სანქციის დაკისრება გამოიწვიოს. რაც შეეხება გამოსასწორებელ ღონისძიებებს, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე საკმარისად დეტალური უნდა იყოს, რათა მხარეებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის დაცვა დაგეგმილი ზომების აუცილებლობისა და პროპორციულობის თაობაზე.

მოსმენის უფლების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე დროულად უნდა გაიგზავნოს, რათა მხარეებს ბრალდებებისა და მტკიცებულებების განხილვისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა მიეცეთ. თავის მხრივ, კონკურენციის ორგანოსაც უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო მხარეთა არგუმენტებისა და შესაგებლების სათანადოდ შესასწავლად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დამატებით მოკვლევას, გამოყენებული მტკიცებულებებისა თუ სამართლებრივი დასკვნების კორექტირებას მოითხოვს, პრეტენზიების არსებითად შეცვლის შემთხვევაში, უნდა გამოიცეს ახალი ან განახლებული შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე.

სამართალწარმოების ამ ეტაპის ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეტენზიების შესახებ განცხადების გამოტოვებამ, ან მისმა არასათანადო და არასრულმა შინაარსმა, შესაძლოა მიღებული გადაწყვეტილების ბათილობა გამოიწვიოს.

აღმასრულებელი პრაქტიკოსის პერსპექტივიდან, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ორგანოს მიერ დაგეგმილი გადაწყვეტილებისა და სამოქმედო მიმართულების დამატებითი ტესტირებისა და დახვეწის შესაძლებლობა. იგი არ უნდა განიხილებოდეს როგორც „აუცილებელი ბოროტება“ ან დამატებითი ტვირთი ისედაც რთულ პროცედურაში. სათანადო გამოყენების შემთხვევაში, შეპასუხება გადაწყვეტილების პროექტზე უზრუნველყოფს მხარეთა მხრიდან მნიშვნელოვან უკუკავშირს, რაც კონკურენციის ორგანოს საშუალებას აძლევს, გამოასწოროს ფაქტობრივი შეცდომები ან მცდარი სამართლებრივი შეფასებები მანამ, სანამ მას საკუთარი გადაწყვეტილების სასამართლოში დაცვა მოუწევს.