ეფექტის დოქტრინა (Effects Doctrine)

დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი კონკურენციის კანონმდებლობა მოქმედებს ექსტრატერიტორიალურად, ანუ ვრცელდება უცხოური კომპანიების მიერ კონკრეტული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩადენილ ქმედებაზე ან განხორციელებულ ტრანზაქციაზე, თუკი მათ აქვთ ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე. ეფექტის დოქტრინა სათავეს იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ანტიტრასტული სამართლიდან. დოქტრინის ამოქმედებისთვის საჭიროა, რომ უცხოური კომპანიის საბაზრო ქცევას პირდაპირი, არსებითი და ზომიერად განჭვრეტადი ეფექტი ჰქონდეს აშშ-ში ვაჭრობაზე. შედარებისთვის, ევროკავშირი თავიდან მისდევდა უფრო ვიწრო, ე.წ. იმპლემენტაციის დოქტრინას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის ეკონომიკური აგენტების მიერ მისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩადენილ ქმედებებზე ვრცელდებოდა ევროკავშირის კონკურენციის სამართალი, თუ აღნიშნული ქმედებები სრულად ან ნაწილობრივ განხორციელდა ევროკავშირში (მაგალითად, კარტელის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სულ მცირე ერთ გარიგებას მაინც ევროკავშირის ტერიტორიაზე). უახლესი მიდგომით, ევროკავშირის კონკურენციის წესები შეიძლება გავრცელდეს უცხო ქვეყნის კომპანიების მიერ ევროკავშირის გარეთ ჩადენილ ქმედებებზე, თუ მათ დაუყოვნებლივი, განჭვრეტადი და არსებითი ეფექტი აქვთ ვაჭრობაზე ევროკავშირში. აღნიშნული პირობები დაკმაყოფილებულია, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის შემზღუდველი ქმედება სრულად განხორციელდა ევროკავშირის გარეთ, თუმცა მის შედეგად დამზადებული საქონელი ან შეთავაზებული მომსახურება გაიყიდა ევროკავშირში. კონკურენციის წესების ექსტრატერიტორიულობის საკითხი დარეგულირებულია საქართველოშიც. კერძოდ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩადენილ ქმედებაზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა ვრცელდება, თუ ის გავლენას ახდენს შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას, ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს. ამასთან, აკრძალულია მხოლოდ ის კონცენტრაციები, რომლებიც არსებითად ზღუდავენ ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე.