შერწყმის საშუალებები (გამასწორებელი ღონისძიებები) გამოიყენება კონკურენციის ორგანოების მიერ ბაზარზე კონკურენციის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად, კონკურენციის პროცესისთვის მოსალოდნელი ზიანის აღმოფხვრისა და პრევენციის გზით. იმ უარყოფითი შედეგების განეიტრალებით, რომლებიც მოცემულმა ტრანზაქციამ შეიძლება გამოიწვიოს, ეს საშუალებები იძლევა იმ შერწყმის დამტკიცების შესაძლებლობას, რომელიც სხვა შემთხვევაში გასაჩივრდებოდა ან აიკრძალებოდა. ისინი, როგორც წესი, იყოფა სტრუქტურულ და ქცევით ღონისძიებებად. სტრუქტურული საშუალებები გულისხმობს ბიზნესის, აქტივის ან სხვა უფლებების გასხვისებას, ხოლო ქცევითი საშუალებები აწესებს ვალდებულებას შერწყმული კომპანიების სამომავლო ქცევის შეცვლის, შეზღუდვის ან გარკვეულ საქმიანობაში ჩართვის შესახებ. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.
ევროკომისიის 2008 წლის შეტყობინება გამასწორებელი ღონისძიებების შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომისიას არ აქვს უფლება ცალმხრივად დააწესოს პირობები შერწყმის ნებართვის სანაცვლოდ. ვალდებულებების შეთავაზება თავად მხარეების პრეროგატივაა (EDP v Commission). წარდგენილ ვალდებულებებს კომისია ამოწმებს ე.წ. „ბაზრის ტესტით“, რაც გულისხმობს პროცესის გამჭვირვალობას და კონსულტაციებს წევრ სახელმწიფოებსა თუ დაინტერესებულ მესამე პირებთან.
პრაქტიკაში, სტრუქტურული გადაწყვეტა უფრო სასურველ მექანიზმად მიიჩნევა, რადგან იგი ეფექტიანად აღკვეთს კონკურენციის შეფერხებას და, ქცევითი ვალდებულებებისგან განსხვავებით, არ საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს (Praxair/Linde). საქმეში AB InBev/SAB Miller (2016) კომისიამ განმარტა, რომ კონკურენციის აღდგენის საუკეთესო გზა შვილობილი კომპანიის ან საწარმოო სიმძლავრეების გასხვისებაა, რაც ხელს უწყობს ახალი კონკურენტუნარიანი ერთეულის შექმნას ან არსებული მოთამაშეების გაძლიერებას. გასხვისება ასევე გამოიყენება მხარეებსა და მათ კონკურენტებს შორის იმ კავშირების გასაწყვეტად, რომლებიც შერწყმის შემდეგ ანტიმონოპოლიურ პრობლემებს წარმოშობდა (Time Warner/AOL (2000)).
გასხვისებული ბიზნესი უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი და შესაბამისი მყიდველის ხელში უნდა შეეძლოს გაერთიანებული სუბიექტისთვის ეფექტიანი და გრძელვადიანი კონკურენციის გაწევა. არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი ისეთი აქტივების გასხვისების მიმართ (მაგალითად, ცალკეული ბრენდები), რომლებიც წარსულში არ წარმოადგენდნენ ერთიან და დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიან ბიზნესს. ბიზნესი უნდა გადაეცეს შესაფერის მყიდველს, რაც გულისხმობს მხარეებისგან დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ფინანსური რესურსები, გამოცდილება, მოტივაცია და უნარი, შეინარჩუნოს და განავითაროს გასხვისებული ბიზნესი. ასევე, მყიდველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს შესყიდვა ყოველგვარი მარეგულირებელი დაბრკოლების გარეშე.
კონკურენციის ორგანოებმა შესაძლოა მოითხოვონ ბიზნესის გასხვისება პირობითი გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში, ან მყიდველის იდენტიფიცირება ტრანზაქციის დასრულებამდე. ასევე შესაძლებელია „პირველი შესწორების“ გადაწყვეტილება, როდესაც კონკრეტული მყიდველი მოკვლევის პროცესშივეა ცნობილი და მხარეები აფორმებენ გაყიდვის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას. ქცევითი ღონისძიებების კონტროლი და აღსრულება ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული. საქმეში GE/Honeywell (2001) მხარეებმა შესთავაზეს ვალდებულებები გარკვეული კომერციული ქმედებებისგან თავშეკავების შესახებ, რათა გადაეჭრათ კომისიის მიერ გამოკვეთილი პრობლემები.
როგორც გამასწორებელი საშუალება, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფა ან გრძელვადიანი ექსკლუზიური კონტრაქტების შეცვლა. ძირითად ტექნოლოგიაზე წვდომის მინიჭების ვალდებულებამ შესაძლოა ბაზარი კონკურენტებისთვის გახსნას. აღმასრულებელ ორგანოებს შეუძლიათ, გამონაკლის შემთხვევებში, შეცვალონ ან გააუქმონ ის ვალდებულებები, რომლებიც თან ახლავს შერწყმის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილებას.
მონიტორინგის ან გასხვისების რწმუნებულების როლი, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ გასაყიდი ბიზნესი არ დეგრადირდეს გარდამავალ პერიოდში. ისინი ზედამხედველობენ აქტივების გაყოფისა და პერსონალის გადანაწილების პროცესს გასასხვისებელ და შესანარჩუნებელ ბიზნესებს შორის, ასევე აკონტროლებენ მხარეების ძალისხმევას პოტენციური მყიდველის მოძიებისა და ბიზნესის გადაცემის მიზნით.
გამასწორებელი ღონისძიებების შემუშავება ზოგჯერ მოითხოვს ფართო თანამშრომლობას სხვადასხვა იურისდიქციის კონკურენციის ორგანოებს შორის, რაც შესაძლოა მოიცავდეს შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ზოგჯერ შეუძლებელია ისეთი ადეკვატური საშუალების მოძიება, რომელიც სრულად აღმოფხვრიდა უარყოფით ეფექტებს, ან შემოთავაზებული ზომები იმდენად რთულია, რომ კონკურენციის ორგანო ვერ რწმუნდება ეფექტიანი კონკურენციის აღდგენის შესაძლებლობაში.