გარეგანი ეფექტები (Externalities)

ერთი პირის ზემოქმედება მეორის კეთილდღეობაზე, საბაზრო სისტემისგან დამოუკიდებელი სიტუაცია, როდესაც საქონლისა და მომსახურების წარმოება ან მოხმარება იწვევს ისეთ დანახარჯებს ან სარგებელს მესამე პირებისათვის (და არა უშუალოდ მწარმოებლის ან მომხმარებლისათვის), რომლებიც არ აისახება მიწოდებული საქონლის და/ან მომსახურების ფასში ან დანახარჯებში. საქონლის/მომსახურების ფასში აუსახავ დანახარჯს უარყოფით გარეგან ეფექტს უწოდებენ, ხოლო სარგებელს - დადებით გარეგან ეფექტს. უარყოფითი გარეგანი ეფექტის ნათელი მაგალითია გარემოს დაბინძურება. ქარხნის მიერ ახლომდებარე მდინარეში ქიმიკატების ჩაღვრას შეუძლია თევზის დახოცვა და მცენარეული საფარის განადგურება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მეთევზეზე და მის მეზობელ ფერმერებზე. ამის საპირისპიროდ, დადებითი გარეგანი ეფექტი შეიძლება წარმოიშვას გზის მშენებლობიდან, რომელიც ქმნის ახალ სივრცეს ბინათმშენებლობის, განვითარებისა და ტურიზმისათვის და სხვა. ეკონომიკურ თეორიაში, გარეგანი ეფექტები ბაზრის ჩავარდნის ერთ-ერთ სახედაა მიჩნეული. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გარეგანი ეფექტები იწვევს ბაზრის ფუნქციონირებაში მთავრობის ჩარევას, მათ შორის, რეგულაციების შემოღებას.