ჯვარედინი სუბსიდირება (CROSS SUBSIDISATION)

ჯვარედინი სუბსიდირება არის საფასო სტრატეგია, რომელსაც იყენებენ მრავალპროფილიანი კომპანიები, როდესაც პროდუქციის ან მომსახურების ერთ ნაწილზე მაღალ ფასებს აწესებენ, რათა სხვა პროდუქტი ან მომსახურება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შესთავაზონ ბაზარს. ჯვარედინი სუბსიდირების ყველა ფორმა არ მიიჩნევა საზიანოდ. კონკურენციის საწინააღმდეგო ჯვარედინი სუბსიდირება ხდება მაშინ, როდესაც კომპანია აწესებს არასამართლიანად მაღალ ფასებს იმ ბაზრებზე, სადაც მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალა გააჩნია. ამ ბაზრებიდან მიღებული ზემოგება შემდეგ გამოიყენება სხვა, განსხვავებული კონკურენციის დონის მქონე ბაზრებზე პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შესთავაზებლად. ამგვარად, ეს პროცესი მოიცავს ექსპლუატაციური ქცევის ორმაგ ფორმას: არასამართლიანად მაღალ ფასებსა და თვითღირებულებაზე დაბალ ფასდადებას, სადაც პირველი არსებითად აფინანსებს მეორეს.

ინსტიტუციური განმარტება

ჯვარედინი სუბსიდირება ნიშნავს, რომ საწარმოს თავისი საქმიანობის ხარჯები ერთ გეოგრაფიულ ან პროდუქტიულ ბაზარზე სრულად ან ნაწილობრივ გადააქვს (ანაწილებს) სხვა გეოგრაფიულ ან პროდუქტიულ ბაზარზე არსებულ თავისსავე საქმიანობაზე. გარკვეულ გარემოებებში, საფოსტო სექტორში ჯვარედინმა სუბსიდირებამ, სადაც თითქმის ყველა ოპერატორი ახორციელებს როგორც რეზერვირებულ (ექსკლუზიურ), ისე არარეზერვირებულ მომსახურებას, შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს კონკურენტების დამარცხება ისეთი საფასო შეთავაზებებით, რომლებიც განპირობებულია არა ეფექტიანობით (მათ შორის, ასორტიმენტის ეკონომიით) და მაღალი წარმადობით, არამედ სწორედ ჯვარედინი სუბსიდიებით. © ევროკომისია

კომენტარი

ჯვარედინი სუბსიდირება გადამწყვეტ როლს ასრულებს ბაზრის ფორმირებაში სხვადასხვა ინდუსტრიაში. ეს პროცესი რამდენიმეგვარად შეიძლება განიმარტოს, თუმცა ყველაზე ზოგადი დეფინიცია გულისხმობს „დანახარჯების გადატანას“, როდესაც ხარჯების ნაწილი ან ერთიანად გადადის ერთი პროდუქტიდან/მომსახურებიდან მეორეზე. მიუხედავად გამოყენებული განმარტებისა, ჯვარედინი სუბსიდირება ფუნდამენტურად გულისხმობს კომპანიის შიგნით რესურსების ან ხარჯების ტრანსფერს ბაზრის ერთი სეგმენტიდან მეორეზე.

ევროკომისიის პრაქტიკიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრეცედენტი, სადაც ჯვარედინი სუბსიდირება კონკურენციის საწინააღმდეგოად იქნა მიჩნეული, არის Deutsche Post-ის საქმე. ამ შემთხვევაში United Parcel Service ამტკიცებდა, რომ Deutsche Bundespost Postdienst მონოპოლიური ბაზრიდან მიღებულ მოგებას ამანათების სერვისების სუბსიდირებისთვის იყენებდა, რათა კონკურენტულ ბაზარზე პროდუქცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაეყიდა. მონოპოლიური სექტორიდან მიღებული შემოსავლების გარეშე, DPAG მსგავსი საფასო სტრატეგიის განხორციელებას ვერ შეძლებდა. UPS-ის განცხადებით, ამ სტრატეგიამ გამოიწვია კონკურენტების ბაზრიდან განდევნა.

კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჯვარედინ სუბსიდირებას მოიცავს, არის საქმე MCX Stock Exchange Ltd. v. National Stock Exchange of India Ltd. & DotEx International Ltd, რომელიც ინდოეთის კონკურენციის კომისიამ გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ ეროვნული საფონდო ბირჟა ეწეოდა კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებას ვალუტის ფიუჩერსებით ვაჭრობის (ახალი ფინანსური ინსტრუმენტი) სეგმენტში ტრანზაქციის საკომისიოს გაუქმებით. საკომისიოზე უარის თქმამ გამოიწვია MCX-ის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) ზარალი, რადგან მასაც მოუხდა ტრანზაქციის საკომისიოზე უარის თქმა NSE-თან კონკურენციის მიზნით. CCI-მ NSE-ის ეს პრაქტიკა არასამართლიანად მიიჩნია, რადგან დადასტურდა, რომ NSE-ის განზრახვა იყო დომინანტური მდგომარეობის მოპოვება ვალუტის სეგმენტში ამ ბიზნესის ჯვარედინი სუბსიდირებით ბირჟის სხვა სეგმენტებიდან, სადაც ის ფაქტობრივი მონოპოლიით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო ტრიბუნალმა დაამტკიცა CCI-ის ბრძანება, გასაჩივრება ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინდოეთის უზენაეს სასამართლოში.

ციფრულ ეპოქაში ჯვარედინმა სუბსიდირებამ ახალი ინტერპრეტაცია შეიძინა. მრავალმხრივი პლატფორმები ხშირად იყენებენ ჯვარედინ სუბსიდირებას ჯვარედინი ქსელური ეფექტის გამოსაყენებლად. გარკვეულ პლატფორმებზე ერთი მხარის მოზიდვა ფასის შემცირებით განსაკუთრებით მომგებიანია პლატფორმისთვის, თუ ეს მხარე ქმნის მნიშვნელოვან გარეგან ეფექტებს მეორე მხარისთვის.

მაგალითად, მედიაპლატფორმები, როგორც წესი, მომხმარებლებს უფასო კონტენტს სთავაზობენ მათი მოზიდვის მიზნით, ხოლო შემოსავალს რეკლამის განმთავსებლებისთვის დაწესებული მაღალი ფასნამატით იღებენ. პლატფორმების სხვა მაგალითები, რომლებიც ბაზრის ერთ მხარეს უფასო ან დაბალფასიან მომსახურებას სთავაზობენ, მოიცავს: პროგრამულ პლატფორმებს (მაგალითად, Adobe Acrobat, რომელიც მკითხველისთვის უფასოა, ხოლო შემოსავალს კონტენტის შემქმნელებისგან იღებს); ოპერაციული სისტემის პლატფორმებს (რომლებიც შემოსავალს მხოლოდ მომხმარებლებისგან იღებენ და არა აპლიკაციის დეველოპერებისგან) და ვიდეო თამაშების პლატფორმებს, რომლებიც კონსოლებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან და მათ სუბსიდირებას თამაშების დეველოპერების ხარჯზე ახდენენ. ფუნდამენტურ ნაშრომებში აღნიშნულია, რომ მოგების მაქსიმიზაციისთვის პლატფორმის ოპერატორები შეიმუშავებენ სპეციფიკურ საფასო სტრუქტურას და არ ეყრდნობიან მხოლოდ დანახარჯებზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას ბაზრის თითოეული მხარისთვის.

თუმცა, ამ სტრატეგიამ ციფრულ ბაზრებზე ზიანის მიყენების ახალი თეორიები წარმოშვა. მონაცემებზე კონტროლმა შესაძლოა კომპანიებს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალა მიანიჭოს და კონკურენცია შეაფერხოს. იმ შუამავალი/აგრეგატორი პლატფორმების ზრდამ, რომელთა ბიზნესმოდელი ჯვარედინი სუბსიდირების ნიშნებს შეიცავს, ამ პლატფორმებს მონაცემთა ჰეგემონიის მოპოვების საშუალება მისცა.

საქმეში Mr. Umar Javeed & Ors. v. Google LLC & Google India Private Limited, ინდოეთის კონკურენციის კომისიამ Google-ის მიერ Android OS-ის Google Mobile Services პაკეტთან „უფასოდ“ მიბმა „დინამიურ ბერკეტად“ მიიჩნია. დადგინდა, რომ ეს იყო საძიებო რეკლამის ბაზარზე მომხმარებელთა მონაცემების მონეტიზაციის საშუალება, რამაც განამტკიცა Google-ის საბაზრო ძალა.

ონლაინსავაჭრო პლატფორმა Amazon-მა ზრდისთვის „წარმატებით“ გამოიყენა ჯვარედინი სუბსიდირება, რამაც სხვადასხვა სექტორში მისი დომინირება გამოიწვია. საცალო მოვაჭრის როლის გარდა, კომპანია ფუნქციონირებს როგორც მარკეტინგული პლატფორმა, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური ქსელი, საგადახდო სერვისი, აუქციონის პლატფორმა, წიგნის გამომცემელი, ტელე- და კინოპროდიუსერი, მოდის ინდუსტრიის კონტრიბუტორი, ტექნიკის მწარმოებელი და წამყვანი მოთამაშე ღრუბლოვანი სერვერებისა და გამოთვლითი რესურსების ბაზარზე.

Amazon-მა ზოგიერთ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა მოიპოვა ოპერაციების გაფართოებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და მიზანმიმართული ზარალის ხარჯზე - მაგალითად, მოგების შემცირებითა და Amazon Prime-ის წევრებისთვის შეთავაზებული შეღავათებით. ანალოგიურად, Amazon Kindle (ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა) და ბესტსელერი ელექტრონული წიგნები თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლების მიერ დაწესებული ფასები არ შემცირებულა. კომპანიამ შეძლო უარი ეთქვა მოგებაზე ბიზნესის გარკვეულ სფეროებში მისი მრავალპროფილიანი საქმიანობის ხარჯზე. შესაბამისად, კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევის დასადგენად, ზიანის მიყენების ბერკეტების თეორია შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ბაზა უშვებს ბერკეტების გამოყენებას დაუკავშირებელ/განსხვავებულ ბაზრებზე.

სასამართლოები, როგორც წესი, ვარაუდობენ, რომ კომპანიები ზარალს იმავე საქონელზე ფასების შემდგომი გაზრდით აანაზღაურებენ, რომლებსაც მანამდე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად სთავაზობდნენ. თუმცა, სხვადასხვა ბაზარზე დანაკარგების ამოღება ასევე წარმოადგენს სტრატეგიას, განსაკუთრებით დივერსიფიცირებული პროდუქტებისა და სერვისების მქონე კომპანიებისთვის. ამიტომ, პოტენციური ჯვარედინი სუბსიდირების შესაფასებლად, მარეგულირებელ უწყებებს შეუძლიათ გამოიყენონ ზღვრული დანახარჯების ტესტი და დამოუკიდებელი დანახარჯების ტესტი.

მიჩნეულია, რომ თუ დაწესებული ფასი მერყეობს პროდუქტის ზღვრულ დანახარჯსა და დამოუკიდებელ დანახარჯს შორის, ასეთი ფასწარმოქმნა სუბსიდირების გარეშე ხორციელდება. ჯვარედინი სუბსიდირების აღკვეთამ და თვითღირებულებაზე დაბალი ფასების აკრძალვამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს მცირე ან ნაკლებად მდგრად კონკურენტებს, თუმცა გარკვეულ ბაზრებზე ამან შესაძლოა ფასების ზრდა და მომხმარებელთა დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამაში მდგომარეობს ანტიმონოპოლიური დილემა ჯვარედინი სუბსიდირების სამართლებრივი შეფასებისას.