ინტეგრაციის სახე, რომლის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ ხორციელდება საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურის ფლობა და კონტროლი. მაგალითად, ვერტიკალური ინტეგრაციაა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანიის მიერ ქვედა დონის ბაზარზე, ნავთობპროდუქტებით საცალო ვაჭრობის ქსელის, ხოლო ზედა დონის ბაზარზე - ნავთობის მილსადენების ფლობა. ვერტიკალური ინტეგრაცია მიიღწევა ახალი ინვესტიციებით ან ვერტიკალური კონცენტრაციით. ვერტიკალური ინტეგრაციის ლეგიტიმური მიზნებია ეფექტიანობის ზრდა, დანახარჯების შემცირება, ახალ ბაზრებზე შესვლა და სხვა. კონკურენციის სამართალში, ვერტიკალური ინტეგრაცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონცენტრაციის ერთ-ერთ სახედ (ვერტიკალურ კონცენტრაციად) და დაექვემდებაროს კონკურენციის ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. ვერტიკალური ინტეგრაცია კონცენტრაციის შედარებით ნაკლებად პრობლემური სახეა, რადგან ამ დროს მთელი რიგი დადებითი საბაზრო ეფექტების მიღწევა შეიძლება. ამავდროულად, ის შეიძლება დაუშვებლად ჩაითვალოს, თუ ინტეგრაციის შედეგად არსებობს რომელიმე (წარმოების ან დისტრიბუციის) ბაზარზე წვდომის შეზღუდვის ალბათობა. ამასთან, ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი ეკონომიკური აგენტის ცალკეული ქმედებები შეიცავს მომეტებულ კონკურენტულ რისკებს. მაგალითად, სწორედ ასეთ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მარჟის შეზღუდვის, მიწოდებაზე უარის ან სხვა მსგავსი ქმედების სახით.