ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე და 102-ე მუხლები ვრცელდება იმ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შეთანხმებებზე, ეკონომიკური აგენტების ქმედებებსა თუ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე. წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე ეფექტი წარმოადგენს ძირითად იურისდიქციულ კრიტერიუმს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მოქმედების სფეროს. ეს კრიტერიუმი ასევე ადგენს №1/2003 რეგულაციის მე-3 მუხლის ფარგლებს ევროპული და ეროვნული კონკურენციის კანონმდებლობის ერთობლივი გამოყენების დროს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სახეზეა წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე არსებითი ზეგავლენა, გამოიყენება ევროკავშირის სამართალი, ხოლო თუ ასეთი ეფექტი არ დასტურდება, საქმე ეროვნული კანონმდებლობით ფასდება.
ევროკავშირის კონკურენციის წესების გამოყენება იმაზეა დამოკიდებული, ახდენს თუ არა ესა თუ ის ქმედება გავლენას ვაჭრობაზე. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ახალ სისტემაში, რომელიც ეროვნულ სასამართლოებსა და კონკურენციის ორგანოებს ავალდებულებს, ევროკავშირის წესებით შეაფასონ ყველა ის შეთანხმება თუ პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე. ამ საკითხში გარკვევის მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპები თავს უყრის ევროკავშირის სასამართლოების მდიდარ პრაქტიკას და აღმასრულებელი უწყებებს თუ ეკონომიკურ აგენტებს წესების გამოყენებას უმარტივებს. რეალურად, ეს კრიტერიუმი ფილტრავს საქმეებს და TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევებით ზღუდავს, როდესაც სახეზეა მინიმალური ტრანსსასაზღვრო ეფექტი ევროკავშირის შიგნით.
101-ე მუხლის გამოყენებისას, ვაჭრობაზე გავლენას უშუალოდ შეთანხმება უნდა ახდენდეს. თუ შეთანხმება მთლიანობაში არღვევს ამ პრინციპს, ევროკავშირის იურისდიქცია ვრცელდება მის თითოეულ პუნქტზე, მათ შორის იმ ნაწილებზეც, რომლებიც ცალკე აღებული ვაჭრობაზე გავლენას ვერ მოახდენდნენ. როდესაც მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ეს საქმიანობები ერთიანი ბიზნესგარიგების ნაწილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ისინი პირდაპირ არის გადაჯაჭვული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული მიმართულება ცალკე შეთანხმებად განიხილება. 102-ე მუხლის შემთხვევაში კი, ვაჭრობაზე გავლენას თავად ბოროტად გამოყენების ფაქტი უნდა ახდენდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიის ქცევის ყოველი დეტალი იზოლირებულად ფასდება. როდესაც დომინანტური ეკონომიკური აგენტი ერთიან სტრატეგიას მიჰყვება, მისი ქმედება მთლიანი ეფექტის მიხედვით უნდა შეფასდეს. თუ კომპანია ერთი მიზნისთვის, მაგალითად, კონკურენტების ბაზრიდან განდევნის ან წვდომის შეზღუდვისთვის, სხვადასხვა პრაქტიკას იყენებს, საკმარისია ამ სტრატეგიის თუნდაც ერთი ელემენტი ახდენდეს გავლენას ვაჭრობაზე, რომ 102-ე მუხლი მთელ მის ქმედებაზე გავრცელდეს. ვაჭრობაზე გავლენის ანალიზი სამ ძირითად ასპექტს ეყრდნობა: ცნება „ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობა“: აქ არ იგულისხმება მხოლოდ საქონლისა და მომსახურების კლასიკური ექსპორტ-იმპორტი. ეს ბევრად ფართო ცნებაა და მოიცავს ნებისმიერ ტრანსსასაზღვრო ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის კომპანიის დაფუძნებასაც. ეს მიდგომა ემსახურება ხელშეკრულების მთავარ მიზანს ხელი შეუწყოს პროდუქციის, მომსახურების, ადამიანებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. თავად ფრაზა „ქვეყნებს შორის“ მიუთითებს, რომ ქმედება გავლენას უნდა ახდენდეს ტრანსსასაზღვრო ეკონომიკაზე, რომელშიც სულ მცირე ევროკავშირის ორი ქვეყანა მაინც მონაწილეობს.
– ტერმინი „შეიძლება გავლენა მოახდინოს“: ეს ფრაზა განსაზღვრავს, თუ რა ხასიათის უნდა იყოს ზემოქმედება ვაჭრობაზე. ევროკავშირის სასამართლოს სტანდარტული ტესტის მიხედვით, ობიექტური ფაქტებისა და გარემოებების საფუძველზე, საკმარისი ალბათობით შესაძლებელი უნდა იყოს იმის წინასწარ დანახვა, რომ შეთანხმება ან პრაქტიკა პირდაპირ თუ ირიბად, რეალურად თუ პოტენციურად შეცვლის ვაჭრობის სტრუქტურას ევროკავშირის ქვეყნებს შორის. თუ შეთანხმება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის შიდა კონკურენტულ გარემოს, ითვლება, რომ საქმე ევროკავშირის იურისდიქციაში შედის.
– ცნება „არსებითობა“: ეს კრიტერიუმი რაოდენობრივ ზღვარს აწესებს და ევროკავშირის სამართალს მხოლოდ იმ საქმეებზე ავრცელებს, რომელთაც შესამჩნევი მასშტაბის ეფექტი აქვთ. არსებითობა ძირითადად ფასდება ბაზარზე ეკონომიკური აგენტების პოზიციისა და მათი წონის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველაფერი კონკრეტული საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული - შეთანხმების ხასიათზე, პროდუქტის სპეციფიკასა და კომპანიების საბაზრო წილზე. მაგალითად, მცირე მნიშვნელობის მქონე შეთანხმებების შესახებ შეტყობინებაში კომისია პირდაპირ ამბობს, რომ მცირე და საშუალო საწარმოების გარიგებები იშვიათად ახდენს დიდ გავლენას ვაჭრობაზე. კომისიის პოზიციით, შეთანხმება ვაჭრობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ შემდეგი კუმულაციური პირობები სრულდება:
ეს 40 მილიონი ევროს ზღვარი იანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის სახელშეკრულებო პროდუქცია გაყიდეს კომპანიებმა ევროკავშირში (გადასახადების გარეშე) წინა ფინანსური წლის განმავლობაში. ერთი და იმავე ეკონომიკური აგენტის შიდა ჯგუფური გაყიდვები აქ არ ითვლება. ხოლო საბაზრო წილის ზღვრის დასადგენად, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა.
კომისია ნეგატიურ პრეზუმფციას (ანუ წინასწარ დაშვებას, რომ გავლენა არ არსებობს) გამოიყენებს ყველა იმ შეთანხმების მიმართ, რომლებიც თავისი ბუნებით ახდენენ გავლენას ვაჭრობაზე, ან სადაც მესამე ქვეყნების კომპანიები მონაწილეობენ. ამ პრეზუმფციის მიღმა კი კომისია ყურადღებას მიაქცევს ხარისხობრივ ფაქტორებს - შეთანხმების შინაარსსა და პროდუქტის ხასიათს.
არსებითობის პოზიტიური პრეზუმფცია კი ითვალისწინებს იმას, თუ რამდენ ქვეყანას მოიცავს შეთანხმება, შემოიფარგლება თუ არა ის მხოლოდ ერთი ქვეყნით ან მისი ნაწილით. წესები არეგულირებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც. თუ შეთანხმების მიზანი არ არის ევროკავშირის შიგნით კონკურენციის შეზღუდვა, ჩვეულებრივ, საჭიროა უფრო დეტალური ანალიზი იმის დასადგენად, იქმნება თუ არა რეალური საფრთხე შიდა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური აქტივობისა და ვაჭრობის სტრუქტურისთვის. © ევროკომისია
TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების ინტერპრეტაცია ევროკავშირის სასამართლოების პრაქტიკასა და მის საკვანძო ფრაზას - „შეიძლება გავლენა მოახდინოს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე“ ეფუძნება. ეს საკითხი დეტალურად არის რეგულირებული ევროკომისიის 2004 წლის სახელმძღვანელო პრინციპებით, რომლებიც უშუალოდ ვაჭრობაზე გავლენის ცნებას ეხება (კომისიის შეტყობინება 2004/C 101/07).
ეს სახელმძღვანელო პრინციპები თავს უყრის ევროკავშირის სასამართლოების პრაქტიკას და განსაზღვრავს იმ ძირითად (თუმცა არა ამომწურავ) ფაქტორებს, რომლებიც უნდა შეფასდეს იმის დასადგენად, სახეზეა თუ არა ვაჭრობაზე არსებითი გავლენა.
საქმეში Brasserie de Haecht, სასამართლომ განმარტა, რომ „კონკურენციის დარღვევის ფაქტები ექვემდებარება ევროკავშირის სამართლით გათვალისწინებულ აკრძალვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის შეთანხმებებს, გადაწყვეტილებებს ან პრაქტიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე“.
„ვაჭრობაზე ზეგავლენის“ ტესტის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამი ელემენტი: ცნება „ვაჭრობა წევრ სახელმწიფოებს შორის“, ტერმინ „შეიძლება გავლენა მოახდინოს“ შინაარსი და ზეგავლენის „არსებითობის“ კრიტერიუმი.
„ვაჭრობა წევრ სახელმწიფოებს შორის“: სახელმძღვანელო მითითებების (პუნქტი №19) მიხედვით, ეს არის ფართო კონცეფცია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ტრანსსასაზღვრო გაცვლას, არამედ ნებისმიერ სხვა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკურ საქმიანობას. ევროკავშირის სასამართლოები ასევე აფასებენ, ახდენს თუ არა შეთანხმება ან პრაქტიკა გავლენას ბაზრის კონკურენტულ სტრუქტურაზე. „ვაჭრობის“ ცნება მოიცავს ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის წარმოებას, დისტრიბუციასა და მომსახურების მიწოდებას.
ვაჭრობა „წევრ სახელმწიფოებს შორის“ გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებს შორის ან ახდენს ზეგავლენას სხვა წევრ სახელმწიფოებზე (სახელმძღვანელო მითითებების პუნქტი №22). წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა შესაძლოა დაზარალდეს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შესაბამისი ბაზარი ეროვნული ან სუბეროვნული მასშტაბისაა.
აუცილებელი არ არის, რომ განსახილველი კომერციული საქმიანობა ექსკლუზიურად ევროკავშირის შიდა აქტივობას წარმოადგენდეს; მიიჩნევა, რომ კომერციულმა გარიგებამ ევროკავშირისა და მესამე ქვეყნის საწარმოებს შორის, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე. „შეიძლება გავლენა მოახდინოს“: სახელმძღვანელო მითითებების (პუნქტი №23) მიხედვით, აღნიშნული ცნება გულისხმობს იმის პროგნოზირებას, რომ შეთანხმებას ან პრაქტიკას შესაძლოა ჰქონდეს პირდაპირი თუ ირიბი, ფაქტობრივი თუ პოტენციური ზეგავლენა „წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე“. ტერმინი „ეფექტი“ ევროკავშირის სასამართლოების მიერ განიმარტება, როგორც უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის შიდა ბაზრისა და ხელშეკრულების მიზნებს. „არსებითი ზეგავლენა“: შეთანხმებები და პრაქტიკა არ ექვემდებარება სანქცირებას, როდესაც ისინი ბაზარზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენენ (სახელმძღვანელო მითითებების პუნქტი №44). დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შეთანხმება არ ეცემა ხელშეკრულების 101(1) მუხლის აკრძალვის სფეროში, თუ მას გააჩნია მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი ბაზარზე.
ამგვარად, ზეგავლენის არსებითობა ფასდება როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი მაჩვენებლებით - შესაბამისი საწარმოს ან დაინტერესებული პირების საბაზრო პოზიციის შედარებით სხვა ოპერატორების პოზიციებთან. მიჩნეულია, რომ შეთანხმებებს, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, პრინციპში არ გააჩნიათ არსებითი ზეგავლენა ევროკავშირის ფარგლებში ვაჭრობაზე. ეს პირობებია:
ა) მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 5%-ს ნებისმიერ შესაბამის ბაზარზე;
ბ) შესაბამისი საწარმოების მიერ გათვალისწინებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური წლიური ბრუნვა ევროკავშირის მასშტაბით 40 მილიონ ევროზე ნაკლებია (სახელმძღვანელო მითითებების პუნქტი №52).
სახელმძღვანელო მითითებები ადგენს რაოდენობრივ კრიტერიუმს, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი გარკვეულობის უზრუნველყოფას. ეს ცნობილია როგორც წესი - „ვაჭრობაზე არსებითი ზეგავლენის გარეშე“. აღნიშნულ წესს საერთო საფუძველი აქვს De Minimis-ის პრინციპთან, ვინაიდან ორივე მათგანი განაპირობებს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლის გამოუყენებლობას და იყენებს „საბაზრო წილის“ კონცეფციას იმ სფეროს დასადგენად, რომელზეც ევროპული ანტიმონოპოლიური სამართალი არ ვრცელდება. (ევროკომისიის შეტყობინება უმნიშვნელო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც არსებითად არ ზღუდავენ კონკურენციას ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 101(1) მუხლის შესაბამისად - De Minimis Notice 2014/C 291/01).
2022 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ წამოიწყო საჯარო კონსულტაცია და მოიწვია ყველა დაინტერესებული მხარე მოსაზრებების წარსადგენად შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის შესახებ განახლებული შეტყობინების პროექტთან დაკავშირებით. (კომისიის შეტყობინება შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის შესახებ თანამეგობრობის კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის 97/C 372/03). მისი მთავარი მიზანია ბიზნესისთვის მეტი მითითების, გამჭვირვალობისა და სამართლებრივი გარკვეულობის შეთავაზება, რათა ხელი შეუწყოს წესებთან შესაბამისობას, ასევე ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების მიერ უფრო ეფექტიან აღსრულებას.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ხელშეკრულების 101-ე და 102-ე მუხლები მიჩნეულ იქნა არასაკმარის ინსტრუმენტებად იმ კონცენტრაციების სრულფასოვანი კონტროლისთვის, რომლებიც შესაძლოა შეუთავსებელი აღმოჩნდეს კონკურენციის სისტემასთან. ევროკავშირის შერწყმის რეგულაცია (საბჭოს რეგულაცია (EC) №139/2004) ადგენს დებულებებს, რომლებიც გამოიყენება იმ მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ, რომელთა ზეგავლენა სცილდება ერთი წევრი სახელმწიფოს ეროვნულ საზღვრებს. მსგავსი კონცენტრაციები, როგორც წესი, ექსკლუზიურად ევროკავშირის დონეზე უნდა განიხილებოდეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით. კონცენტრაციების კონტროლის სფეროში ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს არ გააჩნიათ პარალელური (თანხვედრი) კომპეტენცია. შერწყმის რეგულაცია მკაფიოდ მიჯნავს უფლებამოსილებებს: შერწყმა, რომელიც აკმაყოფილებს რეგულაციის 1-ლი მუხლით დადგენილ ბრუნვის ზღვრებს, ევროკომისიის ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება. კონცენტრაციები, რომლებიც აღნიშნულ ზღვრებს ქვემოთაა, წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში შედის.