არსებითი საშუალება (Essential Facility)

ინსტიტუციური განმარტება

ობიექტი ან ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მომხმარებლებთან მისასვლელად და/ან კონკურენტებისთვის თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად. ობიექტი ითვლება არსებითი მნიშვნელობის მქონედ, თუ მისი დუბლირება (ანალოგის შექმნა) შეუძლებელია ან უკიდურესად რთულია ფიზიკური, გეოგრაფიული, სამართლებრივი თუ ეკონომიკური შეზღუდვების გამო. მაგალითად ავიღოთ ელექტროენერგიის ერთიანი ეროვნული ქსელი, რომელსაც სხვადასხვა ელექტროენერგიის მწარმოებელი იყენებს საბოლოო მომხმარებლამდე მისასვლელად: ვინაიდან ამ მწარმოებლებისთვის საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის აშენება არარენტაბელური (არამომგებიანი) იქნებოდა, ისინი დამოკიდებულნი არიან არსებულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობაზე. არსებითი მნიშვნელობის ობიექტზე წვდომის უარყოფა შეიძლება ჩაითვალოს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად იმ სუბიექტის მიერ, რომელიც მას აკონტროლებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხელს უშლის კონკურენციას შემდგომი წარმოების/რეალიზაციის ბაზარზე. © ევროკომისია

კომენტარი

მიჩნეულია, რომ „არსებითი საშუალების დოქტრინა“ სათავეს იღებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1912 წლის გადაწყვეტილებიდან საქმეზე Terminal Railroad. სასამართლომ სარკინიგზო კომპანიების ასოციაციას დააკისრა ვალდებულება, კონკურენტებისთვის უზრუნველეყო წვდომა სარკინიგზო ხიდებსა და მათ მიერ შეძენილ ტერმინალებზე (Terminal Railroad, პუნქტები 409-411). აღნიშნული რესურსების გარეშე, კონკურენტები ვერ შეძლებდნენ სარკინიგზო მომსახურების შეთავაზებას მდინარე მისისიპის მიღმა, სენტ-ლუისსა და მის ფარგლებს გარეთ. არსებული მდგომარეობა აზიანებდა მომხმარებელთა ინტერესებს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, აერჩიათ ალტერნატიული სერვისები იმ ინფრასტრუქტურის მიღმა, რომელსაც ხიდებისა და ტერმინალების მფლობელები აკონტროლებდნენ.

უზენაესი სასამართლოს ჩარევა Terminal Railroad-ის საქმეში მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „არსებითი საშუალების დოქტრინა“. აშშ-ის ანტიმონოპოლიურ სამართალში დამკვიდრების დღიდან, ეს დოქტრინა მსოფლიოს მრავალ იურისდიქციაში გამოიყენება კონკურენციის სამართლის ჭრილში ურთიერთობის დამყარებაზე უარის თქმის კანონიერების შესაფასებლად. არსებით ობიექტებთან დაკავშირებულ საქმეებში დარღვევის დადგენა წარმოშობს ვალდებულებას, აღმოიფხვრას კონკურენციისთვის მიყენებული ზიანი. შესაბამისად, კონკურენციის სამართლის საფუძველზე „გარიგების დადების ვალდებულების“ (Duty to deal) დაკისრება განიხილება, როგორც ზოგადი წესიდან გამონაკლისი; იგი მოითხოვს ინტერესთა ფრთხილ ბალანსს, რაც მტკიცების მაღალი ტვირთითაა განპირობებული.

საქმეზე Trinko მიღებულ გადაწყვეტილებაში (2004), აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არსებითი საშუალების დოქტრინის მიმართ შემზღუდველი მიდგომა აირჩია და მიუთითა არიდას (Areeda) ფუნდამენტურ სტატიაზე, რომელიც აკრიტიკებს აღნიშნულ დოქტრინას (Trinko, პუნქტი 411). კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გარემოებები, რომლებშიც დადგინდა კონკურენციის სამართლიდან გამომდინარეპასუხისმგებლობა ურთიერთობის დამყარებაზე უარის თქმის გამო (1985 წლის Aspen Skiing-ის პრეცედენტი), წარმოადგენს პასუხისმგებლობის „უკიდურეს ზღვარს“ „შერმანის აქტის“ მე-2 ნაწილის შესაბამისად (Trinko, პუნქტი 409). Trinko-ს გადაწყვეტილების თანახმად, Aspen Skiing-ის საქმე არის სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან დაშვებული ვიწრო გამონაკლისი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც მონოპოლისტი წყვეტს მანამდე არსებულ ნებაყოფლობით და მომგებიან საქმიან ურთიერთობას (Trinko, პუნქტი 409). Trinko-ს პრეცედენტის შემდგომ, აშშ-ის კონკურენციის სამართლის მიხედვით, გარიგებაზე უარის თქმისთვის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ორი კუმულაციური პირობის არსებობისას: (1) მონოპოლისტმა შეწყვიტა მანამდე არსებული ნებაყოფლობითი საქმიანი ურთიერთობა და (2) მონოპოლისტი მზად არის, უარი თქვას მოკლევადიან მოგებაზე კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მისაღწევად.

ევროკავშირის სასამართლოებმა TFEU-ის 102-ე მუხლის საფუძველზე შეიმუშავეს ოთხი კრიტერიუმი არსებითი საშუალების დოქტრინის გამოსაყენებლად ისეთ საქმეებში, როგორიცაა Magill (1995), Bronner (1998), IMS Health (2004) და Microsoft (2007). დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დგინდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუ დომინანტი სუბიექტის მიერ გარიგებაზე უარის თქმა: (1) ეხება შეუცვლელ (Indispensable) აქტივს; (2) ხელს უშლის ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოჩენას (აღნიშნული პირობა გამოიყენება მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრებით დაცულ აქტივებზე წვდომისას); (3) გამორიცხავს ეფექტიან კონკურენციას ქვედა დონის ბაზარზე და (4) არ გააჩნია ობიექტური დასაბუთება. ამ კრიტერიუმების გამოყენების სტანდარტები იცვლება კონკრეტული გარემოებების მიხედვით.

ერთის მხრივ, საქმეზე Microsoft მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროპის საერთო სასამართლომ განმარტა Windows-ის ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობის ინფორმაციაზე წვდომის აუცილებლობა; სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკურენტებს ესაჭიროებოდათ ოპერაციულ სისტემასთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა თანაბარი პირობებით (Microsoft, პუნქტი 421). მეორეს მხრივ, საქმეზე Bronner მიღებულ გადაწყვეტილებაში, მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ Mediaprint-ის გაზეთების სახლში მიწოდების ეროვნულ ქსელზე წვდომა არ იყო შეუცვლელი რესურსი, ვინაიდან მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო გავრცელების ისეთი ალტერნატივები, როგორიცაა ფოსტით მიწოდება და მაღაზიებში რეალიზაცია — მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გზები ნაკლებად მომგებიანი იყო (Bronner, პუნქტი 43).

ვინაიდან არსებითი საშუალების დოქტრინა აბალანსებს კონკურენციის დაცვის ინტერესსა და დომინანტური სუბიექტის სტიმულს - განახორციელოს ინვესტიცია ინოვაციებში - მოქმედი სტანდარტები შესაძლოა განსხვავდებოდეს საქმის გარემოებების მიხედვით. კერძოდ, მონაცემთა ბაზრებისთვის შემოთავაზებულია უფრო შემსუბუქებული სტანდარტები, როდესაც მონაცემები გენერირდება, როგორც ძირითადი სერვისის მიწოდების თანმდევი პროდუქტი და მათ გაზიარებაზე დაკისრებული ვალდებულება გავლენას არ ახდენს ახალი მონაცემების წარმოების მოტივაციაზე.

ევროკავშირის კონკურენციის სამართალში ასევე განიხილება „შეუცვლელობის“ კრიტერიუმის როლი. 2017 წლის Google Shopping-ის გადაწყვეტილებაში ევროკომისიამ არ გამოიყენა შეუცვლელობის მოთხოვნა იმის დასადგენად, იყო თუ არა Google-ის მიერ საკუთარი სერვისების პრივილეგირება ზოგად საძიებო შედეგებში ბოროტად გამოყენება. კომისიამ მიიჩნია, რომ Google-ს არ მოეთხოვებოდა აქტივის გადაცემა ან კონკურენტ სერვისებთან ხელშეკრულებების დადება არამართლზომიერი ქცევის შესაწყვეტად, რაც არსებითი საშუალების დოქტრინის გამოყენებისას სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს (Google Shopping, პუნქტი 651).

საქმეზე Slovak Telekom მიღებულ გადაწყვეტილებაში (2021 წ.), მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ კომპანიის ლოკალურ მარყუჟზე (Local loop) წვდომის შეუცვლელობის დემონსტრირება არ იყო საჭირო, ვინაიდან საქმე ეხებოდა არა წვდომაზე პირდაპირ უარს, არამედ Slovak Telekom-ის მიერ დაწესებულ არასამართლიან პირობებს (Slovak Telekom, პუნქტი 50). შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა TeliaSonera-ს გადაწყვეტილებაში (2011 წ.) ჩამოყალიბებული მსჯელობა, რომელიც ეხება ფასების შეკუმშვის სამართლებრივ ტესტს და დომინანტური სუბიექტის არასაფასო ქცევას.

TeliaSonera-ს საქმეში მართლმსაჯულების სასამართლო ამტკიცებდა, რომ TFEU-ის 102-ე მუხლის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, თუ „შეუცვლელობის“ კრიტერიუმის მტკიცება სავალდებულო იქნებოდა დომინანტური სუბიექტის ნებისმიერი არამართლზომიერი სავაჭრო პირობის შეფასებისას (TeliaSonera, პუნქტი 58). Slovak Telekom-ის გადაწყვეტილების თანახმად, TeliaSonera-ს პრეცედენტი ვრცელდება არა მხოლოდ ფასების შეკუმშვაზე, არამედ სხვა ბიზნეს-პრაქტიკებზეც, რომლებიც უკავშირდება დომინანტური სუბიექტის მიერ დაწესებულ სავაჭრო პირობებს (Slovak Telekom, პუნქტი 53). ანალოგიურად, საქმეზე „ლიტვის რკინიგზა“ (Lietuvos geležinkeliai v Commission, 2020 წ.) ევროპის საერთო სასამართლომ დაადგინა, რომ შეუცვლელობის მოთხოვნა არ იყო რელევანტური, ვინაიდან სექტორული რეგულაციით ლიტვის რკინიგზას უკვე ეკისრებოდა ურთიერთობის დამყარების ვალდებულება. აღნიშნული ფაქტორი ასევე იქნა გათვალისწინებული Slovak Telekom-ის საქმეშიც (ლიტვის რკინიგზა, პუნქტი 91). შედეგად, ეკონომიკური სტიმულების დაბალანსება, რაც ჩვეულებრივ არსებითი საშუალების დოქტრინის საფუძველზე ხორციელდება, მოცემულ შემთხვევაში უკვე თავად კანონმდებლის მიერ იყო რეალიზებული (ლიტვის რკინიგზა, პუნქტი 92).