კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის სფერო. ევროკავშირის კონტექსტში, ანტიტრასტული სამართალი ჩვეულებრივ მოიცავს როგორც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა და პრაქტიკის მარეგულირებელ წესებს (კარტელები და კოლუზიის სხვა ფორმები), რომლებიც ეფუძნება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლს, ისე (არსებული) დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვის წესებს, რომლებიც ეფუძნება TFEU-ის 102-ე მუხლს. © ევროკომისია
ანტიტრასტი, ან კონკურენციის სამართალი, აღმოფხვრის კონკურენციის დამაბრკოლებელ ფაქტორებს და ამით ხელს უწყობს ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას მომხმარებლებისა და ბაზრის სხვა მონაწილეების ინტერესების შესაბამისად. იგი ფოკუსირებულია სამი ტიპის ქმედებაზე: შეთანხმებები, სამეწარმეო სუბიექტების ერთობლივი ქცევა და კონცენტრაციები (შერწყმა/შესყიდვა). კონკურენციის კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, დომინანტური ან მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტების მიერ კონკურენციის შეზღუდვა და კონკურენციის შემზღუდველი კონცენტრაციები. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტერმინს „კონკურენციის შემზღუდველი“. რიგ შემთხვევებში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტის დადგენა მარტივია, ზოგჯერ კი - საკმაოდ რთული პროცესია. გარდა ამისა, ზოგიერთი იურისდიქცია ითვალისწინებს კონკურენციის შემზღუდველი ქცევის დასაბუთების შესაძლებლობას, ზოგი კი - არა.
შეთანხმება - ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, „შერმანის აქტის“ პირველი ნაწილი კრძალავს „ვაჭრობის შეზღუდვას“. აღნიშნული დებულება განიმარტება, როგორც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აკრძალვა. ზოგიერთი შეთანხმება აშკარად ზღუდავს კონკურენციას, რადგან ისინი ბაზრიდან აძევებენ კონკურენტულ ძალებს და არ გააჩნიათ ეფექტიანობისა თუ ინოვაციურობის ნიშნები. ამგვარ შეთანხმებებს „შიშველი შეზღუდვები“ ეწოდება და ისინი კლასიფიცირებულია, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დამატებითი მოკვლევის გარეშე; ანუ, ისინი მიიჩნევიან „თავისთავად“ უკანონოდ. კონკურენტებს შორის ისეთი შეთანხმებები, როგორიცაა ფასების ფიქსირება, ბაზრების განაწილება ან პროდუქციის კვოტირება, თავისთავად უკანონოა. ის შეთანხმებები, რომლებიც თავისთავად უკანონოდ არ მიიჩნევა, ექვემდებარება „გონივრულობის წესს“. ამ წესის თანახმად, შეთანხმება მიიჩნევა კონკურენციის შემზღუდველად და კანონსაწინააღმდეგოდ, თუ მისი კონკურენციის შემზღუდველი შედეგები აღემატება პროკონკურენტულ ეფექტებს. ეფექტიანობა და ინოვაციური თვისებები მიჩნეულია პროკონკურენტულ ფაქტორებად.
ევროკავშირის ანტიტრასტული ნორმები ასახულია „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში“. ხელშეკრულების დებულება, რომელიც არეგულირებს შეთანხმებებს, ბათილად აცხადებს იმ გარიგებებს, რომელთა მიზანს ან შედეგს კონკურენციის შეზღუდვა ან დარღვევა წარმოადგენს. ე.წ. „შიშველი კარტელები“ მიიჩნევა კონკურენციის მიზნობრივ შეზღუდვად და ისინი პრაქტიკულად არასოდეს აკმაყოფილებენ საგამონაკლისო/გამართლების მოთხოვნებს.
ცალმხრივი ქმედება - აშშ-ის „შერმანის აქტის“ მეორე ნაწილი კრძალავს „მონოპოლიზაციასა“ და ამ მიზნით დადებულ ფარულ გარიგებებს. მონოპოლიზაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, სუბიექტი უნდა ფლობდეს მონოპოლიურ ძალაუფლებას და იყენებდეს მას კონკურენციის შეზღუდვისთვის. კანონმდებლობა სიფრთხილით ეკიდება ცალკეული სუბიექტის ქცევის დასჯას, რათა ანტიმონოპოლიურმა ინტერვენციამ არ შეასუსტოს პროკონკურენტული და ინოვაციური სტიმულები და არ გამოიწვიოს არაეფექტიანი მცირე საწარმოების ხელოვნური დაცვა. შესაბამისად, აშშ-ის სამართლით, მონოპოლიურ კომპანიას არ აქვს კონკურენტებთან თანამშრომლობის ვალდებულება, გარდა ვიწროდ განსაზღვრული გამონაკლისებისა (მაგალითად, Trinko-ს საქმე, აშშ-ის უზენაესი სასამართლო, 2004 წ.).
ევროკავშირის კონკურენციის სამართალი კრძალავს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. სუბიექტს შესაძლოა დომინანტური ძალაუფლება გააჩნდეს იმაზე დაბალ ზღვარზეც, ვიდრე ეს მონოპოლიური ძალაუფლებისთვისაა საჭირო. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტებს აკისრიათ „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, არ შეზღუდონ კონკურენცია, მათ შორის ისეთი ქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტების ბაზრიდან განდევნას ან მათი თავისუფლების შეზღუდვას (მაგალითად, Intel v. Commission, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, 2017 წ.). ევროკავშირის სამართალი კრძალავს როგორც ექსპლუატაციურ (მომხმარებელთა ინტერესების საზიანო), ისე მავნე შემზღუდველ (ბაზრიდან განდევნისკენ მიმართულ) ქცევას.
კონცენტრაციები. აშშ-ის ანტიტრასტული კანონმდებლობა კრძალავს სამეწარმეო სუბიექტების შერწყმას, რომლის შედეგადაც შესაძლოა არსებითად შემცირდეს კონკურენცია. ევროკავშირის „კონცენტრაციების შესახებ რეგულაცია“ კრძალავს შერწყმას, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ეფექტიან კონკურენციას. ნორმატიული თვალსაზრისით, ენობრივი განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის უმნიშვნელოა; ორივე სამართლებრივი სისტემა კრძალავს იმგვარ კონცენტრაციას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონკურენციას. თუ შერწყმა მნიშვნელოვნად ზრდის ან წარმოშობს საბაზრო ძალაუფლებას, ივარაუდება, რომ იგი ზიანს აყენებს კონკურენტულ გარემოს.
შერწყმის შესახებ კანონმდებლობას შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს აგრეთვე მყიდველებსა და მომწოდებლებს შორის განხორციელებული (ვერტიკალური) შერწყმა, პოტენციური კონკურენტების შეძენა და სხვა სახის (კონგლომერატული) კონცენტრაციები. ევროკავშირის სამართალი, აშშ-ის კანონმდებლობასთან შედარებით, გარკვეულწილად უფრო მკაცრ მიდგომას ავლენს არაჰორიზონტალური შერწყმის მიმართ.
სხვა სახელმწიფოების კონკურენციის სამართალი - სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობა დიდწილად ეფუძნება აშშ-ისა და ევროკავშირის მოდელებს. აშშ/ევროკავშირის სტანდარტებისგან ყველაზე გავრცელებული განსხვავებები შემდეგია: აზიის ქვეყნების კანონმდებლობა სამეწარმეო სუბიექტის ცალმხრივი ქცევის მარეგულირებელ ნორმებში ხშირად მოიცავს დებულებებს „სავაჭრო უპირატესობის ბოროტად გამოყენების“ შესახებ. მათ შესაძლოა ანტიტრასტულ დარღვევად მიიჩნიონ „უპატიოსნო ქცევა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ქმედება პირდაპირ ზიანს არ აყენებს ბაზარს ან მომხმარებელს (აღნიშნული მიდგომა ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვისაცაა დამახასიათებელი). ამგვარი იურისდიქციები მეტწილად სამრეწველო პოლიტიკის დაცვაზე არიან ორიენტირებულნი.
განვითარებად ქვეყნებს ხშირად უფრო ფართო კონკურენციის კანონმდებლობა აქვთ, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირს. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ბაზრები, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ბაზარზე შესვლის ბარიერები - უფრო მაღალი. განვითარებადი ქვეყნების კონკურენციის სამართალი პრიორიტეტს ანიჭებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მკაცრად ზღუდავს მომხმარებელთა ექსპლუატაციასა და ბაზრიდან განდევნისკენ მიმართულ ქცევას, ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივ ინტერესებს მცირე ბიზნესისა და დასაქმებულთა დასაცავად. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საქმე — Babelegi (სააპელაციო სასამართლო, 2020 წ.) წარმოადგენს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების თვალსაჩინო მაგალითს.