არსებითი საშუალება (Essential Facility)

ნებისმიერი საშუალება, ფიზიკური ან ელექტრონული ინფრასტრუქტურა ან სისტემა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების რიგი უფლებები, რომელიც აუცილებელია პროდუქციის ან მომსახურების მომხმარებლისთვის მისაწოდებლად ან შეუცვლელია კონკურენტებისთვის (ზედა ან ქვედა დონის) ბაზარზე საქმიანობის პროცესში. საშუალება შეუცვლელად ითვლება, თუ მისი ანალოგის შექმნა შეუძლებელი ან უკიდურესად რთულია ფიზიკური, გეოგრაფიული, სამართლებრივი, ეკონომიკური ან სხვა მსგავსი შეზღუდვების გამო. მაგალითად, არსებითი საშუალებაა სახელმწიფო ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის მწარმოებელთა მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად. ვინაიდან ცალკეული მწარმოებლებისათვის შეუძლებელია საკუთარი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, ისინი დამოკიდებულნი არიან არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ანალოგიურად, არსებითი საშუალებებია გაზსადენები და ნავთობსადენები, სარკინიგზო მაგისტრალები, აეროპორტები და პორტები. მსგავს საშუალებად მიიჩნევა პატენტი, როდესაც ამ უკანასკნელით დაცული უფლებების გამოყენების გარეშე ვერ ხდება გარკვეული პროდუქციის წარმოება ან მომხმარებლისათვის მიწოდება. ევროკავშირის პრაქტიკაში, არსებით საშუალებად მიჩნეულ იქნა რიგი ტექნოლოგიური მიღწევებიც, მაგალითად, Microsoft-ის საოპერაციო სისტემა Windows-თან ურთიერთჩართვისთვის საჭირო ინფორმაცია. არსებით საშუალებაზე წვდომის შეზღუდვა ან აკრძალვა განიხილება, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება ზღუდავს კონკურენციას ზედა/ქვედა დონის ბაზარზე. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ამ სახეს მიწოდებაზე უარი ეწოდება.