ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც იქმნება კონკრეტული კომერციული პროექტის განსახორციელებლად ან სხვა მსგავსი ეკონომიკური მიზნით. ერთობლივი საწარმოს შექმნას ხშირად ამართლებენ კონკრეტული კომერციული პროექტის სარისკო ხასიათითა და განსახორციელებელი ინვესტიციის სიდიდით. ერთობლივი საწარმო განსაკუთრებული კონკურენტული რისკების შემცველია იმ შემთხვევაში, თუ მას ქმნიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები. კონკურენციის პოლიტიკის კუთხით, პრობლემურია რისკების განაწილების, კაპიტალური ხარჯებისა და ცოდნის/გამოცდილების გაზიარების პოტენციურ სარგებელსა და კონკურენციის შემცირების პოტენციურ ზიანს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, ერთობლივად იწოდება საწარმოები, რომლებიც ერთობლივად კონტროლდება ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის მიერ. პრაქტიკაში, ერთობლივი საწარმოები მოიცავს საქმიანობათა ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა თანამშრომლობა კონკრეტული ფუნქციების (მაგალითად, კვლევა და განვითარება, წარმოება ან დისტრიბუცია) განსახორციელებლად. ერთობლივი საწარმოები, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის შერწყმების რეგულაციით დადგენილ პირობებს, განიხილება როგორც კონცენტრაცია. ამის მსგავსად, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობით, ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას, ჩაითვლება კონცენტრაციად. ასეთ საწარმოს სრულად ფუნქციონირებადი ერთობლივი საქარმო ეწოდება და მასზე ვრცელდება კონკურენციის ორგანოსათვის სავალდებულო შეტყობინებისა და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასების წესები.