ადმინისტრირებული ფასები (ADMINISTERED PRICES)

ინსტიტუციური განმარტება

ადმინისტრირებული ფასები არის კომპანიების მიერ დაწესებული ფასები, რომლებიც არ იცვლება მოთხოვნისა და მიწოდების პირობების მოკლევადიანი მერყეობის საპასუხოდ. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ფასების ეს სიხისტე საბაზრო ძალაუფლების გამოყენების შედეგია. ჩატარდა სხვადასხვა კვლევა, რომელიც ცდილობდა ადმინისტრირებული ფასების დაკავშირებას ბაზრის კონცენტრაციასა და ინფლაციასთან. მიღებული შედეგებიდან ირკვევა, რომ ფასების მოქნილობის ხარისხი განსხვავდება დარგებისა (და ქვეყნების) მიხედვით, რისი სრულად ახსნაც ბაზრის გაწმენდის მარტივ მოდელებს არ შეუძლია. თუმცა, მკვლევრები წააწყდნენ გაზომვის სერიოზულ სირთულეებს, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ ოფიციალური ფასების ინდექსები ხშირად არ ასახავს საფასო ფასდაკლებებს. (...) © OECD

კომენტარი

ადმინისტრირებული (რეგულირებული) ფასები წარმოადგენს საქონელსა და მომსახურებაზე დაწესებულ ფასებს, რომლებსაც სახელმწიფო ორგანოები განუსაზღვრავენ ეკონომიკურ აგენტებს. ამავე დროს, ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ფასების აღსანიშნავად, რომლებიც მოქმედებს ოლიგოპოლიურ ბაზრებზე და არ რეაგირებს მოკლევადიან რყევებზე - განსხვავებით საბაზრო ფასებისგან, რომლებიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდების ცვლილებებზე.

შესაბამისად, ის ფასებიც, რომლებიც ანტიმონოპოლიურ ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა ადმინისტრირებულად ჩაითვალოს.ამგვარი ფასები შეიძლება ოლიგოპოლიისგან დაწესდეს და არა ხელისუფლების მიერ. ეკონომიკური კონკურენციის ეფექტიანობის შეფასების თეორიებში ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვებაა, რომ პროდუქციისა და მომსახურების ფასები განისაზღვრება შიდა საბაზრო პროცესების შედეგად. გაცვლის თავისუფლება წარმოადგენს არსებით წინაპირობას, რომელიც იძლევა დასაბუთებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გარიგებების ეკონომიკური სარგებლის შესახებ.

ფასი, რომელიც ფორმირდება მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით, წარმოადგენს კონკურენციის სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე არც ერთი შეთანხმება და არც ერთი გარიგება არ არის სრულად განსაზღვრული მხოლოდ კერძო აგენტების ავტონომიური ნებით.

სიტუაცია არსებითად იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. ასეთი პრაქტიკა სისტემურია გეგმიური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც კონკურენცია არ განიხილება ეკონომიკური ზრდის, ინოვაციისა და შემოსავლების გენერირების ძირითად მამოძრავებელ ძალად.

ამ პირობებში რესურსების განაწილებისა და კოორდინაციის ძირითადი ფუნქცია ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, ეკონომიკური კონკურენცია ასეთ სისტემებში ხშირად აღიქმება, როგორც არაეფექტიანი ან საზიანო და არ საჭიროებს სპეციალურ გაზომვას.

ადმინისტრირებული ფასების ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ასეთი პრაქტიკა წარმოადგენს გამონაკლისს და არა ნორმას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ეკონომიკებისთვის, სადაც თანაარსებობს გეგმიური და საბაზრო ელემენტები, რადგან ასეთ პირობებში ადმინისტრირებული ფასები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სახელმწიფო ჩარევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ყველა ეკონომიკაში არსებობს სფეროები ან სიტუაციები, სადაც ფასების ადმინისტრირება აუცილებელია. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო ადგენს მინიმალურ ფასს (ქვედა ზღვარს), ხოლო სხვა შემთხვევაში - მაქსიმალურ ფასს (ზედა ზღვარს).

მაქსიმალური ფასის დაწესება ძირითადად მიმართულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვისკენ. ფორმალურად, როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური ფასების დაწესება ბაზრებს აძლევს შესაძლებლობას, კონკურენცია განახორციელონ განსაზღვრული ჩარჩოების ფარგლებში.

არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ფასი დგინდება ფიქსირებული ოდენობით. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სექტორებში, მაგალითად, ფარმაცევტულ სფეროში. ადმინისტრირებული ფასები შეიძლება იყოს როგორც დროებითი, ასევე მუდმივი.

ადმინისტრირებული ფასები უნდა გაიმიჯნოს ფასების შენარჩუნების მსგავსი პრაქტიკებისგან. ერთ შემთხვევაში, ფასს ადგენს სახელმწიფო, ხოლო მეორე შემთხვევაში - ძლიერი ბაზრის მონაწილე საკუთარ ეკონომიკურად სუსტ კონტრაჰენტებზე.

პირველი წარმოადგენს გარე ფაქტორს კონკურენციის სამართლისთვის, ხოლო მეორე - კონკურენციის სამართლის რეგულირების უშუალო ობიექტს. ანალოგიურად, ადმინისტრირებული ფასები განსხვავდება ფასების შეთანხმებისგან, რომელიც წარმოადგენს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

არსებობს განსხვავება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მარეგულირებლის მიერ დაწესებულ ადმინისტრირებულ ფასებსა და კონკურენციის სამართლის ფარგლებში განხორციელებული ჩარევის შედეგად დადგენილ ფასებს შორის. პირველი შემთხვევა გულისხმობს პროაქტიულ საფასო პოლიტიკას, რომლის მიზანიც ეკონომიკის კონკრეტული სექტორის ადმინისტრაციული რეგულირებაა. მეორე შემთხვევას განსხვავებული ლოგიკა გააჩნია და უპირველესად კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების შედეგების გამოსწორებას ისახავს მიზნად. მსგავსი აღდგენითი ზომები შედარებით იშვიათად გამოიყენება და ამგვარი ჩარევის ფინანსური ასპექტები მეორეხარისხოვანია. ადმინისტრირებული ფასების აღნიშნული ასპექტის უმთავრეს მიზანს დარღვევის (ან მისი შედეგების) აღკვეთა წარმოადგენს.

ფასების შენარჩუნება ხდება ვერტიკალურ ურთიერთობებში (მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის), ხოლო ფასების შეთანხმება - ჰორიზონტალურად (კონკურენტებს შორის). ფასისმიერი დისკრიმინაცია წარმოადგენს ბოროტად გამოყენების ერთ-ერთ ფორმას.

ადმინისტრირებული ფასები ფართოდ არის გავრცელებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მაშინ როცა აშშ-ში ეს პრაქტიკა ნაკლებად გვხვდება. ევროკავშირის კონტექსტში, ამ მოვლენას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შიდა ბაზრის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე, რადგან მან შესაძლოა შეაფერხოს ბაზრის ინტეგრაცია და, ასევე, პირდაპირი გავლენა მოახდინოს მესამე ქვეყნებთან ვაჭრობაზე. დამატებით სირთულეს ქმნის თავად ევროკავშირის მიერ ფასების ადმინისტრირების პრაქტიკის გამოყენება (მაგალითად, „როუმინგის რეგულაცია“ ან ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა). კონკურენციისა და ბაზრის ინტეგრაციის პოლიტიკების მიზნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, ხშირად რთული გასამიჯნია ის უარყოფითი გავლენა, რომელიც რომელიმე მათგანის ან ორივეს დაცვის ინტერესს ადგება.

როდესაც ადმინისტრირებული ფასები კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების წინაპირობა ხდება, ან უშუალოდ თან ახლავს მას, აღნიშნული, როგორც წესი, კონკურენციის სამართალდარღვევის სიმძიმის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს. უშუალოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული ქმედება ამა თუ იმ ხარისხით უკავშირდება საბაზრო პროცესში სახელმწიფოს ჩარევას, შესაძლოა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის შემსუბუქების საფუძველიც გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს TEU-ს (ევროკავშირის შესახებ შეთანხმების) 4(3) მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ვალდებულებას აკისრებს. იმის მიხედვით, თუ ავტონომიის რა ხარისხი უნარჩუნდება ეკონომიკურ აგენტს ფასების ადმინისტრირების ფარგლებში, პასუხისმგებლობა შესაძლოა ეკონომიკური აგენტიდან წევრ სახელმწიფოზე გადავიდეს (იხ. Van Eycke v ASPA, 1988): რაც უფრო მეტი ავტონომია და მანევრირების სივრცე რჩება ეკონომიკურ აგენტს, მით უფრო მაღალია მისი პასუხისმგებლობა; და პირიქით, რაც უფრო მკაცრია საჯარო იმპერატივი, მით უფრო მსუბუქია მისი პასუხისმგებლობა (იხ. API and Others, 2014).