ევროკავშირის კანონმდებლობაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ეკონომიკური აგენტ(ებ)ისთვის საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული გზით მინიჭებულ უფლებებს, რომელთა შედეგად კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პირს/საწარმოს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სხვა პირთა/საწარმოთა შესაძლებლობას, განახორციელონ იგივე საქმიანობა. განსაკუთრებულად/ექსკლუზიურად არ ჩაითვლება ობიექტური კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე გაცემული უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არ შეზღუდოს კონკურენცია ცალკეული საწარმოებისთვის ექსკლუზიური ან განსაკუთრებული უფლებების მინიჭებით. ამავდროულად, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ასეთი უფლებების მინიჭება იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება. შესაბამისად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება მხარეებს არ ზღუდავს, რომ შექმნან ან შეინარჩუნონ სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები ან მიანიჭონ საწარმოს განსაკუთრებული ან ექსკლუზიური უფლებები საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, შეთანხმების თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს კომერციულ სახელმწიფო მონოპოლიებზე, სახელმწიფო საწარმოებზე და განსაკუთრებული ან ექსკლუზიური უფლებების მქონე ეკონომიკურ აგენტებზე კონკურენციის კანონმდებლობის გავრცელება ისე, რომ კანონების აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ამ საწარმოებისთვის დაკისრებული ცალკეული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანების შესრულებას.