წინასწარი გადაწყვეტილება (TFEU-ს 267-ე მუხლი) (PRELIMINARY RULING) (ART. 267 TFEU)

წინასწარი გადაწყვეტილების (განჩინების) პროცედურა წარმოადგენს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და წევრი სახელმწიფოების ეროვნულ სასამართლოებს შორის თანამშრომლობის მექანიზმს. მისი მიზანია ევროკავშირის სამართლის ეფექტიანი და ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა. TFEU-ს 267-ე მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს მართლმსაჯულების სასამართლოს, გამოსცეს განმარტებები ევროკავშირის სამართლის ინტერპრეტაციისა და კავშირის ინსტიტუტების აქტების ვალიდურობის შესახებ. აღნიშნული მექანიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს კონკურენციის სამართლის აღსრულებაში, რადგან TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლებს გააჩნიათ პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ეროვნულ სასამართლოებსა და კონკურენციის ორგანოებს მათი უშუალო გამოყენების ვალდებულებას აკისრებს.

ინსტიტუციური განმარტება

267-ე მუხლი - (ყოფილი ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების (TEC) 234-ე მუხლი): ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს წინასწარი (პრეიუდიციული) გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება: ა) ხელშეკრულებების განმარტებას; ბ) ევროკავშირის ინსტიტუტების, ორგანოების, უწყებების ან სააგენტოების აქტების ნამდვილობასა და განმარტებას; როდესაც მსგავსი საკითხი წამოიჭრება წევრი სახელმწიფოს რომელიმე სასამართლოს წინაშე, ამ სასამართლომ, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება აუცილებელია მის მიერ განაჩენის/გადაწყვეტილების გამოსატანად, შეიძლება სთხოვოს სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება. როდესაც მსგავსი საკითხი წამოიჭრება წევრი სახელმწიფოს იმ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე, რომლის გადაწყვეტილებებიც, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო წესით აღარ საჩივრდება, ეს სასამართლო ვალდებულია საკითხი განსახილველად წარუდგინოს მართლმსაჯულების სასამართლოს. თუ მსგავსი საკითხი წამოიჭრება წევრი სახელმწიფოს სასამართლოში მიმდინარე იმ საქმეზე, რომელიც ეხება პატიმრობაში/დაკავებაში მყოფ პირს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო იმოქმედებს მინიმალურ ვადაში (დაუყოვნებლივ). © TFEU

კომენტარი

ზოგადი მოსაზრებები

წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმი ევროკავშირის სამართლებრივი და სასამართლო სისტემის ნამდვილ ქვაკუთხედად მიიჩნევა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ფუნდამენტურ საქმეებში (Van Gend & Loos, 1963; Costa v ENEL, 1964; მოსაზრება 2/13, 2014) დაადგინა, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულებებით შეიქმნა ახალი სამართლებრივი წესრიგი, რომლის სასარგებლოდაც წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი სუვერენული უფლებები შეზღუდეს.

ამ სამართლებრივი წესრიგის სპეციფიკური მახასიათებლებისა და ავტონომიის შესანარჩუნებლად, ხელშეკრულებებით ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის სამართლის ინტერპრეტაციის თანმიმდევრულობასა და ერთგვაროვნებაზე. როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ისე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, ევალებათ უზრუნველყონ კავშირის სამართლის სრული გამოყენება, სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტიანი სასამართლო დაცვა (მოსაზრება 2/13).

წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა რეგულირდება TFEU-ს 267-ე მუხლით (ყოფილ EEC-ის 177-ე და EC-ის 234-ე მუხლები). იგი აყალიბებს დიალოგს ევროკავშირის სასამართლოსა და წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს შორის, რაც გადამწყვეტია ხელშეკრულებების მიზნების მისაღწევად და, საბოლოო ჯამში, ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.

ევროკავშირის სასამართლო სისტემა არ წარმოადგენს კლასიკურ ფედერალურ მოდელს, როგორიც, მაგალითად, გერმანიასა თუ აშშ-ში გვხვდება. აქ არ არსებობს მკაცრი იერარქია ეროვნულ სასამართლოებსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შორის; მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს სასამართლო თანამშრომლობა. ამასთან, წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის სამართლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ცალკეული სპეციალიზებული ევროპული სასამართლოები არ არსებობს.

ეს უკანასკნელი ამოცანა სწორედ ეროვნულ სასამართლოებს ეკისრებათ. TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების (და რეგულაცია 1/2003-ის მე-6 მუხლის) პირდაპირი მოქმედების ძალიდან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოები ევროკავშირის სასამართლოსთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებენ. ამ კონტექსტში, წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა ამგვარი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

TFEU-ს 267-ე მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს მართლმსაჯულების სასამართლოს, გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სამართლის ინტერპრეტაციისა და კავშირის ინსტიტუტების, ორგანოებისა თუ სააგენტოების აქტების ვალიდურობის შესახებ. წევრი სახელმწიფოს ნებისმიერი დონის სასამართლო უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს ევროკავშირის სასამართლოს. თუმცა, თუ საკითხი წამოიჭრება ისეთ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც ეროვნული კანონმდებლობით აღარ საჩივრდება, მას მიმართვის ვალდებულება წარმოეშობა. სასამართლო პრაქტიკამ (Foto-Frost, 1987) ეს ვალდებულება ნებისმიერი დონის სასამართლოზე განავრცო იმ შემთხვევებში, როდესაც ეჭვქვეშ დგება ევროკავშირის ინსტიტუტის აქტის ვალიდურობა.

გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები

კონკურენციის საკითხებში რეგულაცია 1/2003 (მუხლები 3, 11-16) განსაზღვრავს იმ წესებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთმიმართებას TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლებსა და კონკურენციის ეროვნულ კანონმდებლობას შორის. ასევე, იგი აწესრიგებს თანამშრომლობის მექანიზმებს ევროკომისიას, კონკურენციის ეროვნულ ორგანოებსა და ეროვნულ სასამართლოებს შორის.

ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს იმ ბუნდოვანებებსა და სირთულეებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამგვარი კომპლექსური სისტემის ფუნქციონირებისას.

პირველ რიგში, არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოება ერთდროულად მოექცეს როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნული კონკურენციის სამართლის რეგულირების სფეროში, მაშინაც კი, თუ ეს ორი სისტემა შემზღუდველ პრაქტიკას განსხვავებული კუთხით განიხილავს.

ამ ვითარებაში, ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლო დავას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე განიხილავს, არ აფერხებს მას, მოითხოვოს ევროკავშირის სამართლის ინტერპრეტაცია, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს პოტენციური კონფლიქტი ევროკავშირისა და ეროვნულ ნორმებს შორის (ოსკარ ბრონერი / Oscar Bronner, 1998).

მეორე მხრივ, როგორც რეგულაცია 1/2003-ის 22-ე პუნქტშია აღნიშნული, პარალელური უფლებამოსილების სისტემაში აუცილებელია ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა (Delimitis, 1991; Masterfoods), რომ ეროვნულმა სასამართლოებმა თავი უნდა არიდონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ ან დაგეგმილ აქტებს. სასამართლომ განმარტა (Commission v BASF, 1994; Masterfoods), რომ ევროკავშირის ინსტიტუტების აქტები კანონიერად მიიჩნევა მანამ, სანამ მათ არ გააუქმებს კომპეტენტური სასამართლო (მართლმსაჯულების სასამართლო ან საერთო სასამართლო).

შესაბამისად, როდესაც ეროვნულ სასამართლოში მიმდინარე დავის შედეგი დამოკიდებულია ევროკომისიის იმ გადაწყვეტილების ნამდვილობაზე (ვალიდურობაზე), რომელიც გასაჩივრებულია ევროკავშირის სასამართლოებში, TEU-ს 4(3) მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ეროვნულმა სასამართლომ უნდა შეაჩეროს საქმის წარმოება ბათილად ცნობის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ეროვნული სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად უნდა მიმართოს მართლმსაჯულების სასამართლოს კითხვით კომისიის გადაწყვეტილების ვალიდურობის თაობაზე.

მესამე - მსგავსი, თუმცა შედარებით უფრო კომპლექსური ვითარება შეიძლება წარმოიქმნას სახელმწიფო დახმარების სფეროში. ასეთ დროს, დახმარების გამცემმა წევრმა სახელმწიფომ ან დახმარების მიმღებმა პირმა შესაძლოა ევროკავშირის სასამართლოებში გაასაჩივრონ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც დახმარება შიდა ბაზართან შეუთავსებლად გამოცხადდა. თუმცა, წევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით, დახმარების მიმღებს ასეთი სარჩელის აღძვრა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ იგი აკმაყოფილებს TFEU-ს 263(4) მუხლით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს.

ამ კონტექსტში, სასამართლო პრაქტიკიდან (TWD, 1994; Georgsmarienhütte, 2018) იკვეთება, რომ დახმარების მიმღებს არ შეუძლია ეროვნულ სასამართლოში დაეყრდნოს ევროკომისიის გადაწყვეტილების ბათილობის არგუმენტს, თუკი მას ეს გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში უშუალოდ ევროკავშირის სასამართლოებში არ გაუსაჩივრებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სასამართლო დაუშვებლად გამოაცხადებს ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების ვალიდურობას ეხება.

ფაქტობრივად, წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა არ წარმოადგენს ევროკავშირის აქტების სრული სასამართლო განხილვის შესაფერის ჩარჩოს, განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ და რთულ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო დახმარება (Georgsmarienhütte). ბათილად ცნობის სარჩელისგან განსხვავებით, წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა არ არის შეჯიბრებითი ხასიათის და მასში კერძო მხარეების ჩართულობა (გარდა ძირითადი პროცესის მხარეებისა) შეზღუდულია.

ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად?

წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ წევრი სახელმწიფოს სასამართლოს ან ტრიბუნალს გააჩნია. იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა მომართვიანი ორგანო TFEU-ს 267-ე მუხლის მიზნებისათვის „სასამართლოს“ კრიტერიუმებს, მართლმსაჯულების სასამართლო მხედველობაში იღებს რამდენიმე ფაქტორს: (i) არის თუ არა ორგანო დაარსებული კანონის საფუძველზე; (ii) არის თუ არა ის მუდმივმოქმედი; (iii) არის თუ არა მისი იურისდიქცია სავალდებულო ხასიათის; (iv) ტარდება თუ არა პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპით; (v) ეფუძნება თუ არა მისი გადაწყვეტილება სამართლის ნორმებს; (vi) არის თუ არა ორგანო დამოუკიდებელი და (vii) მოეთხოვება თუ არა მას მართლმსაჯულების განხორციელება (სასამართლო ხასიათის გადაწყვეტილების გამოტანა).

სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი, აკმაყოფილებდნენ თუ არა კონკურენციის ეროვნული ორგანოები ამ პირობებს. საქმეში Asociación Española de Banca Privada (1992), მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო განსახილველად ესპანეთის კონკურენციის ტრიბუნალის მიმართვა, ამ უკანასკნელის სტატუსში ეჭვის შეტანის გარეშე.

ამის საპირისპიროდ, საქმეში Syfait (2005), სასამართლომ უარი თქვა საბერძნეთის კონკურენციის კომისიის მიმართვის განხილვაზე, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული ორგანო ვერ აკმაყოფილებდა ზემოხსენებულ კრიტერიუმებს (კერძოდ, დამოუკიდებლობისა და ფუნქციური გამიჯვნის კუთხით).

მნიშვნელობა კონკურენციის საკითხებში

ზემოხსენებული სირთულეების მიუხედავად, წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კონკურენციის სამართლის უმნიშვნელოვანესი ასპექტების დაზუსტებაში. უკვე ციტირებული პრეცედენტების გარდა, კლასიკურ და თანამედროვე საკვანძო საქმეებს მიეკუთვნება: Pronuptia (1986), Corbeau (1993), Almelo (1994), IMS Health (2004), Courage and Crehan (2001), Post Danmark I (2012) და II (2015), ასევე Budapest Bank (2020).